ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედური შემთხვევა მოხდა. კომპანია ”საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის” ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მიწისქვეშა სამუშოების დროს, სამთო მასის ჩამოშლის გამო მოხდა.
”ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, 270-ე ჰორიზონტზე, მიწისქვეშა სამუშოების წარმოების დროს, რაც ნახშირის მოპოვებით სამუშაოებს უძღვის წინ, ჩამოიშალა სამთო მასა. გარდაცვლილია მე-6 უბნის გამყვანი დავით ფორჩხიძე.
მეშახტე ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს. კომპანია მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით. ვუთანაგრძნობთ ოჯახს, მეგობრებსა და ჩვენი კომპანიის თითოეულ წევრს”,- ნათქვამია განცხადებაში.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.