Home რუბრიკები პოლიტიკა “ქადჟები კი არ მიდიან, ქადჟები მოდიან!”

“ქადჟები კი არ მიდიან, ქადჟები მოდიან!”

ოხ, ეს “დამოუკიდებელი” მომავალი პრეზიდენტები!

4056
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნები უამრავ სიურპრიზს რომ გვიმზადებდა, ეს ისედაც ცხადი იყო დაკვირვებული თვალისთვის. ჯერ კიდევ ორიოდე წლის წინათ დაიწყეს გარკვეულმა ძალებმა ამ არჩევით თანამდებობაზე ძალიან უცნაური პერსონების დასახელება. მართალია, ყველა დასახელებული პერსონა მხოლოდ სავარაუდო იყო, მაგრამ მოგეხსენებათ, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება და ფაქტი იყო, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას ჩაფიქრებული ჰქონდა, საპრეზიდენტო კანდიდატადსრულიად ახალი და მოულოდნელივინმე დაესახელებინა.

საზოგადოდ, საქართველოში უკვე ყველა ის ძალა, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში მეტ-ნაკლებად ტრიალებენ, გამუდმებით გვთავაზობს “ახალ სახეებს” და სწორედ ამაზე არის ხოლმე ყველაზე დიდი ბრდღვნა და იმის მტკიცება, ვის მიერ წარმოდგენილი “სახე” უფრო “ახალია”. სინამდვილეში ქართული პოლიტიკის “ახალი სახე” არ არსებობს. ისინი, უბრალოდ, მათ წიაღში ისედაც მყოფ, მაგრამ შედარებით უკანა პლანზე მდგომ პერსონებს გვასაღებენ ხოლმე “ახალ სახედ”.

დავით ბაქრაძე

ხშირად ისეც ხდება, რომ წარმოგვიდგენენ ვინმე ძალიან ნაცნობ და ნათრევ პოლიტიკოსს, რომელიც არასოდეს ყოფილა “ნომერ პირველ” თანამდებობაზე, თორემ ისე, საკმაოზე მეტი ხანია, საზოგადოებისთვის ცნობილია, და დაჟინებით გვიმტკიცებენ: გინდა თუ არა, ახალი სახე ეს არისო! შორს რომ არ წავიდეთ, აგერ, ამას წინათ, ლეიბორისტმა გიორგი გუგავამ დაგვამუნათა, _ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა შალვა ნათელაშვილს მიეცით, არ გინდათ ახალი სახე პრეზიდენტადო? შალვა ნათელაშვილი რომ “ახალი სახეა”, ეს დაახლოებით ისეთივე თემაა, როგორც სალომე ზურაბიშვილია დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი ან კიდევ 2016 წლის არჩევნებში იყო დამოუკიდებელი მაჟორიტარი. ძალიან საინტერესოა ეს ტენდენციაც _ ბოლო პერიოდში ვინც კი დასახელდა პრეზიდენტობის ოფიციალურ კანდიდატად, რომ ჰკითხო, ყველა “დამოუკიდებელია”. ასე განსაჯეთ, გრიგოლ ვაშაძემაც კი განაცხადა, მე მიშა სააკაშვილს არაფერს ვეკითხები და, მიუხედავად იმისა, რომ თერთმეტმა პოლიტიკურმა პარტიამ წამოაყენა ჩემი კანდიდატურა, მაინც დამოუკიდებელი კანდიდატი ვარო. მეტი დამაჯერებლობისთვის კი დასძინა: ვინც მიცნობთ, ხომ იცით, რომ ჩემი დამორჩილება და ჩემთვის რაიმეს კარნახი, იმის იძულება, რომ ჩემი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ რამე გავაკეთო, გამორიცხული, შეუძლებელი და წარმოუდგენელიაო.

ფაქტობრივად, ანალოგიურ “ოპერას” მღერის “ევროპული საქართველოს” კანდიდატი დავით ბაქრაძეც. მისი თქმით, არ არსებობს ბუნებაში ადამიანი ან ძალა, რომელიც აიძულებს, გააკეთოს ან თქვას ის, რაც არ სურს.

ზურაბ ჯაფარიძე

საკმაოდ იქაჩება “გირჩის” ლიდერი და აწ უკვე პრეზიდენტობაზე პრეტენზიის მქონე ზურაბ ჯაფარიძეც და აცხადებს, რომ ცხოვრებაში მთავარია ადამიანის პიროვნული თავისუფლება, რომ ადამიანმა არავის ნება-სურვილზე არ უნდა იაროს და მხოლოდ ის უნდა გააკეთოს, რაც თვითონ “უსწორდება” (ასეთი ჟარგონები “ჯაფარას” უკვე ოფიციალურ გამოსვლებშიც შემოაქვს, რითიც, ალბათ, ცდილობს, ძალიან “თავისუფალი ტიპის” შთაბეჭდილება დატოვოს და გონებაჩამოუყალიბებელი სტუდენტების დიდი ნაწილი მოხიბლოს).

აი, ასეთი “მაგრები” და დამოუკიდებლები არიან ხსენებული კანდიდატები, მაგრამ, ამ თავიანთი პიროვნული თავისუფლებისა და ძალიან მაგრობის ეშხში შესულთ, ავიწყდებათ, რომ ამით საკუთარ თავზე ძალიან უარყოფითი ინფორმაციის გავრცელებას უწყობენ ხელს.

შალვა ნათელაშვილი

აბა, იქნებ გვიპასუხონ ამ ძალიან “დამოუკიდებლებმა”: თუკი არასოდეს ცეკვავენ სხვის დაკრულზე და ვერავინ ვერასოდეს უბედავს მათთვის მიუღებელი ნებასურვილის თავს მოხვევას, მაშ, რას და რატომ აკეთებდნენ ისინი 2004-2012 წლებში? განსაკუთრებით სიანტერესოა მათი “მოღვაწეობა” 2008 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც სააკაშვილის მანიაკებმა დაარბიეს და დახოცეს ხალხი, აშკარა გახდა სანდრო გირგვლიანისა და სისხლიანი რეჟიმის სხვა მსხვერპლთა ამბები, ციხეებში პატიმართა გაუგონარი წამების ფაქტები. აი ამის შემდეგ ეს ადამიანები საკუთარი ნებითა და სურვილით კიდევ 4 წელიწადი ემსახურებოდნენ მანიაკებს, ხომ ასე გამოდის?

იქნებ, მათში “დაუმორჩილებელმა სულმა” 2012 წლის შემდეგ გაიღვიძა და მხოლოდ მას შემდეგ გახდნენ ასეთი “დაუმორჩილებელი პიროვნებები”? მაშინ ეს ასეც უნდა თქვან, თორემ რომ გაიძახიან, ვერავინ ვერასოდეს მიმორჩილებდა და ვერავინ ვერასოდეს მამყოფებდა იქ, სადაც ყოფნა არ მინდოდაო, ვერავინ ვერასოდეს გამაკეთებინებდა იმას, რის გაკეთებაც არ მინდოდაო და ვერავინ ვერასოდეს მათქმევინებდა იმას, რის თქმაც არ მინდოდაოასე ხომ გამოდის, რომ ისინი სწორედ საკუთარიურყევინებითა და სურვილით იდგნენ მანიაკების გვერდით და ტერმინისისტემის მსხვერპლნიმათ არ ერგებათ?! იმედია, მომავალში მაინც გაითვალისწინებენ ამას ამ “დაუმორჩილებელი სულის” პატრონი კანდიდატების “პიარსამსახურები”.

საქმე არც სალომე ზურაბიშვილის “პიარსამსახურს” დაელევა, როგორც ეტყობა. ამ ქალბატონის ერთადერთი “დამსახურება” ერის წინაშე არის ის, რომ იგი ნინო ბურჯანაძეზე ცოტა ადრე წამოვიდა მიშა სააკაშვილის გარემოცვიდან და ისიც არა რაიმე სერიოზული მიზეზით, არამედ სწორედ “რკინის ნინოსთან” დაპირისპირების გამო. როგორც იმხანად ამბობდნენ, სალომემ და ნინომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მათთვის სასურველი ადამიანების სიაში ჩასმის გამო იჩხუბეს. ეს იმ ეტაპზე ნინოს გამარჯვებით დასრულდა, რამაც სალომეს “უკვდავი” ფრაზა ათქმევინა: ქადჟები კი არ მიდიან, ქადჟები მოდიან!”

გრიგოლ ვაშაძე

ეტყობა, ეს ფრაზა საბოლოოდ დაებედა ქართულ პოლიტიკას და აგერ უკვე მისი წარმოთქმიდან 10-ზე მეტი წლის შემდეგაც, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც, მოდიან და მოდიან “ქადჟები” კანდიდატებად; უფრო სწორად, კი არ მოდიან, ბრუნდებიან, წრეზე ტრიალებენ და ისევ ბრუნდებიან დაუსრულებლად.

ვიდრე ზურაბიშვილის “დამოუკიდებლობაზე” გადავიდოდეთ, მინდა, ორი სიტყვით შევეხო მის უმთავრეს წინასაარჩევნო მესიჯს _ “პირველი ქალი პრეზიდენტი საქართველოში” _ და მის დაპირებას, რომ იგი ქალების მეგობარი და დამცველი იქნება. ვერ გეტყვით, რა გავლენას მოახდენს ეს ამომრჩეველი ქართველი ქალების იმ ნაწილზე, რომლებიც ირაკლი ალასანიას ტუჩზე ხალის გამო აძლევდნენ ხმას, მაგრამ ფაქტია: თუ ქალბატონი სალომე ვინმეს დაუპირისპირდა ქართულ პოლიტიკაში, ეს, პირველ რიგში, სწორედ ქალები იყვნენ და ისიც აშკარაა, რომ, როგორც მსოფლიო, ასევე ქართულ პოლიტიკაშიქალურ სოლიდარობაზემეტად ქალური შური უფრო დომინირებს.

რაც შეეხება სალომეს “დამოუკიდებლობას”, ეს, ალბათ, უკვე სასაცილოც აღარ არის, რადგან, როგორც დასაწყისშივე აღვნიშნე, 2016 წელს “ქართულ ოცნებას” მთაწმინდის რაიონში თავისი კანდიდატი რომ დაეყენებინა და სალომე ზურაბიშვილისთვის არ დაეჭირა მხარი, საეჭვოა, იგი პარლამენტში მოხვედრილიყო. უფრო ზუსტად, უეჭველია, რომ რეალურად დამოუკიდებელ სალომე ზურაბიშვილს ხმების 5 პროცენტის მოგროვებაც კი ძალიან გაუჭირდებოდა.

პირდაპირ ვთქვათ: ნორმალური ამომრჩევლისთვის სწორედ ასეთი აფერისტული მოქმედებები უნდა იყოს გაცილებით გამაღიზიანებელი, ვიდრე თუნდაც ყველაზე სახელგატეხილი პარტიის მიერ კანდიდატად ოფიციალურად წამოყენება. როდესაც ადამიანი თვალსა და ხელს შუა გატყუებს და თავხედურად გეუბნება: მე არც ერთ პარტიას არ წარმოვადგენ და დამოუკიდებელი დეპუტატი ვარო, ამ დროს კი მმართველი პარტიის მთელი ადმინისტრაციული რესურსი და აქტივი მის სასარგებლოდ მუშაობს, ვფიქრობ, ეს გაცილებით დიდი შეურაცხყოფაა ამომრჩევლისა, ვიდრე ნებისმიერი სხვა საარჩევნო დარღვევა.

რამ განაპირობა ეს შედეგი, ესეც ნათელია: საქართველოში პოლიტიკურმა პარტიებმა ისე გაიტეხეს სახელი, ისე გაუფასურდნენ და “გაფარჩაკდნენ”, რომ უკვე საკუთარ თავსაც აღარ ენდობიან და ცდილობენ, თავიანთი კანდიდატები, გინდაც საპარლამენტო და გინდაც საპრეზიდენტო არჩევნებში, მაქსიმალურად “დამოუკიდებელ” ადამიანებად გაასაღონ. ნებისმიერი პარტიის წევრობა ან კიდევ რომელიმე პარტიის წარმომადგენლობა და აქტივისტობა ძალიან სამარცხვინოდ და “ბანძობად” არის მიჩნეული.

გარკვეული ძალები კი, ნაცვლად იმისა, რომ ზოგადი სიტუაცია გამოასწორონ და გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლებითაც პოლიტიკურ პარტიებს სასტიკად შელახული რეპუტაცია გამოუსწორდებათ, ამჯობინებენმარტივგზას _ გაცვეთილი, ნათრევი და ამავე პარტიებზე არანაკლებად რეპუტაციაშელახული ოდიოზური ფიგურები ხალხსახალ სახეებადშეტენონ. ნუ გაგიკვირდებათ, ხვალ შალვა ნათელაშვილმაც რომ განაცხადოს: ლეიბორისტული პარტია არაფერ შუაშია, მეც დამოუკიდებელი კანდიდატი ვარო.

უკვე ვამთავრებდი ამ სტატიის წერას, როდესაც სანფორმაციო სააგენტოებმა ორი ძალიან საინტერსო ინფორმაცია გაავრცელეს. პირველი _ პრეზიდენტის წლევანდელი არჩევნები სარეკორდო იქნება იმ მხრივ, რომ მასში პრეზიდენტობის ყველაზე მეტი მსურველი მიიღებს მონაწილეობას. არჩევნებამდე 75 დღით ადრე უკვე 15 კანდიდატია რეგისტრირებული და საბოლოოდ 40-მდე კანდიდატს ელიან. და მეორე _ ორგანიზაცია “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე იუსტიციის სახლს მიმართავს და ოფიციალურ დოკუმენტებში ე.წ. მიდლ-ნეიმის (“მეორე სახელის”) ჩამატებას აპირებს, რის შემდეგაც იგი ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე გახდება.

ეს საჭირო შეიქნა იმისთვის, რომ ორგანიზაცია “გირჩი” წინა არჩევნებზე ჯერ კიდევ არ იყო რეგისტრირებული და მას არ აქვს უფლება, წარადგინოს კანდიდატი, ამიტომ, საარჩევნო ბიულეტენში “გირჩი” რომ ჩაიწეროს, “ჯაფარამ” ეს გამოსავალი მონახა. აქვე აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობით მოქალაქეს არ აქვს უფლება, მეორედ შეიცვალოს სახელი, ამიტომ ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე მას სიცოცხლის ბოლომდე დარჩება სახელად. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ გაიძვერა ტიპს უკვე ბევრი გონებაჩლუნგი სტუდენტი ვაჟაფშაველასაც ადარებს (რომელიც თურმე ლობიოში “პლანს” ყრიდა და ისე ქმნიდა შედევრებს), მოსალოდნელია, რომ ახლო მომავალში დაბადებულ ბიჭებს მოსახლეობამ მასობრივად “გირჩი” დაარქვას სახელად, ისევე, როგორც ვაჟა-ფშაველამ დაამკვიდრა საქართველოში მასობრივად მანამდე არარსებული სახელი “ვაჟა”…

ხუმრობის გარეშე კი, საპრეზიდენტო კანდიდატების სიას რომ გადავხედე, ფაქტობრივად, ყველა მათგანს მოუხდებოდა “მიდლ-ნეიმად”, ანუ მეორე სახელად “გირჩის” ჩამატება…

მაშ, ასე: წინ სარეკორდო საპრეზიდენტო არჩევნებია!

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here