უკრაინის ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტის დირექტორმა ვლადიმირ ვიატკოვიჩმა რადიო “სვობოდასთვის” მიცემულ ინტერვიუთი ანგარიში ჩააბარა უკრაინელ “პატრიოტებს”: “უკრაინაში ფაქტობრივად დამთავრდა დეკომუნიზაცია. ჩვენ სახელწოდებები შევუცვალეთ დაახლოებით ათასამდე დასახლებულ პუნქტს; ეს თითქმის ყველაფერია…”
გამარჯვება მოპოვებულია ძეგლებთან ბრძოლაშიც. განადგურებულია 2500-მდე ძეგლი. არა მხოლოდ ილიჩის, არამედ სხვა კომუნისტური ბელადების”, _ წაიტრაბახა ვიატროვიჩმა.
უკრაინა მხოლოდ ძეგლების სასაფლაოდ როდია გადაქცეული. სამრეწველო საწარმოები ისევე გეგმიურად ნადგურდება, როგორც ლენინის ძეგლები. ეს პროცესი მიმდინარეობს ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის ოლქებში, აგრეთვე, დონეცკისა და ხერსონის ოლქების იმ ნაწილში, რომლებსაც აკონტროლებს უკრაინა.
რამდენიმე დღის წინათ დონეცკის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ პავლო ჟებრივსკიმ ტელეარხ NewsOne -ს მიერ ჩამორთმეულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მარიუპოლის “აზოვმაში” ჯართად უნდა დაიჭრას. მან დასძინა, რომ “საწარმოს ვალმა, რომელიც კრედიტების გადაუხდელობისა და ხელფასების გაუცემლობის მიზეზით დაგროვდა 700 მილიონ დოლარს გადააჭარბა, და ამ ვალის გასტუმრება შესაძლებელია მხოლოდ ქარხნის აღჭურვილობის ჯართად გაყიდვის შემთხვევაში.
“აზოვმაში” ყოფილი საბჭოთა კავშირის მძიმე მრეწველობის საამაყო საწარმოდ ითვლებოდა, რომელშიც მარიუპოლში მცხოვრები 15 ათასი მუშა-მოსამსახურე და მაღალკვალიფიციური სპეციალისტი იყო დასაქმებული. 2013 წლის ბოლოს კომბინატმა მილების დამზადების დიდი დაკვეთა მიიღო რუსეთიდან. “ღირსების რევოლუციის” გამარჯვების შემდეგ ქარხანამ ამ დაკვეთის შესრულებაზე უარი თქვა. მარიუპოლელთა ათასობით ოჯახი უმუშევარი დარჩა.
“მე ვესაუბრე “აზოვმაშის” დირექტორის მოადგილეს. საწარმოში 15 ათასი კაცი მუშაობდა. ამჟამად ათასიღა დარჩა. შევეკითხე: დანარჩენები რა იქნენ? მან მიპასუხა: “შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ ავტობუსებით მიჰყავდათ რუსეთის ფედერაციაში, ვაგონმშენებელ ქარხნებში სამუშაოდ. ადამიანები მიემგზავრებოდნენ ოჯახებით, საამქროების შემადგენლობა სრულად აიყრებოდა და სიხარულით ტოვებდა მშობლიურ კუთხეს, რადგან მათ რუსეთში დაურიგეს ბინები, დაუნიშნეს ნორმალური ხელფასები, არავინ დასდევდა ყუმბარმტყორცნებით შეიარაღებული და ბალაკლავიანები, მათ მიიღეს სამუშაო და პროგნოზირებადი მომავალი”, _ განაცხადა უმაღლესი რადის დეპუტატმა ევგენი მურაევმა NewsOne-ს ეთერში.
“უკრაინის სახელმწიფო სტატისტიკურმა უწყებამ, როგორც იქნა, დაიწყო აქტიური საწარმოების რაოდენობის გამოქვეყნება. გაირკვა, რომ 2017 წელს ოფიციალურად დარეგისტრირებული საწარმოების საერთო რაოდენობიდან პრაქტიკულად მხოლოდ 34 პროცენტი მუშაობდა. შემცირდა აქტიურად მომუშავე საწარმოების რაოდენობა მომპოვებელ მრეწველობაში, საბანკო სფეროში, მრეწველობაში საერთოდ, სამაგიეროდ გაიზარდა დამხმარე ადმინისტრირების უწყებათა რაოდენობა”, _ აღნიშნა უკრაინის ანალიტიკური ცენტრის პრეზიდენტმა ალექსანდრ ოხრიმენკომ.
9 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაერომ უკრაინა, სუდანთან და იემენთან ერთად შეიტანა იმ ქვეყნების სიაში, სადაც შიმშილობაა. ინფორმაციის წყაროდ დასახელდა გაეროს საინფორმაციო ცენტრი. “ფაომ (გაეროს ერთ-ერთი სტრუქტურა, რომელიც სურსათის შეგროვებით არის დაკავებული) მოითხოვა 1,06 მილიარდი დოლარი იმისთვის, რათა შეებრძოლოს საკვების მწვავე დეფიციტს 26 ქვეყანაში და გადაარჩინოს მათი მოსახლეობა შიმშილით სიკვდილს”, _ ნათქვამია აღნიშნულ ცნობაში. დაზუსტებულია, რომ “მოთხოვნილი მილიარდით შეიძლება დაკმაყოფილდეს 30 მილიონზე მეტი ადამიანის მოთხოვნილება საკვებზე უკრაინაში, ავღანეთში, ბანგლადეშში, ჰაიტიში, სამხრეთ სუდანსა და იემენში”.
არადა, უკრაინა ერთ დროს საბჭოთა კავშირის ბეღლად იყო მიჩნეული _ ეს რესპუბლიკა უზარმაზარი ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 40 პროცენტს აწარმოებდა.