Home რუბრიკები პოლიტიკა უკრაინული არჩევნების ქართული ექო

უკრაინული არჩევნების ქართული ექო

1155
ვლადიმერ ზელენსკი

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში შოუმენმა ვლადიმერ ზელენსკიმ ხმების თითქმის სამი მეოთხედი მოაგროვა და დამაჯერებლად დაამარცხა მოქმედი პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო. რას ნიშნავს ზელენსკის გამარჯვება უკრაინისთვის და რა შეიძლება მოუტანოს მან საქართველოს?

ბოლო დღეებში ბევრი დაიწერა იმაზე, რომ ზელენსკის გამარჯვების მთავარი მიზეზი უკრაინელების მიერ კორუფციაში ჩაფლული ძველი ელიტის აუტანლობაა და სწორედ ამიტომ პრეზიდენტად გამოუცდელი, მაგრამ, მათი აზრით, გაუსვრელი კანდიდატი აირჩიეს. ამას ხელი შეუწყო სერიალმა “ხალხის მსახური”, ფილმში ზელენსკი მთავარ როლს ასრულებს. ამ სერიალში უბრალო მასწავლებელი, გოლობოროდკო, თითქმის შემთხვევით უკრაინის პრეზიდენტი ხდება, შემდეგ კი ოლიგარქიული სისტემის დემონტაჟს იწყებს. არაერთმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ ბევრმა ამომრჩეველმა ხმა არა იმდენად ზელენსკის, რამდენადაც მის გმირს, გოლობოროდკოს, მისცა, როგორც წარმოსახვით იდეალურ პრეზიდენტს. საინტერესოა, მიხვდა თუ არა პეტრე პოროშენკო, როდესაც 2015-ში სერიალხალხის მსახურისშესახებ შეიტყო, რომ ეს, უბრალოდ, სერიალი კი არა, მისი მოწინააღმდეგის, ოლიგარქ იგორ კოლომოისკის, პოლიტტექნოლოგიური პროექტია. მათ შორის კონფლიქტი 2015 წლის მარტში მოხდა, ამავე წლის ნოემბერში ტელეკომპანია “1+1”-ის ეთერში, რომელიც კოლომოისკის ეკუთვნის, “ხალხის მსახურის” პირველი სერია გავიდა. მიაქცია თუ არა პოროშენკომ ყურადღება სერიალის სლოგანს _ “მომავალი პრეზიდენტის ისტორია”? თუმცა ახლა ამას მნიშვნელობა, ალბათ, აღარ აქვს. მთავარია შედეგი: კომიკური ჟანრის მსახიობი 40-მილიონიანი ქვეყნის პრეზიდენტია.

წარმატებული ტელეპროექტი ან პოროშენკოს მაღალი ანტირეიტინგი მომხდარის ერთადერთი მიზეზი არაა. უკრაინის პოლიტიკურ ისტორიას უცნაური რიტმი ახასიათებს, ზოგიერთი ექსპერტი მისი აღწერის დროს ქანქარას ახსენებს. პირველმა “მაიდანმა”, რომლის მხარდამჭერების ბირთვს უკრაინის დასავლეთ რეგიონების მცხოვრებნი წარმოადგენდნენ, ხელისუფლებაში ვიქტორ იუშჩენკო მოიყვანა. 5 წლის შემდეგ პრეზიდენტად ვიქტორ იანუკოვიჩი აირჩიეს _ მისი გამარჯვება აღმოსავლეთ უკრაინაში მიღებული ხმების დიდმა რაოდენობამ უზრუნველყო. შემდეგ, 2014-ში, ახალი “მაიდანი” მოხდა, რომლის “ძრავას” ისევ დასავლეთ უკრაინის ოლქები წარმოადგენდნენ; პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო გახდა. 5 წლის შემდეგ ის ვლადიმერ ზელენსკიმ დაამარცხა, რომელმაც უდიდესი უპირატესობით გაიმარჯვა აღმოსავლეთ რეგიონებში (დასავლეთშიც მოიგო, მაგრამ დაახლოებით 10%-იანი სხვაობით). ვერ გამოვრიცხავთ, რომ ახალი ციკლი ისევ “მაიდნით” დაიწყება, თუმცა ეს, ალბათ, მაინც შედარებით შორეული პერსპექტივაა, იქამდე კი ზელენსკისა და მის ზურგს უკან მდგომ კოლომოისკის სერიოზული წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევთ.

საქმე ის არის, რომ პარლამენტში ზელენსკის თავისი ფრაქცია არ ჰყავს, ხოლო უკრაინა “ჰიბრიდული” საპრეზიდენტო-საპარლამენტო რესპუბლიკაა. შესაბამისად, პოროშენკოსა და მის მოკავშირეებს პარლამენტში შესაძლებლობა ექნებათ, ახალი პრეზიდენტის მთელი რიგი ინიციატივები დაბლოკონ. რა თქმა უნდა, პარლამენტში ზელენსკის მოკავშირეებიც გაუჩნდება, ზოგიერთი დეპუტატი გამარჯვებულის მხარეს გადავა, მაგრამ ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც შემოდგომაზე გაიმართება, უკრაინაში, ორხელისუფლებიანობა თუ არა, საკმაოდ რთული ვითარება იქნება.

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: უკრაინა განსხვავებული პოლიტიკური კულტურის ქვეყანაა, რომელიც ეფუძნება კონსენსუსს სხვადასხვა ოლიგარქიულ ჯგუფსა და მათზე დამოკიდებულ რეგიონულ ელიტებს შორის. ახლა ზელენსკის მათთან მოლაპარაკებებისა და შეთანხმებების პერიოდის გავლა მოუწევს და ამის შემდეგ, სავარაუდოდ, გაუჭირდება იმ თამამი დაპირებების შესრულება, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში გასცა. ხოლო იმის ალბათობა, რომ ის თამაშის ძველი წესების შეცვლას შეეცდება, მისი მთავარი პარტნიორის, ოლიგარქ იგორ კოლომოისკის, გამოცდილების გათვალისწინებით, არც ისე მაღალია. პოლიტიკა ტელეშოუ არ არის და უკრაინის ამომრჩევლები, ისევე, როგორც თვითონ ზელენსკი, ამაში, სავარაუდოდ, მალე დარწმუნდებიან.

ამომრჩეველთა დიდ ნაწილს კიდევ ერთი მოტივი ამოძრავებდა, რომელიც იუშჩენკო-იანუკოვიჩის პერიოდში, უბრალოდ, არ არსებობდა. პოროშენკომ ომი დონბასში ვერც გამარჯვებით და ვერც ნორმალური სამშვიდობო შეთანხმებით ვერ დაასრულა. მოქალაქეების დიდ ნაწილს (უპირველესად ქვეყნის აღმოსავლეთში) ომის დასრულება და რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება სურს და ვლადიმერ ზელენსკის მთელი რიგი დაპირებები სწორედ ამას ეხებოდა. საგულისხმოა, რომ მისი არჩევის შემდეგ რუსეთის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა “ტვიტერში” დაწერა: ყველა პრობლემის მიუხედავად, ურთიერთქმედების გაუმჯობესების შანსი მაინც არსებობსო.

ვლადიმერ ზელენსკის გამარჯვებამ მიხეილ სააკაშვილი გამოაცოცხლა. მისი მიმდევრები აქტიურად მსჯელობენ სოცქსელებში იმაზე, რომ უკრაინის ახალი პრეზიდენტი მათ ბელადს პრემიერმინისტრად დანიშნავს, ხოლო დავით საყვარელიძეს _ გენპროკურორად და ა. შ. მსგავსი ილუზიები მათ ნაციონალების უკრაინული ვოიაჟის პირველ ეტაპზეც ჰქონდათ. ისინი ვარაუდობდნენ, რომ პოროშენკო სააკაშვილს ოდესის ოლქის შემდეგ მთავრობას ჩააბარებდა, მაგრამ მოხდა საპირისპირო _ ის მალე დაუპირისპირდა პრემიერმინისტრ იაცენიუკს და შინაგან საქმეთა მინისტრ ავაკოვს, შემდეგ კი თვით პრეზიდენტს და მათ მოწინააღმდეგეებთან ალიანსის შექმნა სცადა. საბოლოოდ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვეს და უკრაინიდან გააძევეს.

ნაციონალების დღევანდელი მოლოდინი, უპირველესად, ეფუძნება ზელენსკის კომენტარს. მან თქვა, რომ სააკაშვილი, გამოცდილებიდან გამომდინარე, შეიძლება სასარგებლო მრჩეველი გახდეს. ისინი არ ითვალისწინებენ ხელისშემშლელ გარემოებებს, მათ შორის იმას, რომ პოროშენკოსა და კოლომოისკის კონფლიქტის პერიოდში სააკაშვილი პრეზიდენტის ინტერესებს იცავდა და გუნდის წევრებიდან დნეპროპეტროვსკელ ოლიგარქს ყველაზე მონდომებულად ლანძღავდა. მართალია, პოლიტიკაში მუდმივი არაფერი არსებობს და მოგვიანებით კოლომოისკი და სააკაშვილი პოროშენკოს თანამდებობიდან ჩამოშორების სურვილმა გააერთიანა, მაგრამ არის კიდევ ერთი გარემოება, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სააკაშვილის პოლიტიკურ რეინკარნაციას უკრაინაში: პოლიტიკოსების დიდი ნაწილი მას არასანდო და, ამავე დროს, ტოქსიკურ ფიგურად განიხილავს. სწორედ ამიტომ არც ერთი წონიანი მოღვაწე არ შეუერთდა სააკაშვილს, როდესაც მან კიევის ცენტრშიმაიდნისაგორება სცადა. სააკაშვილთან კავშირისა და მცირე მასშტაბის გამო ზოგიერთი კომენტატორი მასმიხომაიდანჩიკსუწოდებდა.

ყოველივე ამის მიუხედავად, ალბათობა იმისა, რომ ახლო მომავალში მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში დაბრუნების ნებას დართავენ, საკმაოდ მაღალია. დღეს მისი მიმდევრები საუბრობენ არა მხოლოდ იმაზე, რომ სააკაშვილს უკრაინაში ახალი პოლიტიკური პერსპექტივა გაუჩნდება, არამედ იმაზეც, რომ მეგობარი ქვეყანა შეიძლება გახდეს ერთგვარი ბაზა, რომელიც ხელს შეუწყობს მის დაბრუნებას საქართველოს ხელისუფლებაში. ანალოგიური საუბრები ხშირი იყო იმ პერიოდში, როდესაც სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის პოსტს იკავებდა. დღეს ნაციონალების მთავარი, საკუთარ მხარდამჭერებზე ორიენტირებული პროპაგანდისტული გზავნილი შემდეგია: თუ მოხერხდა ოლიგარქის დამარცხება უკრაინაში, ეს საქართველოშიც მოხერხდება”. ამ შემთხვევაში ისინი არ აქცევენ ყურადღებას იმ გარემოებას, რომ ვლადიმერ ზელენსკი არსებითად ოლიგარქ იგორ კოლომოისკის მარიონეტია და იმაზე მსჯელობა ურჩევნიათ, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები ზუგდიდის, მთაწმინდისა და ა. შ. შუალედურ არჩევნებზე (რატომღაც) განმსაზღვრელ გავლენას მოახდენს.

აისახება თუ არა ცვლილებები სააკაშვილის სტატუსში ორი ქვეყნის (უფრო სწორად მათი ხელისუფლებების) ურთიერთობაზე, ისე, როგორც ეს ცოტა ხნის წინათ მოხდა? იგორ კოლომოისკი პრაგმატიკოსია _ გამორიცხული არ არის, სააკაშვილისგან ჯერ საფრთხობელა შექმნას, შემდეგ კი ამ თვითმავალი ნაღმის დეაქტივაციის დაპირება გამოიყენოს, როგორც დამატებითი არგუმენტი უკრაინელ და ქართველ თანამოსაუბრეებთან დიალოგში. რა რეაქცია ექნება ამაზე ბიძინა ივანიშვილს, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია.

მთავარი გაკვეთილი საქართველოსთვის, ალბათ, შედეგია: როდესაც ხალხი ძველ მმართველ ელიტას ვეღარ იტანს, შეიძლება ნებისმიერ ვარიანტს ჩაებღაუჭოს. ერთი შეხედვით, პოლიტიკური გამოცდილების არმქონე შოუმენის არჩევა ძალზე არალოგიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ, როდესაც წინა პლანზე გამოდის სიძულვილი ძირმომპალი ოლიგარქიული სისტემის მიმართ, ლოგიკა მეორეხარისხოვანი ხდება.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი რუსეთთან ურთიერთობაა. 2012 წელს “ქართული ოცნების” მხარდამჭერებისთვის პრიორიტეტული იყო სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟი, ზოგიერთ მათგანს ივანიშვილის “უფასო ფული” აინტერესებდა, მაგრამ მნიშვნელოვანი როლი რუსეთთან ურთიერთობების რეგულირების დაპირებამაც შეასრულა. ის, დიდი ალბათობით, დღესაც აქტუალურია. 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში, “საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოსდაკვეთით, “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმაქვეყნის მასშტაბით 2087 ადამიანი გამოჰკითხა. როდესაც რესპონდენტებს ჰკითხეს _ ეთანხმებიან თუ არა მოსაზრებასრუსეთის ფედერაცია არის საქართველოს მეზობელი, ერთმორწმუნე სახელმწიფო, რომელთანაც ისტორიულად ბევრი ისტორიული ფასეულობა გვაკავშირებს და, მიუხედავად ოკუპაციისა, მასთან კეთილმეზობლური ურთიერთობები უნდა გვქონდეს”, 24%-მა უპასუხა, რომ ეთანხმება; ხოლო 20%-მა _ რომ სრულად ეთანხმება. როგორც ჩანს, კარგი ურთიერთობა რუსეთთან როგორც უკრაინის, ისე საქართველოს ამომრჩევლებისთვის კვლავ ერთერთ პრიორიტეტულ ფაქტორად რჩება.

ლუკა ნემსაძე

1 COMMENT

  1. ხო შოუმენი და ცირკის მასხარა აკლდა უკრაინას და აჰა კი აირჩიეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here