რწმენის ორი ჰიპოსტასი: პურიტანული და ირონიული
ეტყობა, სწორედ ასეა: რწმენას ახასიათებს ორი ურთიერთგამომრიცხავი ჰიპოსტასი _ პურიტანული და ირონიული. პურიტანებს მიაჩნიათ, რომ სამყაროში ყველაფერი ჰარმონიული მთელის შემადგენელი ნაწილია. ჩვენი ცხოვრება ამ სუფთა იდეალისკენ რომ წარვმართოთ და სხვებსაც იმავეს გაკეთება ვაიძულოთ, თანდათან დავუახლოვდებით სრულყოფილებას.
ირონიული ადამიანები კი დარწმუნებულნი არიან, რომ ასეთი ჰარმონიულობა იმქვეყნიურ სამყაროშია შესაძლებელი და არა ამქვეყნად, რაც ფრიად სამწუხაროა. ჩვენს რეალობაში ნატეხები ერთ სურათად ვერ ერთიანდება, ხოლო სათნოებანი ხშირად ერთმანეთს უპირისპირდება: თავისუფლება თანასწორობას ვერ უთავსდება, შემწყნარებლობა _ წესრიგს. ირონიის მოყვარულისთვის უმაღლესი ჭეშმარიტება არსებობს, მაგრამ ყოველდღიური ცხოვრება უმეტეს შემთხვევაში არის ბალანსისა და კომპრომისების ძებნა. რეინჰოლდ ნიბურისა და ისაია ბერლინის ტიპის ირონისტების აზრით, პურიტანელები, რომლებიც ცდილობენ, ანგელოზებზე უფრო ამაღლდნენ, ხშირად ცხოველებზე დაბლა ეშვებიან.
ისტორია შეგვახსენებს პურიტანული რწმენის უამრავ მაგალითს, ესპანური ინკვიზიციით დაწყებული, თანამედროვე ისლამური რადიკალიზმით დამთავრებული; როცა სჯერათ და სწამთ ერთიანი ჭეშმარიტი ცხოვრების წესი. დღეს ასევე შეგვიძლია შევხვდეთ არარელიგიურ პურისტებაც. ესენი არიან, მაგალითად, მიდლბერი კოლეჯის სტუდენტები, რომლებიც ცდილობენ, თავიანთი ყვირილით ჩაახშონ სხვაგვარად მოაზროვნეთა ხმები, აგრეთვე, _ კანონის დამცველი აქტივისტები, რომლებიც ცდილობენ, აიძულონ ორთოდოქსი ქრისტიანი კონდიტერები, თავიანთი სინდისისა და რწმენის საწინააღმდეგოდ იმუშაონ ჰომოსექსუალების ქორწილებზე, გამოუცხონ და სუფრაზე მიუტანონ ნაირ-ნაირი ტკბილეული.
ამ მოძრაობებმა ბევრი ქრისტიანი დაარწმუნა, რომ ისინი მალე შეიძლება განკიცხულები გახდნენ თავიანთ სამშობლოში. მათ შორის ერთ-ერთი ჩემი მეგობარიცაა _ როდ დრეერი, უკანასკნელი ათწლეულის ყველაზე ხშირად განხილვადი წიგნის “ბენედიქტის არჩევანი” ავტორი.
როდი საკმაოდ კონსერვატიულია. “ვერავითარი მშვიდობა ვერ დამყარდება ქრისტიანობასა და სექსუალურ რევოლუციას შორის, რადგან ისინი დიამეტრალურად განსხვავებულებია”, _ წერს იგი.
დრეერი კონკრეტულ მაგალითებს ასახელებს: “ლგბტ–აქტივისტები შუბის წვერებია, რომლებიც ჩვენს გულებსა და კულტურულ ომსაა მიბჯენილი. გეების თავისუფლებისთვის ბრძოლა რელიგიურ თავისუფლებას ემუქრება, ქრისტიან ვაჭრებს სამუშაოს დაკარგვით ემუქრება, ქრისტიანული სკოლებისა და კოლეჯებისთვის გადასახადებისა და აკრედიტაციების შემოღების საშიშროებას ქმნის”.
როდი იზიარებს შიშს, რომელიც დღეს ორთოდოქსულ ქრისტიანულ წრეებში საყოველთაოდ არის გავრცელებული: რომ ლგბტ-ზე მათი შეხედულების გამო ორთოდოქს ქრისტიანებსა და ებრაელებს მალე აუკრძალავენ მუშაობას მრავალ კორპორაციაში. “შავი სიები რეალობაა, _ წერს იგი, _ ჩვენ ვუბრუნდებით საშინელ შუა საუკუნეებს. დღევანდელი თაობა უთუოდ მოწმე გახდება იმისა, თუ როგორ იღუპება ქრისტიანობა ჩვენი ცივილიზაციის ეპოქაში”.
იგი დარწმუნებულია, რომ კულტურათა ომის გაგრძელება უსარგებლოა, რადგან იგი უკვე დამთავრებულია. ახლა მორწმუნეებმა უნდა მიბაძონ VI საუკუნის მონარქს, წმინდა ბენედიქტეს, რომელიც სხვადასხვა რელიგიურ თემებს ქმნიდა იმ დროს, როცა რომის იმპერია ინგრეოდა.
როდის წიგნის პერსონაჟები, თითქმის ყველანი, მონარქები არიან. ქრისტიანები საკუთარ თავში უნდა ჩაღრმავდნენ და თვითიზოლაციაში ჩაიკეტონ, რათა განწმინდონ და შეინარჩუნონ თავიანთი რწმენა, _ ამბობს იგი. ისინი უნდა განუდგნენ გამეფებულ კულტურას, გამოიყვანონ თავიანთი შვილები სახელმწიფო სკოლებიდან და ფესვები გაიდგან თავ-თავიანთ თემებში.
თავისი ისტორიის განმავლობაში ამერიკის კულტურა შემწყნარებლურად ეკიდებოდა მონობას, სექსუალურ სიმკაცრეს და ამერიკელი ინდიელების გენოციდს. მაშ, რატომ უნდა ჩავთვალოთ 2017 წელი ობსკურანტიზმის დაწყების ეპოქად?
როდი შესაძლებლად მიიჩნევს ზოგიერთ პრაქტიკულ კომპრომისს. ამერიკელთა უმრავლესობას არავითარი სურვილი არ აქვს, დაანგრიოს რელიგიური ინსტიტუტები. ისინი, თუ გნებავთ, სულიერების შიმშილს განიცდიან და მზად არიან რელიგიურ თემებზე სასაუბროდ. შეიძლება მოიძებნოს გონიერი კომპრომისები ლგბტ წესებსა და რელიგიურ თავისუფლებას შორის, მით უფრო, რომ ორთოდოქსი ებრაელები და ქრისტიანები არ ცდილობენ, თავიანთი შეხედულებები სხვებს მოახვიონ თავს.
როდის პრობლემა არის ის, რომ საერო პურიზმს რელიგიური პურიზმით უპასუხებს. სეპარატისტები უკან იხევენ თავიანთ მონოკულტურაში და საბოლოო ჯამში თვითიზოლაციით იფარგლებიან. ისინი ხელს უწყობენ შეზღუდულობის, ცრურწმენისა და ზნეობრივი ქედმაღლობის გაძლიერებას. ანადგურებენ ცოცხალი რწმენის დინამიურ ინიციატიურობას.
სამონასტრო ცხოვრებაში არის შემჭიდროებულობისა და დარაზმულობის შესანიშნავი საშუალება, მაგრამ ადამიანების უმრავლესობა ძალაუნებურად საერო ცხოვრებაში ტრიალებს, რომელსაც თავისი წინააღმდეგობანი და სირთულეები თან სდევს. ბევრ მორწმუნეს საკუთარი რწმენა განუმტკიცდება სხვადასხვა თანამეგობრობაში ყოფნით, სამუშაოზე და ა.შ. მათ სჯერათ თავიანთი რწმენის. იგი საშუალებას აძლევს მათ, იარსებონ დღევანდელი უაზრო და ბინძური მსოფლიოს რეალურ გარემოში.
სწორი რეაქცია ამგვარ რეალობაში ბენედიქტის არჩევანი კი არ არის, ორთოდოქსული პლურალიზმის გამჟღავნებაა. რომელიმე ორთოდოქსისადმი დამორჩილება ნიშნავს საკუთარი ცხოვრების იმქვეყნიური იდეალისადმი დამორჩილებას.
ჩემი აზრით, ნამდვილი მტერი სექსუალური რევოლუცია არ არის. ეს პურიტანიზმის ის ფორმაა, რომელიც ვერ იტანს განსხვავებულს, რადგან არ ძალუძს, მორჩილად აღიაროს ჭეშმარიტების საიდუმლო.
ინგლისელი ქალბატონების უმეტესობას “სათადარიგო ქმრები” ჰყავთ
ბრიტანეთში ჩატარებული სოციალური კვლევის შედეგებმა დაგვანახვა, რომ დაქორწინების ინსტიტუტი ამ ქვეყანაში მაინცდამაინც მყარი არ არის: გამოკითხული ქალბატონების ნახევარს ურთიერთობის “სამარქაფო ვარიანტები” გააჩნია.
ეს მონაცემები, რომლებიც გაზეთ “დეილი მეილში” გამოქვეყნდა, უმალვე აიტაცეს სხვა გამოცემებმა და ყველა ახალ პუბლიკაციაში ახალი შეკითხვა არის დასმული:
შეიძლება თუ არა ნორმად ჩაითვალოს ისეთი ურთიერთობა, რომელშიც იმთავითვე ჩადებულია მისი შეწყვეტის შესაძლებლობა?
ბრიტანელი ქალები სიამოვნებით განმარტავდნენ თავიანთ პასუხებს. უმეტეს შემთხვევაში “გეგმა ბ-სთვის” გათვალისწინებული მამაკაცი არის “ჯერ კიდევ” ცხელსისხლიანი ყოფილი “ბოიფრენდი”, რომელიც მზად არის, ძველი ენების გულისთვის დათმოს ყველაფერი. ასეთი ერთგული თაყვანისმცემლის არსებობა დაადასტურა გამოკითხული მშვენიერი სქესის 20 პროცენტმა, ანუ თითქმის ნახევარმა იმათგან, ვინც, ცოლქმრული ურთიერთობის გარდა, სხვა ვარიანტებს დასაშვებად მიიჩნევს.
ასეთი გულახდილობის შემდეგ აღარავის უკვირს, რომ ქორწინებების ნახევარზე მეტი პირველსავე 5 წელიწადში ირღვევა.
გვერდი მოამზადა არმაზ სანებლიძემ