უმოკლესი გზა რუსეთისკენ…

    ისტორიული დილემა – აღმოსავლეთი თუ ჩრდილოეთი, ჩაანაცვლა თანამედროვე დილემამ – დასავლეთი თუ ჩრდილოეთი? ისტორიული დილემა, მოგეხსენებათ, როგორ გადაიჭრა – ჩრდილოეთი!

    თანამედროვე დილემა ჯერ არ გადაჭრილა, დუღილის პროცესშია. ნებისმიერ მოვლენაში, რომელიც დღეს საზოგადოებაში ვითარდება (სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული), ეს დუღილი იგრძნობა. ამ დილემის (დასავლეთი თუ ჩრდილოეთი?) წინაშე იმიტომ დავდექით, რომ მსოფლიოც დუღს. ძველი მსოფლიო წესრიგი დაინგრა, ახალი ჯერ არ ჩამოყალიბებულა. ახალი მსოფლიო წესრიგი იქამდე ვერ ჩამოყალიბდება, სანამ ე.წ. გადანაწილების უაღრესად მტკივნეული პროცესი არ დასრულდება. გადანაწილება ჰქვია ზესახელმწიფოთა შორის გავლენის სფეროების ფორმირებას. საბჭოთა კავშირისა და ვარშავის პაქტის ნგრევის შემდეგ მთელი ეს უზარმაზარი სივრცე (რუსეთის გარდა) ნატომ და ევროკავშირმა შთანთქეს: ზოგი სახელმწიფო ოფიციალურად გაიფორმეს, ზოგი ხელშეკრულებით ჯერ არ შეუერთებიათ, მაგრამ არაოფიცალურად მიიბეს და მიიჯაჭვეს.

    ჩვენ ჯერჯერობით არც ევროკავშირის წევრი ვართ და არც ნატოსი, მაგრამ იმით გვაჩერებენ, რომ ამ პერსპექტივას გვპირდებიან. ეს საკითხის ერთი მხარეა. საკითხის მეორე მხარე რუსეთს შეეხება. ეს სახელმწიფო, რომელიც საბოლოოდ დაჩოქებული ეგონათ, მოღონიერდა და საკუთარი ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვა იმ დონეზე დაიწყო, რომ ნატოსთან ომის რეალურ საფრთხესაც არ მოერიდა; მეტიც, ამ ომიდან პრაქტიკულად გამარჯვებული გამოდის, ომის დაწყებამდე მერვე ადგილზე მყოფი ეკონომიკა მსოფლიოში მეოთხე ადგილამდე ამოქაჩა და ბრიჩსის სახით ნატოსა და ევროკავშირის ალტერნატივაც ჩამოაყალიბა.  ჩინეთი, რომელიც იმავე ბრიჩსის წევრია, მსოფლიოში პირველი ეკონომიკა და, შესაბამისად, ერთ-ერთი პოლუსიცაა.

    ასე დასრულდა ამერიკელთა ფერადი ოცნება ერთპოლუსიან მსოფლიოზე, თუმცა გადანაწილების უაღრესად მტკივნეული პროცესი ჯერ არ დასრულებულა. მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ რუსეთი, როგორც ზესახელმწიფო და როგორც ერთ-ერთი პოლუსი, უკვე შემდგარი ფაქტია. რაკი ეს ასეა, დავას არ უნდა იწვევდეს ის,  სად იქნება ჩვენი ადგილი ახალი მსოფლიო წესრიგის საბოლოოდ ჩამოყალიბებისა და ოფიციალურად გაფორმების შემდეგ.  არც ის უნდა იწვევდეს დავას, რომ ამ საქმეში ჩვენს აზრს გადამწყვეტი მნიშვნელობა ვერ ექნება. ეს რომ ასეა,  სხვა თუ არაფერი, უკრაინის პროცესები გვარწმუნებს.

    უკრაინის ომი არის რუსეთის რეაქცია დასავლეთის სურვილსა და ქმედებაზე, რომ ეს სახელმწიფო თავისკენ გადაქაჩოს. ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი, რომელიც უკრაინაში ამ მასშტაბის ომს აწარმოებს იმისთვის, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში მის საზღვრებთან ნატოს შეიარაღება არ დაუშვას, ამიერკავკასიაში (მათ შორის საქართველოში) ნატოსა და ამერიკის ყოფნას შეეგუება, ძალიან ცდება. დღეს იქნება თუ ხვალ, ომით იქნება თუ ომის გარეშე საქართველოს ბედიც ისევე გადაწყდება, როგორც უკრაინის ბედი გადაწყდა. ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ამას ვერაფერი შეცვლის. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის თვალში რუსეთი მსოფლიო ჟანდარმის იმიჯისგან განთავისუფლდა, ამერიკამ კი მსოფლიო დემოკრატიის ბურჯის ტიტული დაკარგა. ახლა ამერიკისადმი ცნობიერი და ემოციური მიჯაჭვულობიდან რუსეთის მიმართულებით საქართველოს შემობრუნებას სამი უმძლავრესი ფაქტორი განაპირობებს:

    * მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული პროცესები (გადანაწილება);

    * ახალი მსოფლიო წესრიგი (კონტურები უკვე გამოკვეთილია);

    * საქართველოში შექმნილი საზოგადოებრივი აზრი (იგულისხმება უმრავლესობა).

    ამ ფაქტორთა იგნორირება შეუძლებელია, რადგან მათი ალტერნატივა (საპირწონე) არ არსებობს. ამ ფაქტორთა საპირწონე მხოლოდ ძალადობა და სახელმწიფო გადატრიალებაა,  ამიტომაც დაადგნენ ამ გზას დასავლეთის სპეცსამსახურები, რომლებიც ყველაფერზე წავიდნენ. მათ არ ითაკილეს არარსებული ანუ თითიდან გამოწურული საბაბის ძებნა. მაგალითად, არჩევნების გაყალბების საბაბი, რაც შინ და გარეთ ყველამ იცის, რომ სიცრუეა. აგრეთვე, ”ქართული ოცნების” განცხადება ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის შესახებ, რაც აბსოლუტურად არ ნიშნავს ევროინტეგრაციაზე უარის თქმას, მაგრამ თითზე დაიხვიეს, როგორც საბაბი არეულობისა და სახელმწიფო გადატრიალებისთვის. როგორც პირველი, ასევე მეორე საბაბი ხელოვნური და უსაფუძვლოა, მაგრამ დასავლეთი იძულებულია,  ამგვარი საბაბები ეძებოს, ვინაიდან რეალური მიზეზი, რომელსაც ისინი ე.წ. ფერადი რევოლუციის მოწყობაში დაეყრდნობოდნენ, ბუნებაში არ არსებობს. დასავლეთმა არ იუკადრისა და ამ ბინძური ჩანაფიქრის რეალიზაციაში ბავშვებიც გამოიყენა.

    რა სურს დასავლეთს? მას სურს, რომ ხელისუფლებაში ”ნაციონალური მოძრაობა” ანუ საკუთარი აგენტურა მოაბრუნოს იმ უმთავრესი მიზნის მისაღწევად, რომელსაც საქართველოდან რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნა ჰქვია. აქ ერთი არსებითი მომენტია გასააზრებელი: რას მოიტანს რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნა, თუკი დასავლეთი ამ მიზანს მიაღწევს? სრული კატეგორიულობით შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება უმოკლესი გზა რუსეთისკენ, რადგან, როგორც უკრაინიდან გახსნილმა ფრონტმა დაასამარა ამ ქვეყნის სწრაფვა ნატოსა და ევროკავშირის მიმართულებით, ასევე დაასამარებს მეორე ფრონტი საქართველოს ყოველგვარ პერსპექტივას ამ სტრუქტურებში.

    მართალი გითხრათ, არ მესმის, რატომ იქცევა დასავლეთი ასე სულელურად. ეს, ალბათ, იმ სისტემური კრიზისის გაგრძელება და გამოძახილია, რომელიც აშშ-ში თანდათანობით მძაფრდება. ეს უზარმაზარი სახელმწიფო, რომელიც ცოტა ხნის წინათ მთელ მსოფლიოს თამაშის საკუთარ წესებს ახვევდა თავს, სისტემურ კრიზისს გამოუვალ ჩიხში შეჰყავს. სხვა ახსნა მათ საქციელს არ აქვს. ამერიკელებს ფერადი რევოლუციის იდეა ზედიზედ ჩაუვარდათ ბელარუსში, ყაზახეთში, ვენესუელაში, თურქეთში, ახლა უკვე საქართველოშიც. ამერიკული ხავერდოვანი რევოლუციის კარტი საბოლოოდ გაჭრილია. ეს მუხანათობა ვერსად ვერ მუშაობს, რადგან აშშ-მა თითქმის მთელ მსოფლიოში დაკარგა ის ხიბლი, ის მიზიდულობა და ავტორიტეტი, რომელიც ამგვარი რევოლუციების წარმატებას განაპირობებდა. აშშ-ს არ ჰყოფნის არც ერთი რესურსი (იდეოლოგიური, ეკონომიკური, სამხედრო) მსოფლიოზე გასაბატონებლად. მსოფლიოს ყველა წერტილში გრძნობენ ამ ზესახელმწიფოს გამოფიტვისა და დასუსტების ხელშესახებ სიმპტომებს, რომლის გამოც იგი გავლენას ბუნებრივად კარგავს.

    ამ ვითარებაში საქართველოდან რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნა იმის საწინააღმდეგო ეფექტის მქონე იქნება, რაზეც იგი აქვთ გათვლილი. გათვლა გაკეთებულია იმაზე, რომ მეორე ფრონტი რუსეთის პოზიციებს საბოლოოდ შეარყევს და შესაძლებელი იქნება მისი დამარცხება უშუალოდ ბრძოლის ველზე. უკრაინის პროცესები კი საწინააღმდეგოზე მეტყველებს:  რუსეთი  მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინის არმიასაც და დასავლეთიდან შემოტანილ სამხედრო ტექნიკასც. იგი გამარჯვებას გამარჯვებაზე აღწევს. შეიარაღება ”ორეშნიკის” წარმატებული გამოცდის შემდეგ  სრულიად ნათელია, რომ ამ ომში რუსეთის დამარცხება შეუძლებელი იქნება,  თუნდაც ამ ომში ნატო ღიად ჩაერთოს. ამ ვითარებაში საქართველოდან რუსეთის მიმართულებით ნებისმიერი სამხედრო მოქმედება უმწვავეს რეაქციას გამოიწვევს და უმოკლესი გზა იქნება საქართველოს რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევისა. ახალი მსოფლიო წესრიგის კონტექსტში საქართველოზე რუსეთის გავლენის გავრცელება ნებისმიერ შემთხვევაში გარდაუვალია, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ერთ შემთხვევაში ეს ჩვენი მონაწილეობითა და ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით თუ მოხდება, მეორე შემთხვევაში იგი საქართველოს უკრაინიზაციის გზით ანუ ქვეყნის ხერხემალში გადატეხვით, განადგურებითა და სისხლში ჩახრჩობით განხორციელდება.

    საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ამერიკული სცენარი, შეიძლება ითქვას,  ჩაფლავდა. ევროკავშირთან  2028 წლამდე მოლაპარაკების შეჩერება ამ კონტექსტში უნდა გავიაზროთ. ეს გადაწყვეტილება მაფიქრებინებს, რომ საქართველოს მმართველ პარტიასა და მთავრობაში კარგად ესმით მსოფლიოში შექმნილი ვითარება. 2028 წელი ის ვადაა, რომელშიაც უკრაინაში ომი დამთავრებული იქნება და ისიც ცნობილი იქნება, თუ რა განვითარებას მიიღებს აშშ-ის კრიზისი, ევროკავშირისა და ნატოს ბედიც ასე თუ ისე გაირკვევა და, აქედან გამომდინარე, გზა, რომელიც გარდაუვალია, მაგრამ ჯერ კარგად არ ჩანს, გადაბრუნებული ურმის ანდაზისა არ იყოს, უკეთესად გამოჩნდება.

    ჩვენთვის ახლა ყველა გზა რუსეთისკენ მიდის, ოღონდ ზოგი შედარებით გრძელია, ზოგი _ შედარებით მოკლე. რაც შეეხება სახელმწიფო გადატრიალებასა და მეორე ფრონტის გახსნას, როგორც უკვე ვთქვი, ეს რუსეთისკენ სავალი უმოკლესი, მაგრამ ყოვლად უვარგისი გზაა, რადგან,  ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სისხლიანი და ცრემლიანია. აი, ამ აბსოლუტურად მიუღებელი და დამანგრეველი გზისკენ გვიბიძგებდნენ ის ნაძირალები, რომელთა ერთი ნაწილი გაქცეულია, მეორე ნაწილი საზოგადოებისგან იზოლირებულია, მესამე ნაწილი კი იზოლირების მოლოდინშია.

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                               

    1 COMMENT

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here