Home რუბრიკები ისტორია უკვდავი სახელები: წმიდა ფილიმონ მგალობელი

უკვდავი სახელები: წმიდა ფილიმონ მგალობელი

1634
ფილიმონ ქორიძე გუნდთან ერთად

ფილიმონ ქორიძე ერთერთი იმათგანია, ვინც შეძლო ქართული სულისა და კულტურის გადარჩენა, აღორძინება, განვითარება და ახალი სიცოცხლით შემოსვა. აღმოსავლეთ საქართველოში 2000-მდე სამგალობლო ნიმუში კარბელაშვილებმა, ხოლო დასავლეთში 5000-ზე მეტი ქართული საგალობელი ქორიძემ და კერესელიძემ შეაგროვეს. ეს ადამიანები რომ არა, საუკუნოდ გაქრებოდა მსოფლიო კულტურაში ჩვენი ერის მიერ შეტანილი ყველაზე დიდი სულიერი საგანძური.

საქართველოს ეკლესიამ, მისმა წმიდა სინოდმა ფილიმონ ქორიძეს, კანონიზაციის შემდეგ, უწოდა წმიდა ფილიმონ მგალობელი, ერისთვის თავდადებული. ფილიმონ ქორიძემ ეროვნულსაეკლესიო საგანძურის _ ქართული გალობის გადასარჩენად უარი თქვა უპრეცენდენტოდ სახელოვან და წარმატებულ საოპერო მომღერლის კარიერაზე. უფლისა და მამულის სიყვარულით აღვსილმა თავისი ცხოვრება, პირადი თუ ოჯახის კეთილდღეობა შესწირა ქართული გალობის გადარჩენას. ფილიმონ ქორიძე იყო პირველი ქართველი პროფესიონალი მუსიკოსი, რომელმაც იტალიაში მიიღო სისტემური ევროპული მუსიკალური განათლება. ის იყო პირველი ქართველი საოპერო მომღერალი, რომელიც უდიდესი წარმატებითა და აღიარებით გამოდიოდა ევროპისა და ამერიკის საოპერო სცენებზე.

ფილიმონ ქორიძე დაიბადა 1835 წელს, გურიაში, სოფელ გამოჩინებულში, მღვდლის _ იესე ქორიძის ოჯახში. გალობის ნიჭითა და ულამაზესი ხმით დაჯილდოებული პატარა ფილიმონი ადრეული წლებიდანვე გამოირჩეოდა საგალობლების ცოდნით.

1855 წელს ფილიმონმა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა. ერთმა მოულოდნელმა შემთხვევამ კი სრულიად შეცვალა ფილიმონ ქორიძის ცხოვრება:

ერთხელ სტუმრად მყოფმა ფილიმონ ქორიძემ რამდენიმე იტალიელი გაიცნო, ისინი იმხანად თბილისის საოპერო თეატრის დასში მონაწილეობდნენ (იტალიიდან მოწვეული დასი თბილისის ოპერაში 1851-1872 წლებში გამოდიოდა). ქართული პურობის წესისამებრ, სუფრასთან ფილიმონმა სხვა ქართველებთან ერთად, რამდენიმე საგალობელი, ხალხური სიმღერა და რომანსი შეასრულა. მომღერლის ბანმა იტალიელები აღაფრთოვანა. ამ ხმით თქვენ ქვეყანას დაიმონებთ”, _ აღტაცებას ვერ მალავდა იტალიელი დირიჟორი.

იტალიელები ისე დაინტერესდნენ ფილიმონის უნიკალური მუსიკალურ-ვოკალური მონაცემებით, რომ მის მოსასმენად სიონის საკათედრო ტაძარში მივიდნენ. წირვის შემდეგ დირიჟორმა ფილიმონს ურჩია: არ შემიძლია თვალი არ აგიხილოთ. თქვენი ხმა დიდი და არაჩვეულებრივი განძიამკერდში სამჭედლოს საბერველი გაქვთ, ამ საბერვლის მოხმარება კი არ იცით. სერიოზულად გირჩევთ, საოპერო სიმღერა ისწავლოთ. აქ თქვენი შესაფერი მასწავლებელი არ გვეგულება. წადით იტალიაში! თქვენი ხმის პატრონს იქ საუკეთესო პროფესორები უფასოდ გასწავლიან. მაშინ დიდი მომღერალი გახდებით”.

1868 წელს ფილიმონი დაოჯახდა ვინმე ხანჯალაძის ქალზე (სახელი უცნობია). მეუღლის ოჯახის დახმარებით მისი ოცნება ასრულდა _ შეძლო იტალიაში, მილანში, გამგზავრება და განათლების მიღება.

იტალიაში ქორიძის პირველ საკონცერტო გამოსვლებს დიდი წარმატებები ჰქონდა. ამავე პერიოდში ქორიძე კოლეგების დასთან ერთად ამერიკაში გაემგზავრა. მას ყველგან მქუხარე აპლოდისმენტებით ხვდებოდნენ.

ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ შედგა ფილიმონ ქორიძის დებიუტი მილანის თეატრ ლა სკალაში. დებიუტმა დიდი წარმატებით ჩაიარა. ქართველი მუსიკოსი იტალიის ყველაზე ცნობილი და აღიარებული ბანი გახდა.

1870 წელს ფილიმონს გარდაეცვალა მეუღლე. ის საქართველოში ჩამოვიდა და ერთხანს სამშობლოში დარჩა.

1872 წელს ფილიმონ ქორიძე მიიწვიეს პეტერბურგში, საიმპერატორო თეატრში. რუსულმა საზოგადოებამ ფილიმონი თავიდან მოწონებით მიიღო. მაგრამ ცოტა ხანში იტალიურად მომღერალი პირველი ქართველის მიმართ კეთილგანწყობა უარყოფითი დამოკიდებულებით შეიცვალა _ მას აღიარებდნენ იტაჰლიური რეპერტუარის კარგ შემსრულებლად, მაგრამ უწუნებდნენ რუსული საოპერო მუსიკის ცოდნასა და საშემსრულებლო ოსტატობას.

ამ მძიმე პერიოდში ახალგაზრდა მოღვაწისათვის ღვთისგან მოვლენილი ნუგეში აღმოჩნდა უკრაინელი სენატორის ქალიშვილის, ზინაიდა ვორობეცის, თანაგრძნობა და გულისხმიერება. 1873 წელს ფილიმონმა და ზინაიდამ იქორწინეს.

1874 წელს მეუღლეები იტალიაში ჩავიდნენ. ქართველი მომღერლის არნახული წარმატების ამბავი საქართველოშიც ჩამოვიდა.

საყოველთაოდ აღიარებულ მომღერალს ევროპაში გამოჩენილი ხელოვანის პატივი და დიდება არ აკლდა. ჰქონდა უზრუნველი და საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრება, მაგრამ მას მოსვენებას მხოლოდ ერთი რამ აკარგვინებდა _ სამშობლოში ყოფნის დაუოკებელი სურვილი.

1881-1883 წლებში ფილიმონ ქორიძე გასტროლებით მიიწვიეს თბილისის საოპერო თეატრში, ამავე წელს იგი ოჯახთან ერთად ბრუნდება საქართველოში და თბილისში სახლდება.

აი, როგორ ყვება თავად წმიდა ფილიმონი საგალობელთა გადარჩენის პროცესში თავისი ჩართვის ამბავს:

“1870-1880 წლებში ტფილისის სამღვდელოებას აღეძრა ლაპარაკი ქართული გალობის ნოტებზედ გადაღების შესახებ, რომლის განსახორციელებლადაც შეედგინათ კომიტეტი და მგალობლებიც მოეწვიათ, მაგრამ რადგანაც ვითომცდა მცოდნე კაცებს გადაეწყვიტათ, რომ ქართულის გალობის ნოტებზედ გადაღება შეუძლებელიაო, ამისთვის საქმე ჩაშლილიყო და დავიწყებას მისცემოდა. 1880-1883 წლების საოპერო სეზონებში მიწვეული ვიყავ მე ევროპიდან ტფილისის თეატრში. შევასრულე თუ არა ვადა სამსახურისა და დავაპირე ევროპაში წასვლა, ამ დროს მოვიდა ჩემთან რამდენიმე ქართველი მგალობელი და მკითხეს: “შესაძლებელია თუ არა ქართული გალობის გადაღება ნოტებზეო?” _ “ძალიან ადვილადმეთქი”, _ ვუპასუხე. იმათ ეჭვის თვალით შემომხედეს. “მობრძანდით ხვალ, მიგალობეთ, რაც გინდათ და მაშინ შეიტყობთ, რაც მოხდებამეთქი”, _ ვუთხარი. მოვიდნენ, იგალობეს, დავაწყვე ნოტებზე და ვუგალობე მათი ნათქვამი და ფორტეპიანოზედ გავაგონე ახლად დაწერილი გალობები. მაშინ დარწმუნდნენ რომ ქართული გალობის ნოტებზედ დაწყობა შესაძლებელი ყოფილა.

რუსული და ქართული გაზეთებიც დიდი თანაგრძნობით იხსენიებდნენ ამ სასიამოვნო მოვლენას. საქმე დადგა ისე, რომ გალობის წერა ტფილისში უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებისა გამო ეს აღარ მოხდა. დაიწერა საგალობლები დიდის სიფრთხილით, მოიწონა საზოგადოებამ და სცნო მისი სინამდვილე. ცოტაოდენი დაიბეჭდა კიდეც, მაგრამ სოფელი რას ამბობს? არ სწამს. ის ჩვენებური არ იქნებაო. ხალხის ასეთმა ეჭვმა და ურწმენელობამ მაიძულა, სოფელშიც მომესმენინებინა ნოტებზედ დაწყობილი გალობა. სამი თუ ოთხი წელი ვიარე სხვადასხვა სოფლებში: ბევრგან გავაჩაღე წირვის გალობა, რომლის მოსმენისთანავე ხალხის სიხარულს და აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა” (ფილიმონ ქორიძე. ივერია, 1899 წლის 12 ნოემბერი).

ამ საქმეში ფილიმონის თანამდგომლები, წმიდა ილია ჭავჭავაძესთან და წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსთან ერთად, იყვნენ დიმიტრი ყიფიანი, აკაკი წერეთელი, მელიტონ ბალანჩივაძე, ალექსანდრე ყაზბეგი, ილია კიკნაველიძე, ალექსანდრე ბერიძე და სხვები.

ქართული საგალობლების ნოტირებას ფილიმონ ქორიძე 1882 წელს შეუდგა. ფილიმონმა გადაწყვიტა, მგალობელ-მომღერალთა გუნდი ჩამოეყალიბებინა, რათა მის მიერ ჩაწერილი საგალობლები შეესრულებინა, გაევრცელებინა და ხალხისათვის შეეყვარებინა. მართლაც, ჩამოყალიბდა ასეთი გუნდი, რომელთან ერთად შრომას ფილიმონი გაასკეცებული ენერგიითა და გატაცებით შეუდგა.

ამრიგად, ცხოვრება ადამიანისა, რომელსაც ელოდებოდა იტალიის წამყვანი თეატრები, სრულიად შეიცვალა _ ევროპული საოპერო კარიერა დაივიწყა და თავისი სამშობლოს მეჭირნახულედ, მისი საუნჯის მცველად იქცა.

1887 წელს ფილიმონმა გადასცა წმიდა გაბრიელს აღთქმული 400 საგალობლისაგან შემდგარი კრებული.

საგალობლებისა და სიმღერების ჩაწერის საქმეს ფილიმონი სიცოცხლის ბოლომდე უდიდესი პასუხისმგებლობითა და თავდადებით ეკიდებოდა.

ქორიძემ შეადგინდა და “ძმობასთან” ერთად გამოსცა “სახელმძღვანელო ნოტებისა და მისი კანონების შესწავლისათვის”.

სიცოცხლის ბოლო ათწლეულში დიდი მოღვაწის ცხოვრება უსახსრო და მატერიალური შეჭირვებული იყო. გამოუცნობია ადამიანის ბედი _ იტალიის გამორჩეული მაესტრო თბილისსა თუ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ინსტრუმენტების აწყობით ირჩენდა თავს, ქართული მუსიკალური საუნჯის გადამრჩენელი ლუკმაპურის მოსაპოვებლად იბრძოდა. ასეთი გარემოებები ფილიმონ ქორიძის მოღვაწეობის კიდევ ერთი ეკლიანი გვირგვინი იყო. ამ ყველაფრის მიუხედავად, სიცოცხლის ბოლომდე ქართული გალობის გადარჩენას ემსახურა.

დიდმა მოღვაწემ საგალობლების გამოცემა გადაწყვიტა. ვინაიდან, საქართველოში ეს ვერ ხერხდებოდა, იტალიელებს დაუკავშირდა და თვითონ აპირებდა ნოტების იტალიაში წაღებას, რადგანაც ეშინოდა, ფოსტას გზაში არ დაეკარგა.

ევროპაში წასვლის წინ ფილიმონი ბახმაროში გაემგზავრა. სამწუხაროდ, ცხენით მგზავრობისას ძველი უნაგირისაგან დაშავებულა, სისხლი მოსწამვლია და სულ რაღაც ორ დღეში გარდაცვლილა, 1911 წლის 12 ივლისს.

ფილიმონ ქორიძე ბახმაროდან ჩამოსვენებისთანავე ოზურგეთში, ხის ეკლესიაში დაუსვენებიათ. ღვაწლმოსილი მამულიშვილი ეკლესიის სიახლოვეს მდებარე სასაფლაოზე დიდი პატივით დაუკრძალავთ.

დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here