Home რუბრიკები ისტორია უკვდავი სახელები

უკვდავი სახელები

963
დიმიტრი ბაქრაძე

დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე

ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და ეთნოგრაფი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრკორესპონდენტი დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძის ინიციატივით დაარსდა კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოება, რომლის ბაზაზე მისივე თავმჯდომარეობით შეიქმნა კავკასიის ისტორიისა და არქეოლოგიის საზოგადოება. მისი ინიციატივით შეიქმნა ასევე თბილისის საეკლესიო მუზეუმი; საფუძველი ჩაეყარა საქართველოს ისტორიის დამხმარე მეცნიერულ დარგებს (პალეოგრაფიას და სხვ.).

დაიბადა 1826 წლის 26 ოქტომბერს საგარეჯოს რაიონში. დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ _ მოსკოვის სასულიერო აკადემია (1950), 1851 წელს საქართველოში დაბრუნდა. 1852-1857 წლებში მუშაობდა გორის სამაზრო სკოლაში. ამავე პერიოდში აქვეყნებდა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ წერილებს ქართულ და რუსულ პერიოდულ პრესაში. 1858-1861 წლებში მსახურობდა ქუთაისის გუბერნატორის კანცელარიაში. 1861 წლიდან გარდაცვალებამდე ცხოვრობდა თბილისში, თანამშრომლობდა კავკასიის არქეოგრაფიულ კომისიაში, თავმჯდომარეობდა საადგილმამულო კომისიებს, ეწეოდა ინტენსიურ მეცნიერულ მუშაობას.

ბაქრაძის ინიციატივით დაარსდა კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოება (1873), რომლის ბაზაზე მისივე თავმჯდომარეობით შეიქმნა კავკასის ისტორიისა და არქეოლოგიის საზოგადოება (1881-1886). მან სამეცნიერო მიზნით იმოგზაურა საქართველოს სამხრეთდასავლეთ რაიონებში (გურია, აჭარა, შავშეთი, არტანი, კლარჯეთი და სხვ.). მოგზაურობის შედეგი იყო ნაშრომები: “არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში” (1878), “შენიშვნა ბათუმის ოლქის შესახებ”, “ყარსის ოლქის ისტორიულეთნოგრაფიული ნარკვევიდა სხვ.

1881 წელს მისი თაოსნობით თბილისში ჩატარდა რუსეთის არქეოლოგთა V ყრილობა, რომელმაც დიდად შეუწყო ხელი საქართველოს ისტორიის კვლევის გაფართოებას. 1879 წელს ბაქრაძემ დ. ყიფიანთან და ი. ჭავჭავაძესთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღო “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” დაარსებაში. 1889 წელს მისი ინიციატივით შეიქმნა სიძველეთა თავმოყრისა და დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა რევოლუციამდელ საქართველოში _ თბილისის საეკლესიო მუზეუმი.

ბაქრაძის რედაქტორობით გამოქვეყნდა იოანე ბატონიშვილის “კალმასობა” (ნაწ. 1, 1862), ვახუშტის “საქართველოს ისტორია” (1885), ვახტანგ VI-ის კანონთა კრებულის რუსული თარგმანი (1887) და სხვ. იგი წერდა ნარკვევებს საქართველოს ისტორიის ცალკეულ საკითხებზეც; 1889 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი “ისტორია საქართველოსი” (უძველესი დროიდან X საუკუნის დასასრულამდე).

80-იან წლებში გამანადგურებელი პასუხი გასცა ქ. პატკანოვს, რომელიც ხელაღებით უარყოფდა “ქართლის ცხოვრების”, როგორც ისტორიის წყაროს, მნიშვნელობას. თავის ნაშრომებში ბაქრაძე დიდ ყურადღებას უთმობდა ნივთიერ კულტურულ ძეგლებს, მათ აღწერას, სალექსიკონო მასალას. 1875 წელს ლექსიკონის სახით შეადგინა “კავკასია ქრისტიანობის უძველეს ძეგლებში” (რუსულ ენაზე), რომელიც შეიცავს ცნობებს საქართველოსა და სომხეთის ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ, სათანადო ბიბლიოგრაფიითურთ. ბაქრაძემ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ისტორიის დამხმარე მეცნიერულ დარგებს (პალეოგრაფია და სხვ.).

გარდაიცვალა 1890 წლის 10 თებერვალს თბილისში, დასაფლავებულია დიდუბის პანთეონში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here