Home ახალი ამბები საქართველო უვიზო რეჟიმი და დემოგრაფია _ საქართველოდან მიგრაციის საფრთხეები

უვიზო რეჟიმი და დემოგრაფია _ საქართველოდან მიგრაციის საფრთხეები

1400
უვიზო რეჟიმი

მიგრაცია საქართველოსთვის  სერიოზული პრობლემაა. ერთი მხრივ, მოსახლეობა მცირდება, დაბალი შობადობის პირობებში ეს საკმაოდ საგანგაშო ფაქტორია, მეორე მხრივ, ევროკავშირის ქვეყნებთან ნანატრ უვიზო რეჟიმს შეიძლება საფრთხე დაემუქროს.

საქსტატისმონაცემებით, ბოლო 23 წლის განმავლობაში საქართველო 1 მილიონ 260,7 ათასმა ადამიანმა დატოვა, საცხოვრებლად კი გაცილებით ნაკლები ჩამოვიდა. 1994 წელს საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობა 4,9 მილიონ ადამიანს აღემატებოდა, 2018 წელს კი ქვეყანაში მხოლოდ 3,7 მილიონ ადამიანზე მეტი ცხოვრობს.

2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მოკლევადიანი ვიზიტების (180-დან 90 დღე) უფლება მოიპოვეს. უვიზო რეჟიმის არასასიამოვნო შედეგი არის ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ მოიმატა. ამასთანავე, შეშფოთება გამოხატეს გერმანიამ, საფრანგეთმა, შვედეთმა და ისლანდიამ. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარკ ჰულსტმა ბოლო სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტი ქართველი გერმანიაში ეძებდა თავშესაფარს _ 2018 წელს დაახლოებით 2500 ადამიანი. მათგან მიზანს მხოლოდ 1%-მა მიაღწია.შვედეთში თავშესაფარი საქართველოს 490-მა მოქალაქემ მოითხოვა, ბელგიაში _ 471-მა.

“შვედეთი აცხადებს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და, კეთილი ინებეთ და საქართველოში დაბრუნდით, თუ ნებაყოფლობით არა, ზოგჯერ, სამწუხაროდ, საჭირო ხდება ძალის გამოყენება. ადრე საფრანგეთი იყო ლოიალური ქვეყანა თავშესაფრის მაძიებლებისთვის, მაგრამ მას შემდეგ, რაც საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო, საფრანგეთი ლოიალური მიდგომით აღარ მოქმედებს”, _ განაცხადა ჰულსტმა. მისი თქმით, გერმანიაში თავშესაფრის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ორ შემთხვევაში: ერთია უშუალოდ ლტოლვილის სტატუსი, რომელიც საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მიუღია, და მეორე _ დროებითი ცხოვრების უფლება სხვადასხვა მიზეზის გამო. აქ, ძირითადად, საუბარია ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებზე. შვედეთში, გერმანიასთან შედარებით, უფრო მკაცრი კანონები მოქმედებს _ ამ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეებს არც ლტოლვილის სტატუსის, არც დროებითი ცხოვრების უფლების მიღება არ შეუძლიათ. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, გადადგას სერიოზული ნაბიჯები მიგრაციის ტალღის შესაჩერებლად. მან ურჩია საქართველოს ხელისუფლებას, წარმართოს აქტიური სოციალური კამპანია და მიაწოდოს მოქალაქეებს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ელოდებათ მათ ემიგრაციაში, რომ ევროპაში ცხოვრება მიზნის მიღწევის საშუალებას არ წარმოადგენს. გარდა ამისა, ჰულსტმა ისაუბრა საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაყალბებისგან მაქსიმალური დაცულობის მნიშვნელობაზე.

“მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პასპორტი ევროპაში დიდი ნდობით სარგებლობდეს. ის, ვინც ევროპაში ქართული პასპორტით მიემგზავრება, ხშირად არ არის საქართველოს მოქალაქე. ჩემი რეკომენდაციაა, რომ საქართველოს პასპორტი მაქსიმალურად იყოს დაცული, რათა მისი ბოროტად გამოყენება შეუძლებელი იყოს”, _ დასძინა ჰულსტმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here