უკრაინულ პრესაში გრძელდება გამოქვეყნება ანტიქართული სტატიებისა, რომლებშიც მკაცრად არის გაკრიტიკებული საქართველოს ხელისუფლება. პუბლიკაციების ხასიათი არცთუ იშვიათად არა მხოლოდ კრიტიკული, არამედ შეურაცხმყოფელიცაა _ თითქოს მთავარი დამნაშავე იმაში, რაც ახლა უკრაინაში ხდება, საქართველოა.
“რამდენიმე ქვეყანა არ შეუერთდა სანქციებს. ესენია: ჩინეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ეგვიპტე, ალჟირი, ინდოეთი, ინდონეზია, ისრაელი, თურქეთი, მოლდოვა, ყაზახეთი, საქართველო და რამდენიმე ათეული პატარა თუ შორეული ქვეყანა აზიაში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში, დიახ, თუნდაც ქართველები. საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში ერთადერთი ქვეყანა, რომელთანაც ქართველები მუდმივ კონფლიქტში არიან, რუსეთი იყო, მაგრამ ესეც არ აჩერებს მათ. ამ 30 წლის განმავლობაში რუსული ბიზნესისა და რუსული ფულის რაოდენობა ქართულ ეკონომიკაში მხოლოდ იზრდება. მოცულობით რუსეთის ფედერაცია საქართველოში რიგით მეორე ინვესტორია ნიდერლანდების შემდეგ, მაგრამ ჰოლანდიურ კომპანიებს შორისაც კი უმეტესობა რეალურად რუსულია. იმის მაგივრად, რომ კისრიდან რუსული მარყუჟი მოეხსნა, საქართველომ მისი კიდევ უფრო შემოჭერა გადაწყვიტა”, _ წერს უკრაინული ZN.UA. სხვადასხვა გამოცემაში კი დაუფარავად წერია, რომ “ჩვენ, ქართველები, ვართ რუსების დამქაშები; ჩვენ, ქართველები, ვართ რუსების ხელშემწყობები; ჩვენ, ქართველები, ვამდიდრებთ რუსებს…” ყველაზე აღმაშფოთებელი კი ის არის, რომ ქართული ოპოზიცია ამ განცხადებებს ტაშს უკრავს, _ ჰო, ეგრეა, ყველაზე ცუდები და საზიზღრები ქართველები ვართ, ხელისუფლებაში სააკაშვილი რომ იყოს, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდაო… არადა, ხანდახან გვგონია, ხელისუფლებაში სააკაშვილი რომ ყოფილიყო, საქართველო ომის პოლიგონი იქნებოდა და ქართველების ყოფნა-არყოფნა ამქვეყნად კითხვის ნიშნის ქვეშ იქნებოდა.
აღსანიშნავია, რომ ეს უკრაინული გამოცემა ხმას არ იღებდა, როცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლებით გასამართლებულ პირებს უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე ნიშნავდნენ. არც ერთი გამოცემა არ წერდა: აგერ, მიხეილ სააკაშვილი რომ გვყავს თანამდებობაზე, ჩვენი მოქალაქე, სხვა სუვერენული სახელმწიფოს დამხობით იმუქრება, სხვა ქვეყნის საარჩევნო პროცესში ერევა, აქციებს გეგმავს, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სურსო. ჰო, ამას არავინ ამბობდა და არავინ აკრიტიკებდა მიშას. სამაგიეროდ, დაგვამუნათეს, როცა პირველივე მოწოდებაზე იარაღი არ ავიღეთ ხელში და რუსეთთან ომი არ გავაჩაღეთ. სიმართლე გითხრათ, თავიდან ისიც ვიფიქრეთ, რომ უკრაინელებმა არ იცოდნენ ომის სისასტიკე, ანუ 2014 წლის მოვლენები კარგად ვერ გაისიგრძეგანეს და ამიტომ გვიკიჟინებდნენ ჩვენც, აგვყევითო. ახლა კი, როცა თვალნათლივ ხედავენ, რა მოაქვს და ადამიანების სიცოცხლის სახით, რა მიაქვს ომს, წესით, მშვიდობაზე უნდა ლოცულობდნენ, მშვიდობაზე მთელს მსოფლიოში, მაგრამ არა _ კვირა არ გავა, რომელიმე უკრაინელმა (სხვებმაც) მაღალჩინოსანმა რომ არ წამოგვაძახოს, თქვენც იბრძოლეთო.
ეს მოწოდება ისე ამაზრზენად ისმის, რომ ნაციონალების მთავარმა იდეოლოგმა ნიკა გვარამიამაც კი გააპროტესტა…
ჰოდა, იმას ვამბობდით, რომ უკრაინულ პრესასა თუ სოციალურ ქსელში საქართველოზე დაწერილი აუგი ბევრ ქართველს უხარია. უხარია რომელია, სოციალურ ქსელში ყველა შეურაცხმყოფელ ფრაზას დიდი რუდუნებით “დაათრევენ” “კედელზე” და თავს იწონებენ კიდეც, _ აგერ, უკრაინელების ნააზრევი ჩემსას ემთხვევა, ქართველები არ ვვარგივართო. ჰო, ქართველები წერენ, არ ვვარგივართ, უკრაინელები გვჯობიანო და არა მხოლოდ უკრაინელები, ყველა გვჯობნისო. და ეს ის ხალხია, რომელიც ტყვიის პირველივე გავარდნაზე საქართველოდან ისე მოცოცხავს, კარგა ხანს რომ ვერ ვიპოვით. გაიქცევიან ისე, როგორც ადრე გაქცეულან და როგორც მომავალში გაასწრებენ, რათა სიცოცხლე გადაირჩინონ, შემდეგ კი ჩამოვიდნენ და გადარჩენილებზე იბატონონ… სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინა-რუსეთის შეიარაღებულ დაპირისპირებას კიდევ ერთი ქართველი, ვახტანგ ზაგაშვილი, შეეწირა, რომელიც რუსეთის დროშის ქვეშ იბრძოდა. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანების გარკვეულ კატეგორიას შაჰ აბასი, თემურლენგი და მურვან ყრუ არ ჰყავს ისე მოხსენიებული, როგორც ზაგაშვილს მოიხსენიებენ. მათ უხარიათ, რომ უკრაინელებმა მოკლეს ქართველი და უხარიათ იმიტომ, რომ ის ქართველი რუსეთის მხარეს იბრძოდა. და არავინ, საერთოდ არავინ ფიქრობს იმას, რომ თავის დროზე ზაგაშვილის მშობლები საქართველოდან შიმშილით სიკვდილს გაექცნენ, რომ თავშესაფარი რუსეთში იპოვეს, რომ შვილი გაზარდეს, რომელიც მეორე სამშობლოს იარაღით იცავდა და შეეწირა კიდეც. ძალიან საინტერესოა, ზაგაშვილის გადმოსვენება რომ მოისურვონ მისმა ნათესავებმა საქართველოში, რას იზამენ ეს ადამიანები? აეროპორტში დახვდებიან და თვითმფრინავს დაჯდომის საშუალებას არ მისცემენ? ან რატომ არის დარწმუნებული ყველა, რომ ზაგაშვილი უკრაინელებმა მოკლეს? იქნებ უკრაინელების მხარეს მებრძოლმა ქართველმა მოკლა და ქართველმა ქართველის სისხლი დაღვარა?! ახლა მაინც თუ ხვდებით, ბატონებო, ამ წაქეზებით, ომში წასვლის წახალისებითა და კიდევ ათასი უბედურების პროპაგანდით, სადამდე მივედით? სხვის ომში ქართველებმა რომ შეიძლება ერთმანეთი დახოცონ, ისეთი დიდი ალბათობაა, რომ ვერც წარმოიდგენთ.
ოპოზიცია და მისი “მრევლი” ხშირად იმეორებს, რომ უკრაინა ჩვენი ერთ–ერთი სტრატეგიული პარტნიორი და ყველაზე დიდი მეგობარია, მაგრამ მეგობრობა სხვანაირი ვიცით, მეგობარი ზურგში დანას არ ჩაგცემს, და ზურგში დანის ჩაცემა იყო ჯერ სააკაშვილის, მერე ადეიშვილის, ახლა ლორთქიფანიძის დანიშვნა საპასუხისმგებლო პოსტებზე. მით უმეტეს, უკრაინის მოქმედმა და მისმა წინამორბედმა პრეზიდენტებმაც კარგად იცოდნენ, რომ ამ სამეულს (დანარჩენ წვრილფეხობაზე არაფერს ვამბობთ) საქართველოში მისჯილი და დამტკიცებული ჰქონდათ უმძიმესი დანაშაულები. არ გაითვალისწინეს. გათვალისწინებას ვინ ჩივის, გასულ კვირას ისიც თქვეს, კონტრაბანდული საქონლის გატარებით ხართ დაკავებულიო. რეალურად, უკრაინა ყველაფერს, აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ომში ჩაებას და აქ კიდევ ერთი ცხელი წერტილი გაჩნდეს.
როგორც ჩანს, არც შევმცდარვართ, როცა წინა ნომერში რუსეთში მოქმედ მეხუთე კოლონაზე ვწერდით. იმ მეხუთე კოლონაზე, რომელსაც არ სურს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დათბობა და, როგორც კი ამის შესაძლებლობა გაჩნდა, ანატოლი ბიბილოვი ააყვირეს: რეფერენდუმს ვატარებ, რუსეთს უნდა შევუერთდეო. იგივე ბიბილოვი მეორედ ახლა აყვირდა, კავკასიაში მეორე ფრონტს გამოვრიცხავ, რადგან ასეთ შემთხვევაში საქართველო მეორე და მესამე ფრონტს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სახით მიიღებსო. ეს მაშინ, როცა აფხაზეთის მხრიდან განცხადება არ გაკეთებულა, მაგრამ ბიბილოვი შეაგულიანეს და მანაც თქვა. თქვა მეორედ და თქვა სწორედ მაშინ, როცა რუსეთში მოქმედ მეხუთე კოლონას დასჭირდა.
ისევ მედიას დავუბრუნდეთ. ბოლო ორი კვირაა, ქართული ოპოზიციური არხები საუბარს უკრაინულ ტიტრებს ადებენ და ეთერში ისე უშვებენ. განსაკუთრებით ეს კომედიურ შოუებში შეინიშნება. კომედიურ შოუებში (რატომ ჰქვია პოლიტიკურ გადაცემებს კომედიური შოუ და უნიჭო ხუმრობას _ იუმორი, ცალკე თემაა) სამხედრო ფორმაც გამოჩნდა, ანუ შოუს მსახიობები სამხედრო ფორმაში არიან გამოწყობილი, აქაოდა, მხარს უკრაინას ვუჭერთ, ომში გვინდა, მაგრამ ხელისუფლება არ გვივარგაო. ბატონებო (ქალბატონებოც), კარგად დაფიქრდით და მიხვდებით, რომ კლოუნისთვის სამხედრო ფორმის მორგებამ არ გაამართლა უკრაინაში და საეჭვოა, საქართველოში გაამართლოს, ამიტომ ქვეყანაზე იფიქრეთ და არა იმაზე, რა და როგორ სურთ თქვენს პატრონებს, თორემ თქვენთვის რეალურად არც ახლა და არც მერე არაფერი შეიცვლება _ ოპოზიციის კარის მასხარები სამეფო კარის მასხარებად გადახვალთ.
კიდევ ერთი _ უკრაინის რადის სპიკერი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბუჩაში ეპატიჟება, აქაოდა, ადგილზე უნდა გაჩვენო, რა ხდება, ჩამოდიო. ოპოზიციამ მაშინვე ხმალი იშიშვლა, პაპუაშვილი უნდა წავიდესო, მაგრამ მარტივ კითხვას დავსვამთ _ საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში პროვოკაციის მიზნით პაპუაშვილზე თავდასხმა რომ განხორციელდეს, იქნება თუ არა ეს საქართველოს ომში ჩართვის წინაპირობა? რა თქმა უნდა, იქნება, რადგან საპარლამენტო ქვეყნის პირველ პარლამენტარზე თავდასხმა ავტომატურად ნიშნავს ქვეყანაზე თავდასხმას და შემდეგ დასავლეთი ხელს ისევ რუსეთს შეაწმენდს, მაგათი ბრალიაო. ვიღაც იკთხავს, მაშინ ევროპული ქვეყნების ლიდერებზე რატომ არ ხორციელდება თავდასხმაო? რატომ, ბატონებო, და, ევროპულ ქვეყნებს სურვილი რომ ჰქონდეთ ომში ჩართვის, ისედაც ჩაერთვებოდნენ. დასავლეთისთვის მთავარია, საქართველოს მსგავსი ქვეყნები შეაჯახოს რუსეთს, საქართველოს მსგავს ქვეყნებთან აომოს, მერე რომ გამოვიდეს და აღშფოთება და შეშფოთება გამოხატოს. ჰო, ცოტა ფულად დახმარებასაც გაიმეტებენ, ისე, როგორც ახლახან გაიმეტეს უკრაინელი ლტოლვილებისთვის მილიარდი. არადა, ოფიციალურად, უკრაინის ზარალი მხოლოდ ეკონომიკური მიმართულებით უკვე რამდენიმე ასეული მილიარდია.
ლევან გაბაშვილი