ბოლო სამი ათწლეულია, მივეჩვიეთ მოსმენას ბრალდებისა, რომ ყველაფერში დამნაშავე ყოველთვის არის ერი, უბრალო ხალხი. ჯერ ზვიად გამსახურდიას “არ დაუფასა” “უმადურმა” ქართველმა ხალხმა “თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის” მოპოვება და ხელისუფლებიდან შეიარაღებული რევოლუციით გააგდო, შემდეგ ედუარდ შევარდნაძის “მსოფლიო დონის პოლიტიკოსობა” ვერ დავაფასეთ და “ვარდების რევოლუციით” გავანაწყენეთ ეს “ამაგდარი ადამიანი”.
ცოტა ხნის წინათ “დიადი აღმშენებელი” მიხეილ სააკაშვილიც არ დავაფასეთ სათანადოდ და მასაც “უმადურად” დავათმობინეთ ძალაუფლება. ახლა კი “ხალხზე გადაყოლილ” მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს არ ვუფასებთ იმას, რომ “მანიაკები მოგვაშორა” და ისეთი “უმადურები” აღმოვჩნდით, რომ არც ერთ არჩევნებში მეორე ტურის გარეშე არ ვამარჯვებინებთ მის პოლიტიკურ გუნდს. ეგ კი არა, ერი თურმე იქამდეც კი გათავხედდა, რომ ამ გულკეთილ და მეცენატ ადამიანს პასუხისმგებლობასაც კი აკისრებს სახელმწიფოს წინაშე…
აი, თავხედობისა და უმაღლესი უმადურობის გამოვლენა ერის მიერ! _ მოთქვამენ და გვამუნათებენ სოციალურ ქსელებში ბოლო პერიოდში ესოდენ მომრავლებული “ბიძინგამპრავებლები”…
იმაზე დაფიქრება კი არავის სურს, რომ ბიძინა ივანიშვილს ჩვენ კი არ ვაკისრებთ ქვეყნისა და სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობას, არამედ ეს პასუხისმგებლობა მან თვითონვე “დაიკისრა” მაშინ, როდესაც პოლიტიკაში ჩართვის შესახებ განაცხადა. შემდეგ კი გადადგა პრემიერმინისტრის პოსტიდან, მაგრამ სახელმწიფოს მართვა თავის გუნდს ჩააბარა და დღესაც სწორედ ის იღებს ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ქვეყანაში. შესაბამისად, პასუხისმგებლობაც მის კისერზეა.
დაფიქრება, გაანალიზება, სწორი დასკვნების გამოტანა და შემდეგ ლაპარაკი “გამპრავებლებს” არ ახასიათებთ. ეს ეხება არა მხოლოდ ბიძინას მეხოტბეებს, არამედ ზვიადის, ედუარდის, მიშას ფანატიკურ მომხრეებსაც. თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე რომ ჰკითხო, აგყვებიან მსჯელობაში, რომ “ბელადომანია” ცუდი რამეა, რომ ქვეყანას სწორედ “ბელადომანია” და კონკრეტული პიროვნებების გაფეტიშება ღუპავს და ა.შ.
მაგრამ, როგორც კი სიტყვა წამოგცდება მათ კონკრეტულ ბელადზე, იმწამსვე მოისმენ ფრაზებს:
“არა, ბატონო, სხვები ხო, მაგრამ ზვიადზე მაგის თქმა არ შეიძლება!”
“როგორ გეკადრება, ედუარდი მაინც სხვა იყო!”
“მიშას არ ეხება ეგ და დანარჩენებზე, რაც გინდა, თქვი!”
“მოიცა, ახლა შენ ბიძინას ადარებ იმათ?!”
აი, ასეა. “ბელადომანია” მაშინ ყოფილა ცუდი, როდესაც ქვეყანას სხვისი ბელადი მართავს. ხოლო, როდესაც ქვეყნის სათავეში “შენი ბელადია”, მაშინ ბელადომანიაც მისაღებია თურმე და კერპთაყვანისმცემლობაც…
არადა, ნამდვილად არის გასაანალიზებელი ის, რომ ზვიადი, “უმადურმა ქართველმა ერმა” კი არა, სწორედ იმან დაღუპა, რომ ერის, ხალხის ხმას არ უსმენდა. მას ხალხისთვის რომ მოესმინა და გაიძვერა თენგიზ სიგუა, სისხლის სამართლის დამნაშავე თენგიზ კიტოვანი, თაღლითი გურამ აბსანძე და სხვები არ მოეყვანა სახელმწიფოს მართვის სადავეებთან, დიდი ალბათობით, ავანტიურისტული ძალები ვერანაირი შეიარაღებული გადატრიალების მოწყობას ვერ მოახერხებდნენ. ამის ნაცვლად, ხალხს, რომელიც მოუწოდებდა, ეს ნაძირალები ქვეყნის ხელისუფლებაში არ მოიყვანოო, ზვიადმა და მისმა ფანატიკოსმა მომხრეებმა “კრემლის აგენტები”, “სამშობლოს გამყიდველები” უძახეს და საბოლოოდ მიღებულ შედეგსაც უტიფრად აბრალებენ იმავე ხალხს, იმის ნაცვლად, რომ მიხვდნენ, რაც დააშავეს და პასუხისმგებლობაც დაიკისრონ.
ედუარდ შევარდნაძესაც მოუწოდებდა ხალხი, _ ნუ აძლევ საშუალებას ავანტიურისტი ჟვანია–სააკაშვილის გუნდს, თავზე წამოგვაჯდნენ; ნუ ცდილობ რუსების “მოტყუებას”, რაც უნდა “თეთრი მელა” იყო, კრემლი ბავშვივით გაცურების ნებას არ მოგცემს, არ გაგივა ეგ “ნომერი” და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცუდად შემოტრიალდება ყოველივეო. ამის მთქმელ ხალხს შევარდნაძის გარშემო შეკრებილი მლიქვნელების არმია საყვედურობდა, _ მსოფლიო ავტორიტეტის მქონე ადამიანს თქვენ ასწავლით, რა ქნას, საერთოდ, როგორ ბედავთ მსოფლიო დონის პოლიტიკოსზე ასე აგდებულად საუბარსო?!
რა შედეგიც მოგვიტანა “მსოფლიო ავტორიტეტმა”, ყველამ ვნახეთ. თუმცა ესეც უფრო ერსა და ხალხს დაბრალდა, ვიდრე შევარდნაძის მიერ წარმოებულ უგუნურ პოლიტიკას ამერიკელთა წაქეზებით.
მიშა სააკაშვილს ხალხმა ის ვერ შეაგნებინა, რომ, ასფალტის დაგებისა და შენობების ფასადების შეღებვის გარდა, ყურადღება უნდა მიექცია გათავხედებული ძალოვანი მინისტრებისა და მაღალჩინოსნებისთვის. ხალხი, რომელიც მიშას მოუწოდებდა, მოეთოკა თავგასული ძალოვანები, თორემ მის მიერ ნაკეთები გარკვეული დადებითი საქმეები წყალში გადაიყრებოდა, “უმადურისა” და “კრემლის აგენტის” იარლიყს იმსახურებდა. დღესაც “უმადურია” ის ხალხი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს მეტი პასუხისმგებლობისკენ, მეტი დაფიქრებისკენ, მაშინ, როდესაც “ოცნების” საპარლამენტო გამსვლელ სიებში საკმაო რაოდენობით არიან წარმოდგენილი ყოფილი ნაციონალები ან მათი “სატელიტი” ბიზნესმენები. მოუწოდებენ, რომ ეს მისი მხრიდან უზნეობაა და ყოველივე საბოლოოდ არც ქვეყანას მოუტანს კარგს და არც თვით ბიძინას.
არა! თურმე ასეთი ხალხი ვართ “უმადურები”, “შეუგნებლები” და, ვინაიდან ბიძინამ გადაგვარჩინა და გვიხსნა მანიაკი მიშას კლანჭებისგან, ახლა “ჩმორებივით” უნდა ვისხდეთ და ხმა არ უნდა ამოვიღოთ არავითარ შემთხვევაში, რაც უნდა უხეშ შეცდომას უშვებდეს ან უზნეო მოქმედებას ახორციელებდეს ივანიშვილი. და, თუ ხვალ “ბიძინიადაც” ისევე დასრულდება, როგორც დანარჩენი სამი “ბელადის” საქმე დასრულდა, ეს ნიშნავს, რომ ისევ და ისევ ერი, ხალხი ვართ “უმადური”!
არადა, სინამდვილეში პირიქითაა _ რომელიმეს ამ ბელადთაგან რეალურად რომ დაეგდო ყური ხალხის ხმისთვის და სწორი, მართალი აზრი გაეთვალისწინებინა, ქვეყანაც იხეირებდა და თვითონ ეს “ბელადებიც”.
თუმცა ასეთ შემთხვევაში ისინი “ბელადად” ვეღარ წარმოიდგენდნენ თავს, არადა მათთვის მთავარი სწორედ “ბელადობის” განცდაა. მათთვის მთავარია არა კრახის რეალური მიზეზების გააზრება, არამედ ყველაფრის ხალხისთვის გადაბრალება და მორჩა _ კმაყოფილი არიან!
მაგალითად ავიღოთ ყოვლად სამარცხვინო ადამიანის, ჟურნალისტად წოდებული ზაალ უდუმაშვილის წარდგენა თბილისის მერობის კანდიდატად.
როგორ ფიქრობთ, რატომ მომწიფდა ეს იდეა “ნაციონალური მოძრაობის” მამებისა და პირადად მიხეილ სააკაშვილის თავში?
ფაქტია: “ნაციონალურ მოძრაობას” სჭირდებოდა ისეთი მერობის კანდიდატი, რომელზეც შეეძლებოდა ეთქვა, რომ ის არ არის გასვრილი პოლიტიკურ პროცესებში და პლუს, არის თავისი საქმის პროფესიონალი, კარგი სპეციალისტი, დადებითი იმიჯის მქონე და უმწიკვლო რეპუტაციისა.
ახლა მკითხველი გაოცებული მკითხავს _ მერედა, ვინ გითხრა, რომ ზაალ უდუმაშვილი ეგეთიაო?
ვუპასუხებ _ ვინ მითხრა და ბიძინა ივანიშვილმა!
დიახ, განა ბიძინა ივანიშვილი არ იყო და არის ის კაცი, რომელიც გაიძახოდა და დღემდე გაიძახის, _ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში ძალიან ჭკვიანი, უმწიკვლო რეპუტაციის, პროფესიონალი, გამოცდილი, შესანიშნავი და მისაბაძი ჟურნალისტები მუშაობენო? განა ბიძინა ივანიშვილი არ ლაპარაკობს “რუსთავი 2”-ელების შესახებ აღფრთოვანებითა და მოწიწებით თითქმის ყველა პრესკონფერენციაზე?
განა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ არ გადაიბირა 2012 წლის შემდეგ არაერთი ადამიანი “რუსთავი 2”-დან და ჩააყენა “ოცნების” სამსახურში? ამის პარალელურად კი ფეხებზე დაიკიდა მართლა პროფესიონალი ჟურნალისტები, რომლებიც 9 წელიწადი თავგამოდებით ებრძოდნენ მანიაკურ რეჟიმს.
ბიძინა ივანიშვილი ხომ დღესაც ცდილობს, მოხიბლოს თავისი “ტკბილად მოუბარი” ენით “რუსთავი 2”-ის თანამშრომლები და მათ უზრუნველ მატერიალურ ცხოვრებას ჰპირდება, თუკი ისინი “განაგდებენ მიშას” და აღიარებენ “ჭეშმარიტ ბიძინას”?!
ამას კი საფანელად ივანიშვილი ყოველთვის უფენს დაახლოებით ასეთ აზრს _ მე იმიტომ ვცდილობ “რუსთავი 2”-ში მომუშავე კადრების გადმობირებას, რომ ისინი პროფესიონალები, საქმის ერთგული და პატიოსანი ადამიანები, ძალიან გამოცდილი მუშაკები არიანო!
ჰოდა, რა გინდათ?
ადგა “ნაციონალური მოძრაობა” და ეს ძალიან პატიოსანი, პროფესონალი, დაუზარელი მუშაკი და საქმის უბადლო მცოდნე პიროვნება თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელა. რა, განა “პროფესიონალიზმი” და “პატიოსანი მშრომელობა” იმით განისაზღვრება, გადავა თუ არა ვინმე ბიძინას მხარეს?
ასე რომ, დღეს ნაციონალებს პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ რეკლამირებული და “გაპიარებული” მერობის კანდიდატი ჰყავთ და არც უნდა იყოს გასაკვირი, თუ ის ძლიერ წინააღმდეგობას გაუწევს “ოცნების” კანდიდატს და ეგებ მოუგოს კიდეც.
სჯობდა, ბიძინა ივანიშვილს სწორად შეეფასებინა სიტუაცია, მოესმინა ხალხის ხმისთვის და შეეგნო, რომ “რუსთავი 2” _ ეს არის ანტიჟურნალისტიკის ეტალონი, რომ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტები პროფესიონალები და თავისი საქმის ერთგულები კი არა, ფულსა და მატერიალურ კეთლდღეობაზე გაყიდული არაადამიანები არიან, რაც თავისთავად გამორიცხავს მათ პროფესიონალიზმს. ნაცვლად ამისა, გამოვიდა ისე, რომ ივანიშვილმა თვითონ გაუკეთა რეკლამა ნაციონალების მერობის კანდიდატს და მიხეილ სააკაშვილმაც მოხერხებულად ისარგებლა ამით.
რა შეიძლება მოჰყვეს ამას შედეგად? სავარაუდოდ, უდუმაშვილი არჩევნებს ამ ეტაპზე ვერ მოიგებს და თბილისის მერი ვერ გახდება, მაგრამ ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი, ისევე, როგორც მისი წინამორბედი “ბელადები”, თვითონვე უყრის საფუძველს თავის პოლიტიკურ, მოქალაქეობრივ, მეცენატურ და ადამიანურ დასასრულს. წინამორბედების მსგავსად, ისიც აძლევს საშუალებას გარშემო შემოკრებილ მლიქვნელებს, თავიანთი ლიქნით ქვეყანაც დაღუპონ და ივანიშვილიც.
აი, ამიტომ დგას დღეს ქართველი ერი მათ თვალში “უმადურობასა” და “უდუმურობას” შორის…
არადა, ხალხს ერთიც ფეხებზე ჰკიდია და მეორეც _ ერს აქვს უფლება, კატეგორიულად მოსთხოვოს პასუხი უზნეო საქციელზე იმ კაცს, რომელმაც თვითონვე დაიკისრა პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავალზე, მიუხედავად იმისა, რომ მან თავისზე უარესი ტირანი მოაშორა ქვეყანას, გადაგვარჩინა მანიაკებისგან, გვიხსნა საშინელებისგან თუ რაც და როგორც იყო. ქვეყნის სათავეში შენი გუნდის მოყვანა, უწინარესად, ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის დაკისრებას უნდა ნიშნავდეს და არა ერისთვის საკუთარი “კაი ტიპობის” განუწყვეტელ დაყვედრებას… თორემ ზოგიერთისგან ასეთი თვალსაზრისიც კი მომისმენია, _ გერმანიამ ვერ დააფასა თავისი უდიდესი შვილი ადოლფ ჰიტლერიო.
ვნახოთ, იქნებ ბიძინა ივანიშვილმა მაინც ათხოვოს ყური ხალხის ხმას და თავი დაანებოს მართალი ადამიანებისთვის “უმადურების” ძახილს.
ჯერ კიდევ არ არის გვიან!
ბაკურ სვანიძე