Home რუბრიკები საზოგადოება ფიქრები საქართველოზე, რუსთაველზე ვაზზე…

ფიქრები საქართველოზე, რუსთაველზე ვაზზე…

2927
ხვალის ვენახი

შეიძლება ვინმემ დაუჯერებლად მიიჩნიოს, მაგრამ ფაქტია, ვაზზე შევქმენი 58 გამოგონება ცრუ თანაავტორების გარეშე (38 დაპატენტებულია). 16 წლის ასაკში შექმნილ ვაზის რქის სამაგრებს დღესაც წარმატებით იყენებს მრავალი მევენახე, რაზეც საქართველომ მიიღო 2 მილიონი მანეთის მოგება, სანაცვლოდ კი 1986 წელს დამაჯილდოვა ოქროს მედლით და უმაღლესი საავტორო გასამრჯელოთი – 20 000 მანეთით, რომელიც მთლინად გადავრიცხე ჩერნობილის დახმარების ფონდში

თამაზ ქვლივიძის გამოგონება

მცირე ფართობის მქონე მევენახეებისთვის მეტი მოსავლის მისაღებად შევქმენი ორსიბრტყიანი შპალერი, რისთვისაც დამაჯილდოვეს მეორე ოქროს მედლით.

ვენახი
ვენახი

განსაკუთრებულია ვენახების გაშენება მაღალ-დაბალი ფორმირებებით, იმ მიზნით, რომ ტრაქტორმა შედარებით დაბალ რიგს გადააბიჯოს და ერთი გავლით ორი რიგი დაამუშავოს და 100 000 ჰექტრამდე მიწა გამონთავისუფლდეს ფართო რიგების ხარჯზე მევენახეების საკეთილდღეოდ, რაც ჰაერივით სჭირდება ხვალინდელ საქართველოს, და გახდეს საფუძველი იმისა, რომ ვაზის სამშობლოშისაქართველოში მევენახეობა განვითარდეს ახლებურად. ეს გამოგონება #1664182 საჩუქრად გადავეცი საქართველოს (პატენტი #245).

წიგნი

გამოქვეყნებული მაქვს 100-ზე მეტი ეროვნული მნიშვნელობის სტატია შთამბეჭდავი სათაურებით: “გაჩეხილი ვაზის ტირილი”, “დაუნახაობისა და განუკითხაობის აპოგეა”, საუნის დონეზე გადაწყვეტილი სიახლეები”, “იმუშავეთ გლეხებო, ჭამეთ დეპუტატებო”, ააა”, “ღია შპარგალკა პრეზიდენტს”, “ქვეწარმავლური სიავე მტერს ჩვენთვის დაუთესია”…

მეამეყება, რომ ვაზს მივუძღვენი ლექსი 50 სტროფი. აი რამოდენიმე.

ვაზი გამძლეა გვალვისა,

ეს მისი ფესვის არსია,

როგორც ვენახი კაცისთვის

ცხოვრების შინაარსია.

ვენახი კაცის დიდი ხიბლია,

საამაყო და ღვთისგან შობილი,

წმინდა, უკვდავი, როგორც ბიბლია,

სიყვარულისთვის წარმოშობილი.

შემწამლე, პაპავ, დროულად,

ჭრაქმა არ მახლოს ხელიო,

გულით თუ გვინდა დაგვიდგეს

ბარაქიანი რთველიო.

ლექსის აზარტში მაშინ შევდივარ,

როცა ღვინით ვარ გამხნევებული,

და მოსართველად ვენახს მივდივარ,

სადაც რითმაა დაგუბებული.

ანგარიშგასაწევია ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე მონოგრაფია “მევენახეობა ახლებურად”. ასევე ჭრაქთან ბრძოლის ჯერადობის შემცირების პრეპარატი, რის დასაფინანსებლად, პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, 40 ათასზე ახლოს არ მიკარებს “სტარტაპ საქართველო”, რომლის უპირველესი მოვალეობა სწორედ სიახლეების დანერგვაა.

ურიგო არაა მონოგრაფიები “ვაზი ჩვენი სიამაყე” და “ხვალის ვენახი”, სადაც აღნიშნულია არა მარტო მევენახეობის აღორძინების გზები, არამედ სოფლად უსწრაფესად სიღარიბის დამარცხება იმ ოჯახებში, სადაც ყველაზე დიდი გაჭირვებაა, სესხის ნატურით დაფარვის გადასახადით, და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

გულს მიხარებს და კიდევ ერთხელ გავახმიანებ იმ იდეას, რომელსაც 2025 წლისთვის აღმაშენებლის გარდაცვალების 900 წლისთავის და მისი 36-წლიანი მოღვაწეობის აღნიშვნას ვუკავშირებ.

დედაქალაქის გულში, გმირთა მოედანზე ან სხვა ადგილას, (მაგ. აეროპორტის ხიდის პირდაპირ) აღვმართოთ სურათზე ნაჩვენები 36 კიბის საფეხურიანი მემორიალი ოქროს გვირგვინით, დაწყებული პირველი საფეხურით 1089 წლიდან და დამთავრებული 1125 წლამდე გარდახდილი მოვლენების მინიშნებით.

წარწერა 1-ელ საფეხურზე: 1089 წელი. 16 წლის დავითის გამეფება და მისი უპირველესი დევიზი: “თავის თავს აუკრძალა დატკბეს მეფური ცხოვრებით”

მე-2 საფეხურზე: 1090 წელი. დაამკვიდრა მმართველობის სტილი “ღირსეულთა ამაღლებისა და უღირსთა დამდაბლებისა”.

33-ე საფეხურზე: 1122 წელი. დიდგორი. “ძლევაი საკვირველი”.

გმირთა მოედანი

დარწმუნებული ვარ, რომ 36-ვე საფეხური იქნება მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით კი ფეხის დადგმა გახდება არამარტო ამაღელვებელი, არამედ სიხარულის მომგვრელი და გულის სიღრმემდე ჩაწვდომის შეხსენებაც, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის სტილი. ლოგიკური ანალიზით კი, ჩინებული იქნება, პრეზიდენტმა და პარლამენტარებმაც ერთგულების ფიცი სწორედ აქ დადონ.

სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ მემორიალის იდეას პრესაში გაჟღერებისთანავე მოჰყვა გამოხმაურებები, თვალსაჩინო მაგალითი მომავალი თაობებისთვის, და თანხების გაღების სურვილიც. პირადად ვწირავ 10 ტონა ყურძნის ღირებულების თანხას. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში წარმოვადგენ ფრიად მნიშვნელოვან ინოვაციურ იდეას, რომელიც არა მარტო დაჯაბნის დღემდე მსოფლიოში შექმნილ მემორიალებს, არამედ გახდება უპირველესი გმირის თითქმის “გაცოცხლებული სახე”, გარშემორტყმული იმავე გმირებით (რადგან მათი სახელები დღეს გმირთა მოედანზე ბუნდოვნად იკითხება), სახელებისა და გვარების დღევანდელზე უკეთესი გამოკვეთით. და თაობები იამაყებენ საუკუნეების მანძილზე ჩვენი ნამოქმედარით, მითუმეტეს შორს არაა 2073 წელი, როცა მთელი საქართველო თვალისმომჭრელი ზეიმით აღნიშნავს მეფეთა მეფის დაბადების 1000 წლისთავს.

მემორიალი ოქროს შარავანდედით შემოსავს ჩვენს სახელოვან წინაპრებს, ჭარბ შემოსავალს მოუტანს ქვეყანას, რადგანაც მსოფლიოს მრავალ განვითარებულ ქვეყნებში მოწყობილ მემორიალებს, პატრიოტული და ემოციური დანიშნულების გარდა, მილიონობით ტურისტის ხილვის დატვირთვაც აქვს. მითუმეტეს, დავითის ხსენების დღეს 8 თებერვალს ბევრს სურვილი ექნება ეამბოროს მირონცხებულ მეფეს. აქედან მიღებული თანხები კი მთლიანად მივმართოთ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლებს, მათ კეთილდღეობას, და მოზარდებში რაინდული აღზრდის სულიც უთუოდ აკიაფდება.

იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი გამოგონებები და იდეები ჩრდილშია ერთადერთი მიზეზის გამო, არა მყავს გავლენიანი მფარველი, და დარჩენილი ორი პარასკევი დატუქსული მოწაფესავით რომ არ ვიჯდე, გადავწყვიტე განვახორციელო 50 წლის წინანდელი იდეა, რომელიც რუსთაველის დაბადების 800 წლისთავის აღსანიშნავად გამიჩნდა 1967 წელს –800 სტრიქონიანი ლექსი მიმეძღვნა რუსთაველისთვის, რის გამოქვეყნებაც შესავალის სახით (და არა სრულად) დავაპირე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობისას უნივერსიტეტის გაზეთში 1977 წელს, მაგრამ ვერ გავბედე, მხოლოდ იმიტომ, რომ ვაითუ რუსთაველისთვის საკადრისი საჩუქარი არ გამომსვლოდა.

ერგასი წლის ნაფიქრალით კი გადავწყვიტე შევასრულო ჭაბუკური ოცნება და გამოვაქვეყნო 800-ის ნაცვლად უკვე 850 სტრიქონი, და ორიგინალური საჩუქარი მივუძღვნა 850 წლის უკვდავ შოთა რუსთაველს. ამავდროულად ჩემი მარჯვენით მოყვანილი ყურძენი ვწურო ქვევრებში, და საუკეთესო ღვინოების რეალიზაციით მოგროვილი თანხებით ჩავუყარო საფუძველი ეკოლოგიურად სუფთა მეღვინეობას, მევენახეობას კი ახლებურად რისთვისაც უმორჩილესად ვთხოვ საფერავის ღვინის მყიდველებს გაითვალისწინონ სურათზე ნაჩვენები ჩემი საოჯახო “მშრალი” და “ნახევრად ტკბილი” ღვინოების ყიდვაც.

საფერავი
საფერავი
ქვევრი
ქვევრი
ქვევრი
ქვევრი

ვაზი  ფიქრებში გავსხალი და გამომქონდა წალამი,

ფიქრის გალექსვა მომწადდა, ხელში ავიღე კალამი,

ფიცხლად ლერწისგან დავწანი შოთასთვის ოქროს ალამი,

რითაც რომ მინდა გაახლო რვაასი სტროფით სალამი.

შენ, უკვდავ პოეზიისთვის მარგალიტების მქსოველო,

შეგესიტყვები თამამად, სახელოვანო ქართველო,

მამულიშვილო მხცოვანო, უკვდავო შოთა რუსთველო,

და აზრებს გაგიზიარებ, ოქროს რითმების მმართველო.

ვით ნორჩი ყლორტი ვაზისა ჩაეჭიდება მავთულსა,

ერი მისებრად ეკვრება “ვეფხისტყაოსანს” განთქმულსა,

მტერიც რომ ამას აკეთებს და აღიარებს ამ წნულსა,

ცოცხლად მიტომაც გიცქერით დღესაც ფიქრებში გართულსა.

შენი წიგნი კვლავ რომ გვმოძღვრავს და რითმებიც ტკბილად გვათრობს,

ქართველების ადათ-წესებს ამიტომაც ბევრი ნატრობს.

გული ქველი კარგად ფეთქავს, უფრო მეტად მაშინ ხარობს,

როცა ისმენ – რუსთაველი პოეზიას წინამძღვარობს.

გულმოდგინედ, ცნობიერად პოემას რომ გავიხსენებ,

შენი ყოფნით ღმერთს მადლობას მუხლმოდრეკით მოვახსენებ

და მომავალს გზის სავალად ჩემგან თქმულსაც შევახსენებ:

კაცსა მუდამ სიამეს ჰგვრის, გზას თუ ტკბილად გაუხსენებ.

დაე, იყოს სამახსოვრო, რაცა ვთქვი ომახიანად:

ქვეყანა მედგრად წაიწევს და არასოდეს ზიანად,

თუ დავამკვიდრებთ მუდამჟამს კანონს და წესებს ფხიანად,

არ მართებულის მოსპობას და ქცევას ლაზათიანად.

ფლიდობა ჩვენ ვერ გვიშველის, ის მხოლოდ ერის წყლულია,

რადგან სუყველგან ეს სენი დამღუპველი და კრულია.

სჯობს ძირიანად მოვკვეთოთ, რაც ჭირის დასასრულია,

უსამართლობით, ზანტობით ხვალის დღე დაბურულია.

რა იქნებოდა სანაცვლოდ გვეხილა სიხარულია,

მაგრამ ერისთვის უბირი მარადჟამს გაყინულია.

ვისი არსებაც, ბაასიც სიბოროტე და წყლულია,

მისი ბოგინი მიწაზე დე იყოს გარიყულია!

კაცის ერთგულის, კეთილის ხილვა დღემუდამ ძნელია,

რადგან ამ ქვეყნად მრავალი სიკეთის დამკარგველია,

საუბედუროდ ასეა, რაც მტრობის საფუძველია,

ეს დალოცვილი ქვეყანა ხომ ჩვენი მოსავლელია.

კვლავაც მინდა წარჩინებით წარიმართოს ლექსის წყობა,

რომ ფრიადზე ჩაგაბაროთ, რაა ჩემი აქ განწყობა.

მე სიმდიდრე არ მჭირდება, არც საჩინოდ გამოწყობა.

მსურს დღეიდან განადგურდეს მტრობა, შური და “ჩაწყობა”.

ფიქრსა სევდა რომ ედება, შენს წიგნს ვიღებ საგანძურსა,

ოქროს კალმით დაწერილსა, საკითხავად დასაშურსა,

კარს გავაღებ, სახლსა შევალ, მადლს მივაგებ ლუკმა-პურსა,

მარანს გავალ, ჩამოვასხამ ერთ ხელადა ბუდეშურსა.

პირველ ჭიქას მარჯვედ ავწევ, ღმერთს დიდებას მოვახსენებ,

წინაპრებს რომ გავიხსენებ, გულსა ამით დავიმშვენებ,

შვილიშვილებს საამურად ლექსებს ტკბილად ვათქმევინებ,

დარდსაც ამით დავივიწყებ და სულითაც მოვისვენებ.

ცისკრად ახალს მოვიფიქრებ – ბნელეთსა შევხსნათ კარები,

ბურუსი ისე გავფანტოთ, რომ მოვიკრიბოთ აზრები

და აღვადგინოთ ძირძველი, მივიწყებული ტაძრები,

ერის და ბერის საგონლად ავახმიანოთ ზარები

მაღალხმიანი რისხვითა ჩვენივე მომავლისთვისა.

დღეს საქართველო იცლება სხვა ქვეყნის სამოთხისთვისა,

სანაცვლოდ კიდევ ივსება მტრის გულის ქმედებისთვისა,

რამე ვიღონოთ, მგოსანო, სამშობლოს დიდებისთვისა.

გულსა ამომსკდა წადილი მამულის აღზევებისთვის,

განახლებულად რომ ვწიოთ ჭაპანი საქართველოსთვის,

ღვთიური არსით წარვმართოთ დღეს გეზი მომავლისათვის,

წალკოტის გვარად დაიწნას ხვალის დღე წუთისოფლისთვის.

ის სადღეგრძელო რად ვარგა, რომ დარჩეს აუწეველი,

ანდა ისეთი ის რთველი, ყურძენი დაუწურველი,

თუ კვლავაც ისე ვიქნებით დახმარებების მხვეწელი,

წყალის მღვრეველი დავჯაბნოთ, არ დავრჩეთ შემომხვეწელი.

ვაზის სამშობლოს ვუსურვებ, ედემის მსგავსად აყვავდეს,

და სამყაროში ყველასთან გამარჯვებული წავიდეს,

სიახლეებით ანაზდად ისეთ მწვერვალზე ავიდეს,

ვარსკვლავის დარი სახელით ქვეყნის გარეთაც გავიდეს.

გულს მიხარებს არე-მარე, იქით ქედი, აქეთ ველი,

მაღლა ღმერთი დიდებული, წინაპარი საკვირველი,

ყველა ნაღდი მეგობარი, მით უმეტეს ძველისძველი,

შენი წიგნი სანუკველი და ლექსები უშურველი.

მეაზრება კიდევ ისიც, ერსა ჭირი მოჰკლებოდეს,

მტრობა, შური, სიბოროტე ზღვის ქაფივით გაჰქრებოდეს

და სანაცვლოდ სიყვარული ძალგულოვნად მყარდებოდეს,

გულსახარად საქართველო ქართველებით მრავლდებოდეს.

მუზა უკვე ფიქრს შორდება, გამოწურვაც მიძნელდება,

მაგრამ ლექსის დედააზრი მაინც ჟინით მიგრძელდება:

თუ სამშობლოს გულისგული იდეებით გამდიდრდება,

მოკაზმული საქართველო ახალ გზნებით განახლდება!

მწადის, მუდამ ტურფა იყოს არემარე, გზა და კვალი,

ღირსეულად რომ იხადოს ყველა კაცმა თავის ვალი,

საკადრისად ფასდებოდეს გლეხიკაცი, მოსავალი,

რომ ფრიადზე განვითარდეს საქართველოს მომავალი.

სამშობლოსათვის ამაგი სული, გული და თვალია,

აქა შენს სიბრძნეს მოვიხმობ, სიბრძნითვე გარითმულია,

“უშენოდ ჩემი სიცოცხლე, ვამე, რა დიდი ძნელია”.

ესაა ჩვენი მიზანი და სიყვარულით თქმულია.

ეს ლექსი ჩემი ხოტბაა, გზნებით რომ მინდა აფრინდეს,

მისი წაკითხვა მკითხველსა სათნოებითა მოუნდეს,

მიჯობს სიკეთე ვაკეთო, თუნდაც უკუღმა დაბრუნდეს,

ვიდრე ვიარო კარ-და-კარ, სიცოცხლე კიდე მიდუნდეს.

ხვალის ვენახის შენებით, უიმედობის დათმითა

ავდექ და ლექსი ავაწყე ენაწყლიანი რითმითა,

ხნოვანებაში შესულმა ჩემი ჭაღარა ამ თმითა,

ისევ და ისევ ვენახზე თან შაირების გაკვრითა.

ვენახს როცა მიადგება საფურჩქნავად კაცი, ქალი,

ვაზი მაშინ მარგალიტობს, რომ ეკვრება ჭიგოს პწკალი,

იქ მტევანი გვერდს ნამხარი და ფეშქაშად მსხვილ-მარცვალი,

წინ საჩინოდ რომ გიზგიზებს ოქროს რთველის ნაპერწკალი.

მევენახე ვარ ძირძველი, აქ უცნაური რა ხდება?

ვაზთან დარჩენა ვენახში შუაღამემდე მიხდება,

ვითა ალერსი ოჯახში ყოველდღიურად მწყურდება.

თუ კარგად რამე ვერა ვთქვი, არც არაფერი წახდება.

დღე და ღამეს გავასწორებ ჩემი ქვეყნის გულისათვის,

და არასდროს არ გადავდებ ერის საქმეს ხვალისათვის,

თუნდაც მქონდეს გულში სევდა, და ეს იყოს შვილისათვის,

მიჯობს მარჯვედ დავიხარჯო მოსახდელი ვალისათვის.

რთველია ულამაზესი, გაჩაღებული მეზვრისა,

ქოხის წინ ისმის “ააა” გასუქებული ვაცისა,

მას ალამაზებს იერი მიჯნას მიბმული კვიცისა,

ასკეცად მიღირს გავწიო ჭაპანი ერისკაცისა.

იქ, პარლამენტში ხანდახან მიტომ ფუჭია სესია,

მტრობა, შური და ქიშპობა პირველობისთვის წესია,

მაგრამ რა ვუყოთ, ხომ ვიცით, ჩვენს მიწა-წყალზე თესია,

ქვეწარმავლური სიავე მტერს ჩვენთვის დაუწესია.

საქართველოში არავის არ უნდა ავიწყდებოდეს:

“დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს”.

კაცი რომ ლაღად შრომობდეს და არა უძნელდებოდეს,

ერი ამაყად ცხოვრობდეს და ათინათით ტკბებოდეს.

შენს სიბრძნეს მოვიშველიებ, გულში რომ მინდა ადუღდეს,

“თქვა, ჩემო, შენი შორს მყოფი კრულია ვინცა დადუმდეს”,

გვირჩიე რამე ისეთი, ერი არასდროს დადუნდეს,

გადახვეწილი თაობა კვლავ სამშობლოში დაბრუნდეს.

ღმერთი ნაბოძს შუაზე ჰყოფს, ღამე არის ძილის თარგი,

მეორე კი მზის სხივები ასპარეზად ძლიერ კარგი,

საშველი რომ გამოგვიჩნდეს, აღორძინდეს ყველა დარგი,

ნიადაგ სჯობს აღარ იყოს არვის ნიჭი დანაკარგი.

წუხელ ღამით სიზმრად ვნახე ავთანდილი, ტარიელი,

გამეხარდა რომ ვიხილე, ცხადში დავრჩი ცარიელი,

ვისაც უნდა მტერი ექცეს, ვითა მკვდარი მორიელი,

ჩალად იღოს მტრის ნამუსი, კაცობა და საქციელი.

დედ-მამისათვის რომ იყავ ტურფა და ნაზი ყმაწვილი,

აკვნიდან მაშინ ისმოდა შენი საამო ჟივილი,

როდესაც გახდი მგოსანი, უკვდავი მამულიშვილი,

გულ-ბოროტებმა გაქციეს იმ ქვეყანაში ლტოლვილი.

მტერი იმკვალად გეხვია, ვით სკასა მუშა ფუტკარი,

ლექსი რომ საგალობელი ტკბილი მარცვლებით დაჰკარი,

ვგონებ, ამიტომ დასტოვე საქართველო და სახლ-კარი,

რადგან ყურს, ვფიქრობ, უთუოდ ურვა-ვარამი მოჰკარი.

არა ვისიმე წყენისთვის ან თუნდაც კამათისთვისა,

საქართველოში აზრების ჭკვიანად წყობისათვისა,

დედამიწაზე კი მარადიული სიცოცხლისთვისა,

და ბადაგი წიგნის “ვეფხისტყაოსნის” დაწერისთვისა.

“აჰა, ჟამი, ვისცა გინდა ჩემი თანა წამოყოლა”,

დია მწადის რუსთაველო, შენი ფიცხლად გამოყოლა,

ერთად უკეთ დაიძლევა სამომავლო გზათა რბოლა,

და მიტომაც გაგიბედე ამა წყობით ლექსთ მოყოლა,

თანაც იყოს საწილადო ქვეყნის მომავალისათვის,

წინაპართა სადიდებლად, მოსახდელი ვალისათვის,

ხვალინდელი ვენახისთვის, მისი არსის გახსნისათვის,

რაინდების გულისხმისთვის და უჭკნობი ვაზისათვის!

საქართველოს მთა და ველში მოჭიკჭიკე ცის ფრინველი _

სიმფონია ძველისძველი და გალობა სასურველი.

წინაპარი დიდქართველი გმირობაა საკვირველი,

რადგანა ვართ სულით ქველი, სისხლით თავის გამწირველი.

დაებედოს მამულს ბედი, ერს სახელი, მტერს ნაღველი,

მეტად ვიყოთ მიმზიდველი, თავად _ ქვეყნის მომქარგველი,

გვმართებს ძმობა არაგვული, რაინდობა _ უშურველი,

წინსვლისათვის _ საძირკველი, ზედ წალკოტი ამსახველი.

ყველა მხარეს ოქროს რთველი, გულსახარად მოსართველი,

ილიას ჭკუით მმართველი, ზენიტისკენ წარმმართველი,

და რომ გავხდეთ უძლეველი, აგვისრულდეს ეს ყოველი,

მოქმედებას გვთხოვს უფალი, საქართველოსი მფარველი.

საღი აზრით, მართებულად, ახლებურად და კაცურად,

სამჯობინო ნაბიჯებით, ეროვნულად, იმდაგვარად,

რაგვარადაც წინაპრები მოქმედებდნენ მამაცურად,

ოდესღაც რომ წუთისოფელს ამშვენებდნენ ვაჟკაცურად.

სულიერად რომ ავმაღლდეთ, ვითა შოთა რუსთაველი,

დავაფასოთ კაცის ნიჭი, სანატრელი, სანუკველი,

რადგან არის გადამწყვეტი, ჩვენი ქვეყნის დიდად მშველი,

სხვა რა არის ყოფნის არსი, თუ სამშობლოს ვერ უშველი??

სიდუხჭირე მოგვშორდება, არ დავრჩებით უპოვარი,

ნახევრადაც რომ ასრულდეს რუსთაველის სათხოვარი –

სიქველე და სიყვარული ვიღოთ ვითა მაცხოვარი,

ჩვენს მიწაზე აღარ ივლის აღარცერთი მათხოვარი,

სურვილს ვინც ლაგამს ამოსდებს, დაიმორჩილებს გრძობასა,

სიმართლის გზაზე მავალი იახლებს სათნოებასა,

გაიხანგრძლივებს სიცოცხლეს, მეგობრობას და ძმობასა,

გულს სიხალისეს შემატებს, სულსა კი სულგრძელობასა.

ცხოვრებას ახასიათებს ქიშპობა, აურზაური,

უდავო ჭეშმარიტებას სულ მუდამა სდევს ხმაური,

რადგან ნიჭს გვერდზე მიჰყვება გაუტანლობა და შური,

დღევანდელ სინამდვილეში ბევრი გვაქვს ამის დასტური.

გვახსოვს ერეკლეს გაცემა ომში და მისი ძახილი,

ამაგი სააკაძისა და ბაზალეთის მახვილი,

დიმიტრი თავდადებულის გმირული ამოძახილი,

წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი საქვეყნო ზრუნვით დაღლილი.

არსაკიძის ხელის მოჭრა სვეტიცხოვლის გებისათვის,

დიდ ივანეს გაწამება უნივერსიტეტისათვის,

და ილიას შუბლში ტყვია საქართველოს გულისათვის,

ამის მქმნელი იუდანი იყვნენ მონა გროშისათვის.

თემას ვუხვევ, მაგრამ დავძენ – ასათიანს უკვდავ გზაზე

არ ეღირსა საკადრისი სასაფლაო მთაწმინდაზე,

მაშინ, როცა ლადოს ლექსებს ხალხი მღერის ქვეყანაზე,

და მუდამაც აჟღერდება ჩვენს მადლიან ამ მიწაზე.

ავი აზრების მქონებელს კარგს ვერას გააგონებენ,

ქვეყნად არაფრის მაქნისსა სიძულვილს შთააგონებენ,

სიავის გასამყარებლად რეგვნებსაც დაიმოწმებენ,

ქადილს ვინც ძალას არ ახმარს, დაჩაგვრით დაიმონებენ.

საქმე კაცს ემორჩილება, თუ აქვს კეთების სურვილი,

მძიმეა გარჯა ყოველი, თუ ახლავს გულისტკივილი,

ვერ დასძრავს ხვეწნა-მუდარა, სიტყვები ოქროცურვილი,

წყალს არ ინდომებს პირუტყვიც, თუკი მოიკლა წყურვილი.

მემატიანე ამტკიცებს დამაჯერებელ ცნებითა –

მეფე დავითიც ყოფილა გარშემორტყმული მტრებითა,

ვინც საქართველო განავრცო მრავალი გამარჯვებითა,

და საფუძველი ჩაყარა მომავლის გაბრწყინებითა.

აღვმართოთ მემორიალი სამშობლოს აღმშენებლისა,

დედაქალაქის შიგ გულში ოქროსფერ ელვარებისა,

უუდიდესი სარდლისა სულისა აღზევებისა,

დასადარებლად მნათობთა, დრო-ჟამის მოქმედებისა.

დღესაც გვჭირდება ერის ძე, მოჭირნახულე ხალხზედა,

მებაირახტრედ გაგვიძღვეს პაპის-პაპათა კვალზედა,

სათნოებითა გვატაროს აღორძინების გზაზედა –

ოქროს გვირგვინიც დაადგას საქართველოს ძეს თავზედა.

ეს არის ჩემი პირველი, ახალგაზრდული ოცნება,

რომ იყოს გამორჩეული გმირთა გმირისა მშვენება,

მადლობა ყველას, თუ თხოვნა, ვედრება, აღფრთოვანება

ოქროკაზმულად მეფეთა მეფისთვის შეიკონება.

თაობა რომ წინაპართა მაგალითზე იზრდებოდეს,

ქვეყნისათვის შთამბეჭდავი ბევრი უნდა იქმნებოდეს,

ძველი ახლით ნაბიჯ-ნაბიჯ, განახლებით იცვლებოდეს,

არემარე ახალ გზების მიღწევებით მშვენდებოდეს.

ერი ლაღობდეს, შრომობდეს, სულ მუდამ იყოს ფხიანი,

ჩნდეს ყველა დარგი მზიანი, უხვი და ბარაქიანი,

გონება შორსა მჭვრეტელი, აზრები განზრახვიანი,

გვედარდებოდეს მამული და საქართველო მთლიანი!

რომ არ დავტოვოთ ხვალისთვის დღეისდღის მომდავებელი,

სამშობლო ჩვენი უკვდავი გავხადოთ წარმატებული,

მომავლის ტაძრის ჩუქურთმის სრულქმნილად მქანდაკებელი,

ოცნება ამა წადილის დე, გახდეს ამსრულებელი.

ასპარეზზე წინ წაგვიძღვეს და მიზნები გაამყაროს,

საქართველოს განდიდებით ერი ისე გაახაროს,

ქვეყნის წინსვლა მოდავემაც არმაღანად აღიაროს,

და ნანახით მტერი წელში სამუდამოდ მოიხაროს.

სიბოროტეა სათავე მუდამ დავის და ავისა,

შური სიმდაბლის დედაა, მშობელი დამნაშავისა,

მამაცსა მართებს გარჩევა საქმის თეთრის და შავისა,

მიუმხრობელი სიტყვაა გადამწყვეტელი დავისა.

ძილშიც მწადია სამშობლოს განახლებული დიდება,

მცირე მიწიან ქვეყნისთვის ეს უფრო მეტად მინდება,

გამართულ ყოფას სჭირდება ძლევამოსილი ქმედება,

ნაყოფიც ჩვენი შრომისა შედეგში გამოვლინდება.

ლექსად თქმულ ნატვრის ახდენას იმედით დაველოდები,

არ დავიშუროთ ძალ-ღონე და გადავყაროთ დარდები,

ჩამოვიშოროთ წუხილის გულზე დაყრილი ლოდები,

შთამომავლობას გადავცეთ გზა, მობნეული ვარდები.

ღადარში ღვიძავს ნაღვერდალს, დრო მოვა, ცეცხლად იალებს,

იმედის მწვანე ყლორტებში რწმენის მარცვალი შრიალებს,

უიღბლო იღბალს მოელის, ცხოვრება ასე ტრიალებს,

მიდის საწუთროს მდინარე და ტალღებს მიაგრიალებს.

ტკბილი ღვინო რომ მივუძღვნათ დალოცვილ სვეტიცხოველსა,

ახალი ჯიში შევქმენი, სახელად ვარქმევ რუსთველსა,

შემწეობას ვთხოვ ქველმოქმედს, სახელოვანსა ქართველსა,

სამების ამშენებელსა, საუკუნეთა მომრთველსა.

ვაზის სამშობლოს შევმატოთ საგვარეულო ვაზები,

ვაჟას, ილიას, აკაკის სახელდებული ნერგები,

მამულიშვილთა ნაღვაწით ავაღორძინოთ დარგები,

ამოტივტივდეს ახალი და საამაყო აზრები.

ვაზი ლხენაა კაცისთვის, ვენახი უფრო მეტია,

აყვავებული მამული სიცოცხლის მარგალიტია,

მოვლა, შრომა და ალერსი ხვავის, ბარაქის კვირტია,

ვითა აკვანში ჩაკრული ჩვილი დედ-მამის გვრიტია.

ღვინის ქვეყანა ღირსია ედემის დარად ყვაოდეს,

ალამაზებდეს სამყაროს, სიტურფით მზესთან დარობდეს,

სიახლეების სიუხვით ბაღ-ვენახებსაც ამკობდეს,

მარნებში ღვინის დუღილის ოხშივარიც კი გვათრობდეს.

რა იქნება ვინახულოთ სამოთხისკენ გზა გაჭრილი,

ხუთასივე ვაზის ჯიში დახუნძლული, გადახრილი,

ჩვენი მტერი, რუსთაველო, წელში მწარედ გადაჭრილი,

საქართველოს მოღალატე ძირიანად ამოთხრილი.

უშრეტია ყველა გმირის საქმეები საქებარი,

მათი ღვაწლი და ამაგი სიბრძნე არის უებარი.

ვით თამარის ოქროს ხანის დროებაზე საუბარი,

რვაასი და ერგასი წლის შოთა ტკბილად მოუბარი.

ეს ქვეყანა დალოცვილი საარაკო მიტომ არი,

ვაზითა და პოეზიით კვლავაცა ვართ წინამძღვარი,

მლოცველია მამა-პაპა, შორეული წინაპარი,

დიდ-პატარა ეკლესია და უკვდავი ნინოს ჯვარი.

ყველა დარდი ქარს წაეღოს, საქართველოს აერიდოს,

აზრი რითმას ჩანაფიქრით ოსტატურად შეეფარდოს,

დედააზრით და ფიქრებით არასოდეს არ მედარდოს,

შაირებით მისი არსი კიდევ მეტად გამეზარდოს.

ერგას წელმა მიკარნახა საქართველოს მეკვლედ ჰყავდეს

რუსთაველი, ჩვენც რომ ტრფობა მისდაგვარად აგვიყვავდეს,

არვინ არვის სიკეთისთვის არ ჩაგრავდეს, არცა კლავდეს,

ზეცის ძალა ერთი ასად მძლავრობდეს და გვიფარავდეს.

დავამარცხოთ დრომოჭმული, გზა გავუხსნათ სიახლეებს,

ხვალის ვენახს, ახალ აზრებს, კაცის ნიჭსა, მარჯვე ხელებს,

ქვეყნის წინსვლას და მომავალს, ერს რომ საქმით ასახელებს,

საქართველოს სადიდებლად კვლავ რაც სურვილს გაგვიახლებს.

სიტყვები მოვაბადაგე, აზრად ვაფრქვიე რაც არი,

არ შემიფასოთ ეს ლექსი, გულწრფელად დასაფიცარი,

რადგან ჯერ კიდევ ვაზროვნებ, ჭაბუკობს გულის ფიცარი,

ხუთასი სტროფი წინ არის აზრებით გასაოცარი.

თამაზ ქვლივიძე

599 10 43 18

mari.kvlividze@yahoo.com

 

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here