აფხაზი სამღვდელოება თავისი საეკლესიო სტრიქტურის შექმნაზე ალაპარაკდა, რასაც მართალმადიდებული სამყარო განხეთქილების შეტანის მცდელობად მიიჩნევს. საკითხის გადასაწყვეტად ისინი მოსკოვის, თბილისისა და კონსტანტინოპოლის ჩართვას მოითხოვენ, მაგრამ ვითარებას თავისებურად ხედავენ.
მართლმადიდებელი ეკლესიების ჩამონათვალში აფხაზეთის ეკლესია არ არის. ის თვითაღიარებულია, ანუ კანონებს მიღმაა. ეს კი ნიშნავს, რომ მის მიერ ჩატარებული რიტუალები და წეს-ჩვეულებები ფუჭი და ბათილია, მაგრამ ამ არაკანონიკური სტრუქტურის წევრები მაინც ცდილობენ ლეგალიზაციის მოპოვებას. “აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის” სასულიერო პირმა ბესარიონ აპლიამ (როგორც odishinews.ge იუწყება, ეს პირიარის ბესარიონ ფილია _ ნ.კ.) რამდენიმე დღის წინათ მოუწოდა რუსეთისა და საქართველოს ეკლესიებს პრობლემის საბოლოოდ გადაწყვეტისკენ. მისი წერილი გასულ თვეში მიიღეს მოსკოვმა და თბილისმა.
“ჩვენ სურვილი გვაქვს, გამოვასწოროთ შეცდომები, რომლებიც დაუშვეს აფხაზეთის ეკლესიის კანონიკური სტატუსის მიმართ”, _ ნათქვამია საქართველოსა და რუსეთის პატრიარქებისადმი მიმართვაში.
ვითარება აფხაზეთში ძალიან ჰგავს უკრაინაში შექმნილ ვითარებას. აფსნის რეგიონი, როგორც მას აფხაზები უწოდებენ, დიდი ხნის განმავლობაში სხვადასხვა სამეფოს ეკუთვნოდა და, შესაბამისად, სხვადასხვა მართლმადიდებელ ეკლესიას ემორჩილებოდა. XIX საუკუნეში ის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს საეგზარქოსოს შემადგენლობაში შედიოდა, შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილად იქცა.
ყველაფერი შეიცვალა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. 1992 წელს ურთიერთობა თბილისსა და სოხუმს შორის, რომელიც იმ მომენტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრი იყო, შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. იმხანად ლაპარაკი იყო აფხაზეთის როგორც ადმინისტრაციულ, ისე რელიგიურ დამოუკიდებლობაზე საქართველოსგან. არც ისე იშვიათად სისხლი იღვრებოდა წმინდა ადგილებზეც _ მსხვერპლთა შორის იყვნენ ღვთისმსახურებიც, ამიტომ 1993 წელს რეგიონი დატოვეს არა მხოლოდ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა, არამედ ბევრმა მღვდელმსახურმა. 1993 წელს ადგილობრივი სასულიერო პირების მცირე ჯგუფმა სოხუმ-აფხაზეთის ეპარქიის დროებით მმართველად ბესარიონ აპლია აირჩია. 2004 წელს მან რეგისტრაციაში გაატარა აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია, მაგრამ ის მხოლოდ აფხაზეთის რესპუბლიკის ხელისუფლებამ აღიარა, მოსკოვისა და საქართველოს საპატრიარქომ კი აღიარებაზე უარი განაცხადეს.
პირდაპირ თბილისში
ერთი წლის შემდეგ ლეგალიზაციის პრობლემა გაღრმავდა. შიდა კონფლიქტის გამო აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიიდან გავიდა მღვდლების ჯგუფი არქიმანდრიტ დოროთეს (დბარი) მეთაურობით. მათ შექმნეს “აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია”. ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის ხელისუფლებამ ისიც დაარეგისტრირა, მისი ადმინისტრაციული ცენტრი მდებარეობს ახალი ათონის მონასტერში.
საკითხის გადაწყვეტას ორივე სტრუქტურა სხვადასხვანაირად ხედავს. ბესარიონ აპლია მოსკოვის საპატრიარქოსთან დიალოგის მომხრეა.
“საქართველოს ეკლესიამ ამ წლების განმავლობაში, უბრალოდ, მიატოვა ეკლესია და უკან დაბრუნება არ უცდია, _ ამბობს აპლია, _ ამას გარდა, 100 წლის წინათ პატრიარქმა ტიხონმა არ აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პრეტენზია აფხაზეთის ტერიტორიაზე, მაგრამ 1943 წლის ზაფხულში ეს გადაწყვეტილება ფეხქვეშ გათელეს”.
საქართველოს საპატრიარქომ ბესარიონ აპლიას ასე უპასუხა: “მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით წერილის სულისკვეთებას, ვაცნობიერებთ დიალოგის დაწყების აუცილებლობას, ამიტომ ვფიქრობთ, რომ სასარგებლო იქნებოდა თქვენთან შეხვედრა თბილისში და პრობლემური საკითხების განხილვა”.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთს თავის კანონიკურ ტერიტორიად მიიჩნევს. ანალოგიური თვალსაზრისი აქვს რუსეთის ეკლესიასაც, რომელიც კონფლიქტში არ ერევა.
ახალი მხარე
კიდევ ერთი დიდი მოთამაშე _ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო _ განზე დარჩენას არ აპირებს. მან უკვე დაარღვია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საზღვრები უკრაინაში, როცა აღიარა ადგილობრივი “რასკოლნიკები”. ამან გამოიწვია როგორც მართლმადიდებელი სამყაროს გახლეჩა, ისე ახალი ცხელი წერტილების გაჩენა მსოფლიო ქრისტიანობის რუკაზე. შეიძლება მათგან ერთ-ერთი აფხაზეთიც იყოს.
აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის საბჭოს თავმჯდომარე დოროთემ თხოვნით მიმართა სტამბულში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, მისცეს მას ავტოკეფალიის სიგელი _ ისეთი, როგორიც გადასცა კიევს 2019 წელს. პატრიარქმა ბართლომემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ამის წინააღმდეგი არ არის.
“ავტოკეფალიის მინიჭება კონსტანტინოპოლის განსაკუთრებული კომპეტენციაა, ამაზე მეტყველებს მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია… მოკლედ, გავიმეორებ, რომ რუსეთი ვერ მისცემს ავტოკეფალიას ვერც აფხაზეთს, ვერც სხვას”, _ განუცხადა ბართლომემ ქართულ ტელეარხ “ფორმულას”.
აფხაზეთისთვის ტომოსის მიცემით პატრიარქი ბართლომე არა მხოლოდ გააღრმავებს კონფლიქტს მოსკოვის საპატრიარქოსთან, არამედ მწვავედ დაუპირისპირდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასაც.
ეს კიდევ უფრო გახლეჩს მართლმადიდებელ სამყაროს, სწორედ ამისკენ მიისწრაფვიან გარკვეული დასავლური ძალები.
ria.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა
P.S. უკრაინელი “რასკოლნიკები” რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ: არაკანონიკური “უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის” მამა–დამფუძნებელი ფილარეტ დენისენკო საბოლოოდ განუდგა ბერძენ მოკავშირეებს და ამით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ავტოკეფალიის პროექტი _ ბართლომეს მიერ უკრაინის არაკანონიკური ეკლესიისთვის ტომოსის გადაცემა. საერთოდ, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიამ კარგი ვერაფერი მოიტანა. ადამიანების გაერთიანების ნაცვლად, როგორც ინიციატორები ამბობდნენ, ავტოკეფალიამ გახლეჩვის მასშტაბი კიდევ უფრო გაზარდა, მათ შორის, თვითონ ბართლომეს ძალისხმევით შექმნილ უკრაინის ახალ ეკლესიაში.
ნ.კ.