Home რუბრიკები პოლიტიკა ფრიდონ ინჯია: აუცილებელია, საქართველო რუსეთს შუამავლების გარეშე დაელაპარაკოს

ფრიდონ ინჯია: აუცილებელია, საქართველო რუსეთს შუამავლების გარეშე დაელაპარაკოს

301

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, “ევროპელი სოციალისტებისთავმჯდომარე ფრიდონ ინჯია თვლის, რომ რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ამის შესახებ ფრიდონ ინჯიამ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 10 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მანევროპელი სოციალისტებისსახელით მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე.

“გლობალური უსაფრთხოების სისტემის ახალი რეალობიდან გამომდინარე, რომელიც ყოველწუთიერად იცვლება, საქართველოს ეძლევა უნიკალური შანსი, დაიცვას თავისი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები, იმ გამოწვევებიდან და პრობლემებიდან გამომდინარე, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას ბოლო 30 წლის განმავლობაში. მხედველობაში გვაქვს ის, რომ ხელისუფლებამ შუამავლის გარეშე იმოქმედოს პირდაპირი დიალოგის ფორმატში, რასაც დღეს ალტერნატივა არ აქვს. ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ჩვენზე უკეთესად ვერავინ დაიცავს. როგორც ამას აკეთებს თავისი ინტერესების დამცველი ყველა ქვეყანა. კერძოდ, ამერიკა, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, არგენტინა, შვედეთი, ფინეთი, ჩინეთი და სხვა. ამ უნიკალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, რომლებიც საქართველოს მომავალში შეიძლება არ მიეცეს. ამ შანსის გამოუყენებლობა ჩვენი ქვეყნისთვის გამოუსწორებელი შეცდომა იქნება, ღალატის ტოლფასი. ისტორია გვიჩვენებს, რომ ასეთი შეცდომები და ღალატი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, საკმაოდ ბევრი იყო ჩვენს ქვეყანაში და ძვირად დაგვიჯდა”, _ განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

რა წინაპირობა უნდა შექმნას საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან დიალოგის გასამართავად; რა წინადადებით უნდა ჩავიდეს მეზობელ ქვეყანაში და რა სიკეთეს უნდა ველოდოთ მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზეევროპული სოციალისტებისლიდერი, პარლამენტარი ფრიდონ ინჯია გვესაუბრება:

_ ჩვენი ხელისუფლების სათავეში მყოფ ადამიანებს, უწინარესად, ევალებათ, რომ გააანალიზონ, საით მიდის ჩვენი ქვეყანა. საქართველო დაღუპვის გზაზეა და სასწრაფოდ გადასარჩენია. ვისაც ეს არ ესმის, ძნელია მასთან რამეზე საუბარი.

ჩემს გამოსვლაში, უფრო ზუსტად, პრემიერისადმი მიმართვაში განვაცხადე, რომ საქართველოს ნაცვლად ვერავინ ვერსად ვერ ისაუბრებს, არავინ არ დაიცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ისე, როგორც ამას ჩვენ გავაკეთებთ.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის კარზე დიდი რიგია, ყველა ევროპული და არა მხოლოდ ევრპული ქვეყნის ლიდერი ცდილობს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას და მას საათობით ესაუბრებიან, არ წყდება სატელეფონო ზარებიც. ყველა მათგანი საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ესაუბრება რუსეთის პრეზიდენტს. დარწმუნებული ვარ, ემანუელ მაკრონი საფრანგეთის უსაფრთხოებაზე მეტს ისაუბრებდა, ვიდრე უკრაინაზე.

დღეს მსოფლიოში მძიმე პოლიტიკური ვითარებაა, საქართველო დგას გზაჯვარედინზე, გადაწყვეტილებას ვერ იღებს. არადა, თუ სწორ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, ჩვენი დამცველი არავინ არ არის. ჩვენი ქვეყანა მესამე პირებზეა დამოკიდებული, ჩვენ მაგივრად რუსეთის პრეზიდენტს სხვები ესაუბრებიან, მაგრამ ამ შემთხვევაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ის მესამე პირები თავიანთი ქვეყნის ინტერესებს გაცილებით წინ აყენებენ, ვიდრე ჩვენსას.

30 წლის განმავლობაში უამრავი საკითხი დაგროვდა, რომლებიც მეზობელ ქვეყანასთან გვაქვს გასარკვევი. საქართველოს აქვს შეკითხვები რუსეთის მხარესთან, აქვს პრობლემები და ეს ჩვენი მოსაგვარებელია. გაინტერესებთ, როგორ უნდა ჩავიდნენ რუსეთში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და რა წინაპირობა უნდა შექმნან? გიპასუხებთ _ ეს მათი საქმეა. იმიტომ არიან ხელისუფლებაში, რომ დიპლომატიური ურთიერთობები მოაგვარონ. აბა, რისთვის გვაქვს საგარეო საქმეთა სამინისტრო?!

_ რუსეთში ჩასულმა ჩვენმა პრემიერმა რა თემაზე უნდა ისაუბროს?

_ შეგნებულად არ გამიმახვილებია ყურადღება ამ საკითხზე. ძნელი იქნება საუბრის დაწყება, მაგრამ დასაწყები რომ არის, ფაქტია. ჩვენ მეზობლები ვართ და როგორღაც უნდა ვისაუბროთ. საუბარი და ურთიერთობა ბევრი სასიკეთო გადაწყვეტილების მიღებას შეუწყობს ხელს. 2014 წელს, როდესაც მარგველაშვილი იყო პრეზიდენტი, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შემოთვალა, რომ სურვილი აქვს, საქართველოს პრეზიდენტს დაელაპარაკოს, მაგრამ მარგველაშვილმა “პარტნიორებსა და მეგობრებთან” დალაპარაკება გადაწყვიტა, მათი რჩევების მოსმენა და ეს პარტნიორები უცხო ქვეყნის მმართველები იყვნენ… ეს არ იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მხარემ ჩვენს ქვეყანასთან დალაპარაკების სურვილი გამოთქვა.

უცილებელია, საქართველო წავიდეს დათმობებზე, გამონახოს საერთო ინტერესების სფეროები მეზობელთან, რადგან სხვა გზა არ არსებობს, შუამავლები ჩვენს საქმეს არ გააკეთებენ, კიდევ ვიმეორებ: ყველას თავისი ინტერესი აქვს და, უწინარესად, თავისას მიხედავენ

აუცილებელია, საქართველო რუსეთს შუამავლების გარეშე დაელაპარაკოს. მჯერა, თუ ასე მოხდება, ჩვენი ბუნებიდან გამომდინარე, საერთო ენის გამონახვა არ გაგვიჭირდება, განსაკუთრებით რუსეთთან, ჩვენ მათთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება გვაქვს.

ძალიან კარგი შანსია დღეს რუსეთის პრეზიდენტთან მისასვლელად, უკრაინის კრიზისი იძლევა ამის საშუალებას. გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ისაუბრა საქართველოზე და მათ აქვთ მოლოდინი, რომ დიალოგს დავიწყებთ. ძალიან მნიშვნელოვანია “3+3” ფორმატი ჩვენი ქვეყნისთვის და სწორედ ამ ფორმატში ჩართვა მოგვცემს საშუალებას, ვისაუბროთ რუსეთთან. მათ მიგვანიშნეს თავიანთ განწყობაზე, როდესაც საქართველოს არყოფნის შემთხვევაშიც კი, მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე ჩვენი დროშა წარმოადგინეს.

რამდენიც და რაზეც უნდა ვისაუბროთ, საქართველოს, თუ რუსეთს არ დაელაპარაკება, კრიზისიდან გამოსვლის სხვა გზა არ აქვს. თუ გახსოვთ, მე წინააღმდეგი ვიყავი იმ რეზოლუციის, რომელიც საქართველოს მთავრობამ უკრაინას გაუგზავნა. ან საერთოდ არ უნდა გაეგზავნა, ან, თუ გაგზავნიდა, უნდა ჩაეწერა _ “შეასრულე მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტები”. იმხანად ჩემი რჩევა არ გაითვალისწინეს, მაგრამ ზუსტად ერთ კვირაში ყველა ქვეყნის ხელისუფლებამ უკრაინას სწორედ მინსკის შეთანხმების შესრულება მოსთხოვა, რომელიც გადაარჩენს უკრაინას.

მეეჭვება, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დაიწყოს, რადგან მათ ერთი ფუძე აქვთ, ერთი ხალხია, გადაჯაჭვულები არიან ერთმანეთზე, ნათესაური კავშირები აქვთ, მაგრამ, თუ მოხდა პროვოკაცია უკრაინის მხრიდან და ეს ძალიან მარტივი გასაკეთებელია, მაშინ მოვლენები ცუდად განვითარდება და უკრაინა მძიმე მდომარეობაში ჩავარდება.

რუსეთი უკან არ წაიღებს სიტყვებს ნატოს ბაზების თავის საზღვრებთან განლაგების შესახებ და არც ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერების მოთხოვნას, რადგან ეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამ სიტუაციაში საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, შეხვდეს და დაელაპარაკოს რუსეთის პირველ პირებს და გააკეთოს სერიოზული განაცხადი ევროპული ღირებულებები საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, მაგრამ მხოლოდ ის ღირებულებები, რომლებიც ჩვენი ხალხისთვისაა მისაღები და რომლებიც ჩვენს იდენტობას არ წაშლის, ასეთი კი, მერწმუნეთ, ევროპელებს ბევრი აქვთ. ქართველებმა ისეთი სახელმწიფო უნდა შევქმნათ, რომელიც არავის დაურღვევს სიმშვიდეს და მოვიპოვებთ ერთიანობასაც. ჩვენმა ქვეყანამ ტერიტორიების დაბრუნების ისეთი გზა უნდა გამონახოს, რომ ჩვენი ერთიანი ქვეყანა მისაღები იყოს ყველასთვის, განსაკუთრებით მეზობლებისთვის. ზედმეტი თავისტკივილი არავის არ უნდა _ არც ერთ მეზობელს და განსაკუთრებით _ რუსეთს.

ჩვენი რუსეთთან დალაპარაკება, ისეთი, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რაღაც გზა გამოვნახოთ, წარმატებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას ეკონომიკურადაც. ის მიმზიდველი იქნება ყველა მეზობლისთვის. აქ დააბანდებენ ფულს, გახსნიან ბანკებს, დაიწყებენ მშენებლობებს, შეიძენენ სახლებს, აგარაკებს. ჩვენ შევქმნით მეზობლისთვის მისაღებ პირობებს და ისინიც დიდი სიამოვნებით ჩამოვლენ ჩვენთან. ამ ყველაფრისთვის კი, უმნიშვნელოვანესია, ყოველგვარი შუამავლების გარეშე ვესაუბროთ პირდაპირ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს.

_ უსაფრთხოების თვალსაზრისით რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას?

_ ყველანი ვხედავთ, რა როლს თამაშობს უკრაინაში დასავლეთი, მათი ქმედებები ჩვენთვის განგაშის ზარი უნდა იყოს. უკრაინა ევროპის უდიდესი ქვეყანაა, იქ ინტერესებიც დიდი აქვთ ევროპელებსა და ამერიკელებს, მაგრამ ომის შემთხვევაში, ამბობენ, რომ უკრაინაში დასახმარებლად ჯარს არ გაგზავნიან. ჰპირდებიან ტექნიკის გაგზავნას, მაგრამ რისთვის?! იმისთვის, რომ მოძმე ხალხებმა ერთმანეთი დახოცონ?! ზედმეტმა იარაღმა თავის დროზე სააკაშვილი დაღუპა, ახლა, იარაღით გათამამებულები, იმავეს აკეთებენ უკრაინაშიც.

შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, ძალიან ბევრი შეცდომაა ისედაც დაშვებული. მომავალი თაობა არ გვაპატიებს შანსის ხელიდან გაშვებას…

_ გაითვალისწინებს პრემიერმინისტრი ამ რჩევას და წავა რუსეთის პრეზიდენთან მოლაპარაკებაზე?

_ ვერ გეტყვით, მაგრამ ისე გასაგებად ჩამოვაყალიბე სათქმელი, იმდენ მნიშვნელოვან საკითხს შევეხე, რომ უნდა გაითვალისწინოს. მე ჩემი ნაფიქრი და ნააზრევი მივაწოდე მათ და, თუ მთავრობას ჩვენი ქვეყნის გადარჩენის რამე სხვა ალტერნატივა აქვს, მათგანაც მოვისმენ. მაინტერესებს, თუ რუსეთში არ ჩავალთ, რა მოხდება, ჩვენ მაგივრად ვინ ილაპარაკებს? სააკაშვილის შეცდომებს ნუ გაიმეორებენ. კიდევ ერთხელ ვიტყვი: თუ ჩემს წინადადებას არ მიიღებენ, მაშინ დაველოდები ალტერნატიულ მოსაზრებას, იქნებ უფრო ჭკვიანური რამ აქვთ მოფიქრებული…

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. ნატო,ევროკავშირი,ევროსაბჭო,გაერო ვერაფერს უხერხებს რუსულ იმპერიულ ხელისუფლებას,რომლის მთავარი არგუმენტი ყველა დიალოგში სამხედრო ძალა და ატომური იარაღია…ღატაკი,უიარაღო,ომში დამარცხებული სახელმწიფოს ლიდერები რაზე უნდა ელაპარაკოთ?მაჭრის დუღილის ტემპერატურაზე?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here