Home რუბრიკები საზოგადოება უიმბლდონის ტურნირის ქართველი ფინალისტი

უიმბლდონის ტურნირის ქართველი ფინალისტი

1305
ალექსანდრე მეტრეველი

ალექსანდრე მეტრეველი უნიკალური მოვლენაა მსოფლიო ჩოგბურთის ისტორიაში. ის იყო აღმოსავლეთ ევროპაში პირველი მოყვარული (არაპროფესიონალი) ჩოგბურთელი, რომელმაც უმაღლესი რანგის ტურნირებში შთამბეჭდავი გამარჯვებებით, დევისის თასზე ბრწყინვალე გამოსვლებით მაღალი რეიტინგი დაიმსახურა და პროფესიონალი ჩოგბურთელების საუკეთესო ათეულში დაიმკვიდრა ადგილი.

ალექსანდრე მეტრეველი, თავისი სახელგანთქმული მეტოქეებისგან (როდ ლეივერი, ჯიმი კონორსი, ბიორნ ბორგი, კენ როზუელი, ილიე ნასტასე) განსხვავებით, არ სარგებლობდა იმ სიკეთეებით, რომლებითაც საჩოგბურთო ტრადიციებით მდიდარი ქვეყნების წარმომადგენლები. იმხანად არც საპრიზო ფონდები იყო დღევანდელივით გნადიოზული, მაგრამ ალექსანდრე მეტრეველმა პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლო ნიჭის, შრომისმოყვარეობისა და ჩოგბურთისადმი ფანატიკური სიყვარულის გამოვლენით.

ალექსანდრე მეტრეველი დაიბადა 1944 წლის 2 ნოემბერს თბილისში, ირაკლი და ანა მეტრეველების ოჯახში. ჩოგბურთის თამაში 10 წლისამ დაიწყო მწვრთნელ არამ ხანგულიანთან, რომლის ხელმძღვანელობითაც დამწყებმა ჩოგბურთელმა ახალგაზრდებს შორის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მოიგო ერთეულთა თანრიგში, 1962 წლიდან კი საბჭოთა კავშირის 10 საუკთესო ჩოგბურთელის სიაში შევიდა. ეს სია ალექსანდრე მეტრეველს 18 წლის განმავლობაში არ დაუტოვებია, 1966-67 და 1969-1978 წლებში კი პირველი იყო.

ალექსანდრე მეტრეველი და ანა დმიტრიევა
ალექსანდრე მეტრეველი და ანა დმიტრიევა

ამ პერიოდზე მოდის ალექსანდრე მეტრეველის ბრწყინვალე გამარჯვებები საბჭოთა კორტებზე. ის არის საბჭოთა კავშირის 29-გზის ჩემპიონი ერთეულთა, წყვილთა და შერეულთა თანრიგებში. 18 წლის იყო, როდესაც პირველად ითამაშა საბჭოთა კავშირის ნაკრებში და 1962 წლიდან 14 წლის განმავლობაში იცავდა ქვეყნის ღირსებას დევისის თასზე. ამ თასზე გამართული მატჩების მიხედვით ალექსანდრე მეტრეველი მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელების ხუთეულშია. ასეთი რანგის ტურნირზე გამართული 105 (!) მატჩი მართლაც ფანტასტიკური შედეგია. დევისის თასზე გამართული შეხვედრების მიხედვით, ალექსანდრე მეტრეველს უსწრებს იტალიელი ნიკოლო პეტრანჯელი, რუმინელი ილიე ნასტასე და ესპანელი მანუელ სანტანა.

ალექსანდრე მეტრეველი
ალექსანდრე მეტრეველი

მეტრეველი დევისის თასის გათამაშების #1 მოთამაშეს პირველად 1968 წელს იტალიაში შეხვდა და სამ სეტში დაამარცხა (დათმო მხოლოდ 2 გეიმი).

აღსანიშნავია, რომ სპორტული ფორმის პიკზე მყოფმა საბჭოთა კავშირის ნაკრებმა, რომლის მთავარ ძალას წარმოადგენდა 2 ქართველი ჩოგბურთელი _ ალექსანდრე მეტრეველი და თეიმურაზ კაკულია _ და რომელიც 1977 და 1978 წლებში დევისის თასის გათამაშებაში გამარჯვების მთავარი პრეტენდენტი იყო, პოლიტიკური მოტივების გამო უარი თქვა ამ პრესტიჟულ გათამაშებაში მონაწილეობაზე.

ალექსანდრე მეტრეველის უმაღლესი მიღწევა იყო 1973 წელს უიმბლდონის ტურნირის ერთეულთა თანრიგის ფინალში მონაწილეობა. მეოთხედფინალში მან დაამარცხა ტურნირის ფორვარტი, შემდგომ მსოფლიოს #1 ჩოგანი, დიდი მუზარადის ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული, ამერიკელი ჯიმი კონორსი. ფინალში, მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტების უმრავლესობა ალექსანდრე მეტრეველს უწინასწარმეტყველებდა გამარჯვებას, ის ჩეხ იან კოდეშთან დამარცხდა.

ალექსანდრე მეტრეველი
ალექსანდრე მეტრეველი

საერთოდ კი, ალექსანდრე მეტრეველმა 3-ჯერ ითამაშა უიმბლდონის ტურნირის ფინალში: ერთხელ _ ერთეულთა თანრიგში (1973 წ.) და 2-ჯერ (1968, 1970 წლებში) _ შერეულ წყვილთა თანრიგში. ამას გარდა, ალექსანდრე მეტრეველი არის ევროპის 16-გზის ჩემპიონი ერთეულთა, წყვილთა და შერეულ წყვილთა თანრიგებში, ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი (1970 წ.) სკანდინავიისა და შვედეთის ღია ჩემპიონატში გამარჯვებული (1966), აზიის ჩემპიონი (1970), იტალიის, ავსტრალიისა და საფრანგეთის ღია ჩემპიონატების ნახევარფინალისტი და ა.შ.

კორტზე მეტრეველი ყოველთვის იყო პიროვნება. თავისი მწვავე კომბინაციებით, მოულოდნელი და გათვლილი სვლებითა და დარტყმებით, ინტელექტით ყოველთვის იმსახურებდა მათ პატივისცემას, ვისთანაც ჰქონდა საქმე. ის ჩოგბურთის ჯენტლმენური ეთიკის მიმდევარი იყო.

აი ასე ახასიათებდა ალექსანდრე მეტრეველს გამოჩენილი სპორტსმენი და კომენტატორი, სსრკ-ის სახალხო არტისტი ნიკოლაი ოზეროვი: “მეტრეველი ღვთისგან დაჯილდოებული ჩოგბურთელია, როდესაც მის თამაშს უყურებ, ჭეშმარიტ სიამოვნებას განიცდი. ეს არ არის უბრალოდ თამაში _ ეს არის მაღალი ხელოვნება. მის თამაშში არის ყველაფერი, რითაც მომხიბვლელია დიდი ჩოგბურთი: მრისხანე შეტევები, ოსტატური დაცვა, ფილიგრინული ტექნიკა და ფანტაზია, რომელთა გარეშეც ჭეშმარიტი ხელოვნება წარმოუდგენელია”.

ალექსანდრე მეტრეველი
ალექსანდრე მეტრეველი

მეტრეველმა აქტიურ ჩოგბურთს თავი დაანება 1980 წელს, შემდეგ ის მუშაობდა მწვრთნელად საქართველოს ნაკრებში, 1982-1987 წლებში იყო საქართველოს სპორტკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის კომიტეტის წევრი, რუსეთის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მრჩეველი.

ალექსანდრე მეტრეველი პროფესიით ჟურნალისტია _ 1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ყოფილმა პარტიორმა ანა დმიტრიევამ ტელევიზიაში კომენტატორად მუშაობა შესთავაზა და მეტრეველი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. მას ანა დმიტრიევასთან ერთად დღესაც მიჰყავს რეპორტაჟები უმაღლესი დონის საჩოგბურთო ტურნირებიდან. მათი რეპორტაჟები ჰგავს ორი მცოდნე ადამიანის ინტელექტუალურ ბაასს. ისინი იშვიათად კამათობენ და, თუ განსხვავებული აზრი აქვს ამა თუ იმ საკითხზე, მეტრეველი, როგორც ნამდვილი ჯენტლმენი, დუმს და საუბრის თემას ცვლის.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე მეტრეველი არის თბილისის საპატიო მოქალაქე, აგრეთვე, ავსტრალიის საპატიო მოქალაქე.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

P.S. 2 ნოემბერს ალექსანდრე მეტრეველს 75 წელი შეუსრულდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here