54:0-ს რომ წააგებ და მერე ამბობ, გულშემატკივარი რატომ არ მოდისო, ნამუსი ხომ უნდა გქონდეს?!
რამდენიმე ნომრის წინ ვწერდით იმ მძიმე ვითარებაზე, რომელიც ქართულ სპორტშია, უფრო კონკრეტულად, ფეხბურთისა და რაგბის თემას შევეხეთ. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ გულშემატკივრების ნაწილმა ლამის სამშობლოს მტრად გამოგვაცხადა. არადა, ვწერდით, რომ, როგორც საფეხბურთო, ისე სარაგბო ნაკრებებში თაობათა ჩანაცვლების პროცესი ძალიან მტკივნეული იქნებოდა, რადგან, როგორც ერთ, ისე მეორე სპორტის სახეობაში, ახალი ნიჭიერი თაობა არ ჩანს და ეს არასწორი მიდგომის ბრალია. ის, რომ მაშინ მართალი ვიყავით, კიდევ ერთხელ დადასტურდა და გეტყვით რატომ.
დავიწყოთ ფეხბურთით.
როცა გაირკვა, რომ სახელმწიფო პროგრამით ფეხბურთის ფედერაცია სამას მილიონ ლარზე მეტს მიიღებდა და ეს ფული სპორტის ამ სახეობის განვითარებას მოხმარდებოდა, გაგვიხარდა, მაგრამ ჯერ იყო და, კლუბებს დაპირებული თანხები შეუმცირეს, ახლა კი, რაც მისცეს, იმასაც ართმევენ. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ფეხბურთის განვითარების პროგრამაში ახალი სტადიონების აშენება, ანუ ინფრასტრუქტურის შექმნა არ არის გათვალისწინებული. აი, რას ამბობს ამ ყველაფერზე სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი:
“2017 წელს კლუბი საბაზისოდ მილიონ ლარს იღებდა. 100-ათასიანი სპონსორის მოზიდვის შემთხვევაში, სტიმულირების ფონდიდან ერთი ამდენი კიდევ ემატებოდა, ანუ 100-ით 200 ათასს შოულობდა. სტიმულირების ფონდიდან დასარიცხი ფულის მაქსიმუმი 500 ათას ლარს შეადგენდა. 2018 წლიდან საბაზისო თანხა 900 ათასი გახდება, სამაგიეროდ, სტიმულირების ფონდი 600 ათასამდე გაიზრდება. ამან კლუბები ეტაპობრივად კომერციულ კალაპოტში უნდა გადაიყვანოს. როგორ შოულობენ კლუბები ევროპაში ფულს? _ ტრანსფერებით, სატელევიზიო უფლებებით, სპონსორებით, ბილეთებისა და ატრიბუტიკის ვაჭრობით… ჩვენი მიზანია, ამისკენ წავიდეთ. ამიტომაა აუცილებელი, რომ გარანტირებული თანხები შემცირდეს, კლუბების ბიუჯეტებში კი მათი მოზიდული შემოსავლების წილი გაიზარდოს…”
ვეთანხმებით მინისტრს, რომ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელება აუცილებელია, მაგრამ რატომ არ შენდება ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ პროგრამის შემადგენელი ნაწილი უნდა ყოფილიყო? აი, რა პასუხი აქვს ამაზე ბატონ ტარიელს:
“ეს პროექტი ფონდის აქტივობებში არ წერია, მაგრამ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა, ინფრასტრუქტურის სამინისტრო და რეგიონები უახლოეს 5 წელიწადში 100 მილიონ ლარამდე საფეხბურთო ინფრასტრუქტურის აშენებას აპირებს…”
ინფორმაციულობა კარგია, მაგრამ… ქაღალდზე ჯერ არ არის დაგეგმილი და დატანილი ის, რომ სახელმწიფო 100 მილიონის დახარჯვას აპირებს; ხეჩიკაშვილს კი ვინმე ამას სუფრასთან თუ მოუყვა და მანაც დაიჯერა, ვერ გეტყვით.
აი, რას ამბობს მინისტრის მიერ გავრცელებულ “სასიხარულო” ინფორმაციაზე ქობულეთის “შუქურას” დირექტორი, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი რევაზ ჩელებაძე:
“ისედაც მიზერული დაფინანსება გვქონდა და ამასაც გვაკლებენ? საბაზისო დაფინანსება არათუ უნდა შეემცირებინათ, უნდა გაეზარდათ. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ორიოდე კერძო კლუბის წისქვილზე ასხამს წყალს და არა ქართული ფეხბურთის. ახლა სპონსორს თუ ვერ მოვძებნით, ისევ უნდა ვიწვალოთ? ბიზნესი ქართული ფეხბურთით როგორ დაინტერესდება?! ახლა ჩვენი საკლუბო ფეხბურთი სუსტია, ჩვენი ფეხბურთელები ტოპლიგებში აღარ თამაშობენ… ერთი ლევან მჭედლიძე იყო და მისი გუნდიც გავარდა სერია A-დან. კლუბები და ნაკრებები ვერაფერს აღწევენ და ასეთ მდგომარეობაში ჩვენს ფეხბურთში ინვესტირებას რომელი ბიზნესმენი გადაწყვეტს?”
ახლა საქართველოს ნაკრების მიერ ჩატარებულ ორ მატჩზეც ვთქვათ. სენტ კიტსისა და ნევისის (თურმე არსებობს ასეთი ქვეყანა და მისი მოსახლეობა “დინამოს” სტადიონს ვერ შეავსებს, 42 ათასზე ცოტა მეტია) ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში 3:0 ვძლიეთ, მოლდოვას ეროვნულ გუნდს კი ოფიციალურ შეხვედრაში 2:2 დავუზავდით. სენტ კიტსზე, აბა, რა უნდა გითხრათ, ჩვენთან მატჩამდე ერთი კვირით ადრე მეზობელ სომხეთში ითამაშეს და 0:5 დამარცხდნენ. აი, მოლდოვას რაც შეეხება, კიშინიოვში მოსაგებად წავედით ვითომ, მაგრამ პირველი ნახევრის შემდეგ ორი ბურთით ვაგებდით და მეორე ნახევარში ქულას გამოვრჩით. არ ვაპირებთ იმაზე ლაპარაკს, რომ დიდი ხმაურით მოყვანილ უცხოელ მწვრთნელ ვლადიმერ ვაისს ჯერჯერობით ერთი ოფიციალური შეხვედრაც არ მოუგია, და რომ “უის გავეყარეთ და ვაისს” შევეყარეთ, მაგრამ ის კი უნდა აღვნიშნოთ, რომ მოლდოვას ძირითად შემადგენლობაში ეროვნული ჩემპიონატიდან ექვსი ფეხბურთელი თამაშობდა, ჩვენი პირველობიდან ძირითადში _ არც ერთი. ანუ, მოლდოვური გუნდების _ “შერიფის”, “დაჩიას” და “მისლამის” _ ფეხბურთელებმა პირველ ტაიმში ის ფეხბურთელები დაგვიჩაგრეს, რომლებიც ლეგიონერებად ითვლებიან და მოლდოვის ჩემპიონატში მონაწილე გუნდებზე უკეთეს კლუბებში თამაშობენ. ჩვენც ამას ვამტკიცებდით, რომ ახალი თაობა არ მოდის, თორემ როგორ შეიძლება, ქვეყნის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე ოთხასამდე ფეხბურთელიდან ერთიც არ იმსახურებდეს ეროვნული ნაკრების ძირითადში თამაშს?! ვყოფილვართ მართლები?!
ახლა რაგბიზე გადავიდეთ. იმის მიუხედავად, რომ რაგბიში არსებულ პრობლემებზე მამუკა გორგოძის სიტყვებიც მოვიყვანეთ, მაინც გაგვაკრიტიკეს, აქაოდა, რაგბი ყვავის და თქვენ ქვეყნის მტრები ხართო. არადა, ამ შემთხვევაშიც აქცენტს ახალგაზრდა მორაგბეების პრობლემასა და ეროვნული ჩემპიონატის დაბალ დონეზე ვაკეთებდით.
მოგეხსენებათ, საქართველოში მსოფლიოს 20 წლამდელ მორაგბეთა ჩემპიონატი მიმდინარეობს და მასში საქართველოც მონაწილებას. პრინციპში, რაღა მიმდინარეობს, პირველობა კვირას დასრულდა, მანამდე კი საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის სამი, პლეი-ოფის კი ორი მატჩი ითამაშა. არგენტინასთან 37:26 დავმარცხდით, სამხრეთ აფრიკასთან _ 38:14, ხოლო ჯგუფის ბოლო მატჩში საფრანგეთთან 54:0 გავნადგურდით. ახლა მეტყვით, საფრანგეთთან მეორე შემადგენლობით ვითამაშეთ, ძალები დავზოგეთო, მაგრამ…
“მესმის, რომ მეორე შემადგენლობით ვითამაშეთ, უფრო სწორად, რამდენიმე ლიდერი დავასვენეთ, მაგრამ 54:0 მაინც მეტისმეტია. არ მეგონა, ამ ანგარიშით თუ წააგებდნენ, გული დამწყდა… ძალიან ცუდია. ეროვნულ ჩემპიონატს რაც შეეხება, ვერ ვხედავ განსხვავებას იმ დროს, როცა მე ვთამაშობდი აქ, და ამჟამინდელ პირველობას შორის. რომ გითხრათ, დონე ძალიან მომატებულია–მეთქი, ასე არ ჩანს, რაც არის, ეს არის, მაგრამ განსხვავება იცით, რაშია? ჩვენ ვცდილობდით, ტოპ–კლუბებში წავსულიყავით, ვიცდიდით, სანამ ნორმალური კლუბი არ გამოგვეხმაურებოდა. ახლა კი ძალიან სუსტ კლუბებში მიდიან ბიჭები, რაც ძალიან ცუდია. რაღაცნაირად უნდა დარეგულირდეს ის, რომ ახალგაზრდა მოთამაშეები სუსტ კლუბებში არ წავიდნენ, აქ აიმაღლონ კვალიფიკაცია და მერე ძლიერ გუნდებს მიაშურონ”, _ ეს განცხადებაც საქართველოს, ყველა დროის თუ არა, ერთ–ერთ საუკეთესო მორაგბეს, მამუკა გორგოძეს, ეკუთვნის.
არადა, კარგად გვახსოვს, ჩემპიონატის დაწყებამდე შანსებზე საუბრისას როგორ ღიმილით აცხადებდნენ, მეტოქეებს სიურპრიზს ვთავაზობთ და სტადონზე მოსული გულშემატკივარი არ ინანებსო. მერე და მერე უფრო აწუწუნდნენ, გულშემატკივარი არ დადისო და… 54:0-ს რომ წააგებ და მერე ამბობ, გულშემატკივარი რატომ არ მოდისო, ნამუსი ხომ უნდა გქონდეს?! ისიც ხომ არ გავიწყდებათ, რომ 20 წლამდელთა ჩემპიონატზე მაყურებელზე მეტი სხვადასხვა კლუბის სკაუტი რომ არის ჩამოსული ახალი მორაგბეების შესათვალიერებლად და ინგლისურმა მედიამ რომ დაწერა, ჩვენი გუნდის შვიდ მოთამაშეს უკვე ახალმა კლუბებმა შესთავაზეს კონტრაქტებიო? ანალოგიური ვითარებაა საფრანგეთის, ახალი ზელანდიისა და სამხრეთ აფრიკის ახალგაზრდა მორაგბეთა მიმართაც, ანუ რეალურად 20 წლამდელთა ჩემპიონატი დიდი ბაზარია, სადაც ახალ მოთამაშეებს არჩევენ, მომავალს აშენებენ და, 54:0-ს რომ წააგებს, იმ ნაკრების რომელიმე მორაგბეზე დაფიქრდება ნორმალური სკაუტი? ახლა მეტყვით, სამაგიეროდ, პლეი-ოფის მატჩში დავამარცხეთ არგენტინა და მსოფლიოს მომავალ ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოვიპოვეთო, მაგრამ, თუ მომავალშიც 54:0 უნდა წავაგოთ, არ გვინდა. გამოცდილებას ვიძენთ ამ მატჩებითო, რომ გვიმტკიცებთ, მასე ფეხბურთში სომხეთთან 5:0 წააგო სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებმა, ჩვენთან კიდევ _ 3:0 და ახლა არ მითხრათ, ან ერთი, ან მეორე ნაკრებისგან სენტ კიტსელებმა გამოცდილება შეიძინეს და შემდგომში უფრო კარგად ითამაშებენო…
კიდევ ერთხელ ვიტყვით: პრობლემებზე საჯაროდ საუბარი არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის მტრები ვართ. პირიქით, იმას ვამბობთ, რომ პრობლემა არსებობს და მას მოგვარება სჭირდება. ამ თემაზე ხმამაღლა თუ არა, კულუარებში ნამდვილად საუბრობენ სპორტის ამ სახეობების ლეგენდები და, თუ მათ არ სურთ ხმამაღლა საუბარი, შედეგები ხომ ყვირის… აქეთ მოლდოვას ჩემპიონატის ფეხბურთელებთან ნათამაშები 2:2 და იქით კიდევ საფრანგეთთან წაგებული 54:0. პრობლემებზე ხმამაღლა საუბარიც პატრიოტიზმია, მეგობრებო, იმაზე გაცილებით მეტი პატრიოტიზმი, ვიდრე დამარცხებული ნაკრების ტრიბუნებიდან გინება…
ბესო ბარბაქაძე