რამდენიმე დღის წინათ მეზობელ სომხეთში პრესკონფერენცია გამართეს საზოგადოებრივი კლუბის _ “ხალხის ხმის” _ წარმომადგენლებმა და განაცხადეს, რომ აშშ–ის ბიოლაბორატორიებს სომხეთში, მიუხედავად დეკლარირებული მიზნებისა და ამოცანებისა, ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ უსაფრთხოებასთან საერთო არაფერი აქვთ.
“აშშ-ის რეფერენს-ლაბორატორიები გახსნილია ყოფილი საბჭოთა კავშირის ბევრ ქვეყანაში. ამერიკელები ამტკიცებენ, რომ ამ დაწესებულებების მიზანი შინაური ცხოველების ჯანმრთელობის გარანტიების უზრუნველყოფა, სარემონტო სამუშაოების დაფინანსება და ისეთი თანამედროვე ლაბორატორიების შექმნაა, რომლებითაც გაძლიერდება მთავრობის მონიტორინგის შესაძლებლობები ადამიანის ჯანმრთელობისთვის შესაძლო საფრთხეებზე. მაგრამ ეს ლაბორატორიები ორმაგი დანიშნულებისაა, რადგან დაფინანსებულია სამხედროების მიერ, ხოლო საქმიანობა მკაცრად არის გასაიდუმლოებული. ლაბორატორიების შესანახავად აშშ უზარმაზარ თანხებს ხარჯავს, მაგალითად, უკრაინაში 175 მლნ დახარჯეს, საქართველოში _ 150 მლნ, ყაზახეთში _ 130 მლნ. სომხეთში ასეთი ლაბორატორია მოქმედებს ერევანში, აგრეთვე, გიუმრისა და იჯევანში (სომხეთში სამივე ლაბორატორია 2016 წელს გაიხსნა _ ნ.კ.). ეჭვის შეტანაც არ შეიძლება იმაში, რომ აშშ-ს, კერძოდ, პენტაგონს, რომელიც დიდძალ ფულს ხარჯავს ბიოლაბორატორიების ქსელის შესაქმნელად, პოლიტიკური და სამხედრო მიზნები აქვს. ბევრი ექსპერტი აღნიშნავს, რომ ასეთი ლაბორატორიების ამუშავების შემდეგ მსოფლიოში შეინიშნება სხვადასხვა ვირუსისა და დაავადების შემთხვევათა მკვეთრი მატება”, _ განაცხადა ექსპერტმა არმან გუკასიანმა.
“საქართველოს გამოცდილების შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ ასეთი ლაბორატორიების ასაშენებლად დახარჯული თანხა მრავალჯერ აღემატება სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების ასაშენებლად გამოყოფილ ფინანსებს. და ამ ფაქტმა შეუძლებელია, ეჭვი არ გააჩინოს, რადგან არსებობს საფრთხე, რომ პათოგენები, რომლებიც ინახება ამ ლაბორატორიებში, მომავალში შეიძლება გამოიყენონ ბიოლოგიური იარაღის დასამზადებლად იმ გენოტიპისა და ბიოლოგიური თავისებურებების საფუძველზე, რომლებიც დამახასიათებელია ამა თუ იმ ხალხისა და რეგიონისთვის. დაუშვებელია, რომ ასეთ მნიშვნელოვან ობიექტებს აკონტროლებდეს და ინახავდეს უცხო სახელმწიფო. პენტაგონმა სომხეთში უკვე დახარჯა 18 მლნ დოლარი ასეთი ლაბორატორიების შესაქმნელად. და, თუ ლაბორატორიას აფინანსებს სამხედრო უწყება, შესაბამისად, ამოცანებიც სამხედრო იქნება”, _ განაცხადა კლუბის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ცოვინარ კოსტანიანმა.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ხმის” ორგანიზებით, 15 ივნისს ერევანში საპროტესტო აქცია გაიმართა აშშ–ის საელჩოსთან. აქციის მონაწილეებმა, რომლებიც შიშობენ, რომ ამ ბიოლაბორატორიებს პენტაგონმა სამხედრო მიზნები დაუსახა, მოთხოვნების სია გადასცეს აშშ–ის ელჩს სომხეთში _ რიჩარდ მილსს.
2010 წლიდან დღემდე აშშ-ის ე.წ. რეფერენს-ლაბორატორიები გაიხსნა უკრაინაში, საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, ყაზახეთში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში. მსოფლიოში კი ასეთი ლაბორატორიების რაოდენობამ 20-დან 400-მდე მოიმატა.
საქართველოში ბიოლოგიური ლაბორატორია, რომელსაც რობერტ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის სახელით არის ცნობილი, 2011 წლის 18 მარტს გაიხსნა.
საქართველომ ბიოლოგიური განიარაღების შესახებ ხელშეკრულებას 1997 წელს მოაწერა ხელი. საქართველოსთან აშშ-ის აქტიური თანამშრომლობის ფაზა 2001 წლიდან დაიწყო, როცა აშშ-მა, ტერორისტების მიერ ბაქტერიოლოგიური იარაღის შესაძლო გამოყენების მოტივით, სხვა ქვეყნებში შტამებისა და ვირუსების შენახვის ადგილებისა და კვლევებზე კონტროლის დასამყარებლად მუშაობა გაააქტიურა. საქართველო, სადაც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ინახებოდა შტამები და იყვნენ მათზე მუშაობის გამოცდილების მქონე სპეციალისტები, განიხილებოდა, როგორც ტერორისტების შეღწევის სამიზნე ქვეყანა და მასზეც გავრცელდა სენატორ რიჩარდ ლუგარის მიერ 1991 წელს შემუშავებული ბიოლოგიური საფრთხის შემცირების საერთაშორისო პროგრამა. 2004 წლის სექტემბერში მიღწეული იქნა შეთანხმება თბილისის მახლობლად, ალექსეევკის დასახლებაში, “საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეფერალური ლაბორატორიის შექმნის შესახებ”.
საქართველოში ამერიკული ბიოლაბორატორია 2011 წლის 18 მარტს გაიხსნა. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდა ენდრიუ ვებერი _ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის იმჟამინდელი მოადგილე ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის დარგში; აშშ-ის იმჟამინდელი ელჩი საქართველოში _ ჯონ ბასი, საქართველოს მთავრობის იმჟამინდელი თავმჯდომარე ნიკა გილაური.
“საქართველოში ამ ლაბორატორიის მშენებლობა გეოგრაფიული მდებარეობითა და აუცილებლობით იყო განპირობებული”, _ აღნიშნა აშშ-ის ელჩმა საქართველოში _ ჯონ ბასმა.
ლაბორატორიის დირექტორად დაინიშნა ანა ჟვანია, რომელიც საქართველოს მთავრობაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა, ხოლო 2008 წლის თებერვლამდე დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა. 2012 წლის 12 აგვისტოს, როდესაც საქართველოს ეწვია სენატორი რიჩარდ ლუგარი, მიხეილ სააკაშვილმა მისთვის დამახასიათებელი მანერით ლაბორატორიის გახსნა წარმოაჩინა, როგორც “სტრატეგიული მნიშვნელობის” მოვლენა. ცენტრის დათვალიერების შემდეგ მან განაცხადა: “ამ დონის ინვესტიცია საბჭოთა დროს რუსეთს საქართველოში არ ჩაუდია”. სააკაშვილი ყველაფერს აკეთებდა ილუზიის შესაქმნელად, რომ აშშ-ის უშუალო დახმარებითა და ინვესტიციით საქართველოში დაარსდა სამხედრო დანიშნულების მძლავრი სტრატეგიული ობიექტი, რომელიც, რა თქმა უნდა, რუსეთის ხელისუფლების აგრესიული ქმედებების განეიტრალებას ემსახურებოდა. აღსანიშნავია, რომ შტამების საცავის უშუალოდ სამხედრო აეროდრომთან განლაგება დამკვირვებლებში წარმოშობდა ეჭვს ამ პროექტის სამხედრო დანიშნულებაზე.
პირველი, ვინც ლუგარის ლაბორატორიისგან მომდინარე საფრთხეზე დაიწყო ლაპარაკი, გახლდათ ამერიკელი ჟურნალისტი, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი ჯეფრი სილვერმანი. აი რა განაცხადა მან 2015 წლის ნოემბერში “საქართველო და მსოფლიოსთვის” მიცემულ ინტერვიუში: “ლუგარის ლაბორატორიაში, რომელიც მდებარეობს თბილისის გარეუბანში, აწარმოებენ ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს და ცდიან ადგილობრივ მოსახლეობაზე… დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ადამიანებსა და ცხოველებზე სახიფათო ექსპერიმენტებს ატარებენ. თბილისის ლაბორატორიაში ამზადებენ ჯილეხს, ციმბირის წყლულს, შავ ჭირს და ე.წ. ღორის გრიპს. და, თუ მოხდება უბედური შემთხვევა, საქართველო აღიგვება დედამიწის პირისგან…
ქუთაისში გაცილებით მეტი ბიოაგენტია დასაწყობებული, მაგრამ მეტი ყურადღება ექცევა თბილისის ბიოლაბორატორიას. ასევე, მოქმედია ე.წ. მცენარეთა ლაბორატორია ქობულეთში… 2 წლის წინათ ლუგარის ლაბორატორიაში ინფიცირებული პერსონალი საიდუმლოდ გადაიყვანეს “არამიანცის” საავადმყოფოში სამკურნალოდ და თანხაც გადაიხადეს მედიასაშუალებებისთვის ინფორმაციის დამალვის მიზნით. ლაბორატორია უნდა განადგურებულიყო 2011 წელს, როდესაც გამოვააშკარავე ეს ამბავი, მაგრამ მაინც გრძელდება არალეგალური კვლევები”.
ჯეფრი სილვერმანის ნათქვამს ადასტურებს ალექსეევკის მკვიდრი, რომელმაც 2016 წლის თებერვალში “საქართველო და მსოფლიოს” განუცხადა, რომ 2012 წელს მის კორპუსში, ნაქირავებ ბინაში მცხოვრები ამერიკული ბიოლაბორატორიის 4 თანამშრომელი, ფილიპინელები, მოიწამლა, მათგან 2 გარდაიცვალა. დასახლება ალექსეევკის მკვიდრნი კი უჩივიან თავის ტკივილს, მაღალ წნევას, საშინელ სუნს, რომლის გამოც ზაფხულში ფანჯრებს ვერ აღებენ, და ამ ყველაფერს ბიოლაბორატორიის ამოქმედებას აბრალებენ.
საქართველოში ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიის ამოქმედება თავიდანვე იწვევდა საზოგადოების შეშფოთებას. ამ თემაზე 2016 წლის ივლისში გლობალური კვლევების ცენტრმა საექსპერტო კვლევაც წარმოადგინა. გთავაზობთ ამონარიდებს ამ კვლევიდან.
“ორ წელზე მეტ ხანს, 2011 წლის მარტიდან 2013 წლის მაისამდე, ლუგარის ლაბორატორიას დამოუკიდებელი იურიდიული სტატუსი ჰქონდა და მჭიდროდ იყო დაკავშირებული აშშ-ის არმიის უოლტერ რიდის სახელობის კვლევით ინსტიტუტთან, ამასთანავე, ამერიკულ სამხედრო პერიოდიკაში იგი მოიხსენიებოდა, როგორც “უცხოეთში მოქმედი კვლევითი ქვედანაყოფი”.
ამ პერიოდში ლაბორატორიის საქმიანობა იდუმალების ბურუსით იყო მოცული და პრაქტიკულად არ არსებობდა საჯარო პუბლიკაციები მისი სამეცნიერო სპეციალიზაციის მიხედვით. ეს წარმოშობდა ჭორებს ლაბორატორიაში ბაქტერიოლოგიური იარაღის შექმნის, მსოფლიოდან საქართველოში დაავადებათა გამომწვევი შტამების შემოტანის, პირუტყვზე ცდების ჩატარების შესახებ და ა.შ. ბევრი ასეთი ინფორმაცია ქართულ მედიაშიც გამოქვეყნდა.
“ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ლაბორატორიას დამოუკიდებელი იურიდიული პირის სტატუსი ჩამოართვა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სტრუქტურას _ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრს _ დაუქვემდებარა. ლაბორატორიაში მუშაობს 90 ადამიანი, მათგან 20 _ უცხოელი. საინჟინრო პერსონალს ხელფასს აშშ უხდიდა. შენარჩუნებულია საგრანტო დაფინანსება უცხოეთიდან სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განსახორციელებლად, გრძელდება კონტაქტები უოლტერ რიდის სახელობის არმიის კვლევით ინსტიტუტთან (აშშ).
ეს შეშფოთებას იწვევს, რადგან იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველო ექსპერიმენტების ჩატარების პოლიგონად არის შერჩეული. ყველაზე შემაშფოთებელია ადამიანის, ცხოველებისა და მცენარეების ინფექციურ დაავადებათა გამომწვევების კვლევები. აშშ–ს, ფაქტობრივად, აქვს შესაძლებლობა, საკუთარ საზღვრებს მიღმა ჩაატაროს სახიფათო ცდები, საკუთარი მოქალაქეების ინფიცირების რისკის გარეშე. კონტროლდება თუ არა ამგვარი კვლევების უსაფრთხოება ჩვენი მოქალაქეების მიმართ _ ეს გაურკვეველია.
ამერიკული ბაქტეოროლოგიური ცენტრების მომრავლება კავკასიასა და საქართველოში მკვეთრად ზრდის სახიფათო ვირუსების მათი წიაღიდან გასვლის რისკს, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს მოსახლეობას.
ამ მოსაზრებას არ იზიარებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, რომელიც ამტკიცებს, რომ ლაბორატორიის საქმიანობა მოცემულ მომენტში აბსოლუტურად გახსნილია და ლაბორატორია უნდა განვიხილოთ, როგორც ქვეყნის ბიოლოგიური უსაფრთხოების ინსტრუმენტი, მნიშვნელოვანი სამეცნიერო ინსტიტუტი, რომლის წყალობითაც საქართველო ინარჩუნებს და აძლიერებს კომპეტენციას ჯანდაცვისა და ბიოტექნოლოგიების სფეროში. ამირან გამყრელიძის არგუმენტებს, გარკვეულწილად, შეიძლება, დაეთანხმო, მაგრამ არც იმ ფაქტის გაუთვალისწინებლობა ივარგებს, რომ, რაც უფრო იმატებს ექსპერიმენტული მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების რაოდენობა, მით მეტია თანამშრომელთა ინფიცირებისა და შემდგომ დაავადების ლაბორატორიის მიღმა გავრცელების რისკი. თუ ასეთი რამ მოხდა ისეთი დაავადების გამომწვევის შემთხვევაში, როგორიც არის, მაგალითად, შავი ჭირი, შედეგები პატარა საქართველოსთვის კატასტროფული იქნება. სხვადასხვა გენეზისის ბოლო კატასტროფების ანალიზი მოწმობს, რომ მათში უზარმაზარ როლს ე.წ. ადამიანური ფაქტორი თამაშობს. დაზღვეულია კი ამგვარი შეცდომებისგან საქართველოს მოსახლეობა? სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია ამერიკული ლაბორატორიების თანამშრომელთა ინფიცირების შემთხვევები ისეთი საშიში დაავადებებით, როგორიცაა სალმონელოზი, ტულარემია, შავი ჭირი, ებოლას ვირუსი და ა.შ. ყოველივე ეს ამტკიცებს, რომ იმ ბაქტეოროლოგიური ლაბორატორიების რაოდენობის მატება, რომლებიც საშიში დაავადებების გამომწვევებს იკვლევს, ზრდის საქართველოს ტერიტორიაზე ეპიდემიის აფეთქების ალბათობას. ზოგიერთი სპეციალისტის ვარაუდით, ბიოლოგიურ ლაბორატორიებში, შესაძლოა, ჰიბრიდული მიკროორგანიზმების შექმნაზე მუშაობენ, რომელთა საწინააღმდეგო საშუალებები კაცობრიობას არ აქვს. ამ მიკროორგანიზმების გავრცელების შემთხვევაში კი საქართველო პირველ პოლიგონად შეიძლება იქცეს ადამიანზე მათი ზემოქმედების შესწავლის მიზნით. თანაც, აშშ მიიღებს უნიკალურ მონაცემებს მიკრობის შესაძლო გადამტანთა, ინფექციის გავრცელების სისწრაფის, ავადობის პროცენტის, მოკვდავობის შესახებ. ეს, რასაკვირველია, ამერიკელებს მისცემს საშუალებას, შეისწავლონ უცნობი ბაქტერიების გამომწვევი და დაცვის ზომები შეიმუშაონ. ამით ამერიკის მოქალაქეებს საფრთხეს ააცილებენ. ჩვენ?
მნიშვნელოვანია საერთაშორისო კონტექსტიც. კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში უდიდესი ლაბორატორია მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე და წარმოადგენს აშშ–ის მიერ აშენებულ და ამ ქვეყნის თავდაცვის უწყების მიერ დაფინანსებულ ობიექტს. საქართველოს დედაქალაქიდან 30 კილომეტრში არის რუსეთის სამხედრო ბაზა. ათას კილომეტრში საქართველოს ჩრდილოეთით ჯერ კიდევ არ ჩამცხრალა კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში, ათას კილომეტრში სამხრეთით იმავე ზესახელმწიფოების აქტიური მონაწილეობით “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტები მძვინვარებენ. აქედან გამომდინარე, საქართველომ მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და, რაც მთავარია, გამჭვირვალობას მიმართოს, რათა რომელიმე ზესახელმწიფოს დაეჭვების (ან შეშფოთების) საბაბი არ მისცეს…
კომპეტენტური ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რა ხდებოდა ლუგარის ლაბორატორიაში 2011-2013 წლებში. იმხანად აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ საქართველოს გავლით ნარკოტიკები გადაჰქონდათ, ხოლო 2013 წელს სპეცსამსახურებმა სამ ტონამდე თხევადი ჰეროინი აღმოაჩინეს. არ არის გამორიცხული, ლაბორატორიას სწორედ ამ მიზნით იყენებდნენ. დღეს ლაბორატორია სამოქალაქო სამსახურის დაქვემდებარებაშია, მაგრამ საზოგადოებისთვის უცნობია, რა ხდებოდა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთვის მის გადაცემამდე…
საკითხი ასე დგას: საკმარისია თუ არა საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთნდობის დონე რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ, რათა დავიცვათ ლაბორატორია ტერორისტთა მცდელობისგან, დაეუფლონ შტამებს და ეფექტიანად აღვუდგეთ ტერორისტულ საფრთხეს?
საკმარისად არის თუ არა დღეს დაცული ლუგარის ლაბორატორია? რა როლს ასრულებენ მის მუშაობაში ამერიკელი სამხედროები? რას და როგორ იკვლევენ ლაბორატორიაში ამერიკელი მეცნიერები და სამხედროები? საზოგადოება ამის შესახებ ინფორმირებული არ არის, ხოლო ანალოგიური ლაბორატორიების მაგალითები, მათ შორის, თვით აშშ-ში, შეშფოთების საფუძველს ქმნის”.
ამერიკული ბიოლაბორატორიების თავისებურებები
აშშ-ის ხელისუფლება ამბობს, რომ ეს ობიექტები მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო დანიშნულებისაა და მათი მიზანი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, მაგრამ, ბევრი ექსპერტის აზრით, ეს ლაბორატორიები შეიძლება გამოიყენებოდეს ან უკვე იყენებენ რუსეთის წინააღმდეგ მტრული მიზნებისთვის. ამის ადასტურებს შემდეგი ფაქტები:
- ყველა ობიექტი აშენებულია აშშ–ის თავდაცვის და არა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დაფინანსებით; ხოლო უზარმაზარი თანხები, რომლებიც იხარჯება ამ ობიექტების ასაგებად, მიუთითებებს პროგრამის პრიორიტეტულობაზე ვაშინგტონისთვის;
- ამერიკელების მიერ მსგავსი ობიექტების გამოყენების პრაქტიკა მიუთითებს, რომ ამ ობიექტებს არ აკონტროლებს სახელმწიფო; ლაბორატორიები ფუნქციობენ დახურულ რეჟიმში და დაკომპლექტებულია უცხო ქვეყნის პერსონალით, მათ შორის, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე ადამიანებით. აშშ-ის მიერ დაფინანსებული, პოსტსაბჭოთა სივრცეში მოქმედი ობიექტები, ნაწილია ლაბორატორიების გლობალური სისტემისა, რომელსაც ვაშინგტონი აფართოებს მსოფლიოში. ბევრ ქვეყანას, რომლებშიც ასეთი ლაბორატორიები მოქმედებს, მსგავსი პრობლემები შეექმნა. მაგალითად, 2010 წელს ინდონეზია მოითხოვდა, დაეხურათ აშშ–ის სამხედრო–საზღვაო ძალების სამედიცინო ქვედანაყოფი NAMRU-2, რომლის მუშაობასაც ვერ აკონტროლებდა, მიუხედავად იმისა, რომ განლაგებული იყო ინდონეზიის ჯანმრთელობის დაცვის შენობაში. ინდონეზიის მთავრობამ დაადგინა, რომ ამერიკული სამეცნიერო ქვედანაყოფი საიდუმლო ექსპერიმენტებს ატარებდა და ეწეოდა უსანქციო მონიტორინგს სოციალურ კვლევებზე;
- ამერიკული ბიოლაბორატორიების ხელმძღვანელებად ხშირად ინიშნებიან ვაშინგტონისადმი ლოიალურად განწყობილი სამხედროები ან სპეცსამსახურების წარმომადგენლები;
- ლაბორატორიები განლაგებულია დიდ ქალაქებში (ოდესა, ხარკოვი, ალმა-ათა), საზღვაო პორტების (ოდესა), აეროპორტების (თბილისი) ახლოს ან სეისმურად სახიფათო (ალმა-ათა) ტერიტორიებზე. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ამ ლაბორატორიების ადგილმდებარეობა მოწყვლადია განსაკუთრებით, ყაზახეთის ლაბორატორიის, მაგრამ მათი ადგილმდებარეობა სატრანსპორტო და ლოჯისტიკის თვალსაზრისით, ამერიკელებისთვის მომგებიანია.
ექსპერტთა აზრით, ამერიკული ლაბორატორიების განლაგება რუსეთის საზღვრების პერიმეტრზე პენტაგონს რამდენიმე ამოცანის გადაწყვეტის საშუალებას მისცემს. ესენია:
- ინფორმაციის შეგროვება მოცემულ ტერიტორიაზე არსებული მიკროორგანიზმების, ენდემური პათოგენების, დაავადების გავრცელების არხებისა და ა.შ. შესახებ, რაც ახალი ბიოლოგიური იარაღის დამზადების საშუალებას მისცემს რუსეთის, ირანისა და ჩინეთის წინააღმდეგ გამოსაყენებლად;
- დივერსიული ოპერაციების განხორციელება ეკონომიკის დასაზარალებლად (მსხვილფეხა პირუტყვის განადგურება, ქვეყნის პროდუქციის დისკრედიტაცია მსოფლიოს ბაზარზე). ასეთი რამ აშშ-ის პრაქტიკაში უკვე იყო _ კუბის წინააღმდეგ;
- რუსეთის, ირანისა და ჩინეთის დამოკიდებულების გაძლიერება დასავლეთის ქვეყნების ფარმაცევტული ინდუსტრიის მიმართ. მით უმეტეს, რომ გენურმა ინჟინერიამ აშშ-ში დიდ წარმატებებს მიაღწია;
- შეზღუდვების გვერდის ავლა, რომლებიც დაწესებულია ჟენევის 1972 წლის კონვენციით ბაქტეოროლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ. ამერიკელები უარს ეუბნებიან უცხო ქვეყნების ინსპექტორებს, შეამოწმონ ობიექტები, რომლებიც ნაციონალური ტერიტორიის გარეთ მდებარეობს.
სახიფათოა თუ არა ამერიკული ბიოლაბორატორიები
* 2014 წლის 13 ივნისს ქალაქ ატლანტაში (აშშ) ბიოლოგიური ლაბორატორიის 75 თანამშრომელი, უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევის გამო, ციმბირის წყლულით დასნებოვნების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა _ სპეციალიზებული ლაბორატორიის პერსონალმა მასალა, რომელიც შეიცავდა ციმბირის წყლულის ბაცილებს, გაუგზავნა დაავადების კონტროლის ცენტრის ჩვეულებრივ ლაბორატორიებს, რომელთა თანამშრომლებს ასეთ სახიფათო ბაცილებზე მუშაობისთვის საჭირო არც აღჭურვილობა (კოსტიუმები, ნიღბები) ჰქონდათ და არც შესაბამისი მოწყობილობები.
ლაბორატორიის 75 თანამშრომლიდან 7-ს კონტაქტი ჰქონდა სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათო ბიომასალასთან. მათ 60 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ.
* 2015 წლის ივნისში აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა სამხრეთ კორეაში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზასა და ქვეყნის 9 შტატის ლაბორატორიებში შეცდომით გაგზავნეს ციმბირის წყლულის შემცველი მასალები. სახიფათო მასალასთან შეხების გამო დაავადდა 22 ადამიანი.
შემაშფოთებელი სტატისტიკა
* აღსანიშნავია, რომ საქართველოში ციმბირის წყლულით დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ ლუგარის ბიოლოგიური ლაბორატორიის ამოქმედების შემდეგ აღირიცხება: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2012-2013 წლებში ჯილეხის შემთხვევები აღირიცხა ქართლისა და კახეთის რეგიონებში. ქვემო ქართლში რეგისტრირებული იყო 138 შემთხვევა, კახეთში _ 49. 2000-2010 წლებში ჯილეხის შემთხვევათა წლიური რაოდენობა მერყეობდა 15-დან 62-მდე. 2011 წლიდან დაიწყო შემთხვევათა რაოდენობის მატება და რეგისტრირებული იყო 81 შემთხვევა (“კახეთის საინფორმაციო ცენტრი”. 27 სექტემბერი, 2013 წ.).
* 2001 წლის სექტემბერში აშშ-ის რამდენიმე ოფისმა და დემოკრატიული პარტიის ორმა წარმომადგენელმა მიიღეს წერილები, რომლებიც შეიცავდა ციმბირის წყლულის ბაცილებს. დაავადდა 17 ადამიანი, მათგან 5 დაიღუპა.
* 2016 წელს საქართველოში ე.წ. ღორის გრიპის 115 შემთხვევა აღირიცხა.
* 2011-2013 წლებში რუსეთში ციმბირის წყლულის დაავადების 17 შემთხვევა იყო რეგისტრირებული, ბელარუსში _ არც ერთი (ბოლო 17 წლის განმავლობაში), ყირგიზეთში 2012 წელს _ 9, მოლდოვაში 2013 წელს _ 4, ტაჯიკეთში 2013 წელს _ 18, სომხეთში _ 13.
აშშ-ის სამხედრო უწყების დაფინანსებით, ევრაზიაში ბიოლოგიური ლაბორატორიების მშენებლობა მოწმობს, რომ აშშ-ს უარი არ უთქვამს ბიოლოგიური იარაღის (ბიოლოგიური ან ბაქტეოროლოგიური იარაღი _ ეს არის მასობრივი განადგურების იარაღი, რომელიც მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალას ანადგურებს ინფრასტრუქტურის დაუნგრევლად. ბიოლოგიურ იარაღს მიეკუთვნება ენტომოლოგიური იარაღი ინფიცირებული მწერების გამოყენებით) შექმნის პროგრამაზე.
აღსანიშნავია, რომ აშშ–ის დაავადებებზე კონტროლის ცენტრმა (CENTER FOR DISEASE CONTROL) 1994 წლის მაისში აღიარა ბიოლოგიური იარაღის შექმნაში უშუალო მონაწილეობა. ეს ორგანიზაცია 1984-1989 წლებში ერაყში სამხედრო ოპერაციებისთვის ამზადებდა ისეთ აგენტებს, როგორიც არის ბოტულოტოქსინები, დასავლეთი ნილოსის ციებ–ცხელების ვირუსები, ჭირისა და დენგეს ციებ–ცხელების გამომწვევები. აშშ–ის დაავადებებზე კონტროლის ცენტრი თავის ლაბორატორიებში დღემდე ინახავს ყვავილის გამომწვევებს, რომლებიც გასული საუკუნის ბოლოს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გაანადგურეს.
და, თუ ყურადღებას არ მივაქცევთ პოპულარულ ვერსიას ბიოლოგიური იარაღის შესახებ და ვიტყვით, რომ ამერიკელები უცხო სახელმწიფოების მოსახლეობის “სიყვარულითა” და “მშვიდობიანი მიზნებით” აშენებენ ბიოლოგიურ ლაბორატორიას არა თავიანთ, არამედ სხვის ტერიტორიებზე, მაინც შეიძლება ითქვას, რომ ვაშინგტონის “ბიოლოგიური მოღვაწეობა” სახიფათო ვირუსების უკონტროლო გავრცელების საფრთხეს ქმნის, რასაც ადასტურებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ადამიანებისა და ცხოველების აქამდე “ჩუმად მყოფი” დაავადებების მოულოდნელი აფეთქებები.
მოამზადა
ნიკა კორინთელმა
P.S 2017 წელს აშშ აზერბაიჯანში კიდევ ერთ ბიოლოგიურ ლაბორატორიას გახსნას აპირებს, ამჯერად _ უსაფრრთხოების მესამე დონის, რომელიც განსაკუთრებით სახიფათო ბაქტერიებსა და ვირუსებთან მუშაობას გულისხმობს.
ცნობისთვის: ციმბირის წყლული, ანუ ჯილეხი (ანტრაქსი, ხუზარა) ცხოველებისა და ადამიანის მწვავე ბაქტერიული დაავადებაა, რომელსაც იწვევს ბაცილა (Bაacillus antracis). ადამიანის დასნებოვნება ხდება დაავადებულ ცხოველთან კონტაქტით (შეხებით, შესუნთქვით) ან ასეთი ხორცის საკვებად გამოყენების შემთხვევაში. დაავადება შეიძლება გადაიტანოს სისხლისმწოველმა მწერებმა. დაავადება აზიანებს კანს, ლიმფურ ჯირკვლებს, შინაგან ორგანოებს. ციმბირის სპორები ნიადაგში წლობით ცოცხლობს. მაგალითად, საძოვარზე, რომელიც დაბინძურებულია დასნეულებული ცხოველის შარდით.