უკრაინულ ან(და) დასავლურ მედიასა და პოლიტიკოსებს თუ დავუჯერებთ, ტრადიციულად, წელიწადში ოთხჯერ რუსეთი უკრაინაზე “შეტევას” გეგმავს, მაგრამ ყოველ ჯერზე ამას რაღაც უშლის ხელს _ ხან ცივი ზამთარი, ხანაც _ ცხელი ზაფხული, ზოგჯერ _ თოვლჭყაპიანი გაზაფხული და შემოდგომა, ხოლო უფრო ხშირად _ მძლავრი ნატოსა და ამ სამხედრო ბლოკში გაერთიანების მოსურნე უკრაინის შეიარაღებული ძალების მრისხანე გაფრთხილებები.
აი ახლაც, განთიადიდან შუაღამემდე, ეთერს აზანზარებს მორიგი აპოკალიფსური პროგნოზები “ჯავშნიანცხენებიანი ბურიატების” გარდაუვალი თავდასხმების შესახებ უდანაშაულო მსხვერპლზე _ ридну ненъку Украйну-ზე _ მშობლიურ დედაუკრაინაზე.
მორიგი საშემოდგომო “გამწვავება” დაიწყო დასავლეთისკენ მიმართული “ქვეყანა 404”-ის სტანდარტული, კარგად დასწავლილი ქვითინით: სადაცაა, რუსეთი თავს დაგვესხმება, მოგვაწოდეთ ბუნებრივი აირი, ბევრი მუქთა იარაღი და დაგვეხმარეთ თქვენი საარაკო ჯარებით.
უკვე ერთი კვირაა, ყველა დასავლური ტელეეკრანიდან მოედინება ინფორმაციის ნაკადი უკრაინაში “რუსეთის შესაძლო შეჭრის” შესახებ. მთავარი არგუმენტი როსტოვის ოლქში რუსეთის შეიარაღებული ძალების 90-ათასიანი დაჯგუფების არსებობაა. ვითომდა ეს ჯარები გამზადებული ჰყავთ უკრაინაზე მოულოდნელი ვერაგული თავდასხმისთვის.
აქვს თუ არა კრემლს უკრაინაში შეჭრის გეგმა? კრემლს ასეთი გეგმა არ აქვს. ამის ათას ერთი მიზეზის მოყვანა შეიძლება, მაგრამ საკმარისია ერთიც: არაფრით პროვოცირებული აგრესია გაანადგურებს “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ს, რომლის ამოქმედების მნიშვნელობაც რუსეთის ხელმძღვანელობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. მოულოდნელ თავდასხმაზე კი საჰაერო და კოსმოსური რადიოელექტრონული დაზვერვის ეპოქაში ლაპარაკიც არც ღირს, რაც შეეხება ვერაგობას, ამ თემაზე ნატოს სტრატეგებს განა რამე აქვთ სათქმელი?
მაშ, ასე, კრემლში “აგრესორები” არ არიან, მაგრამ არიან “კრემლის სიახლოვეს” (ან, ყოველ შემთხვევაში, მავანი ცდილობს საქმის ასე წარმოჩენას). ვგულისხმობთ ვლადისლავ სურკოვის ამასწინანდელ სტატიას, რომელშიც ის სთავაზობს რუსეთის ხელმძღვანელობას, აღმოფხვრას რუსული სახელმწიფოებრიობის გარდაუვალი კრიზისი გარე ექსპანსიის გზით. მოწოდება მცირე ძლევამოსილი ომისკენ ოსტატურად იქნა ტირაჟირებული, მაგრამ სამოქმედო გეგმად არ იქცა.რუსეთის საზღვრების პერიმეტრზე ისედაც უამრავი პრობლემაა და კრემლი ცდილობს, უსიამოვნებები არ დაიმატოს.
მაშ, რატომ მიაყენეს რუსეთის საკმაოდ დიდი ჯარი უკრაინის საზღვართან? მოსკოვის “აგრესიული გეგმების” დასადასტურებლად დასავლელი ანალიტიკოსები სწორედ ამ ფაქტს იშველიებენ.
ამერიკული ტელერადიოკომპანია CBS–ი იუწყებოდა, რომ აშშ–ის დაზვერვამ აღმოაჩინა კავშირი უკრაინაში რუსეთის “სამხედრო შეჭრასა” და აცივებას შორის. ისინი იშველიებენ რამდენიმე უსახელო წყაროს და განმარტავენ, რომ გააფრთხილეს ევროპელი მოკავშირეები, რომ მოსკოვის “იერიშის” ალბათობა კიევზე ტემპერატურის დაცემასთან ერთად გაიზრდებოდა: “შეჭრა დამოკიდებულია ამინდის პირობებზე, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს რამდენიმე კვირაში, თუ დასავლეთი არ ჩაერევა”.
რუსეთის თავდასხმას ელოდებიან კიევშიც. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის, გენერალ კირილე ბუდანოვის განცხადებით (ამერიკულ პორტალ Military Times-თან ინტერვიუში), მოსკოვი “ემზადება თავდასხმისთვის” იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში. “ეს შეტევა, სავარაუდოდ, მოიცავს საჰაერო, საარტილერიო და ჯავშანსატანკო იერიშებს აღმოსავლეთში, რომელსაც მოჰყვება საჰაერო-სადესანტო შეტევები ოდესასა და მარიუპოლში”, _ აცხადებს “უხილავი ფრონტის მებრძოლი”. მისივე თქმით, “რუსების თავდასხმის” შედეგები უკრაინისთვის უფრო მეტად გამანადგურებელი იქნება, ვიდრე შეიარაღებული კონფლიქტი დონბასში, რომელიც, შვიდი წელია, გრძელდება. ამინდის პირობების ხსენების გარეშე მან დახმარება მოითხოვა და, როგორც ჩანს, შეუძლია, მისი მიღების იმედიც ჰქონდეს.
აშშ-ის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, გენერალ ვალერი ზალუჟნისთან მოლაპარაკებისას განიხილა უსაფრთხოების ვითარება აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის მონაცემები რუსი სამხედროების “საბრძოლო მოქმედებების შესახებ” უკრაინის საზღვრებთან”. მან ასევე დაადასტურა “აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი”.
შავ ზღვაში “კუნთების მუდმივი დემონსტრაციის” მიუხედავად, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამერიკელი სამხედრო ლიდერები ჩაერთონ სერიოზულ კონფლიქტში. მაგრამ რა მიზნით იმყოფება რუსული სამხედრო დაჯგუფება უკრაინის საზღვართან? ასევე ისმის კითხვა _ თუ მართლაც არსებობს სამხედრო კონფლიქტის ალბათობა რუსეთის დასავლეთ საზღვრებზე, მაშინ სახიფათო ხომ არ არის ჯარების განლაგება პოტენციურ მტერთან ასე ახლოს?
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესბიუროს ცნობით, უკრაინის გარშემო შექმნილი მდგომარეობა ჰგავს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს სამხრეთ ოსეთის ირგვლივ. სამსახურს აქვს ინფორმაცია რუსეთისა და ბელორუსის მახლობლად მდებარე სასაზღვრო რაიონებში უკრაინის სამხედრო ყოფნის გაძლიერების შესახებ. როგორც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშჩევმა განაცხადა, უკრაინაში ნებისმიერ მომენტში შეიძლება ისეთმა ომმა იფეთქოს, რომ მილიონობით ლტოლვილი გაჩნდეს.
ის, რომ დღევანდელი უკრაინა, რომელიც მთლიანად ოკეანის გაღმიდან იმართება, შეიძლება კვალიფიცირებული იქნას, როგორც რუსეთის პოტენციური მოწინააღმდეგე, აშკარაა. შეგახსენებთ, რომ საბჭოთა კავშირის დასავლეთ საზღვრებთან გადასროლილი წითელი არმიის ქვედანაყოფები ვერმახტის სატანკო არმადას მძლავრი შეტევებით დაიშალა და სასაზღვრო ბრძოლებში დამარცხდა. ხომ არ ემუქრება რუსეთს 1941 წლის 22 ივნისის რიმეიქი? _ შესაძლოა, იკითხონ ალარმისტებმა… სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ არა. პოტენციურ მოწინააღმდეგეს უნარი არ შესწევს, დაამარცხოს რუსეთის ჯარები სასაზღვრო ბრძოლაში შესაბამისი ინსტრუმენტების არარსებობის გამო. უკრაინის სახმელეთო ძალებს არ აქვთ საკმარისი საიერიშო ძალა, რათა გაარღვიონ რუსული დაჯგუფების თავდაცვა შეტევის ყველა შესაძლო მიმართულებით.
აღმოსავლეთ უკრაინაში დაპირისპირების დასაწყისისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალები ითვლიდა 620-680 ტანკს, აგრეთვე, ჯავშანტრანსპორტიორებს, ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და სხვა აღჭურვილობას. სხვა წყაროების მიხედვით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჰყავდა 616 სხვადასხვა მოდიფიკაციის თ-64 მანქანა, 85 ტანკი “ბულატი” და, სავარაუდოდ, 10 ტანკი თ-84 “ოპლოტი”. 2018 წლის დასაწყისში უკრაინის საჰაერო ძალებს ჰყავდათ დაახლოებით 136 საბრძოლო და საბრძოლო-სასწავლო თვითმფრინავი, დაახლოებით 74 სატრანსპორტო, სპეციალური და სასწავლო თვითმფრინავი, 47 ვერტმფრენი, 322 საჰაერო თავდაცვის სისტემა. ეს ძალები აშკარად არასაკმარისია შეტევითი მოქმედებისთვის. რამდენიმე ათეული თურქული თვითმფრინავის “ბაირახტარის” არსებობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მხოლოდ და მხოლოდ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მოლაშქრეებზე წარმატებით შეტევაში დაეხმარება.
სტრატეგიული და შორი ავიაციის ერთი სარაკეტო თავდასხმა ჯერ უკრაინის შეიარაღებული ძალების რაკეტსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, შემდეგ კი უპილოტო საფრენი აპარატების ბაზირების აეროდრომებზე, აგრეთვე, საშუალო მოქმედების სახმელეთო და საზღვაო რაკეტებით შავი ზღვის აუზიდან უკრაინას უმცირეს მიზეზსაც კი წაართმევს შემდგომი აგრესიისთვის ნებისმიერი მოწინააღმდეგის მიმართ.
დონბასის რესპუბლიკების საზღვრებთან რუსული სამხედრო კონტინგენტის არსებობის მიზეზების შესახებ კითხვაზე პასუხი მარტივია. საუბარია ძალის დემონსტრაციაზე ლუგანსკისა და დონბასის სახალხო რესპუბლიკებში მცხოვრები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების დასაცავად; ამ რეგიონში ფართომასშტაბიანი ომი არ იქნება, თუმცა არ არის გამორიცხული დიდი ტერაქტები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის მოქალაქეების მასობრივი დაღუპვა. CNN-ის ცნობით, ბრიტანელების კვალდაკვალ თეთრი სახლი არ გამორიცხავს უკრაინაში თავისი სამხედრო მრჩევლებისა და დამატებითი შეიარაღების გაგზავნას. პენტაგონი განიხილავს დნეპრის ნაპირებზე “სტინგერის” რაკეტებისა და M”მი-17” შვეულმფრენების გაგზავნას, რომლებიც თავდაპირველად ავღანეთისთვის იყო განკუთვნილი.
vpoanalytics.com–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ნინო ბერიძემ