მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კორონავირუსის პანდემიის გამო იძულებული შეიქნა, დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლისთავისადმი მიძღვნილი გამარჯვების აღლუმი 9 მაისიდან 24 ივნისისთვის გადაეტანა, მან მაინც არ დაივიწყა, დასავლეთისთვის შეეხსენებინა რუსეთის პოზიცია.
ამერიკულმა ჟურნალმა “ფორბსმა” 22 ივნისს გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს გამარჯვების აღლუმი ჩატარდება იმ დღეს, რომელ დღესაც 75 წლის წინათ ჩატარდა, როცა საბჭოთა კავშირმა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა მოკავშირეებთან ერთად ფაშისტების განადგურება იზეიმა, “მაგრამ ახლა, _ აღნიშნავს ავტორი, _ ყველაფერი სხვაგვარადაა. გამარჯვების პირველი აღლუმიდან სამი მეოთხედი საუკუნის შემდეგ თვით ის ისტორიული მოვლენები იქცა დაპირისპირების არენად საინფორმაციო ომში”.
“პუტინი არაფრის დიდებით არ დათანხმდება, რომ ნაციზმის განადგურებაში მისი ქვეყნის როლი დააკნინონ ან მას არ მოეპყრან სათანადო პატივისცემით”, _ წერს “ფორბსი” რუსეთის ლიდერის მიერ The National Interest–ში ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებული სტატიის კომენტარში.
სტატიაში ვლადიმერ პუტინი წერს ისტორიული რევანშიზმის ხიფათზე, რომლის გამოვლინებაც შეიმჩნევა ახლა დასავლეთში, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომისა და მისი შედეგების მიმართ.
“რუსეთის ლიდერს, უწინარესად, მხედველობაში აქვს ევროპარლამენტის 2019 წლის სექტემბრის რეზოლუცია, რომელშიც, როგორც ის წერს, “პირდაპირ არის დადანაშაულებული საბჭოთა კავშირი _ ნაცისტურ გერმანიასთან ერთად _ მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში”, _ წერს “ფორბსის” ჟურნალისტი, _ პუტინს გამოაქვს მკაფიო და მკვეთრი დასკვნა: “ხსოვნის დაცინვა _ ეს უნამუსობაა!”
იმაზე მსჯელობისას, 75 წლის წინათ დასრულებული ომის შემდეგ რატომ აქვს ამ საკითხებს ასეთი დიდი მნიშვნელობა, “ფორბსის” ჟურნალისტი წერს: “აღიარებული შეფასებებით, იმ ომში საბჭოთა კავშირმა 20 მლნ-ზე მეტი ადამიანი დაკარგა. თავის სტატიაში პუტინი წერს, რომ სსრკ-მა “თითქმის 27 მლნ მოქალაქე დაკარგა, დიდმა ბრიტანეთმა _ 127-დან ერთი, აშშ-მა 320 მოქალაქიდან ერთი”.
“სწორედ ამიტომ, _ დასძენს ავტორი, _ რუსეთს ასე სწყინს მეორე მსოფლიო ომში მისი როლის დაკნინება და იგნორირება”, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, 2020 წლის 8 მაისს, როცა თეთრმა სახლმა ყველა დამსახურება აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს მიაწერა.
“1945 წლის 8 მაისს ამერიკამ და დიდმა ბრიტანეთმა გაიმარჯვეს ნაცისტებზე”. ამერიკის სულისკვეთება ყოველთვის გაიმარჯვებს. ასეც მოხდა”, _ ნათქვამი იყო თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მილოცვაში, რომელმაც რუსეთის უკმაყოფილება გამოიწვია. რუსეთის ერთ–ერთი საინფორმაციო სააგენტო კი დაინტერესდა _ “ვინმე ხომ არ დაგავიწყდათ?” _ წერს ავტორი.
“ფორბსის” ჟურნალისტის აზრით, სწორედ ამიტომ ჩათვალა საჭიროდ ვლადიმერ პუტინმა, The National Interest–ში გამოქვეყნებულ სტატიაში ყველასთვის შეეხსენებინა ბრიტანეთის პრემიერმინისტრ უინსტონ ჩერჩილის მიმართვა, რომელიც მან 1944 წლის სექტემბერში გაუგზავნა საბჭოთა ლიდერ იოსებ სტალინს.
ჩერჩილი წერდა: “სახელდობრ რუსეთის არმიამ დააყრევინა ნაწლავები გერმანიის სამხედრო მანქანას”.
Polit.info–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ნიკა კორინთელმა