Home რუბრიკები ისტორია უკვდავი სახელები

უკვდავი სახელები

875
ნიკოლოზ სკლიფოსოვსკი

მხატვარი ნიკოლოზ სკლიფოსოვსკი

ნიკოლოზ სკლიფოსოვსკის სახელს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქართველოს სახვითი ხელოვნების ისტორიაში. მან აღზარდა გამოჩენილ ქართველ ფერმწერთა პლეადა _ ელენე ახვლედიანი, სერგო ქობულაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, იოსებ ოცხელი და სხვები. სკლიფოსოვსკიმ საშუალო განათლება მინსკის კლასიკურ გინმაზიაში მიიღო, უმაღლესი იურიდიული განათლებამოსკოვის უნივერსიტეტში, პარალელურად სწავლობდა სტროგანოვის უმაღლეს სამხატვრო სასწავლებელში და სტუდიებში ლევიტანთან და გრანდკოვსკისთან, მონაწილეობდა პერიოდულ გამოფენებში მოსკოვში.

1895 წელს ნიკოლოზ სკლიფოსოვსკი მეგობრის, მხატვარ ბ. ფოგელის, რჩევით, თბილისში გადმოსახლდა. 1896 წლიდან ასწავლიდა თბილისის პირველ ვაჟთა გიმნაზიაში და სხვა სასწავლებლებში. რამდენიმე წელი ცხოვრობდა და მუშაობდა ბათუმში, სადაც თავისი ხარჯებით ჩამოაყალიბა ბავშვთა პირველი სამხატვრო სკოლა, ასწავლიდა ბათუმის ქალთა და ვაჟთა გიმნაზიებში. 1909 წელს სკლიფოსოვსკიმ მიიღო მოწვევა თბილისის I და II ქალთა გიმნაზიებიდან და დაბრუნდა თბილისში.

1909-10 წლებში მონაწილეობდა “ნატიფი ხელოვნების წახალისების კავკასიის საზოგადოების” თითქმის ყველა გამოფენაში; ასწავლიდა ხატვას ამ საზოგადოებასთან არსებულ სკოლაში. მისი ყველა ნამუშევარი ზეთის საღებავით არის შესრულებული.

მხატვარი საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწეოდა: სამჯერ ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა მოკლევადიან კურსებს სახალხო სკოლის მასწავლებლებისთვის, მუშაობდა სხვადასხვა კომისიაში ხატვის სწავლების რეორგანიზაციისა და ახალი პროგრამების შედგენის საკითხებზე; მონაწილეობდა კავკასიის სასწავლო ოლქის ყრილობებში 1910 წელს პიატიგორსკში და 1914 წელს ბაქოში. 1913 წელს მონაწილეობა მიიღო დრეზდენის IV საერთაშორისო კონგრესის მუშაობაში ხატვისა და გამოყენებითი ხელოვნების შესწავლის საკითხებზე. სკლიფასოვსკი ამ კონგრესზე თავის მოხსენებაში ამბობდა: “აქ გამოფენილ ექსპონატებზე თვალის ერთი გადავლებაც საკმარისია, რომ დავრწმუნდეთ, რამდენადაა დაკავშირებული სასკოლო სწავლების მთელი სისტემა ცხოვრებასთან, რამდენი სიხარული შეაქვს სწავლებაში ფერების გამოყენების თემებს და ფორების მრავალფეროვნებას, რომელიც უშუალოდ ჩვენ გარშემო სამყაროდან არის აღებული”. მოხსენებაში მან დაწვრილებით მიმოიხილა სხვადასხვა ქვეყნიდან ყველა განყოფილებაში წარმოდგენილი ექსპონატები; შეადგინა დაწყებით, საშუალო და სახელოსნო სკოლებში სწავლების შემდგომი განვითარების პროგრამა წლების მიხედვით, წარმოადგინა სამუშაო გეგმა, თემატიკა და მოსწავლეთათვის საჭირო მაგიდების, მერხებისა და მოლბერტების ნახაზებიც კი.

1911 წელს სკლიფოსოვსკიმ საკუთარ სახლში გახსნა ხატვისა და ფერწერის სამკლასიანი კურსები, სადაც ბავშვების უმრავლესობას უფასოდ ასწავლიდა. ის გამოირჩეოდა გულისხმიერებით, იყო გულღია და ჰქონდა განსაკუთრებული პედაგოგიური ნიჭი; შეეძლო, თითოეულ მოსწავლეში დაენახა და წარმოეჩინა ინდივიდუალური შესაძლებლობები.

1922 წელს, თბილისის სამხატვრო აკადემიის გახსნისას, მისი ხატვისა და ფერწერის კურსები შევიდა აკადემიის შემადგენლობაში. სკლიფოსოვსკი აირჩიეს აკადემიის პროფესორად.

1925 წელს ის ლენინგრადში გაემგზავრა, 1930 წელს იძულებული გახდა, დასავლეთ ციმბირში წასულიყო ხატვის მასწავლებლად, სადაც ავად გახდა და 1935 წელს გარდაიცვალა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here