უნდოდათ, ეთქვათ, – რუსები  მოწამვლას გვიპირებდნენო, მაგრამ, როცა გაირკვა, რომ სალმონელიანი ხორცი მიხაილ როთის გერმანიიდან  იყო შემოტანილი, კრინტი არ დაუძრავთ

    აღდგომის დღესასწაულზე რამდენი უცხოელიც უნდა მოხვდეს საქართველოში, ყველა ამბობს, რომ მარათლმადიდებლური საეკლესიო რიტუალები საოცრებაა და ამ ყველაფერს პირდაღებული უყურებენ;  აი, ის უცხოელები, მერე იმასაც რომ უყურებენ, რას ვაკეთებთ საფლავებზე გასულები, უფრო გაოცებული რჩებიან. სასაფლაოზე მიცვალებულის მონახულება და მისთვის აღდგომის მილოცვა ცალკე ფილოსოფიაა – სუფრაზე გაშლილი პურმარილი, საფლავიდან საფლავზე გადასვლა… არადა, მღვდლები დღემდე ამაოდ გვირჩევენ, რომ საფლავზე  ერთი პასკა, რამდენიმე წითელი კვერცხი და სანთელი გავიტანოთ, მაგრამ არა. და  თუ ადამიანი ახალი  გარდაცვლილია, სუფრას გოჭიც  კი ამშვენებს და მიდის სმა-ჭამა დიდად შესარგი…

    მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, გოჭის ფული ბევრს არ აქვს, მაგრამ ნორმალური სუფრის გაშლას ყველა ცდილობს, ამიტომ ქათამს ყიდულობენ, ხარშავენ, წვავენ… სწორედ ქათამი იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გმირი. დავიწყოთ იმით, რომ ქათმის ხორცის წარმოების რესურსი გვაქვს და, ძალიან რომ მოვინდომოთ, არა მხოლოდ ჩვენთვის საკმარისი ქათმის ხორცის წარმოებას შევძლებთ, არამედ საზღვრებს გარეთ გავყიდით კიდეც. ახლახან შევიტყვეთ ისიც, რომ ქათმისგან თურმე არაფერი იკარგება და მისი სკორეთი ძროხებს კვებავენ, უკეთ რომ მოიწველონ, მერე ამ სკორეთი ნაკვები ძროხების რძეს ჩვენ ვსვამთ… თუმცა ეს სხვა თემაა.

    როგორ გგონიათ, რამდენ ქათმის ხორცს ვაწარმოებთ და რამდენი შემოგვაქვს? ჰო, ჩვენი რესურსებისა და შესაძლებლობების პირობებში რამდენ ქათმის ხორცს ვაწარმოებთ? ბევრს ჰგონია, რომ ბაზარზე არსებული ქათმის ხორცის ნახევარი მაინც ქართულია, მაგრამ ნურას უკაცრავად – ნახევარი კი არა, 30%-იც არ არის ადგილობრივი და დიდწილად შემოტანილ ხორცზე ვართ დამოკიდებულნი. ბარემ იმასაც გეტვით, რომ თურქეთიდან ცოცხლად შემოყვანილი ქათმები კვერცხის დებას რომ მორჩებიან, შემდეგ საწარმოები მათ 50 თეთრად ან 1 ლარად ყიდიან, მაგრამ მათი ხორცი საკვებად არ ვარგა. ეს ქათმები განაგრძობენ კვერცხის დებას, მაგრამ, ამ მხრივ, მათი პროდუქტიულობა 70%-მდეა დაცემული, რაც გლეხისთვის მისაღებია, დიდი საწარმოსთვის – არა.

    გაგიკვირდებათ და, ქათმის ხორცის ყველაზე დიდი მომწოდებელი  უკრაინაა, იქიდან ლამის 600 ტონამდე ქათმის გაყინული  ხორცი შემოვიტანეთ. მეორე ადგილზეა თურქეთი 312 ტონით, მერე მოდის ბრაზილია, რუსეთი, ბელარუსი… ჰოდა, გასულ კვირას საბაჟო გამშვებ პუნქტზე, უფრო ზუსტად კი ფოთის ტერმინალში, შესაბამისმა სამსახურმა ქათმის გაყინულ ხორცში სალმონელა აღმოაჩინა , რომელიც,  რა თქმა უნდა, საკვებად უვარგისია. ცნობისათვის: პროდუქტის ნაწილი გერმანიიდან მოდიოდა, ნაწილი – ეგვიპტიდან, ანუ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ქათმის ხორცის შემოტანის მხრივ მოწინავე ხუთეულშიც კი არ არიან. ქართველმა მებაჟეებმა ძალიან მშვიდად გააბრუნეს პროდუქტი იმ ქვეყნებში, საიდანაც შემოტანას აპირებდნენ, თუმცა…

    დაზუსტებით შეგვიძლია გითხრათ, რომ, როცა ეს ამბავი გავრცელდა (ხმამაღლა და გამოთქმით არავის უთქვამს, ისე, სხვათა შორის  მოგვახსენეს), ქართულმა ოპოზიციამ მაშინვე იმის გარკვევა დაიწყო, ხომ არ იყო ეს ქათამი შემოტანილი რუსეთიდან. მეტიც, გეგმა არსებობდა, რომლის მიხედვითაც, თუ ქათამი რუსული იქნებოდა, უნდა ეთქვათ, რომ ეს სპეციალურად გაკეთდა და რუსები ჩვენს მოწამვლას აპირებდნენ. მას შემდეგ კი, რაც გაირკვა, რომ უვარგისი ხორცი მათი მეგობრის, მიხაილ როთის,  ქვეყნიდან  – გერმანიიდან  იყო, ხმა არ ამოუღიათ. იგივე მოხდა ტკბილ კარტოფილზე (ბატატი). ისიც ფოთის ტერმინალში შეამოწმეს და უკან გააბრუნეს, რადგან თითქმის მთელი  პარტია დამპალი იყო.

    სამი წელია, უკრაინაში ომია და სტაბილურ გარემოს ვინ ჩივის, ბრძოლისუნარიან მამაკაცებს ქუჩა-ქუჩა დასდევენ ფრონტის წინა ხაზზე წასაყვანად. პრინციპში, ბრძოლისუნარიანს კი არა, მთავარია, სრულწლოვანი იყოს და ისე უკრავენ „ხორცსაკეპში“ თავს,  არც დაფიქრდებიან. არ არის საუბარი იმაზე, რომ დასავლეთმა ზელენსკის ხელით უკრაინის გენოფონდი გაანადგურა და უკრაინა, როგორც ქვეყანა, რეალურად აღარც არსებობს. საქმე ის არის, რომ ასეთ პირობებშიც კი  ქათმის ხორცის ყველაზე დიდი მომწოდებელი ჩვენთან სწორედ უკრაინაა. ანუ, უკრაინაში ვიღაცები დაბომბვის, შიშის, უშუქობის, უგაზობის, უყველაფრობის პირობებში  ქათმის ხორცს მაინც აწარმოებენ,  ჩვენ რა გვჭირს? ზემოდან თუ დავხედავთ საქართველოს, დავინახავთ, რომ  უზარმაზარი ფართობები ხელუხლებელია, რომლებზეც,  კარტოფილის დათესვა კი არა, საქონლის გაშვებაც არ გვინდა.

    მართლა ასე გავზარმაცდით? მართლა ყველამ ყველაფერზე ხელი ჩაიქნია? არა, ბატონებო, არა! მთავარი მიზეზი სახელმწიფო მიდგომაა და ახლავე აგიხსნით, რატომ:  მაგალითად, თბილისის შემოვლით გზაზე, სოფელ ნორიოს რომ გასცდებით, მარჯვნივ და მარცხნივ  ათი ათასზე მეტ ჰექტარზე ეკალ-ბარდის მეტი არაფერი ხარობს. ჰოდა, მიადგა ერთი ქართველი კაცი სახელმწიფოს: უფლება მომეცით, ამ მიწაზე ჩემი საქონელი ვაძოვო. ასე, 5 ათასი ჰექტარი გამომიყავით, იჯარის ფულს გადავიხდიო. სახელმწიფიც დათანხმდა, მაგრამ… ერთ ჰექტარში იჯარის სახით, წლიურად  200 ლარი მოითხოვა, ანუ ამ კაცს წელიწადში მილიონი უნდა გადაეხადა, იცით, რაში? –  ადგილში, სადაც ახლომდებარე სოფლის საქონელი ფიზიკურად ვერ ადის, შორს არის და იმიტომ. ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი უნდა აეყვანა ამ კაცს იმ ადგილზე, რამდენი მუშა-ხელი უნდა დაექირავებინა იმისთვის, რომ მხოლოდ სახელმწიფოსთვის წლიურად მილიონი გადაეხადა? რა თქმა უნდა, შეთანხმება ვერ შედგა და დარჩა ის მიწა ისევ უპატრონოდ, ის კაცი კი – პირში ჩალაგამოვლებული. აი, იმავე ადგილზე, უახლოესი დასახლებული პუნქტიდან ლამის 30 კილომეტრის მოშორებით ვინმემ ქათმის უზარმაზარი ფერმა რომ ააშენოს, ხორცის შემოტანა აღარ დაგვჭირდება, მაგრამ… იჯარას, როგორც მიხვდით, აზრი არ აქვს და ყიდვით კი… სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, არ იყიდება. აგვიხსენით: რა სახელმწიფო ინტერესი გატარდა ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში იმ მიწაზე და რით ვერ თუ არ დასრულდა ეს ინტერესი?    ხალხს გული აუცრუვდა  ყველაფერზე; იცის, რომ არანაირი ხელშეწყობა არ ექნება; იცის, რომ, თუ რამეს იშოვის, სახლმწიფოს უნდა უხადოს,  და ამიტომ თავს არავინ იწუხებს.   უკრაინიდან შემოტანილი ქათმის ყიდვა კი უფრო იაფია და ეს ბატატიც კიდევ… რა ვიცი, არ მიჭამია ბავშვობაში ავოკადო და არც ბროკოლს გვატენიდნენ პირში მე და ჩემნაირებს, მაგრამ რატომღაც უფრო ჯანმრთელი ვიყავით. არც ტკბილი კარტოფილით ვიკვებებოდით და მაინც ყველაფერი უფრო გემრიელი და უფრო კარგი იყო.  სწორედ ამ აღდგომას არაერთმა დაიწუწუნა: ღორის მწვადს აღარც სუნი აქვს და აღარც გემო. ადრე  მეზობელ სოფელში რომ წვავდნენ მაყალზე, სუნი ჩვენს სოფლამდე აღწევდაო. ეს იმიტომ, ბატონებო, რომ ღორის ხორციც შემოგვაქვს; რაზე და როგორ ზრდიან, კაცმა არ იცის და გემოსა და სუნზე ბოდიში, მთავარია, სტანდარტები დააკმაყოფილოს და, გემოს თუ ვერ ჩაატან, მწარმოებელს  არ აინტერესებს, მაინც ეყიდება.

    თანამედროვე ბავშვებმა არც ის იციან, რომ, როცა საზამთროს დავჭრიდით სახლში,  ყველა ოთახში საზამთროს სურნელი ტრიალებდა; მარწყვი თუ იდო მაცივარში, მაცივრის კარის გაღებისას მარწყვის სურნელი გეცემოდა; კიტრისა და პომიდვრის სალათას საოცარი სურნელი ჰქონდა, ახლა კი… ნუ ვეძებთ ამ გემოებს, ნუ ვაკრიტიკებთ უცხოელებს, მოყვანა არ იციანო. ჩვენ ხომ ვიცით, ჩვენ ხომ ვაკეთებდით და ისევ ჩვენ გავაკეთოთ, ჩვენ მოვიყვანოთ და ჩვენვე მივირთვათ. სხვაგვარად  არაფერი გამოვა და გვერწმუნეთ, შესაბამის სამსახურებსაც ადრე თუ გვიან აუცილებლად გაეპარებათ ისეთი პროდუქტი, რომელიც საკვებად კარგი არ იქნება და მერე ხელს ისევ მათკენ გავიშვერთ. არადა, რაც უფრო მეტს მოვიყვანთ, მით  ნაკლებს შემოვიტანთ და ეს, ჯანმრთელობის გარდა, ჩვენს ფინანსურ კეთილდღეობაზეც აისახება. მანამდე კი ოპოზიცია ისევ ჩასაფრებული იქნება, ეგებ რაიმე რუსული იყოს გაფუჭებული, ხმაური რომ ატეხონ და ხმამაღლა თქვან, – რუსები გვწამლავენო.

    ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                                      

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here