Home რუბრიკები ისტორია “ტურუხანსკის გადასახლებიდან დაიწყოს”

“ტურუხანსკის გადასახლებიდან დაიწყოს”

3360
სტალინი

დღეს გთავაზობთ სტალინის ბიოგრაფების მიერ შეგროვებულ იუმორის ნიმუშებს საერთო სათაურით, რომელიც იოსებ სტალინისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ურთიერთობის ერთ სიუჟეტსაა მორგებული.

* * *

კინოსურათებში სტალინის როლის უნიკალურმა შემსრულებელმა მსახიობმა მიხეილ გელოვანმა რეჟისორ მიხეილ ჭიაურელს სთხოვა, ჩაესახლებინათ სტალინის აგარაკზე. ჭიაურელმა ეს თხოვნა სტალინს გადასცა.

_ რატომ ითხოვს ამხანაგი გელოვანი ამას? _ უკითხავს სტალინს.

_ თქვენი როლი უკეთ რომ მოირგოს, _ უთქვამს ჭიაურელს.

_ მაშინ ტურუხანსკის გადასახლებიდან დაიწყოსო, _ რჩევა მიუცია ბელადს.

* * *

სამამულო ომის წინ საბჭოთა კავშირში გამოცემული ბრძანებულებით დაწესდა სასჯელი სამსახურში 20 წუთზე მეტი დროით დაგვიანებაზე.

ბრძანებულების გამოცემის მეორე დღესვე სახელგანთქმულმა რუსმა მსახიობმა ვასილი კაჩალოვმა სამსახურში მისვლა ერთი საათით დააგვიანა. ატყდა პანიკა და თეატრის დირექტორმა სტალინისგან მოითხოვა მითითება, როგორ მოქცეულიყო ამ შემთხვევაში. პასუხს არ დაუგვიანებია: “იმის გამო, რომ სსრ კავშირის სახალხო არტისტს, ამხანაგ კაჩალოვს არ გააცნო სსრკ უმაღლესი საბჭოს ბრძანებულება, გამოეცხადოს სასტიკი საყვედური თეატრის დირექტორს”.

* * *

ქვანახშირის მრეწველობის მინისტრის თანამდებობის დასაკავებლად წამოაყენეს ერთ-ერთი მაღაროს დირექტორის, დამსახურებული სპეციალისტის _ ზასიადკოს კანდიდატურა. ამ წინადადებას სამინისტროს დიდმოხელენი უარყოფითად შეხვდნენ, დაყარეს ხმა, რომ ზასიადკო ალკოჰოლის მოყვარულია და დალევას არ იკლებს, მაშასადამე, ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნას არ იმსახურებსო.

სტალინმა ზასიადკო გასაუბრებაზე მიიწვია.

_ დავლიოთ? _ ჰკითხა კაბინეტში შესულ ზასიადკოს ბელადმა.

_ სიამოვნებით, ამხანაგო სტალინ, _ უპასუხა ზასიადკომ, მასპინძელს მიწოდებული არყის ბოთლი ჩამოართვა, ჩაის ჭიქაში ჩამოისხა, _ თქვენ გაგიმარჯოთო, _ დაილოცა და გადაჰკრა.

მეორედაც შესთავაზა დალევა ბელადმა სტუმარს. ისევ დაისხა ჩაის ჭიქა არაყი სტუმარმა და ბოლომდე გამოცალა.

მესამედაც შესთავაზა გენერალურმა მდივანმა დალევა სტუმარს. მეშახტემ ხელი დააფარა ჭიქას და განაცხადა:

_ გმადლობთ, მაგრამ ზასიადკომ ზომა იცის.

გადის რამდენიმე დღე და პოლიტბიურო განიხილავს ქვანახშირის მრეწველობის მინისტრის ვაკანტური თანამდებობის ახალი კადრით შევსების საკითხს. კვლავ გაჟღერდება, რომ მთავარი კანდიდატი ზასიადკო კარგი სპეციალისტი კი არის, მაგრამ დალევა უყვარს. იოსებ ბესარიონის ძე იტყვის:

_ ზასიადკომ ზომა იცის!

მას შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში ზასიადკო წარმატებით უხელმძღვანელებს ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს დარგს.

* * *

გერმანიაზე გამარჯვების შემდეგ სტალინი და ჩერჩილი განიხილავდნენ დამარცხებული ქვვეყნის ფლოტის საკითხს. სტალინი სთავაზობდა, გაენაწილებინათ გამარჯვებულ სახელმწიფოთა შორის, ჩერჩილი ჯიუტად მოითხოვდა ყველა გემის ჩაძირვას.

_ გავინაწილოთ და თქვენ თქვენი წილი ჩაძირეთ, _ მოუჭრა სტალინმა.

* * *

ბელადის მახვილსიტყვაობას მისი დაუძინებელი მტრებიც აღიარებდნენ.

ამბობენ, რომ, როცა სტალინი მოსკოვის სამხატვრო თეატრს ეწვია და პირველად შეხვდა დიდ რეჟისორ სტანისლავსკის, ეს უკანასკნელი ისე დაიბნა, რომ ხელის ჩამორთმევისას თავისი ნამდვილი გვარით წარუდგა ბელადს:

_ ალექსეევი.

_ ჯუღაშვილი, _ ღიმილით უპასუხა სტალინმა.

* * *

გლინკას ოპერა “ივან სუსანინის” პრემიერის წინ კომისიამ, რომელსაც ბოლშაკოვი ედგა სათავეში, გამოწვლილვით განიხილა სპექტაკლი და დაასკვნა, რომ ყველაფერი რიგზე იყო, ერთი “უხერხული” დეტალის გარდა. საქმე ეხებოდა ფინალს, აპოთეოზს, გუნდის მიერ შესრულებულ სადიდებელს _ “დიდება ჩვენს მეფეს, დიდება ჩვენს ხელმწიფეს!”. კომისიამ მოხსნა ეს ფინალი, შეკვეცა ოპერა. სტალინს ამის შესახებ რომ მოახსენეს, თქვა:

_ სწორია. მოსახსნელია… მაგრამ არა ფინალი, არამედ ბოლშაკოვი. ფინალს კი ხელს ნუ ვახლებთ.

* * *

სტალინს უყვარდა კინემატოგრაფი. ყველა ფილმს, რომლებსაც საბჭოთა კინემატოგრაფისტები გადაიღებდნენ, აუცილებლად აჩვენებდნენ სტალინს.

1939 წელს სტალინს აჩვენეს ერთი უნიჭო კინოსურათი _ “მატარებელი აღმოსავლეთით მიდის”, მოსაწყენი და დამღლელი. სიუჟეტით მატარებელი ერთ სადგურში ჩერდება.

_ რომელი სადგურია? _ იკითხა სტალინმა.

_ ნიკიტოვკა, _ უპასუხა დამდგმელმა რეჟისორმა.

_ ბარემ მეც აქ ჩამოვალ, _ თქვა ბელადმა, წამოდგა სავარძლიდან და დარბაზიდან გავიდა.

* * *

სტალინმა რუზველტს საჩუქრად გაუგზავნა კინოფილმი “ვოლგა-ვოლგა”.

გადაუთარგმნეს და აჩვენეს ამერიკის პრეზიდენტს.

რუზველტი ჩაფიქრდა: სტალინი ფილმს ასე უბრალოდ, მხოლოდ როგორც საჩუქარს არ გაუგზავნიდა. რაღაც მნიშვნელოვანზე მიგვითითებს უთუოდო, უთქვამს და უკითხავს _ სრულად იყო თუ არა გადათარგმნილი ტექსტი. თანაშემწეები იფიცებოდნენ, რომ არაფერი გამორჩენიათ. ბოლოს აღმოაჩინეს, რომ არ გადაუთარგმნიათ სიმღერის ტექსტი:

Америка России

Подарила параход,

Две трубы, два колеса

И очен, оченъ тихий ход.

წაიკითხა ინგლისურად თარგმნილი ეს სტროფი რუზველტმა და აუტყდა სიცილი:

_ მეორე ფრონტის გახსნის გაჭიანურებაზე მიგვანიშნებსო.

მართლაც ასე იყო: ომი უკვე გერმანიის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა და მოკავშირეები, სტალინის არაერთი მიმართვის მიუხედავად, არ იწყებდნენ საომარ ოპერაციებს ევროპაში. აგვიანებდნენ მეორე ფრონტის გახსნას.

* * *

ომისშემდგომ გამოშვებული პირველი საბჭოთა ავტომობილის სახელად კომისიამ შეარჩია “Родина” _ “სამშობლო”.

ეს რომ გაიგო, სტალინმა იკითხა:

_ რა ეღირება ჩვენი სამშობლო?

ავტომანქანას მყისვე გადაარქვეს სახელი და ქვეყანას მოევლინა ლეგენდარული “პობედა” _ “გამარჯვება”.

* * *

ომის პერიოდია. ერთი გენერალ-პოლკოვნიკი სტალინს მოახსენებს ერთ-ერთ ფრონტზე შექმნილ ვითარებას. როცა დაამთავრა, სტალინმა ჰკითხა:

_ კიდევ რამის თქმა ხომ არ გსურთ?

გენერალ-პოლკოვნიკი უხერხულად შეიშმუშნა და უმაღლეს მთავარსარდალს უთხრა:

_ დიახ, ამხანაგო სტალინ. მე იქ, გერმანიაში, რამდენიმე ნივთი შევარჩიე ჩემთვის, მაგრამ საკონტროლო პუნქტზე ჩამომართვეს. უბრძანეთ, დამიბრუნონ.

_ დაწერეთ პატაკი, _ უთხრა ბელადმა, _ რეზოლუციას დავადებ.

როცა ფორმალობა მოგვარდა, პატაკიც დაიწერა და სტალინმაც რეზოლუცია დაადო, მთხოვნელმა უამრავი მადლობა გადაუხადა სტალინს, მაგრამ, როცა რეზოლუცია წაიკითხა, ცოტა არ იყოს შეწუხდა: “დაუბრუნეთ პოლკოვნიკს მისი ხარახურა”, _ დაეწერა სტალინს.

_ ამხანაგო სტალინ, თქვენ შეცდომით ჩაგიწერიათ პოლკოვნიკი, მე გენერალ-პოლკოვნიკი ვარ.

_ მანდ ყველაფერი სწორად წერია, _ მკვახედ მოუჭრა სტალინმა.

* * *

პოლიკარპოვი, რომელიც მწერლებს კურატორობდა, ჩიოდა, რომ მას დაქვემდებარებული ადამიანები ლოთობენ და, საერთოდ, ამორალურ ცხოვრებას ეწევიან.

სტალინს ეს რომ მოახსენეს, მან თქვა:

_ სხვა მწერლები ამხანაგ პოლიკარპოვისთვის ამ მყავს. ჩვენი მწერლებისთვის კი სხვა პოლიკარპოვს ვიპოვით.

* * *

ამბობენ, რომ ირაკლი ანდრონიკოვი, რომელიც შესანიშნავად აკეთებდა პაროდიებს პარტიულ ხელმძღვანელებზე, სტალინთან შეხვედრისას უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როცა ბელადმა თავისი პაროდირება სთხოვა.

_ თქვენი? ვერ გავბედავ, _ სტალინისთვის დამახასიათებელი ქართული აქცენტით უპასუხა ირაკლი ანდრონიკოვმა და ისეთი ჟესტი გააკეთა, თითქოს ბელადის განუყრელი ჩიბუხი ეჭირა ხელში.

სტალინმა ბევრი იცინა.

* * *

1936 წელს დასავლეთის ქვეყნებში გაავრცელეს ჭორი, თითქოს სტალინი უკურნებელი სენით დაავადდა და გარდაიცვალა. ცნობილი ჟურნალისტი ჩარლზ ნიტერი პირადად მივიდა კრემლში ამ ინფორმაციის შესამოწმებლად და მოითხოვა ზეპირი ან წერილობითი პასუხი.

სტალინმა მისწერა:

“მოწყალეო ხელმწიფევ!

უცხოურ პრესაში გავრცელებული ცნობით შევიტყვე, რომ მე კარგა ხანია, დავტოვე ეს ცოდვილი სამყარო და იმქვეყნად გადავსახლდი. რადგან უცხოური პრესის ცნობებს არ შეიძლება, არ ვენდოთ, თუ არ გვსურს, ამოგვრიცხონ ცივილიზებული ადამიანების სიიდან, გთხოვთ, ირწმუნოთ ეს ცნობა და არ დამირღვიოთ სიმყუდროვე იმქვეყნიური სამყაროს სიჩუმეში.

1936 წლის 26 ოქტომბერი.

პატივისცემით ი. სტალინი”

* * *

მწერალ ზლობინის რომანი “სტეფანე რაზინი” სტალინური პრემიის მოსაპოვებლად არ წარადგინეს. სტალინი მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ფადეევს შეეკითხა, რატომ დაიწუნეს ეს წიგნი?

ფადეევმა უპასუხა:

_ ამხანაგო სტალინ, ზლობინი არასოდეს ესწრება ჩვენს ღონისძიებებს და, საერთოდ, არავითარ საზოგადოებრივ საქმიანობას არ ეწევა.

_ იქნებ, ამ დროს წერს? _ დაინტერესდა სტალინი.

* * *

როცა მწერალი მანდელშტამი დააპატიმრეს და გადაასახლეს, პასტერნაკის ბინაში ტელეფონის ზარის ხმა გაისმა:

_ თქვენ დაგელაპარაკებათ ამხანაგი სტალინი.

_ ამხანაგი პასტერნაკი ხართ? _ დამახასიათებელი აქცენტით იკითხა სტალინმა.

_ დიახ, ამხანაგო სტალინ, _ გააცივა ბორის პასტერნაკს.

_ რა აზრის ხართ მანდელშტამზე, როგორ მოვექცეთ მას?

_ თქვენ უკეთ იცით, _ წაილუღლუღა პასტერნაკმა.

_ თავის დროზე ჩვენ უკეთ ვიცოდით მეგობრების დაცვა, _ თქვა სტალინმა და ყურმილი დაკიდა.

* * *

როცა ცეკას მდივნის _ ანდრეი ჟდანოვის საყვარელი კომპოზიტორი გოლუბევი სტალინურ პრემიაზე წარადგინეს, ეჭვი არავის შეპარვია, რომ იგი აუცილებლად გახდებოდა ლაურეატი. მართლაც, კომისიის ყველა წევრმა მისცა მას ხმა პირველი ხარისხის სტალინური პრემიის მოსაპოვებლად.

როცა სტალინს ეს ქაღალდები ხელმოსაწერად მიუტანეს, მისი ყურადღება ასეთმა უცნაურობამ მიიპყრო: გოლობევი _ ყველა მომხრე, წინააღმდეგი _ ერთი.

_ ვინ არის ეს ერთი? _ დაინტერესდა ბელადი.

_ კომპოზიტორი შოსტაკოვიჩი.

_ იგი ჩვენზე უკეთ ერკვევა მუსიკაში, _ თქვა სტალინმა, რომელიც შესანიშნავად იცნობდა შოსტაკოვიჩს, და ამოშალა გოლუბევი კანდიდატების სიიდან.

* * *

მოსკოვში სტალინს ესტუმრა თბილისის სასულიერო სემინარიელი მეგობარი მღვდელი. კრემლში მისვლამდე იკითხა, _ მღვდლის ანაფორით უნდა წვეოდა ბელადს, თუ სამოქალაქო ტანსაცმელში. უთხრეს, რომ უკეთესი იქნებოდა, სამოქალაქოს თუ ჩაიცვამდა.

სტალინმა თავისი ძველი მეგობარი თბილად მიიღო, გადაეხვია, შემდეგ ტანსაცმელზე მოქაჩა:

_ ღმერთის არ გეშინია და ჩემი შეგეშინდა?!

* * *

ეს ამბავი ანეკდოტს ჰგავს. სტალინი მეტეოროლოგებს რომ შეხვდა, ჰკითხა, თუ რამდენი პროცენტით მართლდებოდა მათი ვარაუდი.

_ 40 პროცენტით, _ ცოტათი შეწუხებულებმა უპასუხეს “ამინდის მარჩიელებმა”.

_ პროგნოზი პირიქით გამოაცხადეთ და მაშინ სიზუსტე 60 პროცენტამდე გაიზრდება, _ “ურჩია” სტალინმა.

მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here