Home რუბრიკები საზოგადოება “უნახავის დანახვა”, ანუ საქართველოს გაბრწყინება

“უნახავის დანახვა”, ანუ საქართველოს გაბრწყინება

დაუდევრები ვართ ქართველები და კიდეც ეგ მოგვიღებს ბოლოს, თუ ჩვენ საუბედუროდ არ გავსწორდებით როდისმე” _ ეს დიდი ტკივილი, ილიას ბაგეთაგან წარმოთქმული, დღეს თითოეული ნაღდი ქართველის გულშია მოკალათებული, ტვინს უღრღნის და სულს უშფოთებს, მოსვენებას უკარგავს. ალბათ, ეს ბაღლამი მალე ნაპირებიდანაც გადმოიღვრება, მაგრამ ვაითუ ვერ წალეკოს ქვეყანაში გამეფებული უსამართლობა.

დღეს ვისმენთ მორიგდაბოლებას”, ამჯერად პრეზიდენტისგან, რომელმაც ჯერ თქვაარა და არასოდესო”, ახლა კი:

მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ავიღე ვალდებულება და ეს არ არის მთავრობის ვალდებულება, ეს ჩემია; ეს არის შერიგების, სიმართლისა და სამართლიანობის პროცესის დაწყება; ეს ის გზაა, რომელიც რამდენიმე ქვეყანამ ადრე გაიარა და რომელიც, ჩემი აზრით, დღეს აბსოლუტურად არსებითია საქართველოსთვის, ყველა იმ პერსპექტივისთვის, რომელთა ღიაობის დანახვაც მას სურს, მათ შორის ევროპისაც”.

სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, გაკვირვებით კი არავინ გაჰკვირვებია, რადგან ნაცნობი ხელწერაა.

ნეტავი ორიოდე კაცი იყოს საქართველოში, რომ ჩვენი ბოროტება ერთიანად ასწეროს და დაგვანახოს, _ წერდა ილია ჭავჭავაძე, _… აბა, ის იქნება ნამდვილი და საქებარი მამულისმოყვარე”, და არა ის, ვინც თავის ხალხს ზურგს უკან დედას აგინებს, პირში კი ეპირფერება და ნაცვლად იმისა, რომ ჩადენილი ცოდვები და შეცდომები შეინანოს, ერისთვის წამებულ რაინდად ცდილობს თავის წარმოჩენას. არადა, “ბოროტების აღვიარება ნახევარი გასწორებააო”, ილიამ. ეტყობა, ეს არ იცის და არც არავინ ეუბნება გალიაში გამომწყვდეულ მიშიკოს. ისე, კი იჩემებდნენ ისიც და მისი თანაგუნდელებიც, რომ დიდი ილიას გზას მივუყვებითო, თუმცა ყურად არ უღიათ ერის მამის არც ერთი შეგონება.

მკითხველს ვთავაზობთ ამონარიდებს ჩვენი თანამედროვე აწ გარდაცვლილი მეცნიერის, გურამ თევზაძის, ნაშრომიდან “ილია ჭავჭავაძე და ახალი აზროვნება”, რომელშიც ავტორი არსებულის, ნამდვილისა და შესაძლებლის ილიასეულ გაგებაზე, ქვეყნის განვითარების გზის ძიებაზე ამახვილებს ყურადღებას.

* “ილია კარგად იცნობდა XIX საუკუნის ევროპის მამოძრავებელ თეორიებს და იმ ძალებს, რომლებიც მათ განხორციელებას ცდილობდნენ. იგი ბრმად არ მისდევდა დასავლეთის, ანდა რუსეთის გამოცდილებას და არ სთვლიდა, რომ, რაც მოხდა, ის არ შეიძლებოდა სხვანაირად მომხდარიყო. ასეთი პოზიცია, საბოლოო ანგარიშით ფატალიზმამდე და ე.ი. ადამიანის თავისუფლების უარყოფამდე მიდის, რაც ილიასთვის სავსებით მიუღებელი იყო. მაგალითად. ინგლისური კულტურისა და მეცნიერების უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, იგი არ თვლიდა, რომ ინგლისის მიერ ახალ ეპოქაში გავლილი გზა სავალდებულო იყო სხვა ქვეყნებისთვისაც საერთოდ და კერძოდ საქართველოსთვის. არ თვლიდა აუცილებლად, რომ სხვა ქვეყნებშიც ხელი უნდა შეეწყოთ გლეხთა გაღატაკებისა და პროლეტარიატის წარმოშობის იმ გზისათვის, რომელიც ინგლისში განხორციელდა, რომელმაც უდიდესი ტანჯვა მიაყენა გლეხობას, სოფლები დააცარიელა ცხვრების საძოვრებისათვის და ქალაქები უიაფესი მუშახელით აავსო. ეს უბედურება დიდხანს გაგრძელდა”.

* “ილიას მოეწონებოდა მ. ჰაიდეგერის (1889-1976) დებულება, რომ ისტორიაში ზოგჯერ ის, რაც არ მოხდა, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რაც მოხდა, .. რაც მოხდა, რაც განხორციელდა, არ ნიშნავს, რომ იგი ერთადერთი შესაძლებელი, ანუ გარდაუვალი აუცილებლობა იყო. ამ მარტივი, ერთი შეხედვით, თავისთავად ცხადი დებულების გაგება და მისი კონკრეტული სინამდვილის მიმართ გამოყენება ილიას ისტორიის ფილოსოფიის გასაღებია”.

* “1882 წ. ივნისის “შინაურ მიმოხილვაში” ილიას მიერ წამოყენებული პოზიცია ისეთია, რომ თანამედროვე მოწინავე ქვეყნების კონსტიტუციებიდან გეგონებათ ამოღებული. იგი იცავს დებულებას, რომ ადამიანი, ერი, საზოგადოება, სახელმწიფო, ცხადია, გარკვეული უფლებების მქონეა, მაგრამუმაღლესი საგანია”, კონკრეტული პიროვნების უფლება. იგი უპირატესია სახელმწიფოზე და საზოგადოებაზე.

ავიღოთ ილიას აღნიშნული “მიმოხილვის” პირველივე აბზაცი და შევადაროთ, ჩემის აზრით, თანამედროვე დასავლეთის ერთ-ერთ საუკეთესო კონსტიტუციას, როგორიცაა დასავლეთ გერმანიაში 1949 წელს მიღებული. ილია წერს: ყოველი წყობილება, რომლის ძალითაც მოქმედებს მთელი კაცობრიობა იმიტომ არის შემოღებული, რომ ადამიანი, რამდენადაც შესაძლოა, ბედნიერი იყოს”. ზემოაღნიშნული კონსტიტუციის პირველივე მუხლი ადგენს: “ადამიანის ღირსება ხელშეუხებელია, მისი პატივისცემა და დაცვა ყოველი სახელმწიფო ძალაუფლების ვალია”.

* ილია ცნობილი ინგლისელი ქველმოქმედის, ეკონომისტისა და ფილოსოფოსის ი. ბენტამის (1748-1832) კვალად, დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო ხელისუფლება მოწოდებულია, განახორციელოს მოქალაქეთა მაქსიმუმისათვის ბედნიერების მაქსიმუმის შესაძლებლობა. ეს, ილიას აზრით, ყველა თავისუფალი საზოგადოების ვალია, მაგრამ იგი, ჯერ არც ერთ წყობილებას, თვით საუკეთესოსაც არ უზრუნველუყვია. ამიტომ ახალ, XX საუკუნის კარიბჭესთან, 1899 წლის 31 დეკემბერს, ილია აღნიშნავდა რა XIX საუკუნის დიდ დამსახურებას მეცნიერული და სოციალური პროგრესის თვალსაზრისით, XX საუკუნეს ანდერძად უტოვებდა ადამიანის ბედნიერებისათვის პირობების შექმნას”.

* “სამართლებრივი სახელმწიფო, რომელსაც ილია ჭეშმარიტ ლიბერალურს უწოდებს, სწორედ ის საფუძველია, რომელიც ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის პიროვნების ზნეობრივი ბუნების რეალიზაციისათვის. ჭეშმარიტი ლიბერალობა, გვარწმუნებს ილია, უნდა იცავდეს, სწორედ პიროვნების, ადამიანის ღირსებას. იგი ხელშეუხებელი უნდა იყოს, სანამ მის წინააღმდეგცხადი, უცილო და უტყუარი საბუთები არ გვექნება ხელში”.

* “შემთხვევითობა, რომელიც, ჰეგელის სიტყვებით თუ ვიტყვით, მართალია, აუცილებლობის რაღაცნაირი გამოვლენა იყო, მაგრამ, არასგზით მისი ერთადერთი და შეუცვლელი სახე, მაშინ ხომ იგი შემთხვევითობაც არ იქნებოდა?

…ილიას კვლევას სწორედ ის მიხვედრა აქვს საფუძვლად, რომ ფაქტობრივ სინამდვილეში განვასხვავოთ ერთმანეთისაგან ის, რაც შემთხვევითია და შეიძლება არც ყოფილიყო, და ის რაც, მხოლოდ შესაძლებლობაში არსებობს (მაგ.. თანხმობა მაშინ დაპირისპირებულ ფენებსა და კლასებს შორის), მაგრამ, თუ განამდვილდება, მაშინ საზოგადოების არსებობის იდეალის გამოვლინების შესაძლებელ მაქსიმუმს გამოხატავს. ჰეგელის სიტყვებით, რომ ვთქვათ იგი ეძებდა იმ შესაძლებლობის განამდვილების გზას, რომელიც ადამიანთა საზოგადოების, როგორც თავისუფალ და სამართლებრივად თანასწორ არსებათა, კავშირის აუცილებელი არსების გამოხატულება იქნებოდა და მისი განხორციელება ამ ვითარებისაბსოლუტური სინამდვილის”, .. სტრუქტურულად მარადიული შინაგანი ფორმის გამოვლინება იქნებოდა”.

იგი, როგორც ასეთი, იქნებოდა ამ იდეალური სტრუქტურის იდენტური, ანუ რეალობაში მისი გამოვლენის აუცილებელი ფორმა. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში საზოგადოების არსებითი, ანუ ძალდატანებითი რევოლუციური შეცვლა არ იქნებოდა საჭირო და აუცილებელი, ე.ი. არსებული სტრუქტურა “აიტანდა” საკუთარ ფარგლებში ნებისმიერ პროგრესულ ცვლილებას.

* “იგი თავისი ძლიერი გონებითა და ობიექტურობით ხედავდა იმას, რაც სხვებისთვის, ფაქტობრივი მოცემულობის გავლენის ქვეშ მყოფთათვის, მიუწვდომელი იყო. მათ ხედვის ძალა არ შესწევდათ ანდა რაღაცნაირად ხელს არ აძლევდათ, შესაძლებლობათა უფრო ღრმა, უფრო ღირებულ ფენებს ჩასწვდომოდნენ და ამიტომ უარყოფდნენ მათ შესაძლებლობას”.

* * *

ილიას აზრით, ისტორია იმითია დიდი, რომ გვაჩვენებს ჩვენ წინაპართა ცთომილებას, მასთანავე გვასწავლის ჭკვასა, როგორ უნდა მოვიქცეთ. წინა კაცსა უკან მომდევარი იმისთვის უყურებს, რომ, ვინიცობაა, წინამ ფეხი წამოჰკრას და ყირაზე გადაიაროს, უკანამ ნახოს და იმ გზას შორს მოუაროს. მთელი კაცობრიობის უწინდელი ცხოვრება სულ უსარგებლო იქნება, თუ იმათ ცხოვრებიდამ ჩვენ სასარგებლოს არას გამოვიტანთ. რაც მამაპაპას უქნია, ის ჩვენ უნდა ვქნათოთუ მაგას მივყევით, …შევსდგებით ერთ ალაგზედ და წინ ფეხს ვეღარ წავსდგამთ”.

ჰოდა, ვდგავართ!

დგანან გაჭირვებისგან წელში მოხრილი ქართველები, როგორც ვაჟაფშაველას მთანი მაღალნი.

სდგანან წარბშეუხრელად. ელოდენ, ელიან და კვლავ ექნებათ მოლოდინი”. ამ ადამიანების მოლოდინიც უსაზღვროა, “ზღვა სდგას იმათ გულში. წითლად, სისხლისფრად შედედებული უთიმთიმებთ გულმკერდში”, “გული სტკივათ, ძალიან სტკივათ, მაგრამ არ იხოცებიან, არც ჭლექდებიან. ელიან.

ვის? ან რას?

რაღაცას. დიაღ, რაღაცას. ეს რაღაცაა უნახავის დანახვა”.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here