მსოფლიოში COVID-19-ის ფართოდ გავრცელებამ არა მხოლოდ ინფიცირების საშიშროების წინაშე დააყენა ადამიანები და სიკვდილისთვის თვალებში ჩაახედა, არამედ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის საფრთხეც შექმნა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში იმაზე გაცილებით მეტი ადამიანი იშიმშილებს, ვიდრე აქამდე შიმშილობდა. არავინ იცის, როდემდე, მაგრამ მოგვიწევს ბრძოლა ორი მიმართულებით _ როგორც მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის, ასევე ეკონომიკის გადასარჩენად.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ეკონომიკის ამოქმედების 6-ეტაპიანი გეგმა და ამ გეგმაში #1 ტურიზმის ხელშეწყობაა.
გენიალურად უთქვამს ვაჟა-ფშაველას: “აზრის წარმოთქმა რომელიმე საგანზე თვით საგნის შეუსწავლელად და შეუგნებლად მხოლოდ რეგვენს ადამიანს შეუძლიაო”, ამიტომ ჩვენ იმის “გასინჯვაში არ შევალთ”, რატომაა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის უმთავრესი ტურიზმი, უბრალოდ, ისევ ერის მამას დავეკითხებით ჭკუას და მის ნააზრევში ვიპოვით იმ კითხვის პასუხს, რომელიც დღეს ყველა ნორმალურ ადამიანს აფიქრებს.
დღეს გაოცებას იწვევს, საქართველოს ერთმა მუჭა ხალხმა, რომელიც გამუდმებით “თითქმის ქუდზედ კაცად უნდა მდგარიყო იარაღით ხელში, რომ მტრისაგან მტვრად არ აღგვილიყო”, როგორ გაუძლო ამისთანა ყოფას, “რა ჰკვებავდა ხალხსა, რა ქონებით უძღვებოდა ამოდენა ომებსა და სისხლის ღვრასა? …საზრდოებას ვინ აძლევდა და რა აძლევდა?”
“უეჭველია, ჩვენი უწინდელი ეკონომიური წყობაო”, _ დარწმუნებით ამბობს ილია მართალი და თავის თანამედროვეთ ეკონომიკის აღორძინების აუცილებლობაზე ესაუბრება.
1882 წლის ივლის-აგვისტოში ილია გაზეთ “ივერიაში” აქვეყნებს რიგით XVI შინაურ მიმოხილვას, რომელშიც საუბრობს მიწათმოქმედების წარმატებაზე და თან კონკრეტული მაგალითებით ასაბუთებს თავის მოსაზრებას, რომ ერის ერობა მარტო მიწასა და გუთანზეა დამოკიდებული, ხოლო ვაჭრობაზე საუბრისას ხაზს უსვამს, რომ “ვაჭრობა არც ერის სიმდიდრის გაძლიერებაში არის თვითმომქმედი მონაწილე. მაშასადამე, იგი, როგორც საპოლიტიკო, ისეც საეკონომიო საქმეებში მუდამ სხვის მაყურებელია, სხვის პირში მაცქერალი… იმ ერზედ არის დამოკიდებული, რომელსაც შეჰკედლებია და რომელსაც ხელთ უპყრია მიწა და გუთანი”. ილიას ლოგიკით, იგივე შეიძლება ითქვას ტურიზმზეც, ცხადია, თუ საქართველოში სოფლის მეურნეობა არ აყვავდება, არ ვაწარმოებთ ჩვენთვის საჭირო სარჩო-საბადებლის მნიშვნელოვან ნაწილს და სხვისი ხელის შემყურენი ვიქნებით, რა გარანტია გვაქვს, ის, ვისაც თავისი გასჭირვებია, ცარიელ ხელში რამეს ჩაგვიდებს?! თუ სხვა ქვეყნების მოსახლეობა უნდა გაისარჯოს, შექმნას სურსათის დოვლათი, ჩვენ რა, ლუარსაბივით მხარ-თეძოზე წამოწოლილი ხომ არ დაველოდებით, მოგვყიდის რამეს თუ არა? და რომ არ ან ვერ მოგვყიდოს, მაშინ? “მაშინ რასა ვიქმთ?”
ამიტომ “საქმე მიწაა და გუთანი”, “სხვა ყოველივე ფუჭია და წარმავალი”.
ილია ჭავჭავაძის გზას თუ მივუყვებით, უპირველესად სოფელი უნდა გავაძლიეროთ და მერე _ სხვა დანარჩენი. საბედნიეროდ, წარსულს ჩაბარდა ის დრო, მიწა უპრობლემოდ რომ იყიდებოდა უცხოელებზე. დღეს სოფლის მეურნეობის დახმარების პაკეტით უკვე სარგებლობენ ფერმერები. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს სწორედ ის პაკეტია, რომელიც სოფელს გამოაცოცხლებს და ქვეყნის ეკონომიკასაც დაატყობს ხელს.
აი რას წერს ერის მამა ძველი საქართველოს ეკონომიკური წყობის შესახებ 1880 წელს:
“ჩვენის ხალხისა და ქვეყნის ისტორია მეტად ბნელია და შეუმუშავებელი. ჩვენს ისტორიაში ან სულ არ არის ფაქტები ჩვენის ხალხის ცხოვრების შესახებ და, თუ არის კანტი-კუნტად სადმე, ისიც მეტად საეჭვოა. ჩვენ ვამბობთ მარტო იმისთანა ფაქტების თაობაზედ, რომელშიც ერთობ ხალხი იჩენს თავის-თავსა, თავის თვისებასა, თავის მონაწილეობასა ისტორიაში.
ერთის სიტყვით, ჩვენის შიდა-ცხოვრების ისტორია ჯერ ფარდა-აუხდელია და უცნობი ჩვენგან. ჩვენი “ქართლის ცხოვრება” ხალხის ისტორია კი არ არის, მეფეთა ისტორიაა, და ხალხი კი, როგორც მომქმედი პირი ისტორიისა, ჩრდილშია მიყენებული. თითქო ხალხის ისტორიის შესამეცნებლად საკმაოა კაცმა იცოდეს მარტო მეფეთა ისტორია. თვითონ მეფეთა მოქმედებაც ნაჩვენებია საგარეო საქმეთა შესახებ და არა შესახებ შიდა-საქმეთა.
ამის გამო არც ერთი უეჭველი საბუთი არ უდევს სარჩულად არც ერთს ისტორიულ ფაქტს ჩვენის ხალხის ცხოვრებისას.
თუმცა ასე, მაგრამ არის ერთი იმისთანა ისტორიული მოვლენა, რომელსაც ვერავინ უარს ვერა ჰყოფს და რომელიც დღესაც უკვირს ყველას, ვისაც კი ამ მოვლენისათვის თვალი დაუკვირვებია. უეჭველია, რომ ჩვენს ხალხს ორი ათასი წელიწადი უცხოვრია თავისის ცხოვრებითა და თვითმოქმედებითა.
უეჭველია, რომ ამ ორი ათას წელს იმისთანა ხანა ისტორიისა არ დასდგომია, რომ მტრისაგან მოსვენებული ყოფილიყოს ზედ–მიყოლებით და გაუწყვეტლივ ასი წელიწადი მაინც ერთად.
საქართველო დღე–და–ღამ იარაღით ხელში იდგა, მტერი ყოველ მხრიდამ მოწოლილი იყო. ჩვენი ხალხი თითქმის ორი ათასი წელიწადი იბრძოდა, ომობდა, სისხლსა ღვრიდა, და ბოლოს მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს თვითმყოფობითი სული ისე დალია, რომ ჩვენს ქვეყანას არავისი ვალი და ვახში არ დასდებია.
ვსთქვათ, მკლავმა და გულმა შესძლო ეს გოლიათობა, საკვირველი ეს არის _ რა ქონებამ გაუძლო ამისთანა ყოფასა? რა ჰკვებავდა ხალხსა, რა ქონებით უძღვებოდა ამოდენა ომებსა და სისხლის ღვრასა? ეს ერთი მუჭა ხალხი თითქმის ქუდზედ კაცად უნდა მდგარიყო იარაღით ხელში, რომ მტრისაგან მტვრად არ აღგვილიყო, _ და საზრდოებას ვინ აძლევდა და რას აძლევდა?
ყოველს ამ საგანზედ უეჭველი და გულდადებითი პასუხი მეტად ძნელია. ამ შემთხვევაში ჩვენი “ქართლის ცხოვრება” ხელს ვერაფრით შეგვიწყობს. ერთს იმისთანას არას გვანიშნებს, რომ საბუთად ვიხმაროთ უეჭველის დასკვნისათვის. მხოლოდ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამისი პასუხი ჩვენს ეკონომიურს აგებულებასა და წყობაში უნდა მოინახებოდეს. უეჭველია, ჩვენი უწინდელი ეკონომიური წყობა ისეთი ყოფილა, რომ ხალხს იქიდამ ჰქონია ის ქონებითი ძალ–ღონე, რომლითაც იგი გასძღოლია ამოდენა ვაი–ვაგლახსა და ომებსა ამოდენა ხნის განმავლობაში. აი, საგანი ღირს შესანიშნავი და მეტად საინტერესო გამოსაკვლევად. ეს საგანი რომ თვალ–წინ ჰქონდეს ჩვენს ეხლანდელს მეისტორიეს, ამ საგანზედ რომ უეჭველი პასუხი მოგვცეს ვინმემ, ბევრს ნათელს მოჰფენდა აწმყოსა და მომავალსაც გზას გაუნათებდა. ჩვენგან დიდი კადნიერება იქნებოდა, რომ ამ მძიმე საქმის გამოკვლევას შევსდგომოდით გაზეთის მოკლე წერილშია. სწორედ მოგახსენოთ, ამისათვის არც მომზადება გვაქვს და არც საჭირო წყარო. ხოლო ფიქრად მოგვდის ორიოდე აზრი, ისიც ვარაუდობით ცნობილი, და ვგონებთ მეტი არ იყოს ის ორიოდე აზრი მკითხველსაც გავუზიაროთ.
ჩვენა გვგონია, სიკეთე ჩვენის ეკონომიურის აგებულებისა და წყობისა იმაში ყოფილა, რომ მიწა, ესე იგი მამულ–დედული, ცოტად თუ ბევრად უფრო სამართლიანად მორიგებული ყოფილა ჩვენს ხალხში, ვიდრე სადმე სხვაგან. საკვირველია, რომ დღეს–აქამომდე უმამულო, უბინაო კაცი ჩვენში თითქმის არსად არ მოიძევება. ამისთანა წყობამ მიჰმართა უსათუოდ ჩვენი ხალხი მიწათმოქმედებას, რომელიც უფრო დაუშრომელი და მკვიდრი წყაროა ხალხისა და ქვეყნის საზრდოებისათვის, ვიდრე სხვა რამ. ხსნა ჩვენის ქვეყნისა ამ წყობაში უნდა ყოფილიყო, და ვიდრე ამ წყობას უფრთხილდებოდნენ ჩვენი მეფეები, იმ დრომდე ქვეყანა ჩვენი ღონიერი ყოფილა და გასძღოლია მტერს ასე თუ ისე.
სიფრთხილე რაში უნდა აღმოჩენილიყო?
ჩვენს ეკონომიურს წყობაში ორ-გვარი მდინარეობა იყო, როგორც ყველგან სხვაგან: ერთი სამსოფლო და მეორე საკომლო. პირველი მიიზიდებოდა ისე, რომ სოფლის წრეში ყოფილი მამულები, მიწა, მინდორი, ტყე, _ საზოგადო, სამსოფლო ხმარებაში ყოფილიყო; მეორე ისე, რომ ყოველივე ეგენი განსაკუთრებულიყო. თუ საკომლო ფეხს დაიდგამდა და გავრცელდებოდა, მაშინ განსაკუთრებას მიწისას და, მაშასადამე, უსწორ–მასწორობას მიწისმფლობელობაში ფართო გზა გაეხსნებოდა, და თუ სამსოფლო გაძლიერდებოდა _ მაშინ იმ უსწორ–მასწორობას გზა შეეკვროდა.
აქედამ ცხადია, ჩვენი მეფეები რას უნდა გაჰფრთხილებოდნენ. როგორც ეტყობა, უფრთხილდებოდნენ კიდეც, თუ არ მეფენი, თითონ ხალხი მაინცა. ეს იქიდამა სჩანს, რომ ჩვეულებამ ფრთა შეაკვეცა საკომლო განვითარებას, რადგანაც ყველგან საკომლო განსაზღვრული იყო ზოგან ოცის დღიურითა, ზოგან ორმოცის დღიურითა, მამულების ნოყიერებისა გვარად. ასე რომ ერთ კომლს სოფელში ჩვეულებით დადგენილზედ მეტი არ შეეძლო მამულები დაეჭირა. ტყისა და მინდვრის განსაკუთრება ხომ ყოვლად შეუძლებელი იყო და დღესაც აქამომდე ჩვენის ხალხის გონებაში ვერა თავსდება ის აზრი, რომ ტყე და მინდორი საკუთრება იყოს ვისიმე და არა სამსოფლო.
ბოლოს-და-ბოლოს ამ უკეთეს მხარეს ჩვენის ეკონომიური წყობისა ყური აღარ ათხოვეს; გაიდგა ფეხი განსაკუთრებამ და კომლეულობამ, ჩამოვარდა უსწორ-მასწორობა მიწის მფლობელობაში, არამც თუ კომლთა შორისაც, არამედ სოფელთა შორისაც. არიან ეხლა იმისთანა კომლეულნი გლეხთა შორის, რომელთაც დაუპყრიათ სოფლის მამულები ასის, ორასის დღისა, და რომელთაც თავისი ხიზნები ჰყავთ, ყმებზედ უარესად შეწუხებულნი. არიან იმისთანა სოფლებიცა, ოთხი-ხუთი კომლია, და ხუთას-ექვსასი დღის სამსოფლო მამულები აქვთ, მაშინ, როდესაც მათ გვერდით სხვა სოფელია, საცა მიწა ენატრებათ და არ იციან ვიწროობისა გამო, რა ქნან და საით წავიდნენ” (ძველი საქართველოს ეკონომიური წყობის შესახებ, 1880 წ.).
“ჩვენი ძალ-ღონე, ჩვენის ცხოვრების და ვინაობის ბურჯი, ჩვენი მკვიდრი და უტყუარი შემნახველი, ჩვენი სიკეთე და სიმდიდრე მიწა და გუთანია. რომელს ერსაც ეს ორი საგანი ხელთ შერჩენია, იმას თავი იმოდენად კიდევ შეუნახავს, რომ შეუძლიან თავმოწონებით სთქვას: მე ერი ვარ და მკვიდრი ბინა მაქვს სადღეისოდაც და სამერმისოდაც. სხვა ყოველივე ფუჭია და წარმავალი, ვერც ერის ვინაობას დაედება საძირკვლად და ვერც ერთი ჯიშის, ერთის სისხლისა და ხორცის ადამიანთ თავს ერთად მოუყრის და ვერც ერად შეჰქმნის. საქმე მიწაა და გუთანი.
აბა მიიხედ–მოიხედეთ და ნახავთ, რომ მთელი განათლებული ევროპა, მთელნი დიდებულნი მესვეურნი კაცობრიობის წარმატებისა _ იღვწიან, სისხლსა ღვრიან, რომ მიწა, ეგ მუქთი, ბუნებისაგან მონიჭებული კუთვნილება ყოველის ადამიანისა, შეძლებისამებრ _ თანასწორად მორიგებულ ჰქონდეს ყოველს მკვიდრს მცხოვრებსა. რომელმა ერმაც ეს ვერ მოახერხა, ამ ყუაზედ გასულს ტკივილს ყოველის საზოგადოებისას წამალი ვერ დასდვა, _ მიწასთან გასწორდა, გაქარწყლდა და მტვრად აიგავა. დიდს ისრაილს, დიდს საბერძნეთს, დიდს რომს ამითი მოეღო ბოლო.
ვაჭრობაც, რასაკვირველია, საჭიროა ერის ცხოვრებისათვის, იმოდენად, რამოდენადაც იგი ეზიდება საქონელს იქიდამ, საცა მეტია, იქ _ საცა უჭირთ და ამ გზით შველის სიმდიდრის მოფენას და მორიგებას ყოველგან. ხოლო ვაჭრობა, წესიერადაც გაწყობილი, ამის მეტს სამსახურს ვერ გაუწევს ადამიანსა, და ბუნებითად იმისთანა რამ არის, რომ ერთს ბინაზედ არ აყენებს კაცს; საცა გამორჩომაა და ხეირი, იქ არის იმისი მამული, იმისი მიწა-წყალი. ამიტომაც ერი, მარტო ვაჭრობაზედ მიქცეული, დარღვეულია, გაქსუებული, გაფანტული. ამისთანანი არიან ებრაელნი და სხვანი, მარტო ვაჭრობაზედ დანდობილნი და მიჩემებულნი. ამისთანა ერს აუცილებელ ბედად ის უწერია, რომ სხვის კედლად უნდა იყოს, სხვა ერს შეეხიზნოს, სხვისით იცხოვროს. ამიტომაც საპოლიტიკო მოქმედებისათვის იგი ღონე–მოკლებულია, ერად ყოფნობისათვის ნიადაგი არა აქვს და ხელცარიელია, თუნდაც ჯიბეები ოქროებით ჰქონდეს გატენილი. ამისთანა ერის ეკონომიური ყოფა–ცხოვრებაც იმ ერზედ არის დამოკიდებული, რომელსაც შეჰკედლებია და რომელსაც ხელთ უპყრია მიწა და გუთანი, იმიტომ, რომ ვაჭრობა არა ჰქმნის სიმდიდრესა; მას მარტო ერთის ადგილიდამ მოჭარბებული სიმდიდრე გადააქვს მეორე ადგილას, საცა ნაკლებია, და ამ გადატან-გადმოტანაში თავის გასამრჯელოდ დოიაქს იღებს იქიდამაც _ საიდამაც გადააქვს და იქიდამაც _ საცა მიაქვს. ამ სახით, ვაჭრობა არც ერის სიმდიდრის გაძლიერებაში არის თვითმომქმედი მონაწილე, მაშასადამე, იგი, როგორც საპოლიტიკო, ისეც საეკონომიო საქმეებში, მუდამ სხვის მაყურებელია, სხვის პირში მაცქერალი, და ნამდვილ განათლებულ ვაჭარს ყოველთვის წინ გამოსახული ისა აქვს, რომ მისი კეთილდღეობა იმ ერის ბედთან არის შეხორცებული, რომელსაც შეჰხიზნებია. ამიტომაც იგი არ ერიდება და თავისად მიაჩნია იმ ერის ჭირიცა და ლხინიცა. საცა ამ დონეზე ვაჭარი არ დამდგარა, საცა გულში ჩაუდვია მარტო თავისი გამდიდრება იმ გზით, რომ ერი გააღარიბოს, იქ ვაჭარი თვალში ეკლად უჩანთ.
უცხო თესლის ვაჭარი სტუმარია მკვიდრის ერისა, სტუმარმა მასპინძელს არასოდეს არ უნდა გაუბედოს, აქაურობის პატრონობა მე მინდაო. შეიძლება სტუმარი ძმად მიითვისოს კაცმა, მაგრამ მის ბატონად გახდომას–კი მოკვდება და არ იკადრებს. ადამიანსა ცალკედ და ერს საერთოდ, რაც უნდა უკან დაწეული იყოს, ვიდრე პირში სული უდგას, ჯიგართან იმისთანა ძაფები აქვს სხვათა შორის, რომელთ ხელის ხლებაც მეტად საფრთხილოა და საშიშარი. შინაურია, თუ გარეული, უნდა ერიდოს მაგ ძაფების წარამარად ხელის ხლებას. ამისთანა რჩევას ამაო დიდგულობა კი არ იძლევა, არამედ ძმური გრძნობა და სიყვარული. ყველამ იქაური ქუდი უნდა დაიხუროს, საცა შეეხიზნება, იქაური ჭირი და ლხინი გაიზიაროს, იქაურებთან ერთად ჩაებას ცხოვრების მძიმე უღელში და საერთო კეთილისათვის იღვაწოს. სხვა გზა, სხვა ფარ–ხმალი ტყუილ–უბრალო გულის ფხანაა და მცონარე ენის ქავილია. სხვა რაღაცაების მოიმედე _ ტყუილად ატყუებს თავის-თავსაც და სხვასაცა. მის იმედებს დიდი მანძილი არა აქვს და არც თავის-დღეში ექნება. ისტორია მარტო იმ ერს ეკითხება, რომელსაც მიწაზედ ფეხი უდგას და ხელი გუთანს უვლია. თავდაპირველი შემომქმედი ეროვნობისა და ერის სიმდიდრისა მარტო გუთანი და მიწა ყოფილა და იქნება კიდეც. რადგანაც ისტორიას და ჩვენთა მამა–პაპათა მხნეობას და თავგანწირვას ეს ორი ძვირფასი განძი ჩვენთვის შეურჩენია, რადგანაც საპოლიტიკო და საეკონომიო ყოფა–ცხოვრება ამ ორის საგნით სულდგმულობს, ამიტომაც ყოველი წარმატება, ყოველი წინ წადგმული ბიჯი ამ ორ საგნის მიმართ ჩვენთვის დიდის ყურადღების ღირსი უნდა იყოს.
მიწისა და გუთნის შესახებ წარმატება სამის სხვადასხვა გზით შესაძლებელია. ერთი იმ გზით, როცა მეცადინეობა მიქცეულია მასზედ, რომ მიწა იმოდენად შეკეთდეს, რომ, რაც შეიძლება დიდი გამოსავალი მისცეს მშრომელსა. მეორე იმ გზით, რომ თუმცა მიწის გამოსავალი იმავე ზომით იყოს, მხოლოდ მისის შემუშავების ხარჯი _ რაც შეიძლება _ შემოკლდეს. მესამე იმ გზით, რომ ეს ორივე ღონე ერთად მიქცეული იყოს მიწის სამოქმედოდ. ყველაზედ სრული მიწათ-მოქმედება ამ უკანასკნელ გზაზედ დგას. ამისი მაგალითი ბელგიაა, ინგლისი და ამერიკის ჩრდილოეთის შტატები. ჩვენში პირველის გზით ჯერ არავინ დაიარება, მხოლოდ მეორე გზაზედ კი ზოგიერთი მემამულე ამ მოკლე ხანში დადგა, და მესამე გზისა-კი ჯერ სრულებით ვიწრო ბილიკიც არ არის გატარებული. ჩვენ დღეს გვინდა, ამ მეორე გზაზედ დამდგარს მიწათ-მომქმედებს თვალი ავადევნოთ და ამისათვის სახეში გვაქვს იმისთანა მაგალითები, რომელნიც ჩვენის საკუთარის თვალით ნახულია ერთს მამულში ქალაქის ახლო.
დიდი ხარჯი საკუთრივ მიწათ–მოქმედებისა სამგვარია: ერთი ხვნისა, მეორე მკისა და მესამე ლეწვისა”.
შემდეგ ილიას კონკრეტულად აქვს დაანგარიშებული მიწის დამუშავების, დათესვისა და მოსავლის აღების ხარჯები. გასაოცარია მისი კომპეტენტურობა ამ საკითხშიც, როცა ის ხარჯების შემცირების გზებზე საუბრობს: “სხვა-გვარი გუთანი უნდა შემოღებულ იქმნას, იმისთანა გუთანი, რომელმაც ჩვენის მიწის შესაფერი სამსახური გაგვიწიოს, არც ძალიან ძვირი იყოს და არც ისეთი რთული, რომ გატეხის და მოშლის შემდეგ ძნელად გაკეთდეს და გაიმართოს”. იმ პერიოდში, როცა სოფლის მეურნეობის გასავითარებლად საქართველოში მეურნეს ძნელად მიუწვდებოდა ხელი ტექნიკაზე, რაც დარგის განვითარების უმთავრესი შემაფერხებელი ფაქტორი იყო, ილია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ევროპიდან შემოტანის აუცილებლობაზე ამახვილებდა ყურადღებას. მხოლოდ მაშინ “ეს გზა მიწათ-მოქმედობის წარმატებისა” კარგად გაიჭრება და გაიკვალებაო. “გლეხები ამბობენ, რომ მკა და ლეწვა რომ ეგრე გაადვილდეს, დიდძალი ხალხი ხელს მოჰკიდებს ხვნასაო, და ვინც აქამომდე ერთს დღიურს ხნავდაო, ის ერთი-ორად, ერთი-სამად მოხნავსო, რადგანაც ამ წყეულ კალოს და მკასა იმოდენა ხარჯსა და დროს აღარ მოანდომებსო. მართალია, მიწები დაძვირდებაო, მაგრამ ეგეთი გაადვილებული მკა და ლეწვა მიწის სიძვირეს ადვილად აგვატანინებსო. ერთი-ორად რომ მეტი მიწა შემუშავდეს მაინც ჩვენს ქვეყანაში პურისა და სხვა ამ-გვარის მოსაყვანად, მაშინ ჩვენი ქვეყანა არამც თუ პურს და ქერს სხვიდამ მოიტანს, არამედ თითონ უწილადებს სხვასაცა”.
დღეს საუბარია საკუთარი თავის გამოსაკვები პროდუქტის წარმოებაზე. ღმერთმა ინება და, საბედნიეროდ, ჩვენი მიწა ნაყოფიერია, თუ მზრუნველი პატრონის ხელი მიხედავს, ისიც არ გააწბილებს _ ხვავითა და ბარაქით აუვსებს ბეღელსა თუ მარანს. ფაქტი სახეზე გვაქვს _ უახლოეს წარსულში უკვე ვნახეთ საქართველოში ჩამოსახლებულმა გადამთიელებმა ჩვენზე უკეთ როგორ იხეირეს ჩვენი მიწის სიკეთით, ჩვენ კი შორიდან ვუყურებდით, როგორ მდიდრდებოდნენ და მკვიდრდებოდნენ ჩინელები, პაკისტანელები, ინდოელები თუ სხვები ქართველი კაცის ნასახლარზე. ილიამ _ “სტუმარმა მასპინძელს არასოდეს არ უნდა გაუბედოს, აქაურობის პატრონობა მე მინდაო. შეიძლება სტუმარი ძმად მიითვისოს კაცმა, მაგრამ მის ბატონად გახდომას–კი მოკვდება და არ იკადრებსო”, მაგრამ გაგვიბედეს და ჩვენც გამოვფხიზლდით სწორედ იმის წყალობით, რაზეც ილია ამბობდა: “ადამიანსა ცალკედ და ერს საერთოდ, რაც უნდა უკან დაწეული იყოს, ვიდრე პირში სული უდგას, ჯიგართან იმისთანა ძაფები აქვს სხვათა შორის, რომელთ ხელის ხლებაც მეტად საფრთხილოა და საშიშარი”. საბედნიეროდ, ვერც დრომ და ვერც მტერმა ეს “ძაფები” ქართველებს ვერ გაგვიწყვიტა.
რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე