Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოტრაკიის სახელით

უზნეობა დემოტრაკიის სახელით

1665
ეკოსექსუალები

ეკოსექსუალები, რომლებიც ლგბტელების თაიგულს აკლდნენ

რა იციან ავსტრალიის შესახებ სხვა კონტინენტების საშუალოსტატისტიკურმა მოქალაქეებმა იქაური ოზონის ხვრელებისა და კენგურუების გარდა? შეიძლება, სიდნეის საოპერო თეატრი გაიხსენონ ან ყური ჰქონდეთ მოკრული, რომ იქ იმართება ექსპერიმენტული ხელოვნების ფესტივალი”, _ ასე იწყება ერთი პუბლიკაცია ინტერნეტ სივრცეში. საიტს ვერ დაგისახელებთ და როდის გამოქვეყნდა ეს მასალა ვერც იმას გეტყვით, რადგან შეიძლება ჩაგვითვალონ რეკლამად, რომელიც თანმდევი საჯარიმო სანქციებით არის დამძიმებული.

პუბლიკაციის ავტორები კი დაინტერესდნენ (მათი საქმეა!) აღნიშნულ ფესტივალზე წარდგენილი ინსტალაციით, რომლის სახელწოდებაა ეკოსექსუალური აბანო და რომლის ავტორები არიან მხატვრები ლორენ კრონმერი და იენომ სინკლერი.

“მათი “აბანო” არის სივრცე, რომელშიც შეიძლება ბუნებასთან (და არა ბუნებაში! _ ა.ს.) დრო გაატარო და მასთან… სქესობრივი კავშირიც კი დაამყარო (!). ავტორები (ინსტალაციის) თავიანთ ქმნილებაში ხედავენ “უსაზღვრო ფეერიას, რომელიც არღვევს სახეობათა შორის საზღვრებს გლობალური ეკოლოგიური კრიზისის კონტექსტში”. ასე განგვიმარტავენ მხატვრები ამ “ნაწარმოების” არსსა და დანიშნულებას, გვთავაზობენ, როგორც მყარსა და უტყუარ მოცემულობას, როგორც თანამედროვე კაცობრიობის პროგრესული განვითარების თვალსაჩინო მაგალითს.

დედამიწაზე “გლობალური ეკოლოგიური კრიზისია” და ამ კრიზისის დაძლევის, გნებავთ, განეიტრალების (თავის მოტყუების?) ერთადერთი გზა თურმე ბუნებასთან სექსუალური ურთიერთობის დამყარებაა.

რა თქმა უნდა, გაუკუღმართებული (არატრადიციული) გზით _ ხეებთან, ბუჩქებთან, ყვავილებთან და ა.შ. დაწყვილება ვნებათაღელვის ტალღებზე.

ფრთხილად, ახპერ, ეკალმა არ გიჩხვლიტოს ვარდისა, ხიჭვი არ შეგერჭოს ფიჭვისა!

მაზოხიზმია, ჩემმა მზემ!

დაქანდა მსოფლიო ტოტემიზმისკენ, გვაროვნულ-ტომობრივი წინარე ისტორიისკენ, როცა ადამიანის წარმოდგენები ტოტემთან, ნადირ ცხოველებთან და მცენარეებთან ნათესაურ კავშირს გულისხმობდა: მთასთან და ბართან, ტბასთან და მდინარესთან, ქვასთან და კლდესთან.

პიტალოსთანაც.

დაქანდა, დაეშვა და დეგენერატიზმის მორევში შთაინთქა ჩვენს დღეებში, ანუ XXI საუკუნეში.

ეკოსექსუალიზმი მეცნიერული კვლევის საგნადაც იქცა, უფრო ზუსტად, მოძრაობა ეკოსექსუალებისა.

ხემძვრალიების.

რიოს ნევადის უნივერსიტეტის მეცნიერი-თანამშრომელი ამანდა მორგანი საკანდიდატო დისერტაციას ეკოსექსუალიზმზე წერს. მისი მონაცემებით, ეკოსექსუალების რაოდენობამ ბოლო 2 წლის განმავლობაში განსაკუთრებით იმატა. “გუგლში” თუ ჩავიხედავთ, ვნახავთ, რომ საძიებო შეკითხვების პიკი 2016 წელზე მოდის.

რა არის ეკოსექსუალიზმი, ამას ქალბატონი ამანდა ზუსტად აგიხსნით. გეტყვით, რომ სავსებით შესაძლებელია ნებისმიერი ადამიანის ეკოსექსუალობის გაზომვა: მეტად ეკოსექსუალურებად და ნაკლებად ეკოსექსუალურებად მათი გრადაცია. მაგალითად, თუ ადამიანს უყვარს, იცურაოს აბსოლუტურად შიშველმა, ეს შეიძლება ჩაითვალოს ეკოსექსუალობის მსუბუქ ფორმად, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ჭექა-ქუხილის დროს ტყეში მიწაზე გორაობით აღწევენ ორგაზმს. ისინი უკვე დასრულებული ეკოსექსუალები გახლავან, ისევე, როგორც სხვანი, რომლებიც ხეებთან ამყარებენ სექსუალურ კავშირს ან ჩანჩქერში დგომისას მასტურბირებენ.

გადაგვერია ამანდა ემანდა!

ეკოსექსუალური მოძრაობის წევრებმა ამასობაში საკუთარი მანიფესტი გამოსცეს, გადაიღეს რამდენიმე ფილმი ადამიანისა და ბუნების სასიყვარულო ისტორიებზე. მათ შორის არის კინოფილმი, რომელიც მოგვითხრობს რეჟისორის ურთიერთობაზე აპალაჩის მთებთან.

ეს ფილმი არ მინახავს და ზუსტად ვერ გეტყვით, _ აღგზნებული მუჰამედი მიდის მთასთან თუ აპალაჩის მთები თავს იკლავენ უიღბლო სიყვარულის გამო.

აჰა, გადავიდაო მოუკრეფავში, იტყვის მავანი ადამიანის უფლებების დამცველი არასამთავროების აღზევებული კასტიდან.

გეგონოთ!

ეკოსექსუალებს აქვთ თავიანთი წეს-ჩვეულება დაქორწინების _ მიწასთან, მთვარესთან, ფიჩხის კონასთან, რომელსაც, გაუკუღმართების ნაპერწკალს თუ შეუგდებ, ეკოსექსუალურ ცეცხლად აბრიალდება.

ახლა ეს ფუტურო ხეების ფუღუროების დანახვით აღგზნებული ეგზემპლიარები იბრძვიან იმისთვის, რათა ლგბტ-ს აბრევიატურას დაემატოს ასო “ე”, რათა საყოველთაოდ საცნაური გახადონ თავიანთი არატრადიციული ორიენტაცია, რადგან, “დღეისთვის 100 000-მდე ჩვენი თანამედროვე იდენფიცირდება, როგორც ეკოსექსუალი”, _ ვიგებთ ზემოთ ნახსენები ინტერნეტპუბლიკაციიდან.

იქვე წერია, რომ ეკოსექსუალიზმი ინტერნეტში პირველად 2000-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა, მოძრაობა კი 2008-ში დაფუძნდა. მისი ძირითადი მიზანი კონცეფციის “ადამიანი _ ბუნება” შეცვალა, პარადიგმის “ბავშვი _ დედაა” ნაცვლად ეკოსექსუალები აღიარებენ საყვარლების სექსურთიერთობას. ამანდა მორგანი ამ პრინციპს საიდანღაც გამოწოვილი არგუმენტებით ამართლებს: “ეს, აგრეთვე, არის ეკოლოგიური პრობლემების ახლებურად დანახვის მცდელობა. თუ თქვენ გააბრაზებთ დედას, იგი მაინც გაპატიებთ სიცელქეს, მაგრამ, თუ ცუდად მოეპყრობით საყვარელ ქალს, იგი წავა”.

ესეც მეცნიერული დასკვნა!

მეორე უარესია: ეკოსექსუალიზმი ადამიანს მისცემს შესაძლებლობას, დაძლიოს პრობლემა ხელმისაწვდომი და ხალისიანი ფორმის მეშვეობით. ამანდას მიაჩნია, რომ სექსი ადამიანების სტიმულირების პოტენციურად მძლავრი ინსტრუმენტია და ნებისმიერ საკითხს მნიშვნელოვან და პოპულარულ თემად გახდის. როგორც ერთმა ეკოსექსუალმა თქვაო, “თუ წყალდიდობას გაურბიხართ, სექსისთვის დრო არ გრჩებათო”. თუ არა და, აგერაა სექსოდრომი!

შეირყა სამყარო სექსის ნიადაგზე.

ძალიან ჰგავს ეს ამბავი “ფეიკს”, ცრუ ამბავს, ტყუილს, რომელიც საგანგებოდ არის შემოგდებული მამათმავლობის გარყვნილების გადასაფარად. მინდა დავიჯერო, რომ ასეა, მაგრამ ვაი, რომ ცრულიბერალური პრინციპებისა და ღირებულებათა ჩვენს ხანაში ყველაზე დაუჯერებელი სიცრუეც კი რეალობად გვევლინება.

ეკოსისტემა განადგურების პირამდე რომ მივიყვანეთ, ფაქტია, და ახლა ისღა აკლია, რომ ვიხმაროთ ეგ უმწეო და უბედური.

საიდან მოდის, საიდან ჩაითესლა ეს სიბილწე წარმოუდგენელი? ამ შეკითხვაზე პასუხი სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ჩემს წიგნში, რომელიც 2011 წელს არის გამოცემული. (არმაზ სანებლიძე, “ერთი წლის მონაგარი”, გვ. 124).

საქართველოს სახალხო არტისტმა, ბრწყინვალე მსახიობმა, მოაზროვნე და ღრმად განათლებულმა ადამიანმა კახი კავსაძემ ინტერვიუში, რომელიც “საქართველო და მსოფლიოსთვის” ჩამოვართვი, განვლილ შემოქმედებით გზაზე საუბრისას გაიხსენა: “…როლი, რომელმაც დამარწმუნა, რომ არტისტობა შემიძლია, ალექსანდრე სუმბათაშვილის “ღალატში” სოლეიმან ხანის როლი იყო. რობიკომ (სტურუამ) დადგა და შემომთავაზა, რომ ჩემს პერსონაჟს უნდა ელაპარაკა წვრილი ხმით და ნელა ემოძრავა. ეს ძალიან ძნელად გადასაწყვეტი ამოცანა იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ გამომივიდა. სოლეიმან ხანი, მოვლინებული გველი, დადიოდა და დასრიალებდა საქართველოში, რათა მოეხრჩო ქვეყანა.

დაქირავებული კაცი, რომელიც დავალებას ასრულებს, ჯანმრთელი არ არის… თრიაქით გაბრუებული ისე მოკლავდა ადამიანს, ვითომც არაფერი. ეს ავადმყოფი და გარყვნილი კაცი, ერთ ქალს კოცნის, მეორეს კოცნის და ხეზე, რომელიც სცენის ცენტრში დგას და საქართველოს ყლორტს განასახიერებს, ორგაზმით იკლავს ბილწ აღგზნებას თავისას.

ხეზე”.

გარყვნილების, სიბილწის, ავადმყოფური მიდრეკილების აპოთეოზი, დაქირავებული, ბოროტი დავალების შემსრულებელი კაცისა.

ერთი ადამიანის.

ეკოსექსუალობა კი მრავალთა მოძრაობაა, ორგანიზებული და მიმართული უმეტესი ბოროტების განსახორციელებლად _ გადასაგვარებლად ადამიანთა მოდგმისა.

P.S. ბიბლია გვასწავლის, რომ ღმერთმა, იხსნა თავისი ხალხი ეგვიპტის ქვეყნიდან, მაგრამ შემდეგ შემუსრა ურწმუნონი, “ისევე, როგორც სოდომი და გომორი და მათი მოსაზღვრე ქალაქები, მათებრ მემრუშენი…” (იუდ. 1,5-7).

ფერფლად ქცეული სოდომი და გომორი _ “მომავალ უღმერთოთა ნიმუშად დადებული” (2 პეტრ. 2,6).

არმაზ სანებლიძე

2 COMMENTS

  1. შენ გვიშველე უფალო.ამდენ გადაგვარებულ ადამიანს რა ეშველება?

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: me Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here