ფილოსოფოსი თაგვები

    მთელისა და ნაწილების ურთიერთობის საკითხი ჯერ კიდევ ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსებმა წამოსწიეს. არისტოტელეს განსაზღვრებით, მთელი ეწოდება იმას, რაც შედგება ნაწილებისგან და არ აკლია არც ერთი დეტალი.

    გასაგებია, რომ ნაწილი არის მთელის ელემენტი, მაგრამ აქ ჩნდება რიგი შეკითხვებისა: როგორი ურთიერთობაა მათ შორის? მთელი ნაწილების მექანიკური ჯამია თუ რაღაცით მეტია მასზე? ამ მიმართულებით ჩამოყალიბდა თეზისები და ანტითეზისები:

    1) თეზა: მთელი წარმოადგენს ნაწილების მექანიკურ ჯამს. ანტითეზა: მთელი მეტია ნაწილების მექანიკურ ჯამზე;

    2) თეზა: მთელი უსწრებს ნაწილებს. ანტითეზა: ნაწილები უსწრებს მთელს;

    3) თეზა: მთელს შევიმეცნებთ ნაწილების შემეცნებით. ანტითეზა: ნაწილებს შევიმეცნებთ მთელის შემეცნებით.

    ფილოსოფიის იმ მიმართულებას, რომელიც მთელს ნაწილთა ჯამად განიხილავს, მერიზმი (ბერძნ. meros – ნაწილი) უწოდეს; იმ მიმართულებას კი, რომელიც მთელს ახალ თვისებას ანიჭებს და განიხილავს მას, როგორც მეტს ნაწილთა მექანიკურ ჯამზე, ჰოლოსი

    (ბერძნ. holos – მთელი) უწოდეს.  შემდგომი ეპოქების ფილოსოფოსები, რომლებიც ამ საკითხებს ეხებოდნენ, თეორიულ მსჯელობებში ან მერიზმისკენ იხრებოდნენ, ან ჰოლიზმისკენ, მაგრამ ხშირად ისინი ერთ შემთხვევაში ერთი მიმართულების პოზიციაზე დგებოდნენ, მეორე შემთხვევაში კი – მეორე პოზიციაზე. გერმანული კლასიკური ფილოსოფიის წარმომადგენლები (შელინგი, ჰეგელი) ამ საკითხებში სხვა სიმაღლეზე ავიდნენ, როდესაც ერთმანეთისგან ორგანული და არაორგანული მთლიანობის ცნება გამიჯნეს. მთელისა და ნაწილთა ურთიერთობის ფილოსოფია უძევს საფუძვლად ფსიქოლოგიის უაღრესად საინტერესო მიმართულებას, რომელიც გეშტალტფსიქოლოგიის სახელითაა ცნობილი.

    ეს შესავლის სახით…

    ორმოცი წლის წინათ გორბაჩოვმა საბჭოთა კავშირში ე.წ. გარდაქმნა დაიწყო, რომელიც საფუძვლად დაედო, როგორც სახელმწიფოს, ასევე სისტემის ნგრევას. იმ პერიოდის ქართველებმა ამ მოვლენაში საქართველოს დამოუკიდებლობის შესაძლებლობა დავინახეთ. სწორადაც, მაგრამ ეს არ იყო მთლიანი მოვლენის დანახვა, ეს მოვლენის ერთი ნაწილის დანახვა იყო. მოვლენის ეს ერთი ნაწილი ისე  მნიშვნელოვანი იყო, რომ სხვა ნაწილები ყურადღების ღირსადაც არ ჩავთვალეთ. მომავალი თავისუფლებით გამოწვეული ეიფორია კი ისე ძლიერი აღმოჩნდა, რომ ოთხი ათეული წლის გასვლის შემდეგაც მისგან ვერ ვთავისუფლდებით. ეს იმას ნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლას დღესაც მხოლოდ ამ ერთი რაკურსით ვუყურებთ. არც იმხანად გვიფიქრია და არც დღეს ვფიქრობთ იმაზე, რომ ის მოვლენა (საბჭოთა კავშირის ნგრევა) თუ მთელი (holos) იყო, საქართველოს დამოუკიდებლობა მისი შემადგენელი ერთი ნაწილი (meros) გახლდათ; რომ საბჭოთა კავშირის (მასთან ერთად სოციალისტური სისტემის) ნგრევას, საქართველოს დამოუკიდებლობის გარდა, სხვა შედეგებიც მოჰყვებოდა, მაგალითად: უსაფრთხოების სისტემის გარეშე დარჩენა; ეკონომიკური, სამრეწველო, სამეცნიერო და კულტურული პოტენციალის მოშლა; გასაღების ბაზრის დაკარგვა და ფაბრიკა-ქარხნების გაჩერება; თითოეული მოქალაქის სოციალური დაცულობის პაკეტის გაუქმება; რაც მთავარია, სეპარატიზმის ვულკანის აფეთქება და ტერიტორიული მთლიანობის რღვევა.

    საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემის ნგრევა (როგორც ისტორიული მოვლენა) ამგვარ მთლიანობაში რომ დაგვენახა, სულ ცოტა, დავფიქრდებოდით იმაზე, ასეთი კოლოსალური დანაკარგის ფასად ღირდა თუ არა დამოუკიდებლობის მიღება. ამის შემდეგ იმასაც მივხვდებოდით, რომ ვერც დამოუკიდებლობის შენარჩუნებას შევძლებდით და მისი მოპოვების წუთიდანვე რომელიღაც დიდი ძალის გავლენის ქვეშ აღმოვჩნდებოდით. ამისი გაცნობიერება კიდევ უფრო მიგვაახლოვებდა მთელის შეცნობასთან და გაგვიადვილებდა მისი ერთი ნაწილით (დამოუკიდებლობის მოპოვებით) მოგვრილი ეიფორიიდან გამოსვლას. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. მთელის ერთი ნაწილის მოჩვენებით მოპოვებას იმავე მთელის მრავალი ისეთი ნაწილი შევწირეთ, რომელმაც მოპოვებულს ფორმაც დაუკარგა და შინაარსიც, მასთან ერთად ის ხიბლიც და პეწიც გაუხუნა, რითაც მას ვმოსავდით და ვეთაყვანებოდით. ასე და ამრიგად, საბჭოთა კავშირის ნგრევა, დიდ ბედნიერებად რომ გვესახებოდა, რეალურად დიდ უბედურებად მოგვევლინა, რადგან ამ მოვლენამ, საბოლოო ჯამში, საქართველოს ნგრევა მოიტანა. თუმცა, როგორი საკვირველიც უნდა იყოს, ამ სავალალო შედეგმაც კი ვერ გამოგვიყვანა დამოუკიდებლობის ილუზიიდან, რომელიც მთელის ნაცვლად მხოლოდ ნაწილის აღქმით დაკმაყოფილებამ გააჩინა.

    ეს, რაც შეეხება წარსულს, მაგრამ უცნაურობა ისაა, რომ მთელის მიმართ აწმყოშიც ანალოგიურ სიბრმავეს ვიჩენთ და მას მხოლოდ ერთი – ჩვენთვის გასაგები, ჩვენთვის მისაღები თუ ჩვენთვის სასურველი ნაწილის პრიზმიდან ვუყურებთ და აღვიქვამთ. მაგალითად: უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე საქართველო მოიფინა უკრაინის დროშის ფერი ჭინჭებით. რატომ? იმიტომ, რომ, ვინაიდან რუსეთმა ჩვენი სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა, მას მტრად განვიხილავთ და ოკუპანტს ვუწოდებთ, რუსეთის მტერი უკრაინა კი ავტომატურად მეგობრის სტატუსით აღვჭურვეთ. კი, ბატონო, უკრაინის ტერიტორიაზე მომდინარე ომის განხილვა ამ კუთხიდანაც შეიძლება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში საქმე კვლავ ერთი ნაწილის აღქმასთან და მთელის დაუნახავობასთან, ანუ იმ შეცდომის ჯიუტად გამეორებასთან გვაქვს, რომელიც წარსულში უკვე დავუშვით.

    უკრაინაში, პრაქტიკულად, მსოფლიო ომი მიმდინარეობს, ჩვენ კი მხოლოდ ჩვენი სამრეკლოდან ვრეკავთ და გვგონია, რომ მოვლენას მთლიანობაში ვხედავთ. პუტინმა ერთხელ ასეთი განცხადება გააკეთა: ”უკრაინის მთლიანობისა და სუვერენიტეტის ერთადერთ გარანტს რუსეთი წარმოადგენდა”. როგორც უნდა იუაროს ვინმემ, დღესაც კი, როდესაც რუსეთი ოკუპანტად გვყავს გამოცხადებული და მასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი გვაქვს, ეს ქვეყანა გვევლინება ერთადერთ გარანტად იმისა, რომ საქართველო ბოლომდე არ დაიშალოს, მაგრამ ამ კუთხიდან ვხედავთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებს? არა! აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის მიერ კანადის სახელმწიფოსა და კუნძულ გრენლანდიის შემოერთებაზე, აგრეთვე,  პანამის არხის მითვისებაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ მაინც ხომ უნდა მივხვდეთ, რომ არავითარი მსოფლიო წესრიგი და საერთაშორისო სამართალი დედამიწაზე აღარ არსებობს, ერთიცა და მეორეც მიწასთან არის გასწორებული და მხოლოდ ძალმომრეობა სუფევს?!  უნდა მივხვდეთ, მაგრამ ვერ ვხვდებით. უკრაინაში მიმდინარე ომი ახალი მსოფლიო გადანაწილების კონკრეტული გამოხატულება რომ არის და, მაშასადამე, ამ წახნაგიდანაც რომ უნდა შეფასდეს, ამასაც უნდა ვხვდებოდეთ, მაგრამ ვერც ამას ვაცნობიერებთ და უკრაინაში დასავლური ფაშიზმის აღორძინების სამარცხვინო ფაქტს მის მიერ თავისუფლების ბრძოლად აღვიქვამთ, ანუ მთელს ამ შემთხვევაშიც ვერ ვხედავთ და ”რუსეთი ოკუპანტიას” ძახილი უკანასკნელი ინსტანციის ჭეშმარიტებად გვესახება.

    პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ პროცესს, ერთი რომელიმე ნაწილიდან კი არა, ყველა შემადგენელი ნაწილიდანაც რომ შევხედოთ, შესაძლებელია, მთლიანობაში მაინც ვერ აღვიქვათ, რადგან იგი ისევე არ არის მექანიკური ჯამი შემადგენელი ნაწილებისა, როგორც ცოცხალი ორგანიზმი არ არის ჯამი ბიოლოგიური და ანატომიური შემადგენლებისა. ეს ცოცხალი ორგანიზმი მთლიანობაში უნდა დავინახოთ ნაცვლად იმისა, რომ მისი რომელიმე ნაწილი მხოლოდ მაშინ შევიგრძნოთ, როდესაც იგი ან მიზანმიმართულად, ან შემთხვევით შეგვეხება და შეგვაწუხებს. იმ ისტორიულ პერიოდებში, როდესაც მსოფლიო წესრიგი შესუსტდება და საერთაშორისო სამართალი უკანა პლანზე გადადის, სამხედრო ძალა წამოიწევს და დიდი, მოუხეშავი, ტლანქი გეოპოლიტიკური სხეული ბორგვას იწყებს. იგი სხვადასხვა მხრიდან მოიწევს. ამ საყოველთაო ბორგვაში ზოგიერთი სახელმწიფო, შესაძლებელია, ნაკლებად დაზიანდეს, ზოგიერთი – მეტად, იმის მიხედვით, რომელი სად მდებარეობს, რომელი მეტ ან ნაკლებ გონიერებასა და სიფრთხილეს გამოიჩენს.

    ეს მძიმე პერიოდი, იმედია, გადაივლის, მსოფლიო ასე თუ ისე დაწყნარდება, უკრაინის მაგალითი კი ისტორიას იმის კლასიკურ მაგალითად შემორჩება, თუ რა საშინელ შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს ესა თუ ის სახელმწიფო მცდარმა გეოპოლიტიკურმა წარმოდგენებმა და ორიენტაციამ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენ რამდენიმეჯერ მოგვხვდა გეოპოლიტიკური წიხლი, რომელმაც სისხლი და ცრემლი გვაღვრევინა, მაგრამ, საბედნიეროდ, ის მასშტაბი ვერ მიიღო, წელში ბოლომდე რომ გავეწყვიტეთ, უკრაინა კი ზესახელმწიფოთა დაპირისპირების ასპარეზად აქცია, რომელმაც უმდიდრესი პოტენციალის მქონე სახელმწიფო სისხლისგან დაცლილ ლეშს დაამსგავსა, აფთრებივით რომ მისჩერებიან ევროპული სახელმწიფოები, რათა დაფლითონ, დაგლიჯონ და თითოეულმა რაც შეიძლება დიდი ნაწილი მიისაკუთროს. აქ კი რეგვენი პოლიტიკოსები დღემდე გაიძახიან, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. ამ ომში ვინმემ თუ უნდა გაიმარჯვოს, ეს ან რუსეთია, ან ამერიკა, რადგან დაპირისპირებულ ზესახელმწიფოებს ისინი წარმოადგენენ. უკრაინა როგორ გაიმარჯვებს, როდესაც იგი მხოლოდ საზარბაზნე ხორცია?! უკრაინა ნებისმიერ შემთხვევაში დამარცხებულია, რადგან მან ევროკავშირისა და ნატოს წევრობის აბსურდული სურვილის მიღმა ზესახელმწიფოთა სამკვდრო-სასიცოცხლო შერკინებისა და ბორგვის საშიშროება ვერ დაინახა, რომლის გამოც ამ ორთაბრძოლის ასპარეზად იქცა.

    ფილოსოფოსები ათასწლეულების განმავლობაში კამათობდნენ და მომავალშიც იკამათებენ, მაგრამ ვერასოდეს შეთანხმდებიან, რომელია პირველადი – მთელი თუ ნაწილები; ხოლო თაგვები, რომლებსაც, თავიანთი ფილოსოფიით, მათთვის დადებული ყველის ნაჭრის პირველადობაში ეჭვი იმდენაად არ ეპარებათ, რომ მის უკან საშიშროებას ვერც ხედავენ, ისევე გაებმებიან ხაფანგში, როგორც აქამდე ებმებოდნენ.

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                                            

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here