“აღიარება ტომოსისა, რომელიც გადასცეს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, ნიშნავს დათანხმებას დოკუმენტის შინაარსზე, რომ მართლმადიდებლობაში კონსტანტინოპოლის პატრიარქის ძალაუფლებაა უპირატესი”, _ განაცხადა კიევის საპატრიარქოში განხეთქილების შემომტანთა (“რასკოლნიკების”) მეთაურმა მიხეილ დენისენკომ (ფილარეტმა) ტელეარხ “უკრაინა 24”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
“მე მართლაც მოვუწოდე, არ ვაღიაროთ ტომოსი და არც ერთი ეკლესია, იმის მიუხედავად, მე მოვუწოდებ თუ არა, ამ ტომოსს ისინი არ აღიარებენ. უკვე გავიდა 2 წელიწადი, და არც ერთი ეკლესია, მათ გარდა, რომლებმაც თავიდანვე აღიარეს (ელადისა და ალექსანდრიის _ გ.გ.), ტომოსს არ აღიარებს, იმიტომ, რომ ამ ტომოსში ჩადებულია მართლმადიდებლობის სიწმინდეებისგან განზე განდგომა, რაც გამოიხატება იმაში, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქს ექნება არა მხოლოდ პატივის უპირატესობა, არამედ მისი ძალაუფლება იქნება უპირატესი მართლმადიდებლობაში, ეს კი თავისებური პაპიზმია.
ჩვენ მართლმადიდებლები ვართ თუ კათოლიკები? მართლმადიდებელ სამყაროში ყველა ეკლესია თანაბარია და არც ერთს არ აქვს სხვაზე უპირატესობა. ამ ტომოსში კი ასეთი რამ ჩადებულია, ამიტომ, თუ გვინდა, მართლმადიდებლობის სიწმინდე შევინარჩუნოთ, არ შეიძლება ამ ტომოსის აღიარება. და ასეც აკეთებენ მართლმადიდებელი ეკლესიები”, _ თქვა ფილარეტმა.
ტელეწამყვანის კითხვაზე _ მაშინ, რატომ არ განაცხადეთ, როდესაც პოროშენკომ დაიწყო ეს პროცესი? _ ფილარეტმა უპასუხა:
“ამჟამად ეს განცხადებაა, მაგრამ ამაზე თავიდანვე ვლაპარაკობდი, როცა გამოჩნდა ეს ტომოსი. და გამოჩნდა ის ჩვენთვის მოულოდნელად. ჩვენ ველოდებოდით ისეთ ტომოსს, როგორიც აქვთ სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებს. ეგრეთ წოდებულ მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინისა კი ასეთი ტომოსი არ აქვს, რადგან კონსტანტინოპოლის პატრიარქზე დამოკიდებულად აქციეს, ამიტომაც ვთქვი უარი უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე და განზე გავდექი _ მე არ ვეთანხმები ამ ტომოსის შინაარსს. ტომოსი შედგენილია კონსტანტინოპოლში. მის შედგენაში არ მონაწილეობდა მართლმადიდებელი ეკლესია, ის კონსტანტინოპოლის პატრიარქმა შეადგინა თავის სინოდთან ერთად, ჩვენ გამზადებული გადმოგვცეს. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ტომოსი ისეთი იქნებოდა, როგორიც სხვებს აქვთ, მაგრამ ისეთი არ არის. მასში ჩადებულია კონსტანტინოპოლის პატრიარქის ძალაუფლების უპირატესობა”, _ განაცხადა ფილარეტმა. მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი პუნქტი არის სახელწოდება _ არა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, არამედ მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინისა, ე.ი., მიბმულია გარკვეულ ტერიტორიაზე და არ ვრცელდება უცხოეთში მცხოვრებ უკრაინელ მრევლზე. ეს ხდება კონსტანტინოპოლის სასარგებლოდ. ამას გარდა, მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინისა ვალდებულია, ბავშვების მოსანათლადაც კი მირონი კონსტანტინოპოლისგან აიღოს.
“სად არის აქ ავტოკეფალია და დამოუკიდებლობა? არ არის. მესამე _ როცა რთული საკითხები წარმოიქმნება, მათი გადაწყვეტა ადგილობრივ ეკლესიებს თავიანთ წიაღში შეუძლიათ, ე.ი., დამოუკიდებლად. ამ ტომოსით კი ასეთ საკითხებს კონსტანტინოპოლის პატრიარქი წყვეტს. სად არის ავტოკეფალია? ამიტომ არ ვაღიარე ეს ტომოსი”, _ აღნიშნა დენისენკომ.
politnavugator.net–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ლუკა მაისურაძემ