9 მაისს თბილისის კიკვიძის სახელობის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
ევრაზიის ინსტიტუტისა და მოძრაობა „საქართველოს უკვდავი ჯარის“ ხელმძღვანელ გულბაათ რცხილაძის ინიციატივით კიკვიძის სახელობის ბაღში გრანდიოზულად აღინიშნა დიდ სამამულო ომში ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვების მე-80 წლისთავი.
კიკვიძის ბაღში საზოგადოება დილის 10 საათიდან შეიკრიბა. მოლბერტებზე განათავსეს დიდი სამამულო ომის უნიკალური კადრები, რომლებიც ამაღელვებელი სანახავი იყო. შემდეგ კი ,,საქართველოს უკვდავი ჯარის” სახელით ულამაზესი თაიგულებით შეამკეს რაიხსტაგზე გამარჯვების დროშის აღმმართავის, მელიტონ ქანთარიას, ბიუსტი და ყვავილებითა და მადლობებით მიულოცეს დიადი გამარჯვების 80-ე წლისთავი ომის ვეტარანებს.
პარკში იმყოფებოდნენ დიდი სამამულო ომის ვეტერანები: არსენ აფხაზაშვილი, ალექსანდრე კერძიკოვი, ვალოდია უგულავა, ვახტანგ ადამაშვილი, გიორგი დეკანოსიძე, ლუიზა შმუნიაკი, ვლადიმერ ტაბაღუა.
გულბაათ რცხილაძემ ვეტერანებსა და დამსწრე საზოგადოებას, ათეულობით ადამიანს, გააცნო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მილოცვა ქართველი ვეტერანებისა და საქართველოს მოქალაქეებისადმი.
გთავაზობთ ამ მიმართვას:
,,რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის
მისალოცი გზავნილი დიდი სამამულო ომის ვეტერანებისა და საქართველოს მოქალაქეებისადმი
ძვირფასო ვეტერანებო!
პატივცემულო საქართველოს მოქალაქენო!
გულითადად გილოცავთ ჩვენს საერთო დღესასწაულს _ დიადი გამარჯვების 80 წლისთავს!
ამ საიუბილეო თარიღს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რუსეთისა და საქართველოს ხალხებისთვის. ჩვენს ქვეყნებში არასდროს დაივიწყებენ დიდ გმირობებს და უმძიმეს განსაცდელებს, რომლებიც დაატყდა თავს გამარჯვებულთა თაობას _ ჩვენს მამებსა და ბაბუებს, რომლებიც მამაცურად მხარდამხარ იბრძოდნენ დამპყრობლების წინააღმდეგ ფრონტზე და დაუღალავად შრომობდნენ ფრონტის ზურგში, აახლოებდნენ ნაციზმზე გამარჯვებას.
დღეს ჩვენი წმინდა მოვალეობაა, შევინარჩუნოთ და გადავცეთ ჩვენს შთამომავლებს ჩვენთვის ნაანდერძევი მეგობრობისა და ურთიერთდახმარების კეთილი ტრადიციები, არ დავუშვათ ჩვენი საერთო ისტორიის დიდებული ფურცლების დავიწყება და შუღლის დათესვა რუსეთისა და საქართველოს ხალხებს შორის.
მთელი სულითა და გულით გისურვებთ თქვენ, პატივცემულო ვეტერანებო,
ჯანმრთელობას, სულიერ სიმხნევესა და დღეგრძელობას, საქართველოს ყველა
მოქალაქეს კი _ მშვიდობას, კეთილდღეობასა და უზრუნველყოფილ ცხოვრებას!
ვ. პუტინი
ქ. მოსკოვი, კრემლი”
აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ პუტინი ქართველ ხალხსა და ქართველ ვეტერანებს ყოველი წლის 9 მაისს ულოცავს ფაშიზმზე გამარჯვებას.
ევრაზიის ინსტიტუტის წევრებმა ,,საქართველოს უკვდავი ჯარის” მსვლელობა მოაწყვეს დიდი სამამულო ომის გმირ პორფირე ჩანჩიბაძის ბიუსტისკენ და ის ყვავილებით შეამკეს.
მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა








