Home რუბრიკები საზოგადოება ტყვეთა სყიდვა _ ერის ტოტალური დაცემა

ტყვეთა სყიდვა _ ერის ტოტალური დაცემა

ავთანდილ დიასამიძე

ცოდვამ მოგვიცვა, ნათელსა გარს მოეხვია ბნელია”.

დავით გურამიშვილი

ქართველი ხალხის ისტორიაში ყველაზე დიდი სირცხვილი და ღვთისრისხვა, ბედისწერის დაცინვა _ ეს იყო ტყვეთა სყიდვა. იტაცებდნენ ქალსაც და კაცსაც, ყრმასაც და ხნიერსაც, აზნაურსაც და უაზნოსაცყველაზე ძვირად ფასობდნენ ახალგაზრდები _ ლამაზი, მშვენიერი, გონიერი და ღონიერი. მოტაცებული და გაყიდული ქართველი ასული უმშვენიერეს სამკაულად უნდა მოვლენოდა სულთანთა და ხონთქართა სერალებსა თუ ჰარამხანებს. იგი უნდა ყოფილიყო მუსლიმანი მბრძანებლის ხასა, გამართლების შემთხვევაში _ თანამეცხედრე. ოჯახზე გადამკვდარ ქართველ ქალს თურქი შვილები უნდა გაეჩინა და საქართველოს სამტროდ აღეზარდა ისინი. მოტაცებული და გაყიდული ქართველი ბიჭები, შემდგომ უბადლო ვაჟკაცები ისლამის უმამაცესი და უერთგულესი მეომრები ხდებოდნენ: თურქეთში _ იანიჩარები, ეგვიპტეში _ მამელუქები.

იტაცებდნენ ყველგან _ გზაში, ყანაში, სამწყემსურში, წყაროზე, წისქვილში, სამლოცველოში, სახლში მიხდომით; იტაცებდნენ ოსმალონი, ლეკნი და თვითონ ქართველნიც.

ამ მეორედ მოსვლაში მეფეებისა და დიდებულების ერთადერთი საზრუნავი, გარკვეული გამონაკლისის გარდა, იყო ტახტის, გავლენისა თუ ქონების შენარჩუნება. ამ მიზნით ისინი ჯერ მოყვრდებოდნენ, შემდეგ კი ხოცავდნენ ერთმანეთს _ მამა-შვილი, სიძე-სიმამრი, ბიძა-ძმისშვილი… მათ შორის საუკუნეების განმავლობაში გრძელდებოდა შური, ეჭვი, ქიშპი, უნდობლობა, მტრობა და სისხლისღვრა.

არც გაღატაკებული მოსახლეობა არ აკლებდა ხელს და ადვილად იშორებდა თავიდან ოჯახის წევრს _ ხელის აუკანკალებლად ჰყიდდა შვილს, დედას, დას, რათა აღებული გასამრჯელოთი თავისი სიღატაკისთვის კბილი მოეტეხა, მაგრამ ეს თავის მოტყუება იყო მხოლოდ.

ეს გახლდათ ტოტალური, საუკუნოვანი დაცემა. ეს იყო სამარცხვინო პერიოდები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომლებსაც დღეს იგნორირებას ვუკეთებთ და მტერსა თუ მოყვარეს მხოლოდ თავმოსაწონებელ ამბებს შევახსენებთ; ამაყად გავყვირით, რომ ჩვენ იმ ერის შთამომავალნი ვართ, რომელმაც მოახდინა დიდგორის ველზე “ძლევაი საკვირველი”, გადაიხადა კრწანისის თუ სხვა არაერთი გმირული ბრძოლა… ჰყავდა დიმიტრი თავდადებული, ბერი თევდორე, ცხრა ძმა ხერხეულიძე, სამასი არაგველი… მაგრამ არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ საქართველოს მეფე-მთავრებს შორის “იყო ხდომა და შური ურთიერთას, აოხრებდნენ ქვეყანასა ურთიერთას…” (“ქართლის ცხოვრების გაგრძელება”).

ისევე, როგორც დღეს ხელისუფალნი და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ურთიერთქიშპობით ღუპავენ საქართველოს.

რა არის ეს _ ბედისწერის დაცინვა თუ ისევ და ისევ ქართული ხასიათი?

რუბრიკის სტუმარია ისტორიკოსი, პროფესორი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების საპატიო წევრი ავთანდილ დიასამიძე.

_ ბატონო ავთანდილ, დავიწყოთ ტყვეთა სყიდვით. რამდენ ხანს მძვინვარებდა საქართველოში ეს ბოროტება და რა საფრთხე შეუქმნა მან ქართველებს?

_ ტყვეთა და ყმათა სყიდვა ფეოდალური საქართველოს მძიმე სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის შედეგი იყო. ადამიანებით ვაჭრობა ქართველი ერის განვითარებას, მის დამოუკიდებლობას დიდ საფრთხეს უქმნიდა, უდიდესი ზიანი ადგებოდა საქართველოს მოსახლეობას და ქვეყნის ძლიერებას, რადგან ქართველთა საუკეთესო ნაწილი, მისი ჯანსაღი ახალგაზრდობა განუწყვეტლივ მიედინებოდა უცხოეთში და სამშობლოს სამუდამოდ ეკარგებოდა.

არც ერთ ომს, არც ერთ უცხოელ დამპყრობელს ხმლით იმდენი ზარალი არ მიუყენებია საქართველოსთვის, რამდენიც ამმშვიდობიანმატყვეთა სყიდვამ მიაყენა მას”, _ სამართლიანად აღნიშნავდა აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილი.

ეს მძიმე სენი _ ადამიანებით ვაჭრობა მოიცავდა ევროპის, აზიისა და აფრიკის კონტინენტებს. საქართველოში ტყვეთა სყიდვა XVI-XIX საუკუნეებში მძვინვარებდა ოსმალეთ-ირანის მოძალეობითა და ქართველ ფეოდალთა ხელშეწყობით.

ერეკლე II
ერეკლე II

საქართველო მთელი სამი საუკუნის (XVI-XIX) განმავლობაში ორი დიდი დამპყრობელი სახელმწიფოს _ ოსმალეთისა და ირანის საცილო ობიექტი იყო და ისინი მის დასაპყრობ-დასამორჩილებლად ფართოდ იყენებდნენ ძალადობის ყველა ფორმას: ბრძოლას, ადგილობრივი მოსახლეობის წარტყვევნასა და გადასახლებას, ტყვეთა სყიდვას, “ოსმალობისა” და “ყიზილბაშობის” დამკვიდრებას. ადამიანებით ვაჭრობისათვის სტამბოლში, ახალციხეში, ტრაპიზონსა და სხვაგან სპეციალური ბაზრობები ჰქონდათ მოწყობილი.

სოლომონ I
სოლომონ I

XVII-XIX საუკუნეებში უდიდესი ზიანი მიაყენა საქართველოს ლეკიანობამ. დაღესტნის ფეოდალები და ტომთა ბელადები მოსვენებას არ აძლევდნენ განსაკუთრებით კახელებს. ტყვეები მიჰყავდათ იმ მიზნით, რომ ან პატრონს, ოჯახის წევრებს გამოესყიდათ, ან ბაზარზე გაეყიდათ. საქართველოდან გატაცებულ ტყვეებს ისინი ყირიმის, ოსმალეთისა და სპარსეთის ბაზრებზე ჰყიდდნენ. ლეკიანობის მსხვერპლი არაერთი ქართველი გამხდარა, მათ შორის დიდი ქართველი პოეტი დავით გურამიშვილიც 1729 წლის ზაფხულში.

_ როგორც ცნობილია, სტამბოლის ტყვეთა ბაზარზე ქართველი ტყვეები ძვირად ფასობდნენრატომ?

_ ქართველი ქალის სილამაზე და მომხიბვლელობა იმ პერიოდში კარგად იყო ცნობილი, ამიტომ ისინი ჰარამხანების საუკეთესო “სამკაულებს” წარმოადგენდნენ. გარდა ამისა, იგი არამხოლოდ მუსლიმანი მბრძანებლის ხასა უნდა ყოფილიყო, არამედ, გამართლების შემთხვევაში, მისი თანამეცხედრე-მეუღლე. ოჯახზე გადამკვდარ ქართველ ქალს თურქი შვილები უნდა გაეჩინა და საქართველოს სამტროდ აღეზარდა ისინი. მოტაცებული და გაყიდული ქართველი ბიჭები კი, შემდგომ უბადლო ვაჟკაცები, ისლამის უმამაცესი და უერთგულესი მეომრები ხდებოდნენ. თურქეთში ესენი იყვნენ იანიჩარები, ეგვიპტეში _ მამელუქები.

 სოლომონ II
სოლომონ II

_ ნათქვამია, ხემ თქვა: ნაჯახი ვერაფერს დამაკლებდა, ხის ტარი რომ არ ჰქონოდაო. თანამემამულეთა მოტაცებასა და გაყიდვაში არანაკლებ დაუნდობლები ყოფილან თვითონ ქართველები, რას ამბობს ამაზე ისტორიული წყაროები?

_ ჟან შარდენს აღწერილი აქვს ერთი ასეთი ეპიზოდი: 1672 წლის სექტემბერში მისი ყოფნა სამეგრელოში დამთხვევია ოსმალთა ერთ-ერთ შემოჭრასა და თარეშს. მას თავი შეუფარებია ერთი აზნაურის ციხესიმაგრისთვის. “ეს აზნაური არ ჩანდა ისეთი გაიძვერა აზნაური, როგორც სხვები”, _ წერს შარდენი. 30 სექტემბერს ამ აზნაურთან თურქი სამხედრო მოხელე გამოცხადებულა და მოუთხოვია, მორჩილების ნიშნად ფაშას ხლებოდა. ეს აზნაური, სახელად საბახტარი, ეახლა თურმე ფაშას და თან 4 ტყვე მიართვა საჩუქრად. ფაშამ მას მოსთხოვა ერთგულების ფიცი, დამატებით ერთი შვილის მძევლად მიცემა და ქალ-ვაჟი ძღვნად. საბახტარი დათანხებულა, ფაშასთვის ძღვნად ორივე სქესის 10 ახალგაზრდა, 300 ეკიუს ვერცხლი ან აბრეშუმი მიერთმია… ეს ხარკი მან შეკრიბა ყველასგან, ვინც მასთან იყო თავშეფარებული. ყველა ოჯახიდან, რომლებსაც 4 ბავშვი ჰყავდათ, ერთი მას მიჰყავდა. “ეს იყო მეტად გულსაკლავი სანახაობა, როგორ გლეჯდნენ დედებს მკერდიდან საბრალო შვილებს, ჰკრავდნენ ორ-ორად და მიჰყავდათ თურქებთან”, _ აღნიშნავს შარდენი. ასეთი ფაქტი უამრავი იყო.

სამეგრელოს მთავარი დადიანი ხონთქარს ხარკს, გარდა ტილოს გარკვეული რაოდენობისა, ადამიანებითაც უხდიდა: 30-100 კაცამდე ყოველწლიურად.

_ უცხოელი მოგზაურები სამარცხვინო ფაქტებს აღწერენ თავიანთ ჩანაწერებში, თუ როგორ იმეტებდნენ გასაყიდად უღარიბესი ადამიანები ოჯახის წევრებსაც კი

_ როგორც ევროპელი მისიონერების დაკვირვება-გადმოცემით და ქართველ ისტორიკოსთა გამოკვლევებით დგინდება, ტყვეებითა და ყმებით ვაჭრობა სავსებით ჩვეულებრივი მოვლენა იყო ფეოდალურ საქართველოში თავადაზნაურებისათვის. მათ განუზომელი უფლებები ჰქონდათ _ თავიანთ ქვეშევრდომებს, განსაკუთრებით ყმებს, როგორც უნდოდათ, ისე ეპყრობოდნენ _ ჰყიდდნენ, როგორც უბრალო ნივთს. თითოეულის ფასი იყო 25 ან 30 რომაული სკუდი. ვინც მეტს გადაიხდიდა, იმას მიჰყიდდნენ _ ოსმალოს, ბერძენს, ევროპელს თუ სხვას. 1640 წლის 20 სექტემბერს რომში გაგზავნილ წერილში იტალიელი მისიონერი ჯუზეპე ჯუდიჩე წერდა: “ამ თვეში სამეგრელოდან კონსტანტინოპოლში გადის თურქთა გემები, დატვირთული აქაური საქონლით და განსაკუთრებით, სამეგრელოში, იმერეთსა და ქართლში თურქებზე გაყიდული ქრისტიანი ყმაწვილებით, ყოველ წელს გაყიდულთა რიცხვი არანაკლებ ორი ათასს აღწევს”.

ტყვე ქალი

სამწუხაროდ, 1810-12 წლებში ადამიანებით ვაჭრობის ეს მძიმე სენი ცალკეულ ოჯახებშიც შეჭრილა. მამები პურის ნატეხისთვის მონად ჰყიდდნენ თავიანთ შვილებს, ხოლო სასოწარკვეთილი დედები ტყეებსა და გზებზე აგდებდნენ შიმშილისაგან არაქათ გამოცლილ ძუძუმწოვარ ბავშვებს. იყო შემთხვევები, როცა მშობლები შვილებს ჰყიდდნენ, შვილები კი _ მშობლებს, ამის თაობაზე გერმანელი განმანათლებელი და მოაზროვნე . ჰერდერი სამართლიანად წერდა: “მძიმე იყო ქრისტიანული საქართველოს ბედი და ისტორიული ყოფა. მასში არის ეკლესიები და მონასტრები, არიან პატრიარქები, ეპისკოპოსები და ბერები; ქალები _ ლამაზები, მამაკაცები _ გულადნი და მაინც მშობლები ჰყიდიან შვილებს, ქმრები _ ცოლებს, თავადები _ ყმებს, მორწმუნენი _ მღვდლებს”.

_ თქვენი აზრით, რამდენად სარწმუნოა ეს წყაროები?

_ შეიძლება ერთ ან ორ წყაროს არ ენდოს კაცი, მაგრამ ამის დამადასტურებელი ფაქტები როგორც ქართულ, ისე უცხოურ წყაროებში ბევრი მოიპოვება. ასე რომ, მათ სანდოობაში ეჭვის შეტანის არავითარი საფუძველი არ არსებობს. ფაქტია, რომ ადამიანებით ვაჭრობა, ტყვის სყიდვა ფეოდალური საქართველოს საშინელი დაცემის ნიშანი იყო და ხელს უწყობდა ქვეყნის დაუძლურება-დასუსტებას.

_ თუ იყო მცდელობები ამ ყველაფრის აღსაკვეთად და ვინ იყვნენ ის ქართველები, რომლებიც ადამიანთა ვაჭრობას სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ?

რამდენად შედეგიანი იყო ეს ბრძოლა?

_ ადამიანებით ვაჭრობით, მოსახლეობის საუკეთესო ნაწილის ქვეყნიდან გაყვანით ზიანდებოდა საქართველოს სამეფო-სამთავროების სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მომავალი, ქვეყანას ხელიდან ეცლებოდა მწარმოებელი და მებრძოლი ძალა. ამიტომ ამ მძიმე სენის აღსაკვეთად, უპირველესად, საჭირო იყო სამეფო კარის პრინციპული მოქმედება.

_ ყველაზე დიდი ძალისხმევა ვინ გამოიჩინა?

_ ამ მხრივ აღსანიშნავია სოლომონ I-ის, ერეკლე II-ისა და სოლომონ II-ის ღვაწლი. როგორც ისტორიული წყაროები, ისე ხალხური ზეპირსიტყვიერება ცხადყოფს, რომ ტყვეთა სყიდვის დაუნდობელ მებრძოლად მოგვევლინა იმერეთის მეფე სოლომონ პირველი (1752-1784). მან თავისი პოლიტიკური მოღვაწეობა სწორედ ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ ბრძოლით დაიწყო. სოლომონ მეფემ, როგორც კი გარდაიცვალა მამამისი, ქართველი ტყვეების თურქებისათვის მიყიდვა ყველა თავის ქვეშევრდომს მკაცრი ჯარიმითა და თვით სიკვდილის სასჯელით აუკრძალა, _ აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კოლეგიის ერთ-ერთ ჩანაწერში (1761 წ.).

ვახტანგ ერეკლე მეორეს ძე ბატონიშვილი წერდა: სოლომონმა სძლია სერასკერსა ხონთქრისასა, აგრეთვე, ლეკთა დიდთა მხედრობათა შთასრულსა იმერეთადგანყარნა მუნ მყოფნი თურქნი, აღმოკვეთა კნინღა ორნი დიდი ბოროტმოქმედებანი სრულიად იმერეთსა შინა, .. კაცთა კვლა და მპარაობა. გარნა მესამე უბორეტესი .. ტყვის სყიდვა დროსა თავისსა სრულიად უჩინო ჰყო”.

თვით სოლომონ მეფეც მიუთითებდა, რომ ტყვეებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლამ მართლაც გამოიღო გარკვეული შედეგი. 1769 წლის 23 ივნისის თარიღით რუსეთის იმპერატორ ეკატერინესადმი გაგზავნილ მიმართვაში იგი აღნიშნავდა: “ხვანთქრის სერასკირებსა და ფაშებს ჩემგან მრავალგზის ტყვის ხარჯვა და ტყვე უთხოვიათ, და რომ არ მიმიცია, ზამთარ და ზაფხულ ომი გვქონებია ძლიერიო. თექვსმეტი წელი სრულ იქნა, რომ ოსმანთ ბრძოლაში ჩემი ხალხის გაუსყიდველობისათვის ვიჭირვი და ვეშურებიო”. ხალხიც დიდი მეფის ამ ღვაწლს ხედავდა და თვით მეფეს ათქმევინებდა:

ამის ავი კაცი ვიყავ, ტყვე არვის ვაყიდვინეო,

 გლეხი ვასუქე, ვადიდე, ჩეროს ქვეშ დავაძინეო”.

ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ მიზანმიმართულად იბრძოდა ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II (1762-1798). სწორედ ერეკლეს მიერ მოსახლეობის მატებისათვის გატარებულ მნიშვნელოვან ღონისძიებათა შორის უნდა დასახელდეს ოსმალობა-ყიზილბაშობის დროს განახლებული ყმათა უმამულოდ გაყიდვისა და ტყვეებით ვაჭრობის აკრძალვა (1772 წ.). მეფემ პირდაპირ მოუწოდა თანამემამულეებს, რომ ადგილზე გაენადგურებინათ ყველა, ვინც მათი ცოლისა და შვილის დატყვევებას განიზრახავდა. მანვე მიღო ქმედითი ზომები ომებში ტყვედ ჩავარდნილთა თუ უცხოეთში ღალატით გაყიდულთა დასაბრუნებლად. თვითონ ათი ათასამდე ტყვე დაიხსნა, რაც 400 000 მანეთი დაუჯდა. ერეკლე მეფე პირადად ხელმძღვანელობდა არაერთ ბრძოლას ლეკების განუწყვეტელი თავდასხმების აღსაკვეთად… ტყვეებით ვაჭრობის აღსაკვეთად მედგრად იღვწოდა იმერეთის მეფე სოლომონ II- (1789-1810), მაგრამ ტყვეებით ვაჭრობა იმდენად მომგებიანი და სარფიანი ყოფილა მოღალატე თავადაზნაურებისათვის, რომ მეფის მუქარამ მათ ამ ჩვევაზე ხელი ვერ ააღებინა.

_ ადამიანებით ვაჭრობა ეს დიდი ცოდვა იყო. თქვენ ბრძანეთ, რომ მორწმუნენი მღვდლებსაც კი ჰყიდდნენო. რა ღონისძიებებს მიმართავდა საქართველოს ეკლესია ამ სამარცხვინო ქმედების აღსაკვეთად?

_ ამ საშინელი ცოდვისა და ბოროტების შემყურე, ცხადია, ეკლესია ვერ იქნებოდა გულხელდაკრეფილი. მითუმეტეს, რომ ეს პროცესი ქრისტიანობის დასუსტებისკენ იყო მიმართული და მართული ოსმალეთისა და სპარსეთისაგან. “წარმოდგენაც კი ძნელია, _ წერს დონ ჯუსტი პრატო, _ რამდენად დიდია სპარსეთისა და კონსტანტინეპოლელი თურქების სიხარბე ყმაწვილი ქრისტიანებისადმი. ამ მხარეში ვერავინ ბედავს, გადაიყვანოს ბიჭები ერთი ადგილიდან მეორეში, მაშინაც კი, როდესაც მას მიჰყვება საკუთარი მამა, მცირე მოწყალების ფასად (სპარსელები და თურქები) ართმევენ მათ ბავშვებს, არა მარტო იმიტომ, რომ იყოლიონ ბავშვები, არამედ იმ მიზნით, რომ აიძულონ ისინი, უარი თქვან ქრისტიანულ სარწმუნოებაზე, რომელიც მეტად სძულთ.”

ოსმალებსა და სპარსელებს საქართველოდან ტყვეთა და ყმათა გაყიდვა, უპირველესად, ქრისტიანობისა და ქართველობის გასანადგურებლად უნდოდათ.

ამიტომაც იყო, რომ წმინდა ეკლესიას ამ უსაშინლესი ცოდვის აღმოსაფხვრელად თავიდანვე განგაში აუტეხავს. XVI საუკუნის შუა წლებში (1543-1549) შედგა საეკლესიო კრება, რომელსაც საგანგებოდ უმსჯელია კაცის სყიდვის თაობაზე და, სჯულის კანონის შესაბამისად, შემდეგი განჩინება გამოუტანია:

“1. ქ. რამან კაცმან გაყიდოს, ანუ დიდმან, ანუ მცირემან, ანუ თავადმან, ანუ აზნაურმან და ან გლეხმან, წმინდათა კრებულითაგან შეჩვენებული იყოს და განხდილი” (ქართული სამართლის ძეგლები, I ,1963 წ. გვ.393).

დასავლეთ საქართველოში დამღუპველი სენის _ ტყვეთა სყიდვის გახშირების გამო 1759 წლის 4-5 დეკემბერს მეფე სოლომონ I-ის ინიციატივით გაიმართა დასავლეთ საქრთველოს საეკლესიო კრება, რომელმაც ტყვის გამყიდველნი შეაჩვენა. ტყვეთა გამოსასყიდად სოლიდური თანხა საქართველოს ეკლესიამაც გაიღო. რა თქმა უნდა, ეკლესიის ძალისხმევით ტყვეთა და ყმებით ვაჭრობა რამდენადმე შემცირდა, თუმცა მძლავრად მოდებული ეს მძიმე სენი სრულად ვერ აღიკვეთა.

_ საბოლოოდ რამ იხსნა საქართველო ამ .. ჭირისგან?

_ ისტორიულ წყაროებზე, სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ამ სამარცხვინო და ქართველი ერის გამანადგურებელ სენს, თავადაზნაურთა თავნებობას, ოსმალთა და ირანელთა პარპაშს საბოლოოდ წერტილი დაუსვა რუსეთის ხელისუფლებამ. ამ მრავალსაუკუნოვანი პრობლემის მოსაგვარებლად რუსეთს საკმაოდ მასშტაბური და პრინციპული ღონისძიებების გატარება დასჭირდა.

რუსეთის საიმპერატორო კარის, კერძოდ, იმპერატორ ალექსანდრე I-ის ძალისხმევით, 1801 წელს თურქეთისაგან გამოხსნილი და დაბრუნებული იქნენ თურქეთში წარტყვევნილი ქართველები. 1804 წლის 16 ივნისს რუსეთის წარმომადგენელმა სამეგრელოში _ ლიტვინოვმა გამოაქვეყნა ბრძანება და მოწოდება ადამიანების გატაცებისა და ტყვეებით ვაჭრობის წინააღმდეგ. ამ ბრძანებით ლიტვინოვი აცხადებდა, რომ ტყვეთა გამყიდველები დაისჯებიან რუსეთის კანონთა მიხედვით, ე.ი. მთელი ოჯახის წევრებთან ერთად სიკვდილით დასჯითო.

1809 წელს გენერალმა ორბელიანმა სამეგრელოს, გურიისა და აფხაზეთის მთავრების დახმარებით ფოთი აიღო. საქართველოს მთავარმართებელი ტორმასოვი პეტერბურგში გრაფ რუმიანცევს სწერდა: “ფოთის აღებით აღიკვეთა ყოველგვარი ბოროტებანი, რომლებიც აქამდე არსებობდნენ ქრისტიანი ტყვეების გაყიდვის სახით, რომელთა წარტყვევნა ხდებოდა იმერეთიდან, გურიიდან და სამეგრელოდან და რომელნიც მიჰყავდათ ირანს, თურქეთსა და ეგვიპტეშიო”. პოლკოვნიკი ბებუთოვი 1819 წელს მოითხოვდა, რომ “სამურზაყანოში სწრაფად იქნას შეყვანილი რუსთა ჯარი, რასაც შეუძლია დაბადოს შიში და შექმნას მყუდროება, რის შედეგადაც დასჯის მოშიშარნი ხელს აიღებდნენ ტყვეებით ვაჭრობაზე და ყაჩაღობა-მტაცებლობაზე”. 1846 წელს გურიაში გამოავლინეს დამნაშავეთა ორგანიზებული ბანდა, რომელიც სხვა დანაშაულებრივ ქმედებებთან ერთად საქართველოდან გოგო-ბიჭებს იტაცებდა და თურქეთში ჰყიდდა. ასეთი დანაშაულებრივი ქმედებისათვის 18 კაცი დაუსჯიათ.

1847 წელს გატარდა ღონისძიებანი სამურზაყანოში ტყვეებით მოვაჭრეთა ლიკვიდაციისათვის. ანალოგიური ღონისძიებანი გაატარეს საქართველოს სხვა კუთხეებშიც. 1850-იანი წლების ბოლოსთვის საქართველოში ლეკიანობას ბოლო მოეღო. ბატონყმობის გადავარდნის (1864 წ.) შემდგომ, განსაკუთრებით რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომში რუსეთის გამარჯვების შემდეგ, 1870-იანი წლების ბოლოსთვის, ფაქტობრივად, დასრულდა საქართველოში ტყვეთა და ყმათა სყიდვა, რაშიც განუზომელი იყო რუსეთის როლი.

_ ბატონო ავთანდილ, სამწუხაროდ, დღესაც ბეწვის ხიდზე გვიწევს გავლა ქართველებს _ აშკარა საფრთხე ექმნება ქართულ ზნეჩვეულებებსა და ტრადიციებს. ზემონათქვამიდან გამომდინარე, თქვენი აზრით, ყველა ის უბედურება, რომლებიც თავს ატყდება ხოლმე ჩვენს ერს, შეიძლება ქართულ ხასიათს დავაბრალოთ?

_ დღევანდელობასთან პარალელს თუ გავავლებთ, იქნება ეს ლგბტ-თა პროპაგანდა, მარიხუანის ლეგალიზება და სხვა მანკიერებანი, ეს ყველაფერი აშკარა საფრთხეს უქმნის ქართველ ერს, ქართულ გენს. ამას ემატება სიდუხჭირის გამო ქართველთა მიგრაცია, რასაც ხელისუფლებამ სერიოზული ყურადღება უნდა მიაქციოს, თორემ დარჩება საქართველო ქართველების გარეშე.

როგორც “ქართლის ცხოვრება” მოგვითხრობს, რომ “იყო ხდომა და შური ურთიერთას, აოხრებდნენ ქვეყანასაო”, დღესაც ასეა: ვაიპოლიტიკოსები ხელისუფლებაში მოსასვლელად ბრძოლის გზაზე ანადგურებენ ყველაფერს _ ერისთვის ღირებულსა და ფასეულს, მოქმედებენ უცხოელთა კარნახით და მათ გულის მოსაგებად სამშობლოს ყიდიან. ასე რომ, პარალელს თუ გავავლებთ, განსხვავების პოვნა გაგვიჭირდება. გამოდის, რომ დღეს ბევრი გვყავს არა სამასი არაგველისა და მისნაირთა შთამომავალი, არამედ შადიმანებისა და მამულის სხვა გამყიდველთა გენის მატარებელი.

ესაუბრა

დარეჯან ანდრიაძე

2 COMMENTS

  1. Etyoba saqartvelos garetac xdeboda qartvel mgvdlebze tavdasxma. Ertxel italieli jvarosnebi tavs dasxmian adonis mtas saberznetsi. Da iq mogvawe qartveli sasuliero mamebi acalgazrdebi vinc iyvnen moutacebiat da gauyidiat.italiel jvsrosnebs. Xolo moxuci berebi da mgvdlebi dauxocavt. Bin icis isinic tu ezebdnen ragac saidumlo nawers dawerils sxvadasxva brzentagan romlis erti naxevari dakargulia. Zogi imasac wers rom es naweri tvit gmertisganaa dawerili. Da ver ipoves.gmertisgan tu aris dawerili masin tvit gmerti waigebda mis nawers. Xolo tu e.w. brzeni adamianis xelitaa dawerili magas aravitari zala arveqneba. Radgan adamianis sibrznes ar aqvs aravitari mnisvneloba da brzeni mcolod gmertia. Ase rom hemis azrit tyuila ezeben mag xelnawers. Adakianisgan rom uofiliyo aqamde gamohndeboda.rom ar shans nisnavs rom gmertma waigo radgan gmertma unda ibayonos dedamiwaze. Dideba gmerts da chven adamianebs msvidoba da kargad yofna

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here