Home ახალი ამბები საქართველო ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში მომხდარ უბედურ შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში მომხდარ უბედურ შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა

9 მაისს საღამოს, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, სატვირთო ლიფტის ბაგირი გაწყდა და ლიფტი შახტაში ჩავარდა. მასში 4 მეშახტე იმყოფებოდა. მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად  4 მეშახტე ადგილზე გარდაიცვალა. სამაშველო-სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცხედრების შახტიდან ამოყვანის შემდგომ მაშველებმა დაღუპულები ქუთაისის პროზექტურაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. „საქართველო და მსოფლიო“ უსამზიმრებს დაღუპულთა ოჯახებს.


ადგილზე მეშახტეთა სამაშველო-სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. შახტასთან მობილიზებული იყვნენ როგორც სამაშველო, ისე საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. არსებული ინფორმაციით, სატვირთო ლიფტის ბაგირი გაწყდა და ლიფტი შახტაში ჩავარდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მინდელის შახტში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტორთა ჯგუფი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

მინისტრ გიორგი გახარიას ინფორმაციით, შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს ყველა სახის კომპენსირება გაეწევა როგორც კომპანიის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ჩატარდება მაქსიმალურად ღია გამოძიება და გამოძიების შედეგების შესაბამისად, ყველა დამნაშავე პირი დაისჯება.

”დღეს ალბათ, არ არის ის მომენტი, როცა ჩვენ მტყუან-მართალი უნდა ვეძებოთ. აქ არის ის მომენტი, როცა მაღაროელებს უნდა დავუდგეთ გვერდით და მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ოჯახის წევრებს და მაღაროელების საზოგადოებას ეს ტრაგიკული დღე, ტრაგიკული მოვლენა შევუმსუბუქოთ”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, შახტის მფლობელი კომპანია “საქნახშირმა” განცხადება გაავრცელა.

“ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაზე მიმდინარეობდა ბადიას (ნახშირის ამომღები მოწყობილობის) ბაგირის შეცვლის გეგმური სარემონტო სამუშოები, რომელზეც დაკავებული იყო შახტის სარემონტო ბრიგადა, სამუშაოებზე პასუხისმგებელი პირის ხელმძღვანელობით. სამუშაოების მსვლელობის პროცესში ნახშირის ამომღები ბადია, რომლის უშუალო სარემოტო სამუშაოებით დაკავებული იყო ოთხი თანამშრომელი, ჯერ კიდევ დაუდგენელი მიზეზების გამო ჩაწყდა სარემონტო პოზიციიდან. ბრიგადის ადგილზე მყოფმა სხვა წევრებმა შეატყობინეს დისპეტჩერს მომხდართან დაკავშირებით, რის შემდგომაც დაუყოვნებლივ გამოძახებულ იქნა სამთო მაშველთა და სასწრაფო დახმარების სამსახურები. მიმდინარეობს ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება სარემონტო ბრიგადის მოძიება-გადარჩენის მიზნით. შექმნილია მოკვლევის ჯგუფი, რომელიც დაადგენს ავარიის გამომწვევ მიზეზებს”. – ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  მომხდარი უბედური შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს და მაღაროში მომუშავე მუშებსა და მათ ოჯახებს თანადგომას უცხადებს:

”ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ტყიბულში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი. ამ უმძიმეს წუთებში, თანადგომას ვუცხადებ შახტში მომუშავეთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს. სამწუხაროდ, ეს უკვე მერამდენე ტრაგედია ვერ ჩაითვლება უბრალოდ „შემთხვევად“. შრომის უსაფრთხოების დღეს არსებული პირობები, თუნდაც მოქმედი კანონმდებლობის დაცვის ხარისხი, სამწუხაროდ, ეფექტურად ვერ გამორიცხავს მსგავს უბედურებებს. საჭიროა მთლიანი საზოგადოების, მათ შორის, დამსაქმებელთა და ცხადია, პირველ რიგში ხელისუფლების ძალისხმევა მიიმართოს შრომის უსაფრთხოების წესების დახვეწისა და მათი აღსრულების უმკაცრესი კონტროლისაკენ”, – აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი:

„ამ მძიმე წუთებში, მინდა თანადგომა გამოვუცხადო შახტში მომუშავეთა ოჯახებს. შესაბამისი სამსახურებისგან ვიღებ ინფორმაციას ტრაგედიის ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საქართველოს მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მინდელის შახტში იმუშავებენ შესაბამისი ჯგუფები, რათა უსწრაფესად განხორციელდეს მეშახტეთა სამძებრო სამუშაოები და ასევე, დადგინდეს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი“, – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სოციალურ ქსელ ”ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოეხმაურა შახტში მომხდარ უბედურ შემთხვევას:

”ვინც ეწინააღმდეგება ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას, მთავრობაში, პარლამენტში, საკონსტიტუციო კომისიაში თუ სხვაგან, თქვენ ხართ მკვლელები. ეს სიმართლეა. ჩვენ 4 წელია მოვითხოვთ შრომის ინსპექციის შექმნას. უბრალოდ, სირცხვილია, მეგობრებო”, – წერს უჩა ნანუაშვილი.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here