ქართველი ერი გადაშენების საფრთხის წინაშე

    2025 წელს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა, სავარაუდოდ, 3 693 600 ადამიანი იქნება, 2026 წელს - 3 691 700, ხოლო 2027 წელს 3 688 900 -მდე შემცირდება

    უამრავჯერ  დავწერეთ, რომ ქართველი ერი ბერდება, რომ დემოგრაფიული პრობლემა ძალიან მწვავედ დგას და 2050 წლისთვის საქართველო იქნება ერთ-ერთი იმ სახელმწიფოთაგანი, რომელშიც ადგილობრივ ერს გადაშენების საფრთხე შეექმნება.

    საქართველო, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, თურმე  ვალდებულია, „ეკონომიკური რეფორმების პროგრამა“ წარადგინოს და წვრილად აღწეროს, რა ხდება და როგორ ხდება. სწორედ ეს დოკუმენტი გამოქვეყნდა საქართველოს ფინანსთა სამინიტროს ვებგვერდზე და თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ჩვენი შიში ძალიან რეალურია. ამ დოკუმენტით ირკვევა, რომ 2074 წლისთვის შეიძლება ყოველ 2-3 სამუშაო ასაკის ადამიანზე, ერთი პენსიონერი მოდიოდეს. ამით კი, გრძელვადიან პერსპექტივაში, ხარჯებისა და ერის დაბერების გამო, შესაძლოა, ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდეს. როგორც დოკუმენტში წერია, საქართველო ორი დიდი რისკის წინაშე დგას – დემოგრაფიული და კლიმატური ცვლილებების.

    „საქართველო სწრაფი ტემპით განიცდის მოსახლეობის მკვეთრ დაბერებას. ამჟამად დაახლოებით ყოველ ოთხ შრომისუნარიან ადამიანზე ერთი პენსიონერი მოდის, 2074 წლისთვის კი, შესაძლოა, ერთი პენსიონერი უკვე ორ-სამ სამუშაო ასაკის ადამიანზე მოდიოდეს“, – წერია დოკუმენტში. ეს კი თურმე იმას ნიშნავს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საპენსიო ხარჯებიც გაიზრდება და მომდევნო წლებში მოსახლეობის კლებაცაა მოსალოდნელი. ანუ, დაბერებასთან ერთად  მოსახლეობაც შემცირდება, რაც, მარტივად  რომ ვთქვათ, გადაშენების პირველი ნიშნებია. უფრო კონკრეტულად,  დოკუმენტის თანახმად, 2025 წელს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა, სავარაუდოდ, 3 693 600 ადამიანი იქნება, 2026 წელს – 3 691 700, ხოლო 2027 წელს  ეს რაოდენობა  3 688 900 -მდე შემცირდება. შარშანდელთან შედარებით, ათასი ადამიანით დაიკლებს მოსახლეობის ოდენობა მიმდინარე წელს. პროცენტულად კი 2026–27 წლებში საქართველოს მოსახლეობა 0,1%-ით შემცირდება. ეს არის ოპტიმისტური პროგნოზი, ანუ, ასე თუ მოხდება და უფრო მეტად არ შევცოტავდით, თურმე კარგი იქნება.

    გაგიკვირდებათ და, აღნიშნულ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი პრობლემის გადაჭრის გზებსა და საშუალებებზე. მეტიც, სიტყვაც არ წერია იმის შესახებ,  რა გეგმა და სტრატეგია აქვს სახელმწიფოს კრიზისიდან თავის დასაღწევად. გავიგეთ, რომ კლიმატურ ცვლილებებს მთელი მსოფლიო ებრძვის, მაგრამ ეს კლიმატი ხომ ადამიანებისთვის გვინდა. მაგრამ გამოდის, რომ ადამიანები ნელ-ნელა  ქრებიან და… არ გვინდა საქართველო ქართველების გარეშე, არ გვინდა არაფერი ქართველების გარეშე და გამოსავალი დღესვეა მოსაძებნი.

    ალბათ, შეამჩნევდით, რომ ფინანსთა სამინისტრო წუხს, ერის დაბერება საპენსიო ხარჯების გაზრდას გამოიწვევსო. ეს ყველაფერი ციფრებში გასაგებია, მაგრამ, იმაზე თუ უფიქრია ვინმეს, რომ ეს ხარჯები, რომლებიც თურმე პენსიონერთა მატებით გაეზრდება ქვეყანას, ახლა, დღეს და ხვალ რომ მივმართოთ დემოგრაფიული პრობლემის მოსაგვარებლად, არ გამოვა? ახალშობილებზე მშობლები რომ წავახალისოთ, მრავალშვილიანი ოჯახები რომ წავახალისოთ, ოღონდ ისე კი არა, ერთ ბავშვზე 50 ლარს რომ გადავიხდით ხოლმე და მერე ვივიწყებთ. თავადაც ხომ კარგად იცით, ბატონებო, რომ 50 ლარი ბავშვს, თვეში კი არა, კვირაში არ ეყოფა მხოლოდ საკვებზე. სრულფასოვან კვებას ვგულისხმობთ, თორემ 20 კილოგრამი კარტოფილი ამ თანხად ნამდვილად მოდის.

    ვერც იმას გეტყვით, არც წინა და არც მოქმედმა ხელისუფლებამ რატომ არ გადმოიღო  ევროპული ქვეყნებიდან ბავშვთა დახმარების პროგრამა? ისეთი ქვეყნებიც კი, როგორიც მაგალითად ბულგარეთია, გაცილებით უკეთ უდგება ამ პრობლემას. მაგალითად, 3 წლამდე ყველა ბავშვზე ბულგარეთში თვეში 200 ევროა, ანუ ჩვენს ფულზე – 600 ლარი და ეს თანხა ერთი ბავშვისთვის ნამდვილად საკმარისია. აი, როცა დედას ორი ჩვილი ჰყავს, შეუძლია მათი კვებისა და პამპერსის ფულზე არ ინერვიულოს, რადგან თვიდან თვემდე ამ პრობლემას 1200 ლარად ადვილად მოაგვარებს. ახლა ხომ ხვდებით, დაახლოებით რა თანხებია საჭირო, გაჭირვებულ ოჯახებს ბავშვის გაჩენა რომ უხაროდეს და, რაც მთავარია, ერთ და ორ შვილზე კი არ გაჩერდნენ, არამედ მეტი იყოლიონ. იკითხავთ: 3 წლის შემდეგ რა ხდებაო და ხდება ის, რაც მათ ყოფას აიოლებს – ასეთი ბავშვის მშობელს გამოცხადებულ ვაკანსიებზე უპირატესი უფლება აქვს, ამასთანავე, აქვს სხვებზე ნაკლები სამუშაო დრო და სხვების მსგავსი ჯამაგირი, ბავშვისთვის უფასოა სამედიცინო მომსახურება, აქვს უმაღლესი დონის დაზღვევა და ასეთ პირობებში არსებობა მარტივია. აღარაფერს ვამბობთ სხვა, გაცილებით განვითარებულ ქვეყნებზე, სადაც ბავშვების დაზღვევა და მოვლა-პატრონობა ლამის ხელოვნების დონეზე ჰყავთ აყვანილი.

    გარშემო მიმოვიხედოთ და ვნახავთ, რომ არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც სამი და მეტი შვილი უკვე იშვიათობაა. ყოველ მესამე და მომდევნო შვილს  პატრიარქი ნათლავდა და, თუ აქამდე ამას ყურადღებას ათასობით ოჯახი აქცევდა, ახლა ეს რაოდენობა შემცირებულია და ამას თავისი მიზეზები აქვს, რომლებსაც აქ არ ჩავუღრმავდებით. პატრიარქის მოწოდების გარდა, არც ერთ სახელმწიფო მოხელეს ისეთი არაფერი გაუკეთებია, რასაც ისეთივე ეფექტი ექნებოდა, როგორიც უწმინდესის მოწოდებას ჰქონდა. გამორიცხულია, ადამიანი დააინტერესო 50-ლარიანი დანამატით; გამორიცხულია, აგყვეს, თუ არ შესთავაზებ იმდენს, რამდენიც რეალურად ჯდება ბავშვის მოვლა და შენახვა. ახლა ვიღაც იტყვის, მომავალზეც ხომ უნდა ვიფიქროთო.  კი, ბატონო, ვიფიქროთ, მაგრამ მოქალაქეების უდიდესი ნაწილი საკუთარ შვილს, საკუთარ სისხლსა და ხორცს, მშიერსა და შიშველ-ტიტველს ვერ უყურებს, ამიტომაც იფარებს საბანს იქამდე, სადამდეც სწვდება, და არ ფიქრობს იმაზე მეტს. აი, მეტი რომ იფიქროს, სახელმწიფო უნდა ჩაერთოს, მაგრამ კიდევ გავიმეორებთ: ეს ჩართვა არ უნდა იყოს სიმბოლური, ეს უნდა იყოს ჩართვა, როცა ადამიანს არ შეეშინდება იმის, რომ უმუშევრად დარჩენის შემთხვევაში ერთი დღის შემდეგ მის შვილს არ მოშივდება. ეს არის ამოსავალი წერტილი და, რამდენიც  უნდა ვატრიალოთ, მაინც ფინანსებამდე მივდივართ, თანხებამდე, რომელიც მოსახლეობის დიდ ნაწილს, უბრალოდ, არ აქვს.

    სიმართლე  გითხრათ, როცა თავის დროზე კვლევა ჩატარდა და იაპონელებმა გამოაქვეყნეს იმ ერების სია, რომელთაც 2050 წლისთვის გადაშენება ემუქრებათ, ბევრს და მათ შორის მეც გამეღიმა, რადგან ყველა ქართველს შინაგანად ხომ სჯერა, რომ ჩვენ მარადიული ერი ვართ, რომ ჩვენ, ნებისმიერი სირთულის მიუხედავად, მაინც გადავრჩებით, რომ ჩვენზე 3 საუკუნის განმავლობაში იბატონეს, მააგრამ მაინც ქართველებად დავრჩით. ახლა კი  21-ე საუკუნეა, ახლა სხვა სამყარო და გამოწვევებია. წლების წინათ  ვინ იფიქრებდა, რომ 2025 წელს საქართველოს ხელისუფლება მთავარ გამოწვევად დემოგრაფიასა და კლიმატურ ცვლილებებს დაასახელებდა. ჰო, არ ვფიქრობდით  დემოგრაფიაზე და აგერ, ბატონო, გვეუბნებიან, გვისაბუთებენ, გადაშენების პირას ხართ და, თუ გნებავთ, ნუ დაიჯერებთ.

    გადახედეთ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების სოფლებს, დაცლილია, გათითოკაცებულია სოფლები და მერე რა, რომ ზაფხულობით ბევრი ეზო ახმაურდება ხოლმე. მკვიდრი მოსახლოება არ არის ადგილზე, ქალაქშია ყველა გაკრეფილი ლუკმაპურის საშოვნელად და ნაქირავებ ბინაში ერთ და ორ შვილზე მეტის შენახვა  ძალიან ჭირს. ამიტომაც ვამბობთ, რომ სახელმწიფომ რამე კომპლექსური უნდა მოიფიქროს, ერთმანეთზე მიაბას, დააფინანსოს. ეს სირცხვილი და უცხო  არ არის? აგერ, ალასკიდან ადგილობრივები რომ არ გაიქცნენ, ამერიკის ხელისუფლება კომპენსაციას იხდის, იმ აუტანელ პირობებში რომ ვინმემ იცხოვროს და ცხოვრობენ კიდეც. მეტიც, ალასკაზე უძრავი ქონება ყველაზე ძვირია და ამის მიზეზი ის მიდგომა, კომპენსაცია თუ შეღავათებია, რომლებსაც ამერიკის ხელისუფლება ახორციელებს. იმავეს აკეთებენ ესპანელები და იტალიელები, რომლებიც მიტოვებული სოფლების გაცოცხლების სანაცვლოდ არა მხოლოდ  სახლს ყიდულობენ იმავე სოფელში ნებისმიერ მსურველს, არამედ ბიზნესის დასაწყებად გარკვეულ თანხასაც აძლევენ. იქ  ეს ყველაფერი ამართლებს და ეჭვი გვაქვს, სათანადო შეთავაზების შემთხვევაში, აქაც გაამართლებს, მაგრამ ეს შეთავაზება დროულად უნდა მოხდეს, თორემ მერე გვიანი იქნება.

    ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                      

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here