Home რუბრიკები პოლიტიკა უოლკერი თბილისში და სუბმარინის აჩრდილი ანაკლიაში

უოლკერი თბილისში და სუბმარინის აჩრდილი ანაკლიაში

1474
ბიძინა ივანიშვილი

ხელისუფლების ერთგულმა კომენტატორებმა საქართველოში კურტ უოლკერის ვიზიტს მცირე ყურადღება დაუთმეს. სამაგიეროდ, “რუსთავი 2”-მა მიუძღვნა აშშის სახელმწიფო მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჩამოსვლას ვრცელი სიუჟეტი. მასში ნათქვამი იყო, რომ უოლკერმა საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა. რისთვის ჩამოვიდა ამერიკელი მაღალჩინოსანი და ჰქონდა თუ არა მის ვიზიტს რაიმე კავშირი ანაკლიის პორტის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან?

უოლკერი “შუშის სასახლეში” ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად მივიდა. ამ დეტალმა გარკვეული ეჭვი გააჩინა. როგორც წესი, აშშ-ის ოფიციალური პირები არ ხვდებიან ივანიშვილს, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს. ამერიკელები დროდადრო აკრიტიკებენ ივანიშვილს არაფორმალური მმართველობის სისტემის შექმნის გამო და არ სურთ, მოეპყრონ მას, როგორც ქვეყნის უმაღლეს მმართველს. ამგვარად, შეხვედრა შეიძლებოდა ორ შემთხვევაში შემდგარიყო: 1. თუ ვაშინგტონი გადაწყვეტდა, რომ მისი გზავნილი პირადად ბიძინა ივანიშვილს უნდა მიეღო; 2. თუ მამუკა ბახტაძე და სხვა ქართველი მაღალჩინოსნები ჩათვლიდნენ, რომ განხილულ თემებზე მოლაპარაკების გასამართავად მათი (რეალური და არა ფორმალური) უფლებამოსილება არასაკმარისია.

 

კურტ უოლკერი
კურტ უოლკერი

უოლკერის კომენტარებიდან განსაკუთრებული რეზონანსი შემდეგ რეპლიკას მოჰყვა: ანაკლიის პორტი, პირველ რიგში, საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებშია. როდესაც ვფიქრობთ ქვეყნის უსაფრთხოებაზე, რაღა თქმა უნდა, იგულისხმება სამხედრო უსაფრთხოება, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანია დემოკრატიის გაძლიერება, რეფორმები, ეკონომიკის ზრდა, ტვირთების გადაზიდვა, ვაჭრობა. შესაბამისად, ამ პორტს აქვს პოტენციალი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყოს საქართველოს მომავლისა და უსაფრთხოებისთვის. თქვენ ახსენეთ ამ პროექტში ჩართული ამერიკული კომპანიები. ვაშინგტონს არ აქვს რაიმე განსაკუთრებული ინტერესი ანაკლიის მიმართ, ჩვენ გვსურს, საქართველო იყოს წარმატებული, პროგრესული და დაცული ქვეყანა. ამ პროექტს შეუძლია ამ ყველაფერს ხელი შეუწყოს (“რუსთავი 2”). მან ყურადღება შეაჩერა რუსეთის ეჭვზე, რომ ამერიკულმა სუბმარინებმა შეიძლება ახალი პორტით ისარგებლონ: პორტი თავისთავად ნიშნავს, რომ უნდა მიიღოს გემებიც და წყალქვეშა ნავებიც. ამაში ახალი არაფერია”; და იმედი გამოთქვა, რომ პროექტი წინ წავა. ეს საქართველოს ინტერესებშია. რადგან ყველა მხარეს სურს, დარწმუნებული ვარ, ქართველები ამ პროექტის განხორციელების გზას გამოძებნიან”.

ეს ბოლო მონაკვეთი დაკვირვებას საჭიროებს. მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება პროექტის განხორციელებაში ხელს უშლის. ხელისუფლება, თავის მხრივ, ამბობს, რომ ანაკლიის კონსორციუმი ფულის მოზიდვასა და აღებული ვალდებულებების შესრულებას ვერ ახერხებს. ხაზარაძე კი მიუთითებს, რომ ამის მთავარი მიზეზი ხელისუფლების ზემოქმედებაა. საბოლოო ჯამში, უოლკერის მიერ ნახსენები “გზის გამოძებნა” მთავრობისთვის შეიძლება ნიშნავდეს უცხოური ბანკებისა და ინვესტორებისთვის დამატებითი გარანტიების შექმნას, საკუთარ თავზე ახალი ვალდებულებების აღებას, რაც ცოცხალი თავით არ სურს, მითუმეტეს, თუ პროექტს კვლავ ხაზარაძე და მასთან დაკავშირებული პირები უხელმძღვანელებენ. ეს “ქართული ოცნებისთვის” მარცხის აღიარების ტოლფასი იქნება.

დღეს მედიასა და სოცქსელებში ანაკლიის პროექტის შეფერხების სამი ძირითადი ვერსია განიხილება:

პირველის თანახმად, პრობლემების სათავე ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებაა, რომელსაც თითქოს სურს, შური იძიოს ხაზარაძეზე, მას მომგებიანი ბიზნეს-პროექტი წაართვას და ა. შ.

მეორე ვერსიის თანახმად, რომელსაც, ძირითადად, ნაციონალები ავრცელებენ, ივანიშვილი პუტინის დაკვეთას ასრულებს და ძირავს პროექტს, რომლის რეალიზება, უპირველესად, ამერიკელებს სურთ.

მესამე ვერსიის თანახმად, ხელისუფლებას, უბრალოდ, ეშინია, რომ მას დააზარალებს ამერიკული და რუსული ინტერესების გადაკვეთა ანაკლიაში; შესაბამისად, სურს, საქმეში ჩინელები შემოიყვანოს, დაპირისპირება შეარბილოს და პროექტს სუფთა ეკონომიკური ხასიათი მისცეს ან კიდევ ნელ-ნელა, ჩუმი საბოტაჟით მისი რეალიზაცია გაწელოს, მომავლისთვის გადადოს. კურტ უოლკერის კომენტარით თუ ვიმსჯელებთ, აშშ ამ პროექტის რეალიზაციას მხარს უჭერს, მეტიც, იქ წყალქვეშა ნავების შესვლასაც არ გამორიცხავს.

საზოგადოდ, წყალქვეშა ნავების ოპერაციები კონფლიქტის ზონიდან 5 კილომეტრში ორ დიდ სახელმწიფოს შორის ესკალაციის საფრთხეს მკვეთრად გაზრდის. ამგვარად, ფიქრი იმაზე, რომ ანაკლიაში ამერიკული სუბმარინების ბაზა განთავსდება, დღევანდელ მოცემულობაში ნაადრევია, მაგრამ პროექტი, რომლის ფარგლებში ანაკლიამ შეიძლება განსაკუთრებული სამხედრო მნიშვნელობა შეიძინოს, ნამდვილად არსებობს.

კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, “ანაკლიაში იქმნება განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა, რომელშიც ვრცელდება სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი”. ახალი პორტისა და მიმდებარე ტერიტორიის განსაკუთრებული სტატუსი ხელისუფლებას შესაძლებლობას აძლევს, განავითაროს უსაფრთხოების განსაკუთრებული გარანტიების შექმნის იდეა, მითუმეტეს, რომ მალე შავ ზღვაში, დიდი ალბათობით, გამოჩნდება ძალა, რომელსაც შეეძლება, დახმარებისთვის მიმართოს.

2016 წელს რუმინეთმა შავ ზღვაში ნატოს მუდმივი საზღვაო დაჯგუფების განლაგების ინიციატივა გაასაჯაროა. ეს იდეა ალიანსის გეგმებში ჯერჯერობით არ ასახულა, უპირველესად, აშშ-ისა და თურქეთის უთანხმოების გამო, თუმცა მუშაობა ამ მიმართულებით გრძელდება. გასული წლის აგვისტოში ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრემიერმინისტრ ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ თქვა: ჩვენ ვისაუბრეთ შავი ზღვის ფარგლებში უსაფრთხოების სამხედრო თანამშრომლობის შესახებ, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს რეგიონში”.

ამავე პერიოდში, 18 ივლისს, რუსეთის ელჩებისა და მუდმივი წარმომადგენლების თათბირზე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა: აგრესიულ ნაბიჯებზე, რომლებიც რუსეთს პირდაპირ საფრთხეს უქმნიან, შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ. ჩვენს კოლეგებს, რომლებიც გამწვავებაზე მიდიან და ცდილობენ, ალიანსის სამხედრო ორბიტაში, მაგალითად, უკრაინა ან საქართველო ჩართონ, ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკის შესაძლო შედეგებზე დაფიქრება მართებთ”. საინტერესოა, რომ პუტინმა ახსენა არა ალიანსში, არამედ სამხედრო ორბიტაში ჩართვა, რაც, მაგალითად, “შავი ზღვის ფლოტილიის” შემთხვევაში შეიძლება ნატოში გაწევრების გარეშეც მოხდეს.

18 ნოემბერს მოხდა ინციდენტი ქერჩის სრუტეში, სადაც ერთმანეთს რუსი და უკრაინელი მეზღვაურები დაუპირისპირდნენ. ამის შემდეგ ხმამაღალი საუბარი დაიწყეს ნატოს დაჯგუფებაზე შავ ზღვაში. ერთი საბაბი ამ ინიციატივის ფორსირებისთვის უკვე შექმნილია, მაგრამ ის აშკარად კონფრონტაციულია და ალიანსის ევროპელ წევრებს არ სურთ, ყირიმის მახლობლად რუსეთთან დემონსტრაციულ სამხედრო-საზღვაო დაპირისპირებაზე წავიდნენ. 9 მარტს ცნობილი შეიქნა კონფლიქტის შესახებ, რომელიც გერმანიის მთავრობის სხდომაზე ანგელა მერკელსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის მოხდა. თავდაცვის მინისტრი ვაშინგტონის თხოვნისა და ნატოს რეკომენდაციის გათვალისწინებას და ქერჩის სრუტეში სამხედრო ხომალდის გაგზავნას მოითხოვდა, მაგრამ კანცლერმა მტკიცე უარით უპასუხა.

ქერჩის სრუტე ღია კონფრონტაციის სიმბოლოა. სულ სხვა საქმეა განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომელიც პრობლემური რეგიონის ახლოს მდებარეობს. ანაკლიამ შეიძლება შექმნას დამატებითი საბაბი იმისთვის, რომ ნატოს ახალმა ფლოტილიამ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების დაცვის მანდატი მიიღოს. საქართველოსა და უკრაინის საკითხი ამ შემთხვევაში ერთად განიხილება და, ალბათ, არც ისაა შემთხვევითი, რომ ამერიკელების მხრიდან ყველაზე ვრცელი კომენტარი ანაკლიის პორტსა და წყალქვეშა ნავებზე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა უკრაინაში გააკეთა და არა რომელიმე სხვა ქვეყანაში.

საქართველო ძალიან სუსტი სახელმწიფოა, ხოლო მისი ხელისუფლება სიმამაცით არ გამოირჩევა. გამორიცხული არ არის, რომ, როდესაც საშიში პერსპექტივა დაინახა, სასწრაფო უკანდახევის სურვილი გაუჩნდა. ძნელი სათქმელია, რამდენად შესაძლებელია ეს, როდესაც ამერიკელი მაღალჩინოსნები პროექტის პერსპექტივასთან დაკავშირებით ასეთ ოპტიმიზმს გამოხატავენ.

უოლკერის ვიზიტის შემდეგ ორიოდე დღეში გამოქვეყნდა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომელიც შეიცავს სასამართლო სისტემის მდგომარეობის, საარჩევნო პროცესებში ხელისუფლების რესურსების გამოყენების, მედიაგარემოს, ადამიანის უფლებების დაცვის თაობაზე საკმაოდ მძიმე შეფასებებს. ყოველივე ეს საქართველოს მოქალაქეებმა ისედაც იციან, ხოლო პოლიტიკური პარტიები შეფასებების დამძიმებას ტრადიციულად განიხილავენ, როგორც მნიშვნელოვან სიგნალს, რომ ვაშინგტონი საქართველოს ხელისუფლებით უკმაყოფილოა. შესაბამისად, ხელისუფლების შეცვლაზე ახალი იმედები უჩნდებათ. კიდევ რამდენიმე მსგავსი სიგნალი და მიხეილ სააკაშვილმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ამერიკელებმა “მაიდანის” აგორებაზე “მწვანე აუნთეს”.

2012-16 წლებში ხელისუფლებას ჯერ კიდევ ჰქონდა მანევრის შესაძლებლობა და შეეძლო, ამა თუ იმ საკითხზე განსხვავებული მოსაზრება გამოეხატა. ამ კონტექსტში შეგვიძლია გავიხსენოთ ივანიშვილის განცხადება ერევანში _ აფხაზეთის გავლით რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ, ან კახა კალაძის კომენტარები გაზის ბაზარზე დივერსიფიკაციის თაობაზე. დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები გაკრიტიკების შიშით ვერც ერთ და ვერც მეორე განცხადებას ვერ გაიმეორებენ. ისინი ცდილობენ, ვაშინგტონის პოლიტიკას რეგიონში ერთი მილიმეტრითაც არ გადაუხვიონ და ამ მხრივ წინამორბედებისგან არაფრით განსხვავდებიან, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რუსეთთან მორიგ გამანადგურებელ დაპირისპირებამდე მივიდნენ. ხოლო, თუ ვინმეს მაინც გაუჩნდება “განსხვავებული აზრი”, მას, სავარაუდოდ, აუხსნიან, რომ ცდება. ამისთვის შეიძლება სპეციალური დესპანიც კი ჩამოვიდეს და შინ ესტუმროს.

ლუკა ნემსაძე

1 COMMENT

  1. Erti rac adamians anadgurebs aris mudmivad dachagruli yofna, rodesac usamartlobis msxverpli xar, rodesac ici simartle magram dagcinian, ganadgureben da gaidzuleben icxovro iq sadac ar gecxovreba, jojoxetshic ki iqneba imaze meti samartali rac saqartveloshia, bidzina ivanishvili an satanistia an imdenad ugunuri rom elementaruli codva da madli ar icis, tumca aseti adamianebi ufro sulit daavadebulebis ricxvs miekutvnebian. Fuli qonda da kidev momxvechelobaze da gamodzalvaze fiqrobs, daavadebulia ashkarad.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here