გასულ კვირას სამართალდამცავებმა “ქართული ოცნების” ყოფილი აქტივისტი გოგიტა დალაქიშვილი დააკავეს. მისი ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლება მას პოლიტიკური ნიშნით უპირისპირდება.
25 იანვარს შსს-მ შემდეგი განცხადება გაავრცელა: “ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული გ. დ. (იგულისხმება გოგიტა დალაქიშვილი _ ლ.ნ.) თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მოქალაქე დ.ე.-ს მისთვის საინტერესო კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი 3000 ლარი მოსთხოვა. სამართალდამცველებმა გ. დ. თბილისში, მეტროსადგურ “რუსთაველის” მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, როდესაც მას დ.ე.-მ მოთხოვნილი თანხა გადასცა”. ამ ტექსტს შსს-მ ვიდეომასალა დაურთო, რომელზეც ჩაწერილია ორი პირის საუბარი და ფულის გადათვლა. გაურკვეველია ვინ არის მეორე პირი, ხოლო ზოგიერთი ფრაზა, მათ შორის ახალ ჩანაწერებზე და ვიღაც “ტიპზე”, გაუგებარია და დამატებით განმარტებას საჭიროებს, თუმცა შსს-ში, როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ ვიდეო ბრალდებას წარმოდგენილი სახითაც ამყარებს.
“რუსთავი 2”-ის ცნობით, “სახლიდან ჩხრეკის შედეგად დალაქიშვილის კომპიუტერი და რამდენიმე ჩანაწერიც ამოიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, აუდიო მასალაში მმართველი გუნდის მაღალჩინოსნებიც ფიგურირებენ, რასაც დაკავებულის ადვოკატი, ირმა ჭკადუა, არ ადასტურებს”.
26 იანვარს, ჟურნალისტებთან საუბრისას, ადვოკატმა განაცხადა: “არანაირ ფარულ ჩანაწერებს არ ფლობს ბატონი დალაქიშვილი” და დასძინა, რომ, საქმის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ხელი გაუთქმელობის ხელწერილზე მოაწერინეს. ირმა ჭკადუამ, აგრეთვე, თქვა, რომ დალაქიშვილი საკუთარ პოზიციას სასამართლოზე, აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების განხილვისას, გამოხატავს, მაგრამ სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. “პირველი არხის” ცნობით, სხდომის დახურვის შუამდგომლობა სასამართლოზე ბრალდებულის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ, დააყენა. ამ გარემოებამ შეიძლება კითხვები გააჩინოს, რადგან, ერთი შეხედვით, მედიისა და საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა ამ საქმეში ბრალდებულის ინტერესებშია, დალაქიშვილი კი ერთგვარ საინფორმაციო ვაკუუმში მოექცა.
მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება ასე დაასაბუთა: “ბრალდებულის მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების, მტკიცებულებათა მოპოვებისა და მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლის საფრთხეთა თავიდან აცილების მიზნით”. განცხადებაში, აგრეთვე, ნათქვამი იყო, რომ “საქმის მასალების თანახმად, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებული დაუკავშირდა დ.ე.-ს და მასთან კონფლიქტურ ურთიერთობაში მყოფი პირის სატელეფონო კომუნიკაციის ფარული ჩანაწერი მოასმენინა, რის სანაცვლოდ 3000 ლარი მოსთხოვა. 2018 წლის 24 იანვარს, შეთანხმებისამებრ, ბრალდებულმა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მოპოვებული კერძო კომუნიკაციის ჩანაწერი 3000 ლარის სანაცვლოდ გადასცა დ.ს.-ს”.
ამგვარად, შსს–ს განცხადებაში ნახსენებია “ჩანაწერის უკანონო მოპოვება”, სასამართლოს განცხადებაში კი “დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მოპოვებული” ჩანაწერი, რაც ერთმანეთთან გარკვეულ წინააღმდეგობაში მოდის. გაუგებარია ისიც, დ.ე. და დ.ს. სასამართლოს განცხადებიდან ორი სხვადასხვა პიროვნებაა თუ მექანიკური შეცდომა ოფიციალურ საიტზე.
შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ამ საქმეზე “სალვუს დეველოპმენტის” დამფუძნებელი გიორგი სოზაშვილი დაკითხეს. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან გაუთქმელობაზე ხელი მოაწერინეს, თუმცა დაადასტურა, რომ აუდიოჩანაწერში მისი ხმა ისმის და ივარაუდა, რომ ჩანაწერი მის სახლში გაკეთდა. ეს პიროვნება ბოლო თვეებში ორი სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა. გასული წლის ოქტომბერში “სალვუს დეველოპმენტის” ერთ-ერთმა კლიენტმა დავით ეჟიშვილმა (ინიციალები დ.ე. დალაქიშვილის საქმეშიც ფიგურირებს, თუმცა ეს შეიძლება უბრალო დამთხვევა იყოს) განაცხადა, რომ სოზაშვილმა საქმის გარჩევა დაუწყო, იარაღი მიადო და დახვრეტით დაემუქრა. მაშინ პოლიციამ სოზაშვილი დააკავა, მაგრამ მალევე გაათავისუფლა. რამდენიმე დღის შემდეგ მან გააკეთა განცხადება, რომ ხელისუფლება მასზე ზეწოლას ახდენს იმის გამო, რომ “რუსთავი 2”-ში რეკლამა განათავსა და ამაზე საგადასახადო შემოწმების დროს მიანიშნეს. სოზაშვილი, აგრეთვე, ამბობდა, რომ შსს-ს მაღალჩინოსნებმა ნუცუბიძეზე მშენებარე კორპუსი ზეწოლით გადააფორმებინეს და ერთ-ერთი მათგანის, სოსო სიგუას, ინტერესებზე მიუთითა. დალაქიშვილის საქმეში სოზაშვილის გვარის გაჩენამ ვითარება უფრო ბუნდოვანი გახადა.
გოგიტა დალაქიშვილი აქტიურად უპირისპირდებოდა სააკაშვილის რეჟიმს. 2013-ში კი, მისი თქმით, ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონფლიქტი მოუვიდა, რომელიც ჟურნალისტ ირაკლი კორძაიას ვიდეობლოგში (27.05.2017) ასე აღწერა: “2013 წელს დამიკავშირდნენ ჩემი მეგობრის მეშვეობით. შეხვედრა უნდოდა თამაზ თამაზაშვილს თავის საკუთარ ოფისში, რომელიც მდებარეობს კოლმეურნეობის მოედანზე… იყო ასეთი შემოთავაზება, რომ გამეკეთებინა ჯგუფები, მობილური ჯგუფები, რომლებიც მოაწყობდნენ აქციებს. კონკრეტულად იყო დასახელებული… პრეზიდენტის ადმინისტრაცია… მთავარი პროკურატურა და სასჯელაღსრულების სამინისტრო, სადაც უნდა გამართულიყო აქციები”.
ჟურნალისტის კითხვაზე _ პრეზიდენტის სასახლის გარდა, რომელსაც მაშინ ჯერ კიდევ სააკაშვილი იკავებდა, რატომ უნდა გამართულიყო აქციები იმ უწყებებთან, რომლებიც უკვე ახალი ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარებოდა? _ დალაქიშვილმა უპასუხა: “სავარაუდოდ, და რაშიც მე პირადად ღრმად ვარ დარწმუნებული, ეს აქციები მიზნად ისახავდა პროკურატურის ხელში ჩაგდებას “კახური კლანის” წარმომადგენლების მიერ. ასევე, ეს ეხება სასჯელაღსრულების სამინისტროს, იმიტომ, რომ ჩვენ კარგად ვიცით, სასჯელაღსრულების სამინისტროს რომ ვერ აკონტროლებდნენ თამაზაშვილი და ჯანყარაშვილი, ასევე, ეს ეხება პროკურატურასაც და განსაკუთრებით პრეზიდენტის რეზიდენციას, სადაც, უბრალოდ, ხელი არ მიუწვდებოდათ მათ”.
დალაქიშვილის თქმით, თამაზაშვილმა უთხრა, რომ დეტალების დასაზუსტებლად გიორგი ზედელაშვილს უნდა შეხვდეს, რომელიც იმ პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელობდა: “პირდაპირ შემომთავაზა (ზედელაშვილმა. _ ლ.ნ.), რომ აღმადგენდნენ სამსახურში იმ პირობით, თუ ინფორმაციას მივიტანდი ჩემს მეგობრებზე, ხაზს ვუსვამ, ჩემს მეგობრებზე, რომლებიც ცხრა წლის განმავლობაში ებრძოდნენ სააკაშვილის რეჟიმს… რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო და მანაც ადეკვატური პასუხი მიიღო ჩემგან _ შეურაცხმყოფელი უარი და აი ასე დავშორდით ერთმანეთს”. დალაქიშვილმა, აგრეთვე, გაავლო პარალელი იმ კონფლიქტთან, რომლის გამო თავის დროზე სამართალდამცავი ორგანოებიდან წამოსვლა მოუხდა: “წამოვედი კონფლიქტით ვანო მერაბიშვილთან და სოდ-ის მაღალჩინოსნებთან, რომლებიც მავალებდნენ იმავეს, რაზეც მაშინ ისინიც შეურაცხმყოფელ უარს იღებდნენ… დავწერე პატაკი და წამოვედი სამსახურიდან. ეს რომ მდომებოდა, 2007-შივე გავაკეთებდი და ვიქნებოდი, ალბათ, იმ დროსაც კარგად და, როგორც იცით, ახლა “პორტირებული” ვიქნებოდი და ახლაც კარგად ვიქნებოდი, როგორც არიან იქ სამინისტროებში _ ძველი “ზონდერები” მუშაობენ და მშვენივრად გრძნობენ თავს”.
დალაქიშვილმა ამ ინტერვიუში თქვა, რომ მის მიერ ნახსენები ჯგუფები შეიქმნა და აქციებიც გაიმართა. აღსანიშნავია, რომ თანაგუნდელების წინააღმდეგ მოქმედებაში გიორგი ზედელაშვილი ღიად 2014 წელსაც დაადანაშაულეს, როდესაც ყვარელში აქციებისა და ხმაურიანი დაპირისპირების ფონზე გამგებელი დავით ქევხიშვილი გადააყენეს. მაშინ პოლიციამ გამგებელი და მასთან ერთად 17 პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა. საკრებულომ ის თანამდებობიდან გადააყენა, ხოლო ერთ–ერთმა დაკავებულმა, ლევან ხუციშვილმა, თქვა, რომ მომხდარის უკან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზედელაშვილი დგას.
ბოლო დროს დალაქიშვილი ხშირად აქვეყნებდა მწვავე კომენტარებს “ფეისბუქში” და აკრიტიკებდა შსს-სა და სუს-ის ხელმძღვანელების მოქმედებას, აგრეთვე, “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებებს. ის საპროტესტო აქციებშიც მონაწილეობდა. მაგალითად, 16 იანვარს მან მონაწილეობა მიიღო პროკურატურასთან გამართულ აქციაში, პოლიციასთან კონფლიქტის დროს გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის საქმესთან დაკავშირებით.
ამის გათვალისწინებით, შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ დალაქიშვილის საქმეში მაღალჩინოსნების შურისძიების მოტივიც არსებობს, რომელიც თავისთავად არ გამორიცხავს მაკომპრომენტირებელი ჩანაწერების არსებობას. “დალაქიშვილის დაკავება პოლიტიკური სარჩულის მატარებელია. ამ ეტაპზე მის უდანაშაულობაზე საუბარს ვერ დავიწყებ, მაგრამ გეტყვით, რომ ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი მეგობარი ჰყავს. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ მას გარკვეული ჩანაწერები გაეკეთებინა, რაც დაკავების მიზეზი გახდა, _ განაცხადა “ნიუპოსტთან” საუბარში სამოქალაქო აქტივისტმა მიხეილ კაჭკაჭიშვილმა, რომელსაც დალაქიშვილთან ახლო ურთიერთობა აკავშირებს, _ არც იმას გამოვრიცხავ, რომ ის გარკვეული ინფორმაციის სანაცვლოდ გაათავისუფლონ”.
ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე, ალბათ, ისაა, რომ საზოგადოებას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია საქმის დეტალებზე. ამას ხელს უწყობს, ერთი მხრივ, სახელმწიფო უწყებებისა და ადვოკატის მოქმედება და, მეორე მხრივ, ის სიტუაცია, რომელიც ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ბოლო წლებში შეიქმნა. ახალმა ხელისუფლებამ დემონსტრაციულად გაანადგურა სააკაშვილის რეჟიმის მიერ მოპოვებული კომპრომატი, მაგრამ საზოგადოების უდიდესი ნაწილი დარწმუნებულია, რომ მაღალჩინოსნები მას ჩუმად, საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ. პოლიტიკოსების ამორალურობის ამსახველი კომპრომატი პირადი ცხოვრების კატეგორიაში გადის, მისი გამოქვეყნება დასჯადია. რაც შეეხება მაღალჩინოსნების კორუფციასთან და კანონის დარღვევასთან დაკავშირებულ ჩანაწერებს, ხელისუფლებამ შეიძლება თქვას, რომ ასეთი ფირები საიდუმლოს შეიცავს, დახუროს სასამართლო პროცესი და მიმართოს სხვა ზომებს, რომლებიც ინფორმაციის გადინებას შეზღუდავს.
საბოლოოდ, ჩვენ მივიღეთ სიტუაცია, როდესაც კომპრომატით პოლიტიკოსებს შეიძლება აშანტაჟებდნენ მხოლოდ სხვა პოლიტიკოსები ან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები, მაგრამ საზოგადოებას პრაქტიკულად არ აქვს უფლება, მას გაეცნოს და მის საფუძველზე პოლიტიკოსის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს. ნაკლებად სავარაუდოა, გოგიტა დალაქიშვილის საქმემ ამ მხრივ რამე შეცვალოს, თუმცა მოქალაქეებმა ნამდვილად უნდა იცოდნენ, რა ჩანაწერზე საუბრობდა შსს თავის განცხადებაში და ამოიღეს თუ არა დალაქიშვილის სახლიდან აუდიო თუ ვიდეო ფაილები, რომლებიც მაღალჩინოსნების მიერ კანონის დარღვევას ადასტურებს.
დიმიტრი მონიავა