Home რუბრიკები ისტორია უცხოეთში საქართველოსთვის დამაშვრალნი

უცხოეთში საქართველოსთვის დამაშვრალნი

2108
დავით ჩუბინაშვილი

პეტერბურგში მოღვაწე ქართველმა მწიგნობრებმა და მეცნიერებმა ქართულ ენაზე გადმოიღეს რუსეთისა და ევროპის ბევრი დიდი მოაზროვნის შრომები, შეავსეს და გაამდიდრეს ნაციონალური კულტურის საგანძური არა მარტო ნათარგმნი ლიტერატურით, არამედ ორიგინალური შრომებითაც, რომელთა შორის ბევრი იყო საბუნებისმეტყველო და სამედიცინო ხასიათისაც. XIX საუკუნის დამდეგიდან ქართველები რუსეთისა და ევროპის კულტურულ ცენტრებში მნიშვნელოვან სამეცნიერო მუშაობას ეწევიან. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიასა და პეტერბურგის უნივერსიტეტში საფუძველი ეყრება ქართველმცოდნეობას.

1841 წელს ქართულ ფილოლოგიის შესწავლას ხელი მოჰკიდა ცნობილმა ორიენტალისტმა და ქართველოლოგმა, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილმა წევრმა, ფრანგმა მეცნიერმა მარი ფელისიტე ბროსემ, რომელიც რუსეთში ჩამოვიდა 1837 წელს. ნიკო მარის, ვ. ბარტოლდის, ივანე ჯავახიშვილის აზრით, მარე ბროსე (1802-1880) მეცნიერული ქართველოლოგიის ფუძემდებელია რუსეთსა და დასავლეთ ევროპაში.

ქართველოლოგიაში დიდი ღვაწლი შეიტანა პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრმა, პარიზის “აზიური საზოგადოებისა” და კოპენჰაგენის ანტიკური საზოგადოების წევრმა პირველმა ქართველმა აკადემიკოსმა თეიმურაზ ბაგრატიონმა, რომელსაც მარი ბროსე ასახელებდა ერთ-ერთ მის მასწავლებლად.

1845 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტში დაარსდა ქართული ენის კათედრა, რომლის გამგედ დაინიშნა პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, მრავალი სამეცნიერო საზოგადოების წევრი, ლექსიკოგრაფი, ცნობილი ქართველოლოგი დავით ჩუბინაშვილი.

საინტერესოა, აღინიშნოს, რომ მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილ საფრანგეთის “აზიური საზოგადოების” (რომელიც 1822 წელს დაარსდა) წევრებად, თეიმურაზ ბაგრატიონის შემდეგ, მსოფლიოს სხვა სახელმოხვეჭილ მეცნიერებთან ერთად იყვნენ ექვთიმე თაყაიშვილი, კალისტრატე სალია, ხოლო 1969 წლის 21 ნოემბრიდან _ შალვა ამირანაშვილი, ამავე საზოგადოების წევრი იყო ცნობილი ქართველოლოგი მარი ბროსე.

დავით ჩუბინიშვილმა, მარი ბროსემ და ზაქარია ფალავანდიშვილმა 1841 წელს პეტერბურგში გამოსცესვეფხისტყაოსანი”.

ქართველმცოდნეობის ჰორიზონტის გაფართოებაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გიორგი XII სასახლესთან დაახლოებული ეგნატე იოსელიანის შვილის, XIX ს. პირველი ნახევრის ისტორიკოსის _ პლატონ იოსელიანის, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, ისტორიკოსის _ დიმიტრი ბაქრაძის, პროფესორების: ალექსანდრე ცაგარელის, ილია ოქრომჭედლიშვილის (სერებრიაკოვი), ალექსანდრე ხახანაშვილის, მოსე ჯანაშვილისა და სხვათა ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას.

გიორგი ყაზბეგი
გიორგი ყაზბეგი

ქართველმცოდნეობის გამდიდრებაში მომდევნო თაობის წარმომადგენლებიდან დიდი ღვაწლი მიუძღვით ცნობილ ფილოლოგს, ენათმეცნიერსა და არქეოლოგს, პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორს და შემდეგ საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს _ ნიკო მარს, ივანე ჯავახიშვილს _ სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, ექვთიმე თაყაიშვილს _ საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსსა და სხვ.

მეცნიერების სხვადასხვა დარგის განვითარებაში დიდი ღვაწლი მიუძღვით საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე სხვა ქართველებსაც. ასე, მაგალითად, საბუნებისმეტყველო მეცნიერების განვითარებაში დიდი წვლილი უძევს ფიზიკოს პეტრე ბაგრატიონს (1818-1876), რომელმაც თეორიული საფუძველი ჩაუყარა მოციანების მეთოდს ოქროს მეტალურგიაში.

ქიმიის განვითარების ისტორიაში საპატიო ადგილი უკავია ნოვოროსიის უნივერსიტეტის (ოდესაში) დამსახურებულ პროფესორს, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, მ. ლომონოსოვის პრემიის ლაურეატს _ პეტრე მელიქიშვილს. ბევრი სიახლე აგროქიმიაში შეიტანა ნოვოროსიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ერთხანს ამ უნივერსიტეტის რექტორმა ვასილ პეტრიაშვილმა.

გეოგრაფიის დარგში ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდა (1874-1888) გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1877-1878 წწ. რუსეთ-თურქეთის ომის დროს გიორგი ყაზბეგი გახლდათ ქობულეთის რაზმის შტაბის უფროსი. რაზმი ბათუმის მიმართულებით მოქმედებდა და ყაზბეგი ყველა ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას. ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისათვის წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენით და ოქროს იარაღით დაჯილდოვდა. ბრძოლებში ორჯერ მიიღო კონტუზია და ამის გამო მეორე კლასის დაჭრილებში ჩაირიცხა. ამ ომში გიორგი ყაზბეგის გვერდში იბრძოდა მისი და ელისაბედი, პეტერბურგის სამეანო სასწავლებლის კურსდამთავრებული.

1878 წ. რუსეთ-თურქეთს შორის საზავო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, გიორგი ყაზბეგი ბაქოს 153-ე ქვეითი პოლკის მეთაურად დანიშნეს. პოლკი მაშინ არზრუმში იდგა და მისი მეთაური ამ დროს ქალაქის კომენდანტადაც ითვლებოდა.

1891 წ. გიორგი ყაზბეგი გენერალ-მაიორის წოდების მინიჭებასთან ერთად ვარშავის ციხესიმაგრის შტაბის უფროსად დანიშნეს, შემდეგ იყო ივანგოროდის ციხესიმაგრის კომენდანტი. 1900 წ. გენერალ-ადიუდანტის წოდება მიანიჭეს და კვლავ ვარშავაში გადაიყვანეს ციხესიმაგრისა და მთლიანად გამაგრებული რაიონის კომენდანტად. 1905 წ. ხელმძღვანელობდა პორტარტურის დაცვას და შემდეგ ვლადივოსტოკის კომენდანტად გადაიყვანეს. თუმცა იმის გამო რომ ამბოხებულ ჯარისკაცებს სასტიკად არ გაუსწორდა და მშვიდობიანად მოაგვარა დაპირისპირება, მთავრობამ ლიბერალობა დასწამა და სამსახურიდან დაითხოვა.

გიორგი ყაზბეგი ნაყოფიერ კვლევით მოღვაწეობას ეწეოდა გეოგრაფიის სფეროში. 1965 წ. ავადმყოფობის გამო, საზღვარგარეთ (როგორც ჩანს, იტალიაში) წასულა სამკურნალოდ. სწორედ ამ პერიოდში მოამზადა და 1867-68 წწ. გამოაქვეყნა ისტორიულ-გეოგრაფიული ნარკვევი “იტალიელები საქართველოს შესახებ”.

1874 წ. გიორგი ყაზბეგი კონსპირაციულად, სამხედრო-სადაზვერვო მისიით იმყოფებოდა ოსმალეთის მიერ მიტაცებულ უძველეს ქართულ პროვინციებში _ აჭარა, შავშეთი, არტანუჯი, ლივანა, ლაზეთი. ამ მოგზაურობის შედეგად დაწერა ორი ვრცელი ნაშრომი “სამი თვე თურქეთის საქართველოში” (რომელსაც რუსეთის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ ვერცხლის მედალი მიაკუთვნა) და “ლაზისტანის სანჯაყის სამხედრო–სტრატეგიული ნარკვევი”. ტბეთის ეკლესიაში აღმოაჩინა “ტბეთის სულთა მატეანე”, რომელიც მდიდარია ისტორიულ-გენეალოგიური მასალით. მოინახულა ხიხანის ციხე, ოპიზა და პარხალი. გეოგრაფიული ხასიათის ნაშრომებს ეკუთვნის “თერგის ოლქის სამხედრო-სტატისტიკური აღწერა”.

XVIII საუკუნის 30-80 წლებში პეტერბურგში მუშაობდა რუსეთის პირველი გეოდეზისტი, მეცნიერი, ლიტერატორი, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე (მუშაობდა სამხედრო იურიდიული კოლეგიის წევრად, ჰქონდა სახელმწიფო მრჩეველის ხარისხი) დიმიტრი ციციშვილი.

დიმიტრი ციციშვილი სამეფო სახლთან დაახლოებული პირი იყო. მას მოსწონდა მეფე ბაქარის და. ვახტან VI-მ ანდერძით განსაზღვრა ქალიშვილის დიმიტრიზე გათხოვება. ჭაბუკ თავადიშვილს სურდა, რაიმე მნიშვნელოვანი და ღირსახსოვარი ეძღვნა მეფე ბაქარისათვის _ მომავალი ცოლის ძმისთვის. ამ მიზნით თხუთმეტი წლის ასაკში გერმანულიდან ქართულად თარგმნა არითმეტიკის სახელმძღვანელო, რომელიც თვით მთარგმნელის მიერ გადაწერილია წვრილი, მხედრული, ლამაზი კალიგრაფიით. წიგნი პატარაა, ნაწერია თეთრ ქაღალდზე, ჩასმულია ტყავგადაკრულ მუყაოს ყდაში და მოიცავს 64 ფურცელს. ეს ავტოგრაფი დაცულია კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში. სავარაუდოდ, აღნიშნული თარგმანი ხელნაწერებად არ გაუმრავლებიათ. ირკვევა, რომ სახელმძღვანელო თარგმნილია 1736 წელს ვახტან VI გარდაცვალებამდე. წიგნში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა არითმეტიკის ეტიმოლოგიას და საგნის შემადგენელი ნაწილების განსაზღვრას. სახელმძღვანელო დატვირთულია უცხო ტერმინებით და ეს მისი გაუვრცელებლობის ერთ-ერთი მიზეზი უნდა ყოფილიყო.

მოგვიანებით დიმიტრი ციციშვილმა რუსულ ენაზე შექმნა ორიგინალური პრაქტიკული გეოდეზიის სახელმძღვანელო. საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა და თანამშრომლობდა მოსკოვში ქართული სტამბის დამაარსებელ ათანასე თბილელთან. დიმიტრი ციციშვილი ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას და გამოსაცემ ქართულ წიგნებს შესაბამის უცხოურ ძეგლებთან ადარებდა.

XIX საუკუნის დასაწყისში მოსკოვში მოღვაწეობდა ქართველი მშენებელი იაგორე ჭელიძე (ჩელიევი). იგი იყო მოსკოვის გენერალური მიწათმზომი (1801 წლიდან), მოსკოვის 1812 წლის ხანძრის შემდეგ შექმნილ მშენებლობის კომისიის მხაზველობითი განყოფილების დირექტორი (1817 წლიდან). მან დიდად შეუწყო ხელი დანგრეული მოსკოვის დაგეგმარებასა და აღდგენას. . ჭელიძემ გამოიგონა ცემენტი, რომელიც წყალში მკვრივდებოდა. მისი მეთოდით მზადდება ცემენტი დღემდე.

მიხეილ გარსევანიშვილი (გარსევანოვი) იყო კავკასიის სამოქალაქო ნაგებობათა და გზატკეცილების მშენებლობის მთავარი ინჟინერი, ხოლო 1883 წლიდან 20 წლის მანძილზე პეტერბურგის გზათა მიმოსვლის საინჟინრო ინსტიტუტის დირექტორი. მისი ვაჟი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ნიკოლოზ გარსევანიშვილი (1879-1950) სააღმშენებლო და ჰიდროტექნიკის დარგის ბრწყინვალე წარმომადგენელია. იგი ახალი მეცნიერების _ გრუნტების მექანიკის თეორიული საფუძვლების ერთერთი შემქმნელი და ფუძემდებელია მსოფლიოში.

მოსკოვის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა დიდი სპეციალისტი იურისპრუდენციაში, ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი, სისხლისა და სამოქალაქო სამართლის კათედრის გამგე, ორდინარი პროფესორი, რუსული თეატრის გამოჩენილი მსახიობის სილა ზანდუკელის (სადუნოვი, 1756-1820) უმცროსი ძმა ნიკოლოზ ზანდუკელი, რომელიც ორჯერ იყო არჩეული ეთიკურ-პოლიტიკური ფაკულტეტის დეკანად და ორჯერ ასრულებდა მოსკოვის უნივერსიტეტის გამგეობის თავმჯდომარის მოვალეობას.

იაგორე ჭილაშვილი (ჩილიევ) რუსეთში XIX საუკუნის დასაწყისის განათლებული მოაზროვნე, გამოჩენილი იურისტი, პროკურორი, სოციოლოგი, მართლმსაჯულობის თეორიის დემოკრატიული მიმართულების თვალსაჩინო წარმომადგენელი და დეკაბრისტების ერთ-ერთი იდეური წინამორბედია.

სერგი ლაზარეს ძე ბიბილური (ლაშქარიოვი, ვახტანგ VI-თან ერთად რუსეთში გადასახლებულ ლაზარე გრიგოლის ძე ბიბილურის შვილი) ეკატერინე II ეპოქის (XVIII ს.) რუსეთის ნიჭიერი დიპლომატი და გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწეა.

XIX საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთის ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე და დიპლომატი ალექსი წერეთელი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის დეპარტამენტში მოღვაწეობდა.

XVIII-XIX საუკუნეებში ქართველი მოგზაური, კომერსანტი და დიპლომატი რაფიელ დანიბეგაშვილი იყო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რუსეთის იმპერიაში პირველი ადამიანი, რომელმაც იმოგზაურა და აღწერა ბირმა (პეგუს სამეფო), ინდოეთის ქალაქები და სხვ. მან 5 მოგზაურობაში გაატარა 28 წელიწადი, ცხენითა და ხომალდით გაიარა დაახლოებით 70 ათასი კილომეტრი, შეისწავლა და აღწერა 10-ზე მეტი სახელმწიფო, მათი ხალხი. მან ქართულ, რუსულ (ქ. მოსკოვი, 1815 წ.) და ფრანგულ ენებზე გამოაქვეყნა თავისი თხზულება “მოგზაურობანი ინდოეთში”; 1970 წელს ქ. მოსკოვში “მოგზაურობანი…” გამოიცა რუსულ, ჰინდისა და ინგლისურ ენებზე.

დიპლომატი, მოგზაური, მწერალი გიორგი ივანეს ძე ავალიშვილი მუშაობდა რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიაში საიდუმლო მრჩევლად. 1819-1820 წლებში მან 7 ქართველ ვაჟკაცთან ერთად იმოგზაურა თურქეთში, ეგვიპტესა და პალესტინაში. ეწვია და ესაუბრა ეგვიპტის ფაშა მაჰმედ ალის და სხვა გამოჩენილ სახელმწიფოთა მოღვაწეებს. მოგზაურობის დროს ნახული, განცდილი შთაბეჭდილებანი აღბეჭდა თხზულება “მგზავრობაში”, რომელსაც დაურთო საკუთარი ხელით შესრულებული გეოგრაფიული რუკა და საინტერესო ადგილების ილუსტრაციები. გ. ავალიშვილის ეს ხელნაწერი სათანადო განმარტებებით გამოიცა პროფ. ე. მეტრეველის რედაქციით.

ქართული არტილერიის პორუჩიკი მანუჩარ კაჭკაჭიშვილი ერეკლე მეორის დიპლომატიური დავალებით გაიგზავნა აფრიკის ქვეყნებში (1785), იმყოფებოდა ეგვიპტეში, ეთიოპიაში, სუდანში და მოგვაწოდა საინტერესო ცნობები ამ ქვეყნებზე.

დარეჯან ანდრიაძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here