Home ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის საუკეთესო მასწავლებელი ევროპაში მომვლელად სამუშაოდ გაემგზავრა

უკრაინის საუკეთესო მასწავლებელი ევროპაში მომვლელად სამუშაოდ გაემგზავრა

ვიოლეტა მაკედონი

ვიოლეტა მაკედონმა, რომელიც უკრაინაში 2016 წლის საუკეთესო მასწავლებლად აღიარეს, მიატოვა სკოლა და ევროპაში საშოვარზე გაემგზავრა. შვილის სანახავად ორი დღით სამშობლოში დაბრუნებულმა ინტერვიუ მისცა უკრაინის მედიას.

“აქ (უკრაინაში) ცხოვრობენ ჩემი მეგობრები, კოლეგები, მოსწავლეები, აქ დავოსტატდი ჩემს პროფესიაში. მადლობელი ვარ მათი, რადგან დამეხმარნენ პროფესიული მწვერვალის დაპყრობაში”, _ ციტირებს მას გამოცემა РБК-Украина.

ინგლისური ენის მასწავლებელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ლონდონში მომვლელ ქალად მუშაობს და მისი ყოველდღიური ანაზღაურება უკრაინაში პედაგოგის ერთი თვის ხელფასს უდრის. დამსახურებული მასწავლებელი ხანდაზმულ მამაკაცს უვლის _ ასეირნებს, დაჰყავს პარკებსა და მუზეუმებში.

ვიოლეტა მაკედონი აღიარებს, რომ, კარგი ხელფასის მიუხედავად, თავს ძალიან არაკომფორტულად გრძნობს, დათრგუნვილია, ენატრება შვილი და სახლი, რომელიც დატოვა.

უკრაინა “ჩემოდანურმა განწყობილებამ” მოიცვა: ქვეყნიდან “დროზე გასწრების” განზრახვამ მოსწავლეთა შორისაც მოიკიდა ფეხი, რომ არაფერი ვთქვათ უფროსებზე, რომლებიც გადაულახავ სოციალურ წინააღმდეგობებს ვერ ერევიან.

ანალიტიკოსები ასკვნიან, შრომისუნარიანი მოსახლეობის უკრაინიდან გადინებას კატასტროფული შედეგები მოჰყვება.

უკრაინელი პოლიტოლოგი ანდრეი ოკარა, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს, ამბობს, რომ “ეპიდემია, რომელიც ამჟამად უკრაინაში მძვინვარებს (იგულისხმება “ჩემოდანური განწყობილება”), უკრაინას, როგორც სახელმწიფოს, გაანადგურებს. იგი მიიჩნევს, რომ სწორედ ასეთი განწყობაა პრობლემის თავიდათავი და არა მაინცდამაინც მოუგვარებელი ეკონომიკა, უმუშევრობა ან რუსეთ-უკრაინის ომი. განსაკუთრებით შეწუხებულია იმით, რომ მისი ნაცნობ-მეგობრების შვილები სკოლის დამთავრების შემდეგ უკრაინის დატოვებას აპირებენ: ზოგიერთი _ სამუდამოდ, ზოგიც _ სასწავლებლად. “თუ გსურს სამშობლოში დარჩენა,  ხარ “გოიმი”, სულელი, მესამე ხარისხის ადამიანი. ასეთი განწყობაა გავრცელებული დამამთავრებელი კლასების მოსწავლეების მშობელთა შორის”, _ აღნიშნავს იგი.

იმატა იმ ქვეყნების ჩამონათვალმა, რომლებისკენაც ისწრაფვიან უკრაინელები. თუ უწინ ეს იყო პოლონეთი, რუსეთი, გერმანია, აშშ, კანადა, უკვე დაემატა დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, სლოვაკეთი, ჩეხეთი, საბერძნეთი, შვედეთი,  ბელარუსი და ჩინეთი.

“შრომისუნარიანი ადამიანების გადინებას, რომელმაც შეიძლება მოკლას უკრაინა, მასობრივი ფსიქოზის ფორმატი აქვს. სახელმწიფო უუნაროა და არც ცდილობს, მართოს მომავალი.  გამორიცხული არ არის, რომ ეს ნგრევა უკრაინის ისტორიაში უკანასკნელი იქნება”, _ ასკვნის ანდრეი ოკარა.

თემა, რომელსაც ოკარა განიხილავს, არახალია: ერთი წლის წინათ სოციოლოგიური კვლევების  ჯგუფმა “რეიტინგმა” ჩაატარა გამოკითხვა და გაარკვია, რომ უკრაინელების, სუ ცოტა, 30 პროცენტს სურს უცხოეთში მუდმივად დასახლება; უცხოეთში, სადაც მათ დიდი სიყვარულით არ ხვდებიან.

პოლონეთში, სადაც უკრაინიდან წასული მოქალაქეების უმეტესობაა დასაქმებული, რამდენიმე უკრაინელს თავს დაესხნენ მთვრალი ნაციონალისტები. ასეთივე თავდასხმა მოხდა ქალაქ ზაკოპანეში, სადაც უკრაინელებს ძვალი და რბილი გაუერთიანეს იმის გამო, რომ  მშობლიურ ენაზე საუბრობდნენ.

წლეულს, აგვისტოში, პოლონეთის მედიაში ფართოდ განიხილავდნენ უკრაინელ მუშებზე თავდასხმის კიდევ ერთ შემთხვევას. აგრესიულად განწყობილმა პოლონელებმა ახალგაზრდა კაცი მხოლოდ იმიტომ სცემეს, რომ იგი უკრაინელი იყო.  კიდევ ერთი სკანდალი მოხდა სექტემბერში: ქალაქ ბარლინეკის ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიის მეპატრონის განკარგულებით, უკრაინული წარმოშობის ყველა მყიდველს სალაროდან გამოსვლისას ჩხრეკდნენ. პატრონმა თავისი ქმედება გახშირებული ქურდობის აღსაკვეთად განხორციელებული აუცილებლობით ახსნა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here