“სულერთია, საით მიემართება დასავლეთი, მთავარია, ეს უჩვენოდ მოხდეს”
აშშ–ში ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ქორწინების ლეგალიზებისა და ამ ქვეყნის იმჟამინდელ ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენის დამუქრების შემდეგ (ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინება ყველა ქვეყანაში უნდა დაკანონდესო), მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა გამძაფრდა. მანამდე კი, 2013 და შემდეგ წლებში, საქართველოში გეიაღლუმის ჩატარების რამდენიმე მცდელობა იყო, თუმცა წარუმატებელი.
2014 წელს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელმაც გაამყარა ლგბტ-თა პოზიციები და გააძლიერა ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველი, დასავლეთისგან დაფინანსებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების, “ნაცმოძრაობის” განაყოფი და სატელიტი პარტიების წარმომადგენელთა შეტევა ეროვნულ ფასეულობებსა და მართლმადიდებლობაზე. სატელევიზიო ეთერში, განსაკუთრებით “იმედისა” და “რუსთავი 2”-ის, ხშირად იწვევენ არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენლებს და ჰომოსექსუალიზმის პაროპაგანდას ეწევიან. სწორედ ამით გათამამებულმა ლგბტ-თემის წარმომადგენლებმა წელს, მართალია, მცირერიცხოვანი, მაგრამ მაინც გამართეს აქცია საქართველოს დედაქალაქში, შემდეგ “ნაცმოძრაობის” განაყოფებს შეუერთდნენ “ქართული მარშის” საწინააღმდეგო აქციაზე. არადა, “ქართული მარშის” მონაწილეები ქვეყნიდან არალეგალი მიგრანტების გაძევების, პროსტიტუციისა და ნარკოტიკების აკრძალვის მოთხოვნით გამოვიდნენ.
გენდერული თანასწორობის ნიღბით მოქმედ მამათმავალთა და ლესბოსელთა გლობალისტური ძალები მხოლოდ ამაზე არ შეჩერებულან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განათლების სამინისტრომ, ნაცვლად იმისა, რომ თავგადაკლული მუშაობდეს განათლების სისტემაში არსებული კატასტროფული ვითარების გამოსწორებაზე, გაეროს სამ ფონდთან მოაწერა ხელი შეთანხმებას და მიმდინარე წლის სექტემბრიდან სკოლებში სექსუალური აღზრდისა და გენდერის (ლგბტ) თეორიის შემცველი საგნების: “მე და საზოგადოებისა” და განახლებული “ჩვენი საქართველოს” შეტანას გეგმავს.
არადა, ე.წ. სექსუალური განათლება, როგორც უნდა ასწავლონ სკოლებში, მიუღებელია ქართველი საზოგადოების უმრავლესობისთვის და მისი თავსმოხვევა მოზარდი თაობისთვის არის იძულება, ძალადობა და გარყვნილების პროპაგანდა.
დღეს მსოფლიოს მამათმავალთა და ლესბოსელთა ძალები უფრო შორს წავიდნენ და სამიზნეში მულტფილმები ამოიღეს _ კინოკომპანია “უოლტ დისნეი კომპანიმ”, რომელსაც უოლტ დისნეის სიცოცხლეში პატარების საყვარელი უამრავი ფილმი აქვს გადაღებული, მიმდინარე წლის მარტში გამოუშვა ფილმი “მზეთუნახავი და ურჩხული”, რომელშიც არის გეიეპიზოდი, შემდეგ კი _ მულტიპლიკაციური სერიალი DocMcstuffins-ი, რომელშიც ორ ბავშვს მშობლებად დედა და დედა ჰყავთ…
სწორედ ამ თემას ეძღვნება რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ექსპერტ იგორ პშენიჩნიკოვის წერილი “Disneey”-ს ლესბო პრემიერისთვის: სულერთია, საით მიემართება დასავლეთი, მთავარია, ეს უჩვენოდ მოხდეს”, რომელიც საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტიმ” გამოაქვეყნა:
“ამერიკულმა კინოკომპანია Walt Diney Copmany-მ ბავშვებისთვის გამოუშვა მრავალწლიანი მულტიპლიკაციური შოუს _ Doc Mcstuffins-ის მორიგი სერია, რომელსაც ეწოდება “გეგმა საგანგებო ვითარების შემთხვევაში” (“The Emergency Palan”) და მოგვითხრობს, როგორ მოქმედებს სიმპათიური თოჯინების ოჯახი მიწისძვრის მომენტში. მულტფილმის ფორმალური დანიშნულებაა, ბავშვებს შეასწავლონ უსაფრთხოების საფუძვლები, მაგრამ ზრდასრული მაყურებელი მყისვე მიხვდება, რომ უსაფრთხოების საფუძვლების შესწავლა სულაც არ არის ერთადერთი პედაგოგიური მიზანი, იმიტომ, რომ სიუჟეტის მთავარი გმირები წარმოადგენენ თოჯინების ოჯახს, რომელშიც, მამისა და დედის ნაცვლად, არის ორი დედა და ორი ბავშვი.
DocMcstuffins-ის ერთ-ერთი ავტორი და აღმასრულებელი პროდიუსერი კრის ნი ლესბოსელია და ქალზეა დაქორწინებული. ამის შესახებ პათოსით იუწყებოდა “ნიუ იორკ თაიმსი”. კრისი ოცნებობდა, DocMcstuffins -ი pro-gay-სერიალად ექცია. ამის შესახებ მან 2012 წელს განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში. “ჩემს ვაჟს, თეოს, ორი დედა ჰყავს. და ეს ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილია, ეს არის დაუჯერებელი ნაწილი იმისა, როგორ ვხედავ ამ სამყაროს”, _ ამბობს კრის ნი. მისი თქმით, კომპანია “უოლტ დისნეიმ” აქტიურად დაუჭირა მხარი იდეას, შეექმნა საბავშვო pro-gay -სერიალი და კრის ნის გამოცდილება გადაეტანა მულტფილმში. ასე აღმოჩნდა “უოლტ დისნეი” ლიბერალური ფასეულობების გლობალურად დამკვიდრების საქმის მოწინავეთა რიგებში. ამ ფასეულობებში კი, მრავალი წელია, პირველ ადგილზეა “გენდერული თანასწორობა”.
ეს არ არის კურიოზი, არც “ცალკე ეპიზოდი”, არც მორალურად დეგრადირებული დასავლეთის წინააღმდეგ მებრძოლთა პარანოია. ეს არის სოციუმის სრულად გარდაქმნა-გადაგვარების პოლიტიკის ნაწილი. ამაზე ლაპარაკობენ თვით “საბავშვო მასკულტურის გაჰომოსექსუალების” მოძრაობის მოღვაწეები. პროდიუსერმა კრის ნიმ პირდაპირ განაცხადა: “ჩვენ, დაკავებული ვართ პოლიტიკით DocMcstuffins-ში, გვჯერა, რომ ვიბრძვით სამართლიანი საქმისთვის”. ორგანიზატორები პრემიისა CLAAD Media Awards, რომელსაც “დიფამაციის წინააღმდეგ” გეებისა და ლესბოსელების ამერიკული ალიანსი ყოველწლიურად გადასცემს ადამიანებს გეიკულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, გამოვიდნენ მოწოდებით, ხელმოწერები შეეგროვებინათ კომპანია “უოლტ დისნეის” მიმართ მადლიერების ნიშნად, იმისათვის, რომ კომპანიამ მხარი დაუჭირა ლგბტ-თემის წარმომადგენლებს. ამა წლის მარტში Walt Disney Company-მ უკვე გამოუშვა პირველი საბავშვო მულტფილმი, რომელშიც ბიჭები კოცნიან ბიჭებს, გოგონები _ გოგონებს. ეს მულტფილმი მსოფლიოს კინოეკრანებზე გამოვიდა კიდევ ერთ “დისნეის” მულტფილმთან ერთად, რომლის სახელწოდებაა “მზეთუნახავი და ურჩხული”. ამ ფილმის ანონსირებისას რეჟისორმა ბილ კონდანმა განაცხადა, რომ მაყურებელი ნახავს “განსაკუთრებულ გეიეპიზოდს დისნეის კინოში” (“exelasively gay moment in a Disney movie”).
აღსანიშნავია, რომ გენდერული თავისუფლებებისკენ სწრაფვა, რომელსაც ჩვენ ჯერჯერობით შორიდან ვაკვირდებით, საერთაშორისო კამპანიაა.
ბევრს, ალბათ, ახსოვს, რომ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში აშშ-ში მიიღეს კანონი “ტრანსგენდერული სასკოლო ტუალეტების შესახებ”, რომლის მიხედვითაც, მოსწავლე ბიჭს, რომელიც განაცხადებს, რომ ის “გოგონაა”, შეუძლია ისარგებლოს გოგონების გასახდელით, ტუალეტითა და საშხაპით.
ბევრმა კი, ალბათ, არ იცის, რომ შვედეთში იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ჯერ გარკვეული არ აქვთ, რომელ სქესს მიეკუთვნებიან, უკვე რამდენიმე წელია, შემოიღეს მესამე პირის ნაცვალსახელი _ hen, რომელიც მანამდე არ არსებობდა შვედურ ენაში.
2014 წლიდან შვედეთში გამოცემულ შვედური ენის ლექსიკონებში ოფიციალურად არის შეტანილი ნაცვალსახელი hen და ამ სიტყვას 15 შვედური გამოცემა იყენებს. “შვედეთი მართლაც პიონერია, _ ამბობს ლან ჰორნშეიდტი, ბერლინის უნივერსიტეტის ჰუმბოლდტის სახელობის გენდერული კვლევებისა და ლინგვისტიკის ცენტრის პროფესორი. არც ერთ სხვა ქვეყანას არ გამოუჩენია ამდენი ძალისხმევა, რათა დაემსხვრია გენდერული ბარიერები ბავშვებს შორის”. თუმცა შვედეთს ლიდერობაში სხვა ქვეყნებიც ეცილებიან. დიდ ბრიტანეთში 14-მა დიდმა სავაჭრო ქსელმა, რომლებიც სხვა რაღაცებთან ერთად საბავშვო სათამაშოებით ვაჭრობს, გადაწყვიტა, სათამაშოებიდან გაექრო ის ნიშნები, რომელთა მიხედვითაც შეიძლებოდა განსაზღვრა, ბიჭის არის ეს სათამაშო თუ გოგოსი, და ეს სათამაშოები “გენდერულად ნეიტრალურად აქციეს”. ამ სავაჭრო ჯგუფებს შორის არის Tesco, Saunsbury’s-ი, Morrisons-ი, Boots-ი, Marks & Spenser-ი.
არც რეპრესიებია იშვიათი. მაგალითად, კომპანია “გუგლმა” სამსახურიდან დაითხოვა თავისი ინჟინერი, რომელსაც ეჭვი შეეპარა ქალისა და მამაკაცის იდენტურობაში, მას თვალსაზრისს კომპანიამ “მავნე გენდერული სტერეოტიპი” უწოდა.
აქ შეიძლება ცრემლი ჩამოგვგორებოდა იმის გამო, საით მიემართება დასავლეთი, მაგრამ ეს ჩვენი საქმე არ არის. საითაც უნდა, იქით წავიდეს. ეს მისი ცხოვრებაა.
მაგრამ ამ გენდერული თანასწორობის გლობალურ კამპანიაში ჩვენთვის საინტერესო სხვა რამ არის: “დისნეი” შეიძლება იყოს პირველი უცხოური კორპორაცია, რომლის წინააღმდეგაც უნდა ამოქმედდეს სამამულო კანონი ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისგან ბავშვების დაცვის შესახებ.
კანონი კარგა ხნის წინათ მიიღეს, მაგრამ ჯერ არავის სმენია არათუ მილიონობით რეპრესირებულის, არამედ დასჯის ცალკეული შემთხვევების შესახებ. და, თუ აშშ-ში გენდერული პროგრესისთვის ბრძოლა მასობრივ ხასიათს შეიძენს, მაშინ ერთნაირსქესიანთა “როლურ მოდელებს” (სიმულაციური მოდელები) ძალით “ჩატენიან” ყოველ ან ყოველ მეორე მულტფილმში.
და ეს პროდუქცია _ რომელიც სამამულოს რაოდენობრივადაც და ხარისხობრივადაც სჯობს, ჩვენს საბავშვო მასკულტურის ბაზარზე ბუნებრივად დაიკავებს უპირატეს ადგილს.
მაშინ დავინახავთ, მოქმედებს თუ არა სამამულო “ბარიერი გეიპროპაგანდის წინააღმდეგ”, თუ კომპანია “დისნეის” რუსეთში მრავალმილიონიანი მოგების გზაზე დროდადრო გააღარიბებენ პატარ-პატარა ადმინისტრაციული ჯარიმებით”.
“რია ნოვოსტის” ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ნიკა კორინთელმა
P.S. რუსეთის პარლამენტმა 2013 წელს მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ბავშვების დაცვის მიზნით, ქვეყანაში აკრძალულია ტრადიციული ოჯახური ფასეულობების უარყოფისა და ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა. 2016 წელს კი რუსეთის პარლამენტში განსახილველად შევიდა კანონი, რომელიც კრძალავს “ნებისმიერ საჯარო გამოხატვას არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის შესახებ”. ალბათ, სწორედ ასეთი კანონები გვჭირდება საქართველოშიც, რათა შევაჩეროთ გარყვნილების აღვირახსნილი პროპაგანდა და დავიცვათ ჩვენი შვილები ამ ე.წ. დასავლური ფასეულობებისგან. მაგრამ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც თვალებში შესციცინებენ დასავლელ პატრონებს, თავიანთი თბილი სკამების შენარჩუნების გარდა, არაფერზე ფიქრობენ და ამ ნაბიჯს, ალბათ, არ გადადგამენ. ამიტომ ქართველმა საზოგადოებამ ხმა უნდა ამოიღოს, როგორც ეს მოხდა ამა წლის ივლისში, როცა განათლების სამინისტროსთან გაიმართა საპროტესტო აქცია სკოლებში სექსუალური აღზრდის საგნის შეტანის გამო. ასეთი საპროტესტო აქციები კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, რადგან ცდილობენ, ჩვენი შვილები, მომავალი თაობა გარყვნან და გადააგვარონ.