Home ახალი ამბები „ფეირისა“ და „დომესტოსის“ პროდუქციის გამყალბებლები დააკავეს

„ფეირისა“ და „დომესტოსის“ პროდუქციის გამყალბებლები დააკავეს

ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული დიდი ოდენობით საქონლის დამზადება-რეალიზაციის ბრალდებით სამი პირი დააკავა. უწყების ცნობით, ისინი სარეცხ საშუალებებს – „ფეირისა“ და „დომესტოსს“ აყალბებდნენ.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კუსტარულად მოწყობილ არარეგისტრირებულ საწარმოში, სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული დიდი ოდენობით საქონლის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავა.

საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, აჭარის რეგიონში მოწყობილ საწარმოში, სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებით, ხდებოდა სარეცხი საშუალებების – „ფეირის“ და „დომესტოსის“ უკანონო დამზადება. ამასთან, პროდუქციის წარმოებისთვის  დაბალი ხარისხის და იაფფასიანი ნედლეული გამოიყენებოდა.

გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეცხი საშუალებების დასამზადებლად განკუთვნილი დიდი ოდენობით ქიმიური ნივთიერებები, ეტიკეტები, ბოთლები, ინვენტარი, ასევე სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 2 000 ერთეულზე მეტი სხვადასხვა დასახელების სარეცხი საშუალება“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, საქმეზე  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here