Home რუბრიკები ისტორია უცხოეთში საქართველოსთვის დამაშვრალნი

უცხოეთში საქართველოსთვის დამაშვრალნი

1820
სოლომონ დოდაშვილი, სოლომონ რაზმაძე, მიხეილ ბარათაშვილი

პეტერბურგში მოღვაწე ქართველმა მწიგნობრებმა და მეცნიერებმა ქართულ ენაზე გადმოიღეს რუსეთისა და ევროპის ბევრი დიდი მოაზროვნის შრომები, შეავსეს და გაამდიდრეს ეროვნული კულტურის საგანძური არა მხოლოდ ნათარგმნი ლიტერატურით, არამედ ორიგინალური შრომებითაც, რომელთა შორის ბევრი იყო საბუნებისმეტყველო და სამედიცინო ხასიათისაცრუსეთში მოღვაწე ქართველები დიდი ინტერესით ეცნობოდნენ რუსეთის კულტურას და აცნობდნენ რუს ხალხს საქართველოს და თანდათან თვითონაც გახდნენ მონაწილენი ამ კულტურის განვითარებისა. საქართველოში გაჩნდა შრომები მათემატიკაში, ფიზიკაში, ასტრონომიაში, ფილოსოფიაში, მედიცინაში.

ქართველი ახალგაზრდობის კავშირი მოსკოვის უნივერსიტეტთან მისი დაარსებიდანვე დამყარდა. ამას ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ საქართველოსა და რუსეთის კულტურულ და სახელმწიფოებრივ ურთიერთობას იმ დროისათვის ხანგრძლივი ისტორია ჰქონდა.

მოსკოვის უნივერსიტეტის გახსნის პერიოდში მოსკოვში ცხოვრობდნენ ვახტანგ მეექვსის მემკვიდრენი, რომლებმაც მოსკოვის უნივერსიტეტთან დაამყარეს ურთიერთობა. მოსკოვის უნივერსიტეტისა და მისი გიმნაზიის პირველი ქართველი მოსწავლეები იყვნენ ვახტანგ მეექვსის ძის, ბაქარის, შვილები _ ლევანი და დავითი. ბაქარმა უნივერსიტეტის გახსნისთანავე, 1755 წელს, ლევანი და დავითი უნივერსიტეტთან არსებულ გიმნაზიაში მიაბარა. ლევან (ლეონ) და დავით გრუზინსკებმა (ეს გვარი ქართველ ბატონიშვილებს ალექსანდრე I მისცა) გიმნაზიაში თავი გამოიჩინეს, როგორც შესანიშნავი ნიჭით დაჯილდოებულმა, ბეჯითმა ახალგაზრდებმა. მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიოგრაფები ლევან ბატონიშვილს მოსკოვის უნივერსიტეტის საუკეთესო სტუდენტთა შორის ასახელებდნენ. ერთ-ერთ ქართულ ხელნაწერში ნათქვამია, რომ ლევან ბაქარის ძე გრუზინსკი იყო საპატიო წევრი მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტისა. 1755 წელს რექტორ მელისინოს წინადადებით, ლევან გრუზინსკი სხვა მოწინავე მოწაფეებთან ერთად პეტერბურგს გაიგზავნა დედოფალ ელისაბედთან წარსადგენად. ელისაბედთან წარდგენილ ახალგაზრდებს გვარდიის კაპრალის წოდება მიანიჭეს. შემდგომში ლევანმა თავი გამოიჩინა, როგორც მწიგნობარმა და ისტორიკოსმა.

მოსკოვის უნივერსიტეტისადმი დიდი სიმპათიით იყო განწყობილი ლევან და დავით გრუზინსკების ბიძა, ვახტანგ VI მეორე ვაჟიშვილი, ბაქარის ძმა _ გიორგი ბატონიშვილი (1712-1786). ის უნივერსიტეტის გახსნაში მონაწილეობდა. თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წელს მან უნივერსიტეტს 10 ათასი მანეთი შესწირა.

გიორგი ბატონიშვილის საჩუქარს დიდი სიხარულითა და მადლობით შეხვდა მთელი რუსეთის ინტელიგენცია და, რასაკვირველია, თვით უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორი. მადლობის აღსანიშნავად უნივერსიტეტის შენობაზე მიაკრეს მარმარილოს მემორიული დაფა, რომელზეც აღნიშნული იყო გიორგი ბატონიშვილის გვარი, სახელი, ტიტული და მისი ღვაწლი უნივერსიტეტის წინაშე. ამ დაფამ თითქმის 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაუზიანებლად გაძლო უნივერსიტეტის შენობის კედელზე. საინტერესოა ისიც, რომ უნივერსიტეტის ინფორმატორად (თვალყურისმდევნელად) მეფის მთავრობის მიერ დანიშნული იყო ერთი ქართველიც _ სიმონ ეგნატაშვილი, ცნობილი დიპლომატი და ქართული საისტორიო-საგმირო წიგნებისა და ქართული ხალხური ლექსების რუსულად მთარგმნელი. მას, როგორც უნივერსიტეტის ინფორმატორს, ევალებოდა, თვალყური ედევნებინა მოსკოვის უნივერსიტეტისთვის და შესაფერისი ცნობები მიეწოდებინა გაზეთთა რედაქციებისა და უნივერსიტეტით დაინტერესებულ პირთათვის.

ქართული კულტურის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, აგრეთვე, ქართველთა მოღვაწეობას პეტერბურგში. ჯერ კიდევ ამ ქალაქის დაარსებამდე რუსეთის მტრებს მამაცურად ებრძოდა ქართველი მეფის _ არჩილის შვილი ალექსანდრე ბაგრატიონი (1674-1711), რომელიც დაახლოებული იყო პეტრე პირველთან და სიყვარულით ეზიარა რუსულ კულტურას. პეტერბურგში ქართველი მოღვაწეების საქმიანობა განსაკუთრებით მას შემდეგ შეიქმნა თვალსაჩინო, როცა იქ ჩავიდნენ იოანე, მირიან, დავით, ბაგრატ, ოქროპირ, ილია, ვახტანგ, ფარნაოზ, თეიმურაზ და გრიგოლ ბაგრატიონები. მათთან ერთად პეტერბურგში გადასახლდნენ მათი ახლობელი მწიგნობრები: გაბრიელ რატიშვილი, ნიკოლოზ ონიკაშვილი, სიმონ ტაბიძე, იოანე ბაზლიძე, ვასილ ჭილაძე, დიმიტრი თუმანიშვილი, იონა ხელაშვილი, გიორგი ავალიშვილი, გოდერძი ფირალიშვილი, პეტრე ქებაძე და სხვები, რომლებიც არა მხოლოდ დიდი ინტერესით ეცნობოდნენ რუსეთის კულტურას და აცნობდნენ მას საქართველოს, არამედ თანდათან თვითონ გახდნენ მონაწილენი ამ კულტურის განვითარებისა. საქართველოში გაჩნდა შრომები მათემატიკაში, ფიზიკაში, ასტრონომიაში, ფილოსოფიაში, მედიცინაში.

პეტერბურგის ქართული კოლონიის მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა ძველმა და ახალმა თაობებმა შექმნეს ბევრი ორიგინალური ნაწარმოები, გამოკვლევა, თარგმანი, რომელთაგან ზოგი დაიბეჭდა, ზოგიც ხელნაწერად დარჩა. მათი მონაწილეობით იბეჭდებოდა წიგნები, ჟურნალები და გაზეთები ქართულ და რუსულ ენებზე; მნიშვნელოვანი ისტორიული დოკუმენტები, აქტები, იშვიათი რელიქვიები ძველი ქართული კულტურისა ინახება პეტერბურგის წიგნსაცავებსა და მუზეუმებში, ცენტრალურ ისტორიულ არქივში, სალტიკოვშჩედრინის სახელობის ბიბლიოთეკაში და, რა თქმა უნდა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში.

პეტერბურგელ ქართველთა უფროსმა თაობამ თავისი შრომების საკმაოდ ბევრი ხელნაწერი დატოვა, მაგრამ ყველამ როდი მოაღწია ჩვენამდე. ასე მაგ.: 1805 წელს პეტერბურგში გოდერძი ფირალიშვილმა შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” მოტივებზე ქართულ ენაზე დაწერა ტრაგედია “ინდოეთის მემკვიდრე, ანუ სამშობლოს სიყვარული”. პიესის ხელნაწერი დაიკარგა, მაგრამ შემოგვრჩა მასზე დაწერილი გამოხმაურებები.

თეიმურაზ ბაგრატიონმა 1808 წელს შეადგინა “ბოტანიკური ლექსიკონი”, რომელშიც ქართულად, ლათინურად, ფრანგულად და სხვა ენებზე განმარტებულია 338 ბოტანიკური ტერმინი. ლექსიკონში, ასევე, მთელ რიგ მინერალურ წყლებსა და მათ გამოყენებაზეა ცნობები.

იოანე ბაზლიძემ 1817 წელს რუსულიდან გადმოთარგმნა “ენციკლოპედია ახალგაზრდებისთვის” _ 438 ხელნაწერიგვერდიანი საკმაოდ ფართო სპექტრის სამეცნიერო ცნობარი.

ხელნაწერ შრომებს შორის აღსანიშნავია ქართულად თარგმნილი “ნაპოლეონის ლაშქრობა რუსეთში და მისი გაქცევა”. თარგმანი შესრულებულია 1823 წელს პეტერბურგში საგარეო საქმეთა სახელმწიფო კოლეგიის თარჯიმნის _ იოანე ბაზლიძის მიერ ბატონიშვილ ბაგრატ გიორგის ძის თხოვნით. საქმე ის არის, რომ უფლისწულმა ბაგრატმა, რომელიც 1812 წელს მოსკოვში ცხოვრობდა, ქალაქის ევაკუაციის უკანასკნელ დღემდე თარგმანს, ბაზლიძის გარდა, 40 ქართველის გვარი მიაწერა, რომლებიც მონაწილეობდნენ ბოროდინოს ბრძოლაში. ეს ფრიად ფასეული ინფორმაციაა, თუმცა სია სრულყოფილი არ არის. იქვე ბაგრატ ბატონიშვილი მიუთითებს, რომ მან დატოვა მოსკოვი და გაემგზავრა ნიჟნი ნოვგოროდში კვირას, 1 სექტემბერს, ხოლო 2 სექტემბერს 1812 წლისა, შუადღის შემდეგ, მოსკოვი ფრანგებმა დაიკავეს.

ცნობილია დავით ბაგრატიონის ლიტერატურული, ფილოსოფიური, პოლიტიკური, ურიდიული თხზულებანი, ფიზიკის შემოკლებული კურსი; ასევე იოანე ბაგრატიონის (ერეკლე II შვილიშვილი) თავისებური ენციკლოპედია _ “კალმასობადა სხვ.

ფრიად სასარგებლო მუშაობას ეწეოდნენ:

* მეცნიერების სხვადასხვა დარგს დაუფლებული, მწერალი და საზოგადო მოღვაწე იონა ხელაშვილი (1778-1834);

* პირველი ქართველი ნუმიზმატიკოსი მიხეილ ბარათაშვილი (1784-1856); მან პეტერბურგში 1844 წელს რუსულ ენაზე გამოსცა წიგნი “ნუმიზმატიკის ფაქტები ან ძველი ფულნი საქართველოს სამეფოსანი”. მ. ბარათაშვილი ერთ დროს იყო საქართველოს სტატისტიკური საზოგადოების პალატის წევრი, ჩრდილოეთის ანტიკვართა დანიის საზოგადოების ნამდვილი წევრი, რუსეთის არქეოლოგიური საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და სხვ.;

* პოეტი და მთარგმნელი სოლომონ რაზმაძე (1797 1860). ის ალექსანდრე პუშკინის ლექსების ქართულ ენაზე პირველი მთარგმნელია;

* ასევე პოეტი და მთარგმნელი პეტრე შალიკაშვილი (1767-1852) და სხვები.

ქართველი ხალხი იღვწოდა იმისთვისაც, რომ რუსი მკითხველისთვის გაეცნო მდიდარი ქართული კულტურა. XVIII საუკუნეში ერთხანს მოსკოვის უნივერსიტეტის თანამშრომელმა, რუსეთის არმიის პოდპოლკოვნიკმა სიმონ ეგნატაშვილმა რამდენიმე წიგნი თარგმნა ქართულიდან რუსულ ენაზე. მოგვიანებით მისმა შვილმა, რუსეთის საგარეო საქმეთა განყოფილების ქართული ენის თარჯიმანმა ნიკოლოზ ეგნატაშვილმა ქართულ-რუსული ლექსიკონი შეადგინა.

პეტერბურგში მოღვაწე ქართველმა მწიგნობრებმა და მეცნიერებმა ქართულ ენაზე გადმოიღეს რუსეთისა და ევროპის ბევრი დიდი მოაზროვნის შრომები, შეავსეს და გაამდიდრეს ნაციონალური კულტურის საგანძური არა მხოლოდ ნათარგმნი ლიტერატურით, არამედ ორიგინალური შრომებითაც, რომელთა შორის ბევრი იყო საბუნებისმეტყველო და სამედიცინო ხასიათისაც. დავით ბაგრატიონის, იოანე ბაგრატიონის, პეტრე კლაპიტონიშვილისა და სხვათა მიერ იმ პერიოდში შექმნილმა სამედიცინო ხასიათის ნაშრომებმა გარკვეული როლი შეასრულა ქართული მედიცინის განვითარებაში.

XIX საუკუნის პირველი ნახევრის საზოგადოებრივი და ფილოსოფიური აზრის გამოჩენილი წარმომადგენელია სოლომონ დოდაშვილი, რომელმაც ქართული და რუსული ფილოსოფიური აზრის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

XIX საუკუნის დამდეგიდან ქართველები რუსეთისა და ევროპის კულტურულ ცენტრებში მნიშვნელოვან სამეცნიერო მუშაობას ეწევიან. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიასა და პეტერბურგის უნივერსიტეტში საფუძველი ეყრება ქართველმცოდნეობას. ამაზე საუბარს შემდეგ ნომერში გავაგრძელებთ.

დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here