Home რუბრიკები პოლიტიკა ფული _ ამერიკასთან მეგობრობის გზა და ხიდი

ფული _ ამერიკასთან მეგობრობის გზა და ხიდი

ჩვენი მთავრობისთვის სტრატეგიული პარტნიორობა ტრამპთან ფოტოების გადაღებაში გამოიხატება

კვრიკაშვილი, ტრამპი, კლიმკინი

დონალდ ტრამპი, როგორც ჩანს, არც აშშის პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას ივიწყებს ბიზნესმენის უნარჩვევებს, თანაც იცავს რომის იმპერატორ ვესპასიანეს მიერ ჯერ კიდევ I საუკუნეში გამოთქმულ თვალსაზრისს, რომ ფულს სუნი არ ასდის (ვესპასიანეს მიერ საზოგადოებრივ ტუალეტზე გადასახადების დაწესება იმპერატორის შვილმა უარყოფითად შეაფასა.

მაშინ ვესპასიანემ შეთავაზა შვილს, დაეყნოსა საზოგადოებრივი ტუალეტებიდან შემოსული ფულისათვის და ჰკითხა _ ასდის თუ არა მათ სუნი? შვილმა უპასუხა: “არა, არ ასდის”. აი აქედან მოდის ეს გამოთქმა), ამის დასტურია ტრამპის განცხადებები ამა წლის მაისის დასაწყისში, როცა მან საუდის არაბეთს, აშშის ერთერთ მნიშვნელოვანსტრატეგიულ პარტნიორს”, განუცხადა, რომმოუწევს გადახდა, თუ ერრიადს სურს, ამერიკელი სამხედროები დარჩნენ სირიაში

მანამდე კი, 2017 წლის მარტში, The Sunday Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს მოსთხოვა, გადაეხადა 300 მლნ გირვანქა სტერლინგი ნატოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის და დასძინა, რომ ბერლინს უზარმაზარი ვალი აქვს ნატოსა და აშშ-ის. აშშ-ის პრაგმატულმა პრეზიდენტმა, რომელიც მიხვდა, რომ აშშ-ს აღარ შეუძლია შეინარჩუნოს გეოპოლიტიკური საკონცენტრაციო ბანაკი, რომელიც მისმა წინამორბედებმა შექმნეს, ქვეყნის არმიის დაფინანსების, მისი “მონეტიზაციის” ახალი გზების მოძიება დაიწყო და, ალბათ, ერთ-ერთი გზაა ისიც, რომელზეც რამდენიმე დღის წინათ გაავრცელა ინფორმაცია ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია “ბი-ბი-სიმ”: დონალდ ტრამპის პირადმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა აშშის ლიდერთან უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს შეხვედრის ორგანიზებისთვის უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, სულ ცოტა, 400 ათასი დოლარი მიიღო”, _ წერია არხის ვებგვერდზე. როგორც “ბი-ბი-სი” აღნიშნავს, ეს თანხა საჭირო იყო იმისთვის, რომ პოროშენკო “არ აღმოჩენილიყო დამამცირებელ” სიტუაციაში, ხოლო შეხვედრა დამსგავსებოდა ოფიციალურ მოლაპარაკებას და არა ტრამპთან მოკლე ფოტოსესიას, როგორც ეს თავდაპირველად იყო დაგეგმილი.

“ბი-ბი-სის” უკრაინული წყაროების ინფორმაციით, თანხის გადაცემის ორგანიზება მოხდა შუამავლების მიერ, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტის თანხმობით მოქმედებდნენ. ამასთანავე, კოენი, ამერიკის კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ, აშშ-ში რეგისტრირებული არ არის როგორც პირი, რომელიც დაიცავს ოფიციალური კიევის ინტერესებს. პოროშენკოსა და ტრამპის შეხვედრა თეთრ სახლში, რომელიც 2017 წლის 20 ივნისს გაიმართა, “ბი-ბი-სის” ინფორმაციით, 2 წუთს გაგრძელდა და, შესაძლოა, საერთოდ არ გამართულიყო, რადგან უკრაინის ლობისტები და მაიკლ კოენი ბოლო წუთამდე ვერ თანხმდებოდნენ თანხის ოდენობაზე. ამასთანავე, თითქოს ტრამპმა არაფერი იცოდა თანხაზე, რომელიც მის ადვოკატს გადაუხადეს. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა ნახევარ საათს გაგრძელდა, მაგრამ აშშ-ში უკრაინის ელჩმა ვალერი ჩალიიმ დაადასტურა, რომ შეხვედრა ხანმოკლე იყო. ამასთანავე, ამერიკელ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ეს ღონისძიება დაგეგმილი იყო, როგორც ტრამპის შეხვედრა მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში _ მაკმასტერთან. შეხვედრის მიმდინარეობისას პრეზიდენტთან უნდა “შეევლოთ” პოროშენკოსა და ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს. პოროშენკოს კი სჭირდებოდა შეხვედრა, რომელსაც მოლაპარაკებებს დაარქმევდა. სწორედ ამიტომ, ტელეარხის ინფორმაციით, უკრაინის ლიდერმა გადაწყვიტა, არაოფიციალური არხი გაეჭრა ტრამპთან მისასვლელად. ეს კი დაავალა ყოფილ თანაშემწეს, რომელმაც დახმარება სთხოვა უკრაინის პარლამენტის ერთ-ერთ დეპუტატს. მან, თავის მხრივ, გამოიყენა კავშირები ებრაულ საქველმოქმედო ორგანიზაცია Chabad of Post Washington-თან. ამ ჯაჭვის ბოლო რგოლი კი იყო ტრამპის ადვოკატი მაიკლ კოენი, რომელმაც შეხვედრის ორგანიზებისთვის 400 ათასი (სხვა წყაროს მიხედვით, 600 ათასი) მიიღო. “ბი-ბი-სის” წყარო აღნიშნავს, რომ უკრაინული მხარე უკმაყოფილო დარჩა, რადგან კოენმა “ასიათასობით დოლარი” არაფერში აიღო. პოროშენკოს უახლოესი გარემოცვა კი გაოცებული იყო ამ ბინძური გარიგების გამო”.

პოროშენკო-ტრამპი

როგორც ჩანს, _ ვარაუდობს არხის ჟურნალისტი, _ პოროშენკომ შვებით ამოისუნთქა, როდესაც ტრამპს ფართო ღიმილით შეხვდა ოვალურ კაბინეტში. ამასთანავე, მან დაიტრაბახა, რომ ტრამპთან შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტზე ადრე მოახერხა”. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და ტრამპის ადვოკატმა უარყვეს თანხის გადაცემა და მიღება, მაგრამ, ამის ალბათობა რომ ძალიან დიდია, აშკარაა.

აღსანიშნავია, რომ იმავე წლის მაისში ტრამპს შეხვდნენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლე კლიმკინი და საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომლებიც აშშის პრეზიდენტმა ისე მიიღო, როგორც ბატონმა _ ყმები: სავარძელში მოკალათებულმა აშშის პრეზიდენტმა საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებების წარმომადგენლები ფეხზე დააყენა და ისე ექცეოდა, როგორც ხელისბიჭებს.

ისე, საკითხავია, რამდენი დაიხარჯა საქართველოს პრემიერმინისტრის შეხვედრის ორგანიზებისთვის ტრამპთან, საქართველომ ხომ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) 2015 წლის მონაცემებით, “2008-2015 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აშშ-ში ლობისტურ საქმიანობაზე 9 585 115 აშშ დოლარი დახარჯა, ხოლო სხვადასხვა კერძო პირმა და პარტიამ იმავე პერიოდში _ 5 270 490 აშშ დოლარი”.

2018 წლის 2 თებერვალს კი საქართველოს მთავრობამ ამერიკულ ლობისტურ კომპანია Chartwell Strategy Groupთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მას თვეში 54 545 დოლარს გადაუხდის 2018 წლის 31 დეკემბრამდე. ამ თანხის სანაცვლოდ, საქართველოს მთავრობა ელის, რომ ლობისტური კომპანია დაეხმარება საქართველოსა და აშშის ურთიერთობის გაღრმავებაში. ლობისტურმა კომპანიამ ასევე უნდა უზრუნველყოს პრემიერმინისტრისთვისსიტყვით გამოსვლების, წერილების, ინტერვიუებისათვის სასაუბროების მომზადება”, ხოლო მთავრობის ადმინისტრაციას უნდა დაეხმაროს აშშის წამყვან მედიასაშუალებებთან კომუნიკაციაში მთავრობის იმიჯის შექმნის მიზნით. და ეს თანხები იხარჯება ტრამპთან შეხვედრის ორგანიზებისთვის, ფოტოს გადაღებისა და პიარისთვის. არადა, სტრატეგიულ პარტნიორობას არ ნიშნავს ტრამპთან ფოტოების გადაღება.

როგორც ხედავთ, ტრამპის მოთხოვნა არ შეცვლილა: გადაიხადე, თუ თავდაცვა და უსაფრთხოება გსურს, ოღონდ ეს მეც უნდა მსურდეს და სარგებელიც უნდა მივიღო. მით უმეტეს, უნდა გადაიხადო, თუ შეხვედრა გსურს, თანაც არა 2-წუთიანი, არამედ ისეთი, ოფიციალურ მოლაპარაკებებს რომ ჰგავდეს. არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here