2017 წლის 9 მაისს თბილისში, ვაკის პარკში, საქართველოში პირველად გაიმართა მოძრაობა საქართველოს “უკვდავი პოლკის” მსვლელობა. საცხრამაისო ღონისძიებაზე საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო, დიდ სამამულო ომში დაღუპული გმირებისადმი პატივისცემა ასევე ყვავილების გვირგვინების მიტანით გამოხატეს ღონისძიების სხვა მონაწილეებმაც. დღესასწაული გალაკონცერტით დასრულდა.
რევაზ გოგიძე, საქართველოს “უკვდავი პოლკის” ხელმძღვანელი:
_ როგორც წინა წლებში, წელსაც მოვედით აქ, რათა პატივი მივაგოთ სამამულო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას, ოღონდ ამჯერად ერთი განსხვავებით _ მოვაწყვეთ “საქართველოს უკვდავი პოლკის” მსვლელობა. მისი მონაწილეები არ არიან რომელიმე ორგანიზაციის წარმომადგენლები, ისინი უბრალო ადამიანები არიან, რომლებიც სათუთად უფრთხილდებიან სახელოვანი წინაპრების ხსოვნას. რაკი აქცია პირველად ჩატარდა, შესაძლოა, იმ დონისა არ იყო, როგორც, მაგალითად, იაპონიაში, აშშ-ში, კანადაში თუ სხვაგან, სადაც ამის დიდი ხნის ტრადიცია არსებობს.
ეს პროგრესული ნაბიჯია მიზნისკენ, რომ ჩვენმა ახალგაზრდობამ პატივი სცეს და იამაყოს წარსულით და ისტორიის უცოდინარობის გამო პროვოკატორების ანკესზე არ წამოეგოს.
ტრისტან წითელაშვილი, სამხედრო ექსპერტი, გენერალ–მაიორი:
_ მე იმ ოჯახის შთამომავალი ვარ, რომლის 4 წევრი (ბაბუაჩემი და მისი ძმები) დიდ სამამულო ომში იბრძოდა და არც ერთი მათგანი იქიდან ცოცხალი არ დაბრუნებულა. ამიტომ ვალდებული ვარ მათ წინაშე, მოვიდე აქ და სხვებთან ერთად მსოფლიოს დავანახვო, ამ გმირების შთამომავლები როგორი ამაყები ვართ.
მსოფლიო აღნიშნავს ამ დღეს, ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ ჩრდილში?! არ უნდა მივცეთ საშუალება პროვოკატორებს, ისედაც დაქსასული საზოგადოება კიდევ უფრო დაშალონ. მათი განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოსთვის 9 მაისი საზეიმო თარიღი არ არის და რომ ამ ომს სამამულოს არ უნდა ვუწოდებდეთ.
როგორ?!
გამოდის, ამაოდ დაღუპულა 300 ათასამდე ქართველი, ტყუილი ყოფილა სტალინისა და ბერიას წვლილი ფაშიზმის დამარცხებაში და ისიც, რომ მელიტონ ქანთარიამ ააფრიალა რაიხსტაგზე საბჭოთა კავშირის დროშა… ანუ, ეს ყველაფერი არ იყო ისტორიის ნაწილი და მხოლოდ 2003 წლიდან იწყება ჩვენი ისტორია?!
უნდა შერცხვეთ მათ მსგავსი განცხადებების გამო! საერთო ტკივილმა გაგვაერთიანა მაშინ და ახლა ნუთუ ასე ძნელია, საერთო სიხარულმაც გაგვაერთიანოს.
ლევან ჩაჩუა, პარტია “ქართული იდეის” თავმჯდომარე:
_ სამწუხაროდ, ქართველი ერი პასიურობს. ეს არის იმ პროპაგანდის შედეგი, რომელიც კვლავ გრძელდება. ეს პროდასავლური ფასეულობები, რომლებიც თავს მოახვია საზოგადოებას “ნაციონალურმა მოძარაობამ” და რომლებსაც, 5 წელია, “ქართული ოცნების” უნიათო ხელისუფლებაც ერთგულებს, ძირს უთხრის ევროვნულ ინეტერესებს. მათ არანაირი პატივისცემა არ აქვთ იმ ხალხის მისამარით, რომელიც სამშობლოსთვის იბრძოდა, თავი დადო ამ უპრეცენდენტო მასშტაბებისა და მნიშვნელობის ომში. ამ თემას უნდა მიეძღვნას სერიოზული რეპორტაჟები, ფართოდ უნდა აშუქებდეს მედია.
ეს იყო სამამულო ომი. ვინც რა უნდა თქვას, რა პროპაგანდაც უნდა გაწიოს, ვერაფერი წაშლის ისტორიის ამ სახელოვან ფურცელს, იმას, რაც ამ ხალხმა გააკეთა სამშობლოსთვის. “ქართული იდეა” ამაყობს ამ ადამიანების ღვაწლით. თქვენი გაზეთი, ალბათ, ერთადერთი გამონაკლისია, რომელიც ამ დოზით უთმობს ადგილს სამამულო ომის თემას. ამისთვის გმადლობთ, თქვენ, “ქართული იდეის” სახელით.
მოამზადა ნათია თათარიშვილმა