სოციალური გამოკითხვების თანახმად, პეტრე პოროშენკოს პარტია “ევროპული სოლიდარობა” უკრაინაში ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ძალაა, რომელმაც გადაუსწრო პრეზიდენტ ზელენსკის “ხალხის მსახურს” და უკან ჩამოიტოვა პრორუსული ოპოზიცია. დიდი ალბათობით, ეს ამერიკელების დამსახურებაა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ პოროშენკო მალე რევანშს აიღებს ზელენსკიზე და ძალაუფლებას დაიბრუნებს?
კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოკითხვები დროულად გამოქვეყნდა. ისინი ერთგვარად ასრულებს პოლიტიკურ სეზონს და წარმოაჩენს იმ ცვლილებებს უკრაინული საზოგადოების განწყობაში, რომლებიც ბოლო წლის განმავლობაში მოხდა. უფრო ზუსტად, იმ წლის განმავლობაში, როდესაც პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი სწრაფი ტემპით აშენებდა პირად დიქტატურას. ამ გზაზე მან უკვე ბევრი რამ გააკეთა და ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ თანამოქალაქეებმა ზელენსკის გაკეთებული არ დააფასეს.
უკრაინის მოქალაქეების დაახლოებით 65% დარწმუნებულია, რომ ქვეყანა “არასწორი მიმართულებით” მიდის და მხოლოდ 18,6% გამოთქვამს ალტერნატიულ აზრს. ამასთანავე, უკრაინელები ქვეყნის მცდარ კურსს ზელენსკის პიროვნებას სამართლიანად უკავშირებენ _ გამოკითხულთა 58,2% ეწინააღმდეგება მის კანდიდატურას მეორე საპრეზიდენტო ვადით (რასაც, უწინდელი დაპირების საწინააღმდეგოდ, აშკარად აპირებს). რაც შეეხება უკრაინელების პარტიულ და იდეოლოგიურ არჩევანს, ზოგადი სურათი იმაზე მიუთითებს, რომ საზოგადოება დაბნეულია. დამდეგ უქმეებზე საპარლამენტო არჩევნები რომ ჩატარდეს, უმაღლეს რადაში გავიდოდა პარტიების რეკორდული რაოდენობა _ ცხრა. ამასთანავე, პროსაპრეზიდენტო ძალა “ხალხის მსახური” ხმების მხოლოდ 15%-ს მოიპოვებდა.
შეგახსენებთ, რომ ახლა ეს პარტია სრულად აკონტროლებს პარლამენტს. ბოლო არჩევნებმა მას უპრეცედენტოდ ბევრი მანდატი მისცა _ 450-დან 254. ახლა ზელენსკი მსგავს რამეზე ვერც კი იოცნებებს. უკრაინის სახელმწიფოს მეთაურისა და მისი პარტიის პოპულარობის დაკარგვის მიზეზებზე ბევრი ლაპარაკობს, მაგრამ ახლა ორი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი გამოვყოთ.
პირველი _ ზელენსკის მცდელობებს, “მოეთვინიერებინა” ოლიგარქები და აეკრძალა მათთვის პოტენციური კონკურენტების მხარდაჭერა, ოლიგარქებმა მედიაომით უპასუხეს, რომელსაც ის ჯერჯერობით აგებს. ახლა გამუდმებულ საინფორმაციო თავდასხმებში სახელმწიფოს მეთაურის პოპულარობა იკლებს _ მას ყოველდღიურად აკრიტიკებდნენ ის მედიასაშუალებები, რომლებიც ადრე ნეიტრალიტეტს იცავდნენ.
მეორე _ “განქორწინებამ” დიმიტრი რაზუმკოვთან, ყოფილ მოკავშირესთან, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ზელენსკის დიქტატურის დამყარებას, გამოიწვია გავლენიანი სპოილერის (პარტია ან კანდიდატი, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს, მაგრამ სხვა კანდიდატს ან პარტიას მომხრეებს ართმევს _ ნ.ბ.) გაჩენა. ზელენსკის “ხალხის მსახურსაც” და რაზუმკოვის “გონივრულ პოლიტიკასაც” ერთი და იგივე ელექტორატი ჰყავთ ნიშანში ამოღებული. კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოკითხვით, უმაღლესი რადას ყოფილი სპიკერის, რაზუმკოვის, ახალი პარტია ხმების 9,9%-ს მოიპოვებს.
ამასთანავე, ომმა პრეზიდენტის ოფისსა და პარტია “ოპოზიციური პლატფორმა _ სიცოცხლისთვის” შორის, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ მედვედჩუკი, ფაქტობრივად, მძევლად აიყვანეს, თავისი შედეგი გამოიღო. საუბარია ვიქტორ იანუკოვიჩის “რეგიონების პარტიის” ერთ-ერთ განაყოფზე, რომელიც ორიენტირებულია რუსულენოვანი სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის ხმებზე, დონბასში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასა და რუსეთთან ურთიერთობების აღდგენაზე. ახლა ამ ძალას ხმების მხოლოდ 9,2% აქვს და გამოკითხვის შედეგების მიხედვით მეხუთე პოზიციაზეა. სულ რაღაც, ერთი წლის წინათ, ზელენსკის პოლიტიკით იმედგაცრუების პირველი ტალღის ფონზე, “ოპოზიციურმა პლატფორმამ _სიცოცხლისათვის”, 20%-ზე მეტი რეიტინგით, პირველი ადგილი დაიკავა გამოკითხვებში. პარტია საგრძნობლად დასუსტდა ხელისუფლების მხრიდან დევნისა და შიდა სკანდალების გამო, რომლებმაც ასევე გააძლიერა სპოილერი. “რეგიონების პარტიის” კიდევ ერთი განაყოფი _ ევგენი მურაევის პარტია “ჩვენები”, “ოპოზიციური პლატფორმა _ სიცოცხლისათვის” მსგავსი მოსაზრებებით, თუმცა მის ლიდერებთან გადაუჭრელი პირადი უთანხმოებებით ახლა ხმების 5,3%-ს აგროვებს.
კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოკითხვის ლიდერად კი მოულოდნელად იქცა ექსპრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს “ევროპული სოლიდარობა”. “მოულოდნელად”, რადგან ეს ძალა და მისი ლიდერი გიგანტური ანტირეიტინგის გამო წარსულს ჩააბარეს. გამოკითხვის თანახმად, პროდასავლურ ნაციონალისტებს 17,1%-იანი მხარდაჭერა აქვთ, რომელიც ორჯერ მეტია მათ შედეგებზე ბოლო საპარლამენტო არჩევნებში. ეს არის “ოპოზიციური პლატფორმა _ სიცოცხლისათვის” წინააღმდეგ ზელენსკის ომის ლოგიკური შედეგი და პოლიტიკური დაპირისპირების კლასიკა, როდესაც ორი ძალის შეტაკებიდან გამარჯვებული გამოდის მესამე მხარე, როგორც კონფლიქტში ყველაზე ნაკლებად დაზარალებული. თუმცა არის ნიუანსი: კიეველი პოლიტოლოგები, მიუხედავად მათი დამოკიდებულებისა ზელენსკისა და პოროშენკოს მიმართ, ერთხმად აღნიშნავენ, რომ ამჟამინდელ პრეზიდენტს ყოფილი პრეზიდენტის საბოლოო განადგურებაში ხელი შეუშალა აშშ–ის დამცავმა ორდერმა. სხვაგვარად შეუძლებელია იმ ფაქტის ახსნა, რატომ არის პოროშენკოსა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ აღძრული ორი ათეული (!) სისხლის სამართლის საქმე შეჩერებული და თითქოს მივიწყებული. პოროშენკო ქვეყანას სათავეში ახალი ეკონომიკური რღვევის პერიოდში ჩაუდგა მილიარდერის სტატუსით, ამასთანავე, უკან არაფერზე იხევდა _ ატარებდა ხისტ პოლიტიკას, რომელიც ყოველთვის შეესაბამებოდა სისხლის სამართლის კოდექსს, მაგრამ ამ კაცს მრავალრიცხოვანი პირადი კავშირები აქვს ამერიკაში, რომლებსაც ყოველთვის ოსტატურად იყენებდა და ლოგიკურია, ვივარაუდოთ, რომ მისი პოლიტიკური ძალა ამ ხნის განმავლობაში შედარებით უსაფრთხოდ იყო მხოლოდ ამერიკელების წყალობით. ბოლოს და ბოლოს, აშშ-იც არ არის დაინტერესებული, რომ ზელენსკიმ სრულად შეძლოს საკუთარი თავის, როგორც დიქტატორისა და უკრაინის ერთპიროვნული მმართველის, რეალიზება. ამ შემთხვევაში მისი მართვა ძნელი იქნება.
გამძლე იქნება თუ არა პოროშენკოს ფერფლიდან პოლიტიკოსად აღდგომის ტრენდი, დრო გვიჩვენებს, მაგრამ, ამჟამინდელი სოციოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, პროევროპელ ნაციონალისტებს აქვთ არცთუ ურიგო შანსი, მოიპოვონ კონტროლი ახალი მოწვევის პარლამენტზე. მრავალი სხვა გამოკითხვის თანახმად, პოროშენკო რჩება პოლიტიკოსების ანტირეიტინგის ლიდერად, ანუ იმ ადამიანად, რომლის გვარსაც ასახელებენ რესპონდენტები კითხვაზე “ვის არ მისცემდით ხმას არავითარ შემთხვევაში”. თუმცა “ევროპული სოლიდარობა” შეიძლება იქცეს ნაციონალისტურად განწყობილი, პროდასავლური და, ამასთანავე, “ანტიზელენსკური” ძალების კოალიციის შექმნის პლატფორმად. ასეთი ძალებია, მაგალითად, იულია ტიმოშენკოს “ბატკივშჩინა” (გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მას ამომრჩევლთა 13,3% უჭერს მხარს), იგორ სმეშკოს პარტია “ძალა და ღირსება” (5,4%), ვლადიმერ გროისმანის “უკრაინის სტრატეგია” (5,4%), ოლეგ ლიაშკოს რადიკალური პარტია (5,4%).
ნათელია, რომ ასეთ სცენარში პირობითად პრორუსული ძალები გემბანს მიღმა აღმჩნდებიან და ძალაუფლებას ვერ მოიპოვებენ, თუმცა არც ზელენსკის საყრდენად იქცევიან _ მათ შორის გადებული ყველა ხიდი დაიწვა. ასეთ პარლამენტს შეუძლია, პრეზიდენტ ზელენსკის ცხოვრება გაუსაძლისად აქციოს. საზღვრის რუსული მხრიდან მის მიმართ თანაგრძნობის საფუძველიც არ არსებობს _ მთელ რიგ საკვანძო საკითხებში ის კიდევ უფრო აუტანელი “პარტნიორი” აღმოჩნდა, ვიდრე პოროშენკო. ეს ფაქტორები გასათვალისწინებელია უკრაინის მიმართ საშუალოვადიანი პოლიტიკის შემუშავებისას.
რუსეთთან ურთიერთობის მომხრე იქ თითქმის აღარ დარჩა, ხოლო ისინი, ვინც ჯერ კიდევ არიან, ძალაუფლებაზე პრეტენზიას არ აცხადებენ. მომდევნო პოლიტიკურ სეზონზე ვინც უნდა ჩაიგდოს ხელთ უმაღლესი რადა, ის ხალხი იქნება, რომელიც თანმიმდევრულად აქცევს უკრაინას “ანტირუსეთად”.
vz.ru– ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნინო ბერიძემ