ამერიკელებს სერიოზულად შეეშინდათ სეცესიის (სახელმწიფოს შემადგენლობიდან რომელიმე ნაწილის გასვლა _ გ. გ.). ასე აკურატულად, ვინმე რომ არ დააფრთხონ, უწოდებენ სეპარატისტულ პროცესებს, რომლებიც სახელმწიფოს ნაწილებად დაშლას იწვევს. დღეს აშშ ბალანსის დაცვას ცდილობს იმ უფსკრულის თავზე, რომელსაც გასცდა რუსეთი 1990-იან წლებში და რომელშიც გადაიჩეხა ჯერ იუგოსლავია, შემდეგ _ უკრაინა.
ალარმისტული განწყობილების ტრიგერად _ მაპროვოცირებელ ფაქტორად, იქცა 18 შტატის სარჩელი პრეზიდენტის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობაზე 4 საკვანძო შტატში. მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ უზენაესმა სასამართლომ ეს სარჩელი არ მიიღო. ტეხასის მიერ მომზადებულმა სარჩელმა, რომელსაც მხარი კიდევ 17-მა შტატმა დაუჭირა, გაავლო მკაფიო საზღვარი, რომლის მიხედვითაც შეიძლება დაიშალოს ამერიკის შეერთებული შტატები.
მილიონობით ადამიანი, რომლებმაც ხმა მისცეს ტრამპს, თავს გაყიდულად და მოტყუებულად მიიჩნევს. მათგან არავის სჯეროდა, რომ არჩევნები პატიოსნად ჩატარდა. და ახლა მათ იმედი გაუცრუა უზენაესმა სასამართლომ _ მთავარმა კანონმდებელმა ორგანომ ქვეყანაში. ამას ემატება ისიც, რომ ამ ადამიანების არავის ესმის. მათ დემონსტრაციულად არ აქცევენ ყურადღებას თავიანთი ქვეყნის ჟურნალისტები.
დაპირისპირების გეოგრაფიაში ახალი არაფერია. ბაიდენსა და დემოკრატიულ პარტიას მხარს უჭერენ დასავლეთი და აღმოსავლეთი სანაპიროები და დიდი მეგაპოლისები. ტრამპს მხარს უჭერს აშშ–ის ცენტრი, “დაჟანგული სარტყელის” ქალაქები, სოფლის მეურნეობა, მენავთობეები, ტოტალური დეინდუსტრიალიზაციის შედეგად გაღატაკებული სივრცეები.
სიღატაკე, უიმედობა, შთამომავლობითი ალკოჰოლიზმი, “სასოწარკვეთილებით გამოწვეული სიკვდილიანობა”, ოპიოიდური ეპიდემია… ყველა რუკაზე, რომლებზეც გამოსახულია ბაიდენისა და ტრამპის დაპირისპირება, ნათლად ჩანს უზარმაზარი წითელი (რესპუბლიკური) კონტინენტი, რომელსაც გარს აკრავს ლურჯი (დემოკრატიული) სანაპიროები.
წითელ და ლურჯ შტატებს შორის იდეური ომი, დიდი ხანია, გიზგიზებს. პირველებმა ფსონი დადეს ბიზნესის, ინდუსტრიის, ტრადიციული ფასეულობების, საშუალო კლასის განვითარებაზე; მეორეებმა _ ახალ ტექნოლოგიებზე, ლგბტ თემის 100 ფერზე, დეინდუსტრიალიზაციასა და მხოლოდ ელიტების გამდიდრებაზე.
კულტურული ომები არასდროს შეწყვეტილა, სანაპიროებზე სვამდნენ ღვინოს, ცენტრში _ ლუდს. დემოკრატები დადიოდნენ ელექტრული “ტესლებით”, ტრამპისტები _ ჟანგიანი “ფორდებით”. მეგაპოლისებში Black Lives Matter-ის მხარდამჭერ მიტინგებს მართავდნენ. შუა ამერიკაში ეხურათ კეპები წარწერით “გადავაქციოთ ამერიკა კვლავ დიადი”.
ტრამპის პრეზიდენტობის 4-მა წელმა გააფთრებულ საინფორმაციო ომში ჩაიარა. ამ მომენტისთვის ვითარება ისეთია, რომ პრეზიდენტის მილიონობით მომხრემ საერთოდ დაკარგა საინფორმაციო ველზე გასვლის საშუალება, მათ პოზიციებს არ აშუქებს თითქმის არც ერთი გაზეთი, არც ერთი პოპულარული ტელეარხი. მათ მასობრივად ბლოკავენ ინტერნეტპლატფორმები და სოციალური ქსელები.
მაგალითად, ბევრი გსმენიათ, ტრამპის მხარდამჭერ მრავალათასიან მიტინგებზე, მილიონობით ადამიანზე, რომლებმაც მას მხარი დაუჭირეს და ახლა ცდილობენ, გარე სამყარომდე მიიტანონ თავიანთი პოზიცია? გსმენიათ ტრამპისადმი მასობრივ თხოვნაზე, გამოეცხადებინა სამხედრო მდგომარეობა და გაეუქმებინა პრეზიდენტის არჩევნების შედეგები? არადა, ეს ყველაფერი ყოველდღიურად ხდება ამერიკაში.
უფრო ნაკლებად შესამჩნევი, მაგრამ გაცილებით სასტიკია ეკონომიკური ომი, რომელსაც შტატები ერთმანეთის წინააღმდეგ აწარმოებენ. ავიღოთ, მაგალითად, ე.წ. მწვანე გარიგება (GREEM DEAL), რომელსაც დღეს აქტიურად უჭერენ მხარს დემოკრატები.
მაღალტექნოლოგიური კალიფორნია ორივე ხელით უჭერს მხარს ამ პროექტს. ჰოლივუდსა და სილიკონის ველთან ერთად “სუფთა” ენერგიაზე გადასვლით კალიფორნიას არაფერი დაუშავდება, მაგრამ ტეხასის შტატისთვის, რომლის კეთილდღეობაც ემყარება ნავთობსა და გაზს, “მწვანე გარიგება”, უბრალოდ, თვითმკვლელობაა. ხოლო, თუ გლობალური დათბობით შეშფოთებული ნიუ-იორკელები უარს იტყვიან ხორცსა და რძეზე, ეს სასიკვდილო განაჩენი იქნება მისურისა და ოკლაჰომაში მცხოვრები ფერმერებისთვის. ჩვენ დღეს ვაკვირდებით საინტერესო პროცესს _ ასეთი რამ არ უნახავს მარქსს.
ექსპანსიისთვის საგარეო ბაზრების არარსებობის პირობებში ნაციონალური კორპორაციები ერთმანეთს ართმევენ თითქოს უკვე დიდი ხნის წინათ განაწილებულ ადგილობრივ ბაზარს. ეს მილიონობით ადამიანს ეკონომიკური კატასტროფით ემუქრება, მაგრამ მილიარდერებს თანამემამულეების ბედი არ აღელვებთ.
შტატები ერთმანეთს არა მხოლოდ ეკონომიკური მეთოდებით ებრძვიან, თითოეულ შტატს უკვე ჰყავს თავისი ოლიგარქი, რომელიც ქვეყნის დაშლის შემთხვევაში ბარონად იქცევა და იბატონებს. ანალოგიური პროცესი, ოღონდ მინიატურული, მიმდინარეობს უკრაინაშიც. დონბასს ახმეტოვი აკონტროლებს, დნეპროპეტროვსკს _ კოლომოისკი.
ბრინი, ცუკერბერგი, ელისონი _ კალიფორიის ბარონები იქნებიან, როკფელერები, მელონები, პოლები _ ტეხასის. ისინი ჯერჯერობით მხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური მეთოდებით იბრძვიან, მაგრამ ქვეყანაში მილიონობით იარაღია, რომლებიც, ადრე თუ გვიან, გაისვრის.
პანდემიამ დააჩქარა და გააღრმავა განხეთქილება ამერიკის სანაპიროსა და ცენტრს შორის. მეგაპოლისებმა, მაღალტექნოლოგიურმა ანკლავებმა უპრობლემოდ გადაიტანეს ლოკდუნიის პერიოდი და მოგებაც კი მიიღეს. ამერიკის შუა ნაწილი კი იძირება სიღარიბესა და უიმედობაში, რომლიდან ამოყვანასაც ტრამპი ცდილობდა.
რა თქმა უნდა, არ შეიძლება იმ ინსტინქტური, ბრმა სიძულვილის დავიწყებაც, რომლითაც გაჟღენთილნი არიან ერთმანეთის მიმართ წითელ და ლურჯ შტატებში მცხოვრებნი. ამ სიძულვილს დიდხანს აღვივებდა მასმედია და კულტურული ისტებლიშმენტი, ინტელექტუალები. შუა ამერიკის მცხოვრებნი სანაპიროზე მცხოვრებთ გარყვნილებად და სატანისტებად მიიჩნევენ. ისინი კი თავიანთ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს გენეტიკურ ნაგავს, მსუქან უზრდელებს უწოდებენ. ამ ყველაფერზე დაუფარავად წერდნენ და წერენ სოციალურ ქსელებში და ახლა დაპირისპირება ქუჩაში გადადის.
და აი აშშ-ის დაშლის თემა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ტაბუდადებული იყო მასმედიაში და სიგიჟედ ითვლებოდა, ახლა საჯაროდ განსახილველ თემად იქცა.
პროფესორი ფრენკ ბაკლი მალე გამოსცემს წიგნს “ამერიკული სეცესია: ეროვნული დაშლის მოახლოებული საფრთხე” და ამ წიგნს საჯაროდ განიხილავენ მეინსტრიმელ მედიაში. პროფესორი აგიტაციას უწევს დაშლას და წერს: “ჩვენ ძალიან დიდნი ვართ. ჩვენ მსოფლიოში ერთ–ერთი დიდი ქვეყანა ვართ. პატარა ქვეყნები უფრო ბედნიერები არიან და იქ კორუფციის დონე ნაკლებია. ისინი არ აჟღარუნებენ იარაღს. ისინი უფრო თავისუფლები არიან… დიდი ნიშნავს ცუდს”.
ზოგიერთი იტყვის, რომ ეს კონსპიროლოგიაა, მაგრამ სინამდვილეში პროცესი უკვე დაწყებულია, ამერიკა უკვე ნაკუწებად ნაწევრდება, ოღონდ მასმედია ცდილობს, ამის შესახებ ძალიან არ იხმაუროს.
შარშან თავის განზრახვაზე, გამოსულიყო ნიუ-იორკის შემადგენლობიდან, განაცხადა რაიონმა სტეიტენ–აილენდმა. ეს ის რაიონია, რომლის გვერდითაც თავისუფლების ქანდაკებაა. კუნძულის მოსახლეობა რეგულარულად უჭერს მხარს რესპუბლიკელებს და არ სურს, რამე საერთო ჰქონდეს დემოკრატებთან. მოქალაქეები ჩივიან მაღალი გადასახადებისა და კრიმინალის გამო. გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს ამ იდეას. სასაცილოა? მაგრამ სტეიტენ-აილენდის მოსახლეობა 460 ათასი კაცია. ეს რამდენიმე სახელმწიფოს მოსახლეობაზე მეტია.
2020 წლის ზაფხულში სრულიად კანონიერად, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოკლაჰომას ნახევარი გამოეყო. აღმოსავლეთი ნაწილი სამართავად გადაეცათ ინდიელებს, 2 მლნ ადამიანი (ეს მეტია, კოსოვოს მოსახლეობაზე და ცოტა ნაკლებია ყირიმში მცხოვრებ ადამიანებზე) თითქოს ახალ სახელმწიფოში აღმოჩნდა თავისი კანონებითა და წესებით.
ამერიკელი ხალხის ორი ნაწილი დღეს განქორწინების პირას მყოფ მეუღლეებს ჰგავს. მათ ერთმანეთს თავი მოაბეზრეს და თითქმის ვერაფერზე თანხმდებიან. ზოგს სტაბილური სამუშაო სურს, ზოგს კიდევ _ მარსზე გაფრენა, ერთს სტეიკი უნდა, მეორენი იმაზე ნერვიულობენ, რას გრძნობს ძროხა, როცა კლავენ. ზოგს სურს, სექსით დაკავდეს, ზოგი შიშობს, ჰარასმენტის მსხვერპლი არ გახდეს ან თვითონ არ ჩაიდინოს ძალადობა.
შეიძლება მართალია პროფესორი ბაკლი: “ამერიკელები არასოდეს ყოფილან ასე დაყოფილნი, ჩვენ მოვმწიფდით დასაშლელად!”
ria.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ
ამერიკის შეერთებული შტატების დაშლა ახალი ამბავი არ არის, გაიხსენეთ 1968 წელი საბჭოთა ხელისუფლების სათავეში ლეონიდ იალიას ძე ბრეჟნევი რომ იყო, მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები დაშლას ძლივ გადაურჩა, უბრალოდ ბრეჟნევმა მეტი არ მოინდომა. მაშინ ამერიკელებმა კონსტიტუციაში შესწორებაც შეიტანეს, შტატებიდან გასვლის მსურველთა პროპაგანდა სიკვდილით ისჯებოდა; ლიბერასტებო გადახედეთ ,,დემოკრატიული,,ამერიკის ისტორიას მათ თუ დაჭირდათ ზანგებს ისევ ბორკილების ქვეშ ამუშავებენ პლანტაციებში!