Home რუბრიკები საზოგადოება “ფორმულა 1”-ის “წვიმის კაცი”

“ფორმულა 1”-ის “წვიმის კაცი”

960
აირტონ სენა

ფორმულა-1”-ის სახელგანთქმულმა პილოტმა აირტონ სენამ 10 წლის განმავლობაში 60-ზე მეტი რბოლა მოიგო და დაამყარა რეკორდი პოულპოზიციების (ავტომობილის ხელსაყრელი მდგომარეობა, რომელსაც მრბოლი იკავებს კვალიფიკაციიდან გამომდინარე) რაოდენობის მიხედვით, რის გამოც ჟურნალისტებმა და გულშემატკივრებმა მასჯადოქარიშეარქვეს. ცნობილია აირტონ სენას კიდევ ერთი მეტსახელი _ “წვიმის კაცი”, რომლითაც ის დააჯილდოვეს იმისთვის, რომ წვიმაში რბოლისას, როცა ხდება მძლავრი, აეროდინამიკური ბოლიდების უპირატესობის ნიველირება და ტრასაზე სიჩქარეები მნიშვნელოვნად მცირდება, სენა პირიქით იქცეოდა _ სიჩქარეს უმატებდა, მაქსიმალურად ავლენდა თავის შესაძლებლობებს და ხშირად იმარჯვებდა.

1994 წლის 1 მაისს სან-მარინოს გრან-პრის რბოლაში მისი ტრაგიკული სიკვდილი რომ არა, “სამეფო რბოლები” ბევრისთვის ასოცირებული იქნებოდა არა “წითელ ბარონ” მიხაელ შუმახერთან, არამედ აირტონ სენასთან. ლეგენდარული ბრაზილიელი პილოტი 34 წლის იყო, როცა ტრაგიკულად წავიდა ამ ქვეყნიდან. ავტომობილის მოყვარულები პატივს მიაგებენ ხსოვნას ამ ადამიანისა, რომელმაც სახელი გაითქვა როგორც არა მხოლოდ სპორტსმენმა, არამედ, როგორც ფილანტროპმა.

ბავშვობა და სიჭაბუკე

მომავალი ავტომრბოლი 1960 წლის 21 მარტს ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ სან-პაულუში დაიბადა. ბიჭს გაუმართლა, რომ უზრუნველყოფილ ოჯახში გაიზარდა. მამამისი _ მილტონ და სილვა ცნობილი ბიზნესმენი გახლდათ და მატერიალურად უჭერდა მხარს ვაჟიშვილის სურვილებს. აირტონი ბავშვობაში ძალიან მოუხეშავი იყო _ ძლივს დადიოდა და ხშირად ეცემოდა.

ცნობილია, რომ მილტონ და სილვას ძალიან უყვარდა ავტორბოლები და სპორტის ამ სახეობის გასავითარებლად ფულს ხშირად სწირავდა. როდესაც აირტონს 4 წელი შეუსრულდა, მამამ მას სპორტული ავტომობილი აჩუქა. ავტომობილით მოხიბლული პატარა ბიჭი საჭეს მიუჯდა და… ცხოვრება ავტომობილებს მიუძღვნა. ბიჭს მხარს უჭერდა მამა, ოღონდ ცდილობდა, რომ აირტონს ოჯახური ბიზნესისთვისაც მოეკიდა ხელი.

როდესაც აირტონს 13 წელი შეუსრულდა, მამამ, რომელიც ხედავდა შვილის სურვილსა და პოტენციალს, ავტორბოლებში ოსტატობის ასამაღლებლად პირადი მწვრთნელი დაუქირავა _ ლუსიო გასკონი.

ლუსიოს თქმით, აირტონ სენა იყო მიზანდასახული ადამიანი, რომელიც დამარცხებას არასოდეს ეგუებოდა. 13 წლის აირტონს დებიუტი ჰქონდა რბოლებში, 17 წლისამ კი სამხრეთ ამერიკის ჩემპიონობა მოიპოვა კარტინგში (მარტივი სარბოლო ავტომობილების შეჯიბრება).

აირტონ სენა
აირტონ სენა

რბოლები

1981 წელს აირტონი ინგლისში გადაბარგდა. პრესა აქებდა ბრაზილიელ ავტომრბოლს, ამიტომ მისთვის ნებისმიერი ტრასა ღია იყო. აირტონმა არჩევანი შეაჩერა “ფორმულის” ერთ-ერთ კარგ გუნდზე _ Van Diemenზე. მოგვიანებით მას კონტაქტი გაუფორმეს “ფორმულა _ 1600”-ში მონაწილეობაზე ბრიტანეთში. აირტონმა დაიწყო ინგლისური ენის შესწავლა და ახალ გზებსა და მანქანებთან შეგუება.

1981 წელს “ჯადოქარი” მონაწილეობდა კენტის საგრაფოში გამართულ რბოლაში, მაგრამ მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა. მოგვიანებით კი ანალოგიურ რბოლაში პირველი ადგილი დაიკავა. მრბოლი იგონებდა, რომ გამარჯვებაში წვიმა დაეხმარა. ამ გამარჯვებამდე რამდენიმე წლით ადრე წვიმამ ხელი შეუშალა საპრიზო ადგილის დაკავებაში. მიზანდასახულმა ახალგაზრდამ უყურადღებოდ არ დატოვა ეს ფაქტი და ხანგრძლივი ვარჯიშის შედეგად ისწავლა, როგორ ემართა ავტომობილი წვიმიან ამინდში სველ ტრასაზე. სწორედ ამიტომ შეარქვეს მას “წვიმის კაცი”.

1982 წლიდან აირტონი რბოლებში მონაწილეობდა დედის ქალიშვილობის გვარით _ სენა. ეს აიხსნება იმით, რომ მამის გვარი ბრაზილიაში ძალიან პოპულარული იყო, ყმაწვილს კი არ სურდა, ოჯახისთვის ზედმეტი პრობლემები შეექმნა.

აირტონ სენას ქანდაკება
აირტონ სენას ქანდაკება

ფორმულა-1”

აირტონის კარიერა “ფორმულა-1”-ში 1984 წელს დაიწყო ნაკლებად ცნობილ გუნდ “ტოულმენში”. ახალგაზრდა პილოტმა თავის გუნდს პირველი ქულები 1984 წლის 7 აპრილს მოუტანა სამხრეთ აფრიკის გრან-პრის შეჯიბრებაში. “ტოულმენის” შემდეგ სენამ ძალები მოსინჯა უფრო ძლიერ გუნდებში: 1987 წლამდე ის “ლოტუსის” ღირსებას იცავდა, შემდეგ _ “მაკლარენისა” და “უილიამსის”.

პირადი ცხოვრება

1981 წლის ზამთარში სენა დაქორწინდა მეგობარ ქალ ლილიან და ვაშკონსელუშ სოუზაზე, მაგრამ მალე გაეყარა. როგორც მრბოლმა განუცხადა ჟურნალისტებს, მათი ქორწინება დიდი შეცდომა იყო. განქორწინების შემდეგ აირტონს რამდენიმე ქალთან ჰქონდა ურთიერთობა, ერთ-ერთი, ჟურნალ “ფლეიბოის” ვარსკვლავი მარსელა პრადა, 1993 წელს ამტკიცებდა, რომ სენასგან გოგონა ეყოლა, თუმცა თვითონ სენა ამბობდა, რომ შვილი არ ჰყავდა.

აირტონის თაყვანისმცემლები იხსენებენ, რომ ის რბილი ხასიათის მომხიბვლელი ადამიანი იყო. სენა აქტიურად ებრძოდა სიღარიბესა და შიმშილს სამშობლოში და მის ფარგლებს გარეთაც. “ფორმულა-1”-ის მრბოლი საჯაროდ არაფერს ამბობდა გაკეთებულ კეთილ საქმეებზე, სენას საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ შეიქნა ცნობილი.

1994 წელს სენა გადავიდა იმხანად საუკეთესო გუნდ “უილიამსში”, რომლისთვისაც, მისი თქმით, უფასოდაც იასპარეზებდა. სახიფათო მოვლენების გამო, რომლებიც რბოლის მომენტში ხდებოდა, სენა თითქოს დარწმუნებული იყო, რომ რაღაც ცუდი ელოდებოდა.

თავდაპირველად ავარიაში მოყვა რუბენს ბარიკელო, რომელსაც ცხვირი და ნეკნები დაემტვრა. მეორე დღეს რბოლის დროს დაიღუპა ავსტრიელი პილოტი როლანდ რატცენბერგერი. შეშფოთებული სენა ბარიკელოს დაელაპარაკა (ამისთვის საავადმყოფოს ღობეზე გადაძრომა დასჭირდა). საუბრის შემდეგ აირტონი მიხვდა, რომ “ფორმულა-1”-ის უსაფრთხოების სისტემას პრობლემები ჰქონდა. სენამ შეკრიბა პილოტები და მათთან ერთად დასვა საკითხი უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესების შესახებ.

სან მარინოს გრან-პრის რბოლისას ჯერ ორი მრბოლის ავტომობილები შეეჯახა ერთმანეთს (ავტომობილების ნამსხვრევებმა 3 მაყურებელი დააზიანა) შემდეგ საათში 310 კმ სიჩქარით მიმავალი სენას ავტომობილი მოსახვევში ტრასიდან გადავიდა და კედელს შეასკდა. ავარიის ადგილას მისულმა ექიმებმა საშინელი სურათი ნახეს _ სენას თავი ჰქონდა დაზიანებული და სისხლში ცურავდა. მას აღმოუჩინეს პირველი დახმარება და გაუკეთეს ტრაქეოტომია, შემდეგ კი ვერტმფრენით გადაიყვანეს უახლოეს ჰოსპიტალში, სადაც შეაერთეს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე, მაგრამ მოგვიანებით ცნობილი შეიქნა, რომ მრბოლი კომიდან ვერ გამოვიდოდა და აპარატი გათიშეს.

აირტონ სენას, “ფორმულა-1”-ის რბოლებში გამარჯვებულ (1988, 1990, 1991) პილოტს, არ ივიწყებენ ავტომობილების ერთგული თაყვანისმცემლები, აგრეთვე, მისი მშობლიური ბრაზილიის მცხოვრებნი. მისი ხსოვნის პატივსაცემად იმართება შეჯიბრებები, სპორტსმენის საფლავის მოსანახულებლად კი უამრავი ადამიანი მიდის.

ცნობისთვის:

* სენას სამშობლოში ჩატარებული სოციალური გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ყველაზე დიად ბრაზილიელად აირტონ სენა დასახელდა.

* აირტონ სენა იყო დამფუძნებელი საქველმოქმედო ფონდისა, რომელიც ეხმარებოდა ღარიბ ახალგაზრდა ბრაზილიელებსა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს. ამ ფონდს სენამ დაუტოვა თავისი ქონება, რომელიც მისი სიკვდილის მომენტში 400 მლნ დოლარს შეადგენდა.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here