Home რუბრიკები სპორტი “ფორმულა-1”-ის მაესტრო

“ფორმულა-1”-ის მაესტრო

1627
“ფორმულა-1”-ის მაესტრო

XXI საუკუნის დასაწყისში გერმანელმა მიხაილ შუმახერმა შეძლო ის, რაც 50 წლის განმავლობაში შეუძლებლად ითვლებოდა _ “ფორმულა-1”-ის რბოლებში მოპოვებული ტიტულების რაოდენობით გაუთანაბრდა არგენტინელ ხუან მანუელ ფანხიოს. ორივემ 5-5-ჯერ გაიმარჯვა ყველაზე პრესტიჟულ ავტორბოლაში. ეს რეკორდი 2019 წელს დაამხო გამოჩენილმა ბრიტანელმა პილოტმა ლუის ჰემილტონმა.

არგენტინელ პილოტს, რომელსაც პატივისცემის ნიშნად მაესტრო შეარქვეს, ბევრი სპეციალისტი მიიჩნევს საუკეთესოდ ავტორბოლების ისტორიაში. ის გამოირჩეოდა არა მხოლოდ ბოლიდის მართვის უნარით, არამედ მტკიცე ხასიათითაც.

მძიმე ბავშვობა

მომავალი გენიოსი 1911 წლის 24 ივნისს დაიბადა (სხვათა შორის, 24 ივნისს დაიბადნენ გამოჩენილი არგენტინელი ფეხბურთელები _ ლიონელ მესი და ხუან რიკელმე) არგენტინის ქალაქ ბალკარსეში, ღარიბი იტალიელი ემიგრანტების ოჯახში. 11 წლის იყო, შრომითი საქმიანობა რომ დაიწყო ლითონის დასამუშავებელ სახელოსნოში, ცოტა ხნის შემდეგ კი ავტოსახელოსნოში გადავიდა, 13 წლისამ მუშაობა დაიწყო საავტომობილო კომპანია “სტუდებეკერში”.

ხუანის ამოცანა იყო ტვირთების გადაზიდვა ახლომდებარე ქალაქებში. მანქანას ისე ოსტატურად მართავდა, რომ კომპანიის აღფრთოვანებულმა ხელმძღვანელმა 1 წლის ჯამაგირი წინასწარ გადაუხადა.

1929 წელს ხუანი ფილტვების ანთებით დაავადდა და მედიცინის იმჟამინდელი დაბალი დონის გამო იძულებული იყო, 1 წელი საწოლში გაეტარებინა. გამოჯანმრთელების შემდეგ არმიაში იმსახურა და საქმეს ახალი ძალებით დაუბრუნდა. დაეხმარა მამის საჩუქარიც _ მიწის ნაკვეთი, რომელზეც ხუანმა თავისი სახელოსნო ააშენა. 1936 წელს ფანხიო პირველად მონაწილეობდა რბოლაში. მისი პირველი სარბოლო ავტომობილი იყო “ფორდ-1929”. ეს ავტომობილი თავდაპირველად ტაქსი იყო, მაგრამ ხუან მანუელმა მეგობრებთან ერთად სარბოლო მანქანად გადააკეთა. ფანხიომ რბოლა ვერ დაასრულა _ ავტომობილი გაუფუჭდა, თუმცა ფინიშამდე ცოტა ხნით ადრე მესამე იყო.

ეროვნული გმირი

1939 წელს ფანხიომ მეგობრების დახმარებით შეიძინა “შევროლე-1939” და დაიწყო გრძელ დისტანციებზე შეჯიბრებებში მონაწილეობა. 1940 წელს მან მოიგო Gran Premio del Morte. პილოტებმა სტარტი აიღეს ბუენოს-აირესში, გადალახეს ანდების მთათა სისტემა, ჩავიდნენ პერუს დედაქალაქ ლიმაში და დაბრუნდნენ უკან. 10 ათასი კმ გზის გავლას ართულებდა ის, რომ მექანიკოსების დახმარება აკრძალული იყო _ პილოტები და შტურმანები თვითონ უნდა გამკლავებოდნენ პრობლემას.

ეს წარმატება ფანხიომ მომდევნო წელსაც გაიმეორა, მაგრამ შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და სპორტული ღონისძიებებიც შეჩერდა. 1948 წელს არგენტინის პრეზიდენტმა ხუან პერონმა ნიჭიერ ავტომრბოლს ევროპაში გამოსვლის შესაძლებლობა მისცა. ფანხიომ 10-დან 6 შეჯიბრება მოიგო და პრეზიდენტმა პატივით მიიღო სასახლეში _ ხუან მანუელი არგენტინის ეროვნულ გმირად იქცა.

ავარიის შემდეგ
ავარიის შემდეგ

პირველი დიდი გამარჯვება

ფანხიოს შესანიშნავი გამოსვლა უყურადღებოდ არ დარჩენია “ალფა-რომეოს”. იტალიურმა ფირმამ “ფორმულა-1”-ის პირველი ჩემპიონატისთვის ვარსკვლავების გუნდი შეკრიბა. გუნდში იყვნენ არგენტინელის კოლეგები: ჯუზეპე ფარინა და ლუიჯი ფაჯიოლი. ბრიტანეთში გამართული გრან-პრი ფანხიოსთვის ცუდად დასრულდა _ ბოლიდს რადიატორი დაუზიანდა და ძრავის გადახურების გამო იძულებული შეიქნა, რბოლა შეეწყვიტა. შემდეგ ეტაპებზე ფანხიომ გაიმარჯვა და ბოლო ეტაპის წინ, რომელიც მონცას (იტალია) ავტოდრომზე გაიმართა, მცირე უპირატესობით უსწრებდა ჯუზეპე ფარინას, მაგრამ კვლავ უმტყუნა ავტომობილმა _ ტექნიკური პრობლემების გამო “ფორმულა-1”-ის პირველი ჩემპიონის ტიტული იტალიელმა დაისაკუთრა.

1951 წელს ფანხიომ უპრობლემოდ მოიგო ჩემპიონის ტიტული. 1952 წლის ჩემპიონატი კი ფანხიოსთვის დაწყებამდე დასრულდა _ გამოუცდელ ბოლიდში ჩაჯდა და დიდი სისწრაფით მოძრავი მანქანა რამდენჯერმე გადაბრუნდა. უგონო მდგომარეობაში მყოფი ფანხიოს სიცოცხლის გადასარჩენად ექიმებს დიდი ძალისხმევის გამოჩენა დასჭირდათ.

დაბრუნება

“მაესტრო” “ფორმულა-1”-ის შეჯიბრებებში საფრანგეთის პირველობიდან ჩაება და, მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჩათვლაში არ გაუმარჯვია (მეორე ადგილზე გავიდა), ეს იყო სამომავლო გამარჯვებების მოსამზადებელი წელი.

არგენტინელმა გამარჯვებების სერია 1954 წელს დაიწყო. მან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა “მერსედესთან”. ფანხიომ გაანადგურა მოწინააღმდეგეები და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა.

1955 წელს “ფორმულა-1”-ის შეჯიბრება მოკლე პროგრამით გაიმართა. მიზეზი იყო 1952-1953 წლების ჩემპიონის, იტალიელი ალბერტო ასკარის დაღუპვა მონცას ავტოდრომზე. 6 ეტაპიდან ფანხიომ 4 მოიგო. ბრიტანეთის გრან-პრის რბოლაში, რომელიც ლივერპულში ჩატარდა, მან თანაგუნდელ სტირლინგ მოსს, წარმოშობით ბრიტანელს, ეტაპის გამარჯვებულის ტიტული დიდსულოვნად დაუთმო, დაჯილდოების შემდეგ ბრიტანელმა გამარჯვების დაფნის გვირგვინი მედლიერების ნიშნად ფანხიოს გადასცა.

პატივისცემა

1955 წელს ფანხიო “ლანჩა-ფერარის” (ეს ორი ფირმა სეზონის წინ გაერთიანდა) გუნდში გადავიდა. ჩემპიონატის ბოლოს წინა ტურში ფანხიოს გარდა ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ სტირლინგ მოსი (“მაზერატი”) და პიტერ კოლინზი (“ლანჩა-ფერარი”). ეტაპის მიმდინარეობისას ფანხიოს ბოლიდი გაფუჭდა და მისთვის მანქანა უნდა დაეთმო გუნდის მესამე პილოტს, მაგრამ მან უარი განაცხადა ბრძანების შესრულებაზე. არგენტინელს დაეხმარა კოლინზი, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ჰქონდა ჩემპიონატში გამარჯვების თეორიული შანსი, თავისი მანქანა არგენტინელს გადასცა და განაცხადა: “ფანხიომ დაიმსახურა ჩემპიონის კიდევ ერთი ტიტული. მე კი 25 წლის ვარ და ყველაფერი წინ მაქვს”. ფანხიომ გაიმარჯვა, კოლინზმა კი, სამწუხაროდ, ოცნება ვერ შეისრულა. ორი წლის შემდეგ დაიღუპა.

1957 წელს ფანხიომ კვლავ მოიგო “ფორმულა-1”-ის ჩემპიონის ტიტული, თანაც დიდი უპირატესობით.

ეს დასასრულია

როცა 1958 წელს საფრანგეთის გრან-პრიზე ფანხიომ მეოთხე ადგილი დაიკავა, ის გადავიდა ბოლიდიდან და მექანიკოსებს განუცხადა: “ეს დასასრულია!” არგენტინელმა მაესტრომ ბავშვობიდანვე იცოდა მექანიკოსების შრომის მნიშვნელობა და ესმოდა, რომ საიმედო მანქანის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევდა. ფანხიო მოგებული თანხის 10%-ს მექანიკოსებს აძლევდა. შესაბამისად, მათგან თავდადებულ მუშაობას იღებდა.

დიდი სპორტიდან წასვლის შემდეგ ფანხიო არგენტინაში დაბრუნდა და “მერსედეს-ბენცის” ფილიალს ჩაუდგა სათავეში. ის ნიჭიერ პილოტებს ეძებდა და გზას უკვალავდა “ფორმულა-1”-ის რბოლებისკენ. აგრეთვე, მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა სარბოლო მანქანების მუზეუმი.

ხუან მანუელ ფანხიო 1995 წლის 17 ივნისს გარდაიცვალა.

ხუან მანუელ ფანხიოს მიღწევები:

* “ფორმულა-1”-ის 5-გზის ჩემპიონი _ 1951, 1954, 1955, 1956, 1957 წლები;

* ერთადერთი პილოტი, რომელმაც 59 გრანპრიდან 24 მოიგო (47,06%);

* ერთადერთი მრბოლი, რომელმაცფორმულა-1”-ის ჩემპიონატი 4 სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში მოიგო.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here