Home რუბრიკები პოლიტიკა უკრაინული ავტოკეფალია: განხეთქილება ახლოვდება

უკრაინული ავტოკეფალია: განხეთქილება ახლოვდება

1321
უკრაინული ავტოკეფალია: განხეთქილება ახლოვდება

გასულ კვირას ბოლო საუკუნეების ისტორიაში მართლმადიდებლური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კრიზისი დაიწყო მას შემდეგ, რაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდმა უკრაინასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღო, რომელმაც რუსეთში უმწვავესი რეაქცია გამოიწვია. რა შეიძლება მოუტანოს ამ კონფლიქტმა უკრაინას, რუსეთს, საქართველოსა და მართლმადიდებლური სამყაროს სხვა ქვეყნებს?

მსოფლიო (კონსტანტინოპოლის) საპატრიარქოს სინოდმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ “ადასტურებს ადრე მიღებულ გადაწყვეტილებას უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე”. მან, აგრეთვე, გააუქმა რუსეთის ეკლესიის ყველა ანათემა და აკრძალვა, რომლებიც უკრაინას ეხებოდა, კერძოდ, აღუდგინა ყველა უფლება და წოდება ფილარეტ დენისენკოს, რომელსაც რუსეთის ეკლესია განხეთქილების მთავარ ორგანიზატორსა და კიევის საპატრიარქოს თვითგამოცხადებულ ლიდერს უწოდებს. იგივე ეხება რუსეთის ეკლესიისთვის მიუღებელი რელიგიური სტრუქტურის “უკრაინული ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის” კიდევ ერთ ლიდერს _ მაკარ მალეტიჩს.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ გააუქმა 1686 წლის განჩინებაც, რომლითაც აღიარა მოსკოვის საპატრიარქოს უფლება, კიევის მიტროპოლიტი დანიშნოს. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უკრაინაში მსოფლიო (კონსტანტინოპოლის) პატრიარქის სტავროპიგიის (საეკლესიო წარმომადგენლობის) უსწრაფესი გახსნის შესახებ. ის გარდამავალ ეტაპზე უკრაინის ეკლესიის მართვის მთავარ ინსტრუმენტად მოიაზრება.

არავინ იცის, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს გარდამავალი პერიოდი. კონსტანტინოპოლს არ შეუძლია დაუყვნებლივ აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, რადგან ამ ეტაპზე ერთიანი უკრაინული ეკლესია არ არსებობს. შესაბამისად, უნდა გაიმართოს გამაერთიანებელი საეკლესიო კრება. ფილარეტ დენისენკო ვარაუდობს, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება, მაგრამ არის რამდენიმე ფაქტორი, რომლებმაც პროცესი შეიძლება შეაფერხოს. ესენია, უპირველესად, კონკურენცია უკრაინელ იერარქებს შორის, ამასთანავე, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სურვილი _ არ მიიყვანოს საქმე რუსულ ეკლესიასთან ურთიერთობის სრულ გაწყვეტამდე.

მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის საპატრიარქო არ აღიარებდა დენისენკოსა და მალეტიჩის საეკლესიო ორგანიზაციებს, ისინი მაინც “დე ფაქტო” აკონტროლებდნენ დიდი რაოდენობის მრევლს. დღეს სიტუაცია შეიცვალა _ კონტროლი კონსტანტინოპოლის პატრიარქის ხელში გადავიდა. ძნელი სათქმელია, დაუბრუნებს თუ არა მყისიერად პატრიარქი ბართოლომეოსი მართვის სადავეებს ადგილობრივ იერარქებს, მითუმეტეს, რომ გარემოებები შესაძლებლობას აძლევს, გარდამავალი პერიოდი თითქმის უსასრულოდ გაწელოს.

ფილარეტ დენისენკოს აზრით, “გამაერთიანებელ” ყრილობაში მონაწილეობა უნდა მიიღოს მისი საპატრიარქოს 41-მა დელეგატმა, მალეტიჩის “ავტოკეფალური ეკლესიის” 12-მა და მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული ეკლესიის 10-მა წარმომადგენელმა. ამ უკანასკნელთა მონაწილეობა სათუოა. ავტოკეფალიის ისეთი მომხრე, როგორიცაა ჩერკასისა და კანევის მიტროპოლიტი სოფრონიუსი, აცხადებს, რომ “ფილარეტთან ერთ ეკლესიაში არ შევა”. ავტოკეფალიის კიდევ ერთი მომხრე მიტროპოლიტი ალექსანდრე აცხადებს, რომ დარწმუნებული არაა, უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა კრებაში, სადაც კანონიკური ეკლესიის წარმომადგენლები უმცირესობაში იქნებიან.

საინტერესოა, რომ ფილარეტი კიევის მიტროპოლიტი ჯერ კიდევ 1966 წელს გახდა. 1990 წელს სურდა რუსეთის პატრიარქობა, მაგრამ ეპისკოპოსებმა ალექსი მეორე აირჩიეს. 1992-ში მოსკოვის საპატრიარქომ ის მიტროპოლიტის პოსტს ჩამოაცილა. რუსეთში გავრცელებული ვერსიის თანახმად, ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ფილარეტი ავტოკეფალიის ბაირახტარი გახდა. მან არ აღიარა რუსეთში მიღებული გადაწყვეტილება და 1992 წელს თავი პატრიარქად გამოაცხადა. იმ გავლენის გამო, რომელსაც ის კიევში ათწლეულების განმავლობაში ფლობდა, მის წამოწყებაში მონაწილეობა ბევრმა მღვდელმსახურმა და მრევლის წარმომადგენელმა მიიღო. საწყის ეტაპზე დიდი დახმარება მას უკრაინის პრეზიდენტმა ლეონიდ კრავჩუკმა გაუწია. რაც შეეხება მეორე (მალეტიჩის) სტრუქტურას, მას გაცილებით ხანგრძლივი ისტორია აქვს. ის 1917-ში, თებერვლის რევოლუციის შემდეგ, შეიქმნა; საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო და ლეგალურ სივრცეში მხოლოდ 90-იანებში ამოქმედდა.

საინტერესოა, რომ 2016 წელს, კრეტის საეკლესიო კრებაზე ავტოკეფალიის საკითხზე არ უმსჯელიათ, სამაგიეროდ დეტალურად განიხილეს ავტონომიის საკითხი და შემდეგი დადგენილება მიიღეს: თითოეულ ავტოკეფალურ ეკლესიას შეუძლია ავტონომიური სტატუსის მინიჭება მხოლოდ იმ ეკლესიისთვის, რომელიც მისი კანონიკური გეოგრაფიული ოლქის ფარგლებში მდებარეობს”. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ ახლახან მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, უკრაინა სწორედ მისი კონტროლის ზონაში შევიდა. ბართოლომეოს პირველი შეიძლება განიხილავდეს გადაწყვეტილებას ავტონომიის და არა ავტოკეფალიის შესახებ, როგორც კომპრომისულ ვარიანტს, რომელიც, ერთი მხრივ, მკვეთრად გააფართოებს მის გავლენას და, მეორე მხრივ, არ მიიყვანს კონფლიქტს მოსკოვთან სრულმასშტაბიან განხეთქილებამდე. ამგვარად, მოლოდინები ავტოკეფალიასთან დაკავშირებით შეიძლება ზედმეტად ოპტიმისტური აღმოჩნდეს.

არის ერთი ქვეყანა, რომელშიც მოსკოვისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სტრუქტურები მშვიდობიანად თანაარსებობენ. ეს არის ესტონეთი. უკრაინაში კი, მისი მასშტაბისა და კონფლიქტის სიმწვავის გათვალისწინებით, კომპრომისის მიღწევა თითქმის შეუძლებელი ჩანს.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს პრესმდივანმა, მღვდელმა ალექსანდრე ვოლკოვმა მიღებულ გადაწყვეტილებებს “კატასტროფული” უწოდა და დასძინა, რომ ის “განხეთქილების ლეგალიზაციას” ახდენს: “ეს მიაყენებს კატასტროფულ ზიანს მილიონობით მართლმადიდებელ მორწმუნეს უკრაინაში, იმიტომ, რომ ახლა რაღაც საშინელება დაიწყება”.

მოსკოვში მკვეთრად გააკრიტიკეს უკრაინელ იერარქებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაც. რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ ლეგოიდამ თქვა, რომ “კონსტანტინოპოლმა უპრეცედენტო ანტიკანონიკური ქმედება ჩაიდინა”, როდესაც ურთიერთობაში შევიდა იმ უკრაინელ მღვდელმთავრებთან, რომლებიც რუსულმა ეკლესიამ განკვეთა. რაც შეეხება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინაში სტავროპიგიის შექმნას, რუსეთის საპატრიარქოს კიდევ ერთი წარმომადგენლის ნიკოლაი ბალაშოვის თქმით, “ეს მართლმადიდებლური კანონიკური წყობის საფუძვლების განადგურების მცდელობაა”.

მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში ბართოლომეოს პირველის ანათემაზე გადაცემის შესაძლებლობაც კი არ გამორიცხეს. “ისინი, კონსტანტინოპოლის პატრიარქები, ერესში არაერთგზის ჩავარდნილან. პატრიარქს უცოდველობის სტატუსი არ აქვს”, _ განაცხადა ამ ეკლესიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვასილი ანისიმოვმა.

სამაგიეროდ, ფილარეტ დენისენკოსთან ერთად, სიხარულს ვერ მალავდა უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო. “გადაწყვეტილება ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ უკვე მიღებულია. ეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების, სახელმწიფოებრიობის, მსოფლიო გეოპოლიტიკის საკითხია. ეს არის მესამე რომის, როგორც მსოფლიო ბატონობაზე მოსკოვის უძველესი კონცეპტუალური განაცხადის, დაცემა”.

თუმცა მესამე რომის დამხობამდე პოროშენკოს საპრეზიდენტო არჩევნები აქვს მოსაგები, რომელიც გაისად 31 მარტს გაიმართება. რეიტინგებში ჯერ-ჯერობით იულია ტიმოშენკო ლიდერობს. მიხეილ დრაგომანოვის სახელობის სოციოლოგიური ცენტრის მონაცემების თანახმად, მისთვის ხმის მიცემას გამოკითხულთა 15,7% აპირებს, პოროშენკოსთვის კი _ 12,3%. სხვა სოციოლოგიური სამსახურების ციფრები ოდნავ განსხვავებულია, თუმცა პოროშენკოს ჩამორჩენა ყველგან ჩანს. ომი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში და უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ნეგატიურად მოქმედებს პოროშენკოს მეორე ვადით არჩევის პერსპექტივაზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, უკრაინა ევროპის ყველაზე ღარიბი სახელმწიფო გახდა, 2017-ში მას ყოფილმა აუტსაიდერმა მოლდოვამ გაუსწრო, ამიტომ პოროშენკო ძალზე აქტიურად იყენებს ავტოკეფალიის თემას, რომელმაც, თეორიულად, შეიძლება მისი რეიტინგი გაზარდოს.

დაპირისპირება ავტოკეფალიის გარშემო მხოლოდ საეკლესიო სამართლის ნიუანსებს როდი ეხება, არამედ უამრავ საეკლესიო შენობას, მათ შორის ისეთ უნიკალურ ძეგლებს, როგორიცაა კიევ-პეჩორის ლავრა _ დღეს მათ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია აკონტროლებს, თუმცა თითქმის არავის ეპარება ეჭვი, რომ უკრაინელი მღვდელმთავრები, რომლებიც გასულ კვირას კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში გადავიდნენ, შეეცდებიან, მათ დაეუფლონ. ეს კი, დიდი ალბათობით, მრევლის დაპირისპირებას და, შესაძლოა, სერიოზულ შეტაკებებს გამოიწვევს.

კრემლმა მოსალოდნელი ესკალაციის თაობაზე საკმაოდ ხისტი კომენტარი გააკეთა. თუ განვითარებული მოვლენები მართლსაწინააღმდეგო კალაპოტში გადავა, რა თქმა უნდა, რუსეთი დაიცავს მართლმადიდებლების ინტერესებს ისე, როგორც ის რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესებს იცავს”, _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. ვლადიმერ პუტინმა ამ საკითხთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა.

ფონდ “დემოკრატიული ინიციატივის” მონაცემებით, ავტოკეფალიური ეკლესიის შექმნას გამოკითხული უკრაინელების 31% ემხრობა, 20% კი წინააღმდეგია, მაგრამ იმ მრავალრიცხოვან მრევლში, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარება, სიტუაცია განსხვავებულია _ ავტოკეფალიას მხარს უჭერს 23%, 40% კი მისი წინააღმდეგია. ამჟამად ამ სტრუქტურას უკრაინაში 11 392 ტაძარი ექვემდებარება, კიევის საპატრიარქოს ავტოკეფალურ ეკლესიას (დენისენკო), რომელიც ახლახან კონსტანტინოპოლის დაქვემდებარებაში გადავიდა, _ 3784, ხოლო მალეტიჩის სტრუქტურას _ 868. საინტერესოა, რომ სოციოლოგების მიერ გამოკითხულთა 23,4% არ ან ვერ აზუსტებს, რომელ ეკლესიას ეკუთვნის, და აცხადებს, რომ “უბრალოდ მართლმადიდებელია”. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ბოლო გადაწყვეტილებას, დიდი ალბათობით, განხეთქილება და სამოქალაქო დაპირისპირება მოჰყვება, რომელშიც ამა თუ იმ ფორმით მილიონობით ადამიანი ჩაერთვება.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here