1 ივლისიდან საქართველოში შემოვა ყველა, ვისაც სურვილი ექნება, და მაქსიმუმი, რასაც ქართული მხარე მოახერხებს, აეროპორტებში სიცხის დისტანციური გაზომვაა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ქალბატონმა ნათია თურნავამ განაცხადა, _ მზად ვართ, 1 ივლისიდან ტურისტებს ვუმასპინძლოთო. უფრო კონკრეტულად კი, მინისტრმა აღნიშნა, რომ სახმელეთო და საჰაერო საზღვრების გახსნა ამ მომენტს დაემთხვევა და ეს ყველაფერი მოხდება უსაფრთხო დერეფნების პრინციპის შესაბამისადო. თურნავას არც ის გამორჩენია, რომ საქართველო მზად არის, რუს ტურისტებსაც უმასპინძლოს.
დავიწყოთ იმით, რომ დღემდე საქართველოში ჩამოსული ჩვენი მოქალაქეები სავალდებულო 14-დღიან საკარანტინო პერიოდს დღესაც გადიან. ადვილი მისახვედრია, რომ 1 ივლისიდან ეს წესი გაუქმდება, რადგან გამორიცხულია, ჩამოსული ტურისტი ჯერ 14 დღე გამოამწყვდიო, მერე უთხრა, დაისვენეო და შემდეგ უკან გაამგზავრო. ე.ი., 1 ივლისიდან საქართველოში შემოვა ყველა, ვისაც სურვილი ექნება და მაქსიმუმი, რასაც ქართული მხარე მოახერხებს, აეროპორტებში სიცხის დისტანციური გაზომვაა. საუბარია იმაზეც, რომ საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს უნდა ჰქონდეთ საბუთი, რომ არ აქვთ ვირუსი და საინტერესოა, ამ საბუთს რომ აიღებენ, პირდაპირ აეროპორტში უნდა წავიდნენ თუ ჯერ სახლში, უბანში, მაღაზიაში გაივლიან, 2-3 დღე ექნებათ მოსამზადებლად და მერე გამოფრინდებიან? ხომ არსებობს ალბათობა, რომ ამ პერიოდში დასნებოვნდნენ და ისიც კარგად ვიცით, შესაძლოა, სიცხე პირველი ხუთი დღის განმავლობაში არ აეწიოთ და სიმპტომებმა მხოლოდ შემდეგ იჩინოს თავი, ალბათობა, რომ საქართველოში ინფიცირებული ტურისტები შემოვლენ, არსებობს.
როცა რუსეთში კორონავირუსი ასე მწვავედ არ იყო გავრცელებული, საქართველოს წარმომადგენლები აცხადებდნენ, _ რუსეთი მონაცემებს მალავსო. შემდეგ, როცა ჩვენს მეზობლად ვირუსის შემთხვევები გახშირდა და ათასებს გადააჭარბა, სოციალურ ქსელებში არაერთი ღლიცინებდა (ჰო, ღლიცინებდა), _ ვირუსი რუსეთს დაამარცხებსო. მთავრობის წევრებიც გამოურევდნენ ხოლმე: ჩვენს მეზობლად ცუდი სიტუაციაა და ოფიციოზი მალავსო. რა გამოვიდა? როცა გვინდა, რუსეთში ვირუსი მძვინვარებს და როცა ტურისტი გვჭირდება, რუსეთში ეპიდემია დასრულებულია და საზღვრებს ვხსნით?
ეს ყველაფერი შარშანდელის გამოძახილია. ხომ გახსოვთ, მეზობელ ქვეყანაში ფრენა რომ შეწყდა და იქაურმა ტურისტებმაც დასასვენებლად სხვა ქვეყნები არჩიეს, რა მოხდა? გამოვიდნენ ჭკვიანი სახეებით ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის წევრები და არა უშავს, სხვა ტურისტი იმდენი ჩამოვა, რუსი ტურისტის არყოფნა არ დაგვეტყობაო. ორ კვირაში გაირკვა, რომ დაგვეტყობოდა; კიდევ ორ კვირაში ზარალი დათვალეს და _ 300 მილიონი დოლარიო, კიდევ ორ კვირაში (გეცნოთ ხომ, ორ–ორი კვირის ანგარიში ექიმებს საიდან აქვთ?!) ზარალი ნახევარი მილიარდი იქნებაო. ყველაფერმა რომ ჩაიარა, მხოლოდ მაშინ აღიარეს, რუსი ტურისტების ჩამოუსვლელობამ საქართველოს ბიუჯეტი მილიარდი დოლარით დააზარალა მოკლევადიან პერსპექტივაში და გრძელვადიანში უფრო მეტი იქნებაო. ეს გრძელვადიანი პერსპექტივა კი ახლა დადგა, მეორე ზაფხული მოდის და მეორე ზაფხული რუსი ტურისტების გარეშე ტურისტული სეზონის ჩავარდნას კი არა, განადგურებას ნიშნავს. ეს ყველაზე კარგად სწორედ ქალბატონმა ნათია თურნავამ იცის, მან იცის ყველაზე კარგად გასული წლის ციფრები და ვითარების განმეორება არ სურს. ამიტომ აღარ კეთდება აქცენტი რუსეთში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებზე, თორემ, მაგალითად, 10 მაისს იქ ახალი შემთხვევების რაოდენობა 11 012 იყო, გარდაცვლილთა კი _ 1915. დაავადებულთა რაოდენობის მიხედვით, რუსეთი მსოფლიოს ქვეყნების ხუთეულში შედიოდა, იმავე 10 მაისის მონაცემებით და ახლა, როცა ამ სტატიას კითხულობთ, შეიძლება სამეულშიც იყოს. ეს ძალიან, ძალიან ცუდია არა მხოლოდ ადამიანური თვალსაზრისით, არამედ იმით, რომ ვირუსი ჩვენგან ხელის ერთ გაწვდენაზე მძვინვარებს.
ახლა თუ ვინმე იტყვის, რომ 1 ივლისამდე ორასი ათასზე მეტი ინფიცირებულიდან ყველა გამოჯანმრთელდება და საქართველოში მხოლოდ ჯანმრთელი ტურისტები ჩამოვლენო, გიჟად ჩავთვლი. გამოდის, რომ ხელისუფლება მზად არის, უმასპინძლოს ინფიცირებულ ტურისტებს მხოლოდ იმისთვის, რომ ეკონომიკა გადარჩეს. სახლებში რომ გამოკეტეს მთელი ქვეყანა და ჩამოიშალა ეკონომიკა, ეგ როგორ არის?! თუ უცხოური ვირუსი მარგებელია და მარტო ქართულია მავნე? იქნებ იმისთვის კეთდება ეს ყველაფერი, მერე რომ გამოვიდნენ და თქვან: რუსეთიდან ბევრი ტურისტი შემოვიდა, ვერ გავაკონტროლეთ და ვირუსის გამავრცელებლები რუსი ტურისტები არიანო?!
საუბარი არ არის მხოლოდ რუს ტურისტებზე. იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი… ამ ქვეყნებშიც ათიათასებს აღწევს დაავადებულთა რაოდენობა და, რაღა თქმა უნდა, არც იმის გარანტია გვაქვს, რომ ამ ქვეყნებიდან არ შემოვლენ ინფიცირებულები. ისე, თუ გახსოვთ, ექიმებმა ისიც თქვეს, ივლისში, შესაძლოა, მორიგი აფეთქება მოხდესო და ეჭვი გვაქვს, სწორედ ამას გულისხმობდნენ. ფაქტია, რომ თითქოს გადაგორებული საფრთხის ფონზე ხელისუფლება იძულებულია, საზღვრები გახსნას და ტურისტული სეზონი გახსნილად გამოაცხადოს. ისიც ხომ კარგად მოგეხსენებათ, რომ ტურისტები, ძირითადად, ზღვაზე და საქართველოს მთაში მოგზაურობენ. “ქობულეთის კლასტერი” ერთ-ერთი დიდი იყო და აი მთა მეტ-ნაკლებად სუფთად შევინარჩუნეთ. ჰოდა, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ვირუსი მთაშიც ავიდეს და, დარწმუნებული ბრძადებოდეთ, მოსახლეობა დამშვიდებული შეხვდება ტურისტებს _ ეგონებათ, რომ სახელმწიფო სიტუაციას აკონტროლებს. რეალურად კი, უკონტროლო პროცესები სწორედ საზღვრების გახსნის შემდეგ დაიწყება.
მედალს მეორე მხარეც აქვს. მოგეხსენებათ, საგანგებო მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება გამორიცხულია. თუ ივლისში საზღვრები გაიხსნება, ტურისტები შემოვლენ და, ღმერთმა არ ქნას, ვირუსმა თუ გავრცელება დაიწყო, პიკი შემოდგომაზე გვექნება. კონსტიტუციის მიხედვით (იმ კონსტიტუციის, ამერიკის ელჩის მითითებით რომ უნდა გადავაკეთოთ), არჩევნები ოქტომბერში უწევს. ჰოდა, თუ ვირუსი კვლავ გავრცელდება, ხელისუფლება იძულებული იქნება, ისევ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს, ისევ სახლებში გამოგვკეტოს და არჩევნებს ჩაილურის წყალი დაალევინოს. არ არის გამორიცხული, სწორედ ეს იყოს მთავარი ჩანაფიქრი _ აქცენტის რუს ტურისტებზე გაკეთება, რათა შემდეგ ხელი ადვილად გაიშვირონ: აგერ, რუსებმა შემოიტანეს ვირუსიო.
დღეს საქართველო ვირუსთან ბრძოლის მხრივ მოწინავე ქვეყნებს შორის არის დასახელებული და, შესაბამისად, ჩვენთან მოგზაურობის პერსპექტივა ბევრი უცხოელისთვის იქნება მიმზიდველი, ამიტომ, 1 ივლისიდან თუ ღია კარის დღეს გამოვაცხადებთ, ტურისტების რაოდენობა სხვა ქვეყნებთან შედარებით, ალბათ, ჭარბი იქნება. იტალიისა და ესპანეთის მდგომარეობის გათვალისწინებით, საეჭვოა, ვინმემ ლა სკალასა და პრადოს დათვალიერება გადაწყვიტოს, საქართველო კი აქვეა, ხელის ერთ გაწვდენაზე, თანაც _ დღევანდელი მონაცემებით ძალიან უსაფრთხო.
კარგად გვესმის, რომ ტურისტული სეზონის ჩავარდნა ქართულ ეკონომიკას დაარტყამს. ისიც გვესმის, რომ გაჩერებული ქვეყნის ფონზე მდგომარეობა დღესაც მძიმეა, მაგრამ იქნებ მოსახლეობისთვის გვეკითხა, რა ურჩევნია _ ტურისტული სეზონით ეკონომიკის გადარჩენა თუ კიდევ ცოტა გავიჭირვოთ, ხელისუფლებამ კი უფრო შემოიჭიროს ქამარი და გადავრჩეთ?
ისე, არავინ საუბრობს იმ ხარჯებზე, რომლებიც, წესით, ხელისუფლებას უნდა გაეწია და აღარ უწევს. წარმომადგენლობით ხარჯებს ვგულისხმობთ, უცხოელთა დელეგაციების რესტორნებში გამასპინძლებას. ეს ფული ხომ არ დახარჯულა? არც ის ფული დახარჯულა, ბოლო სამ თვეში სხვადასხვა დელეგაციისთვის სამივლინებოდ რომ იყო გამოყოფილი. საპარლამენტო თუ სამთავრობო დელეგაციები ევროპა–ამერიკაში არაერთხელ უნდა წასულიყვნენ და სად არის, ბატონებო, ეს თანხები, რატომ არ ამბობთ? ეს თანხები მიმართეთ ეკონომიკაში, ეს თანხები მიეცით სასტუმროებს და სოციალურად შეჭირვებულები, როგორც გიყვართ ხოლმე თქმა, მოწყვლადი ოჯახები, დაასვენეთ ქართულ კურორტებზე, ის მაინც გვეცოდინება, ვირუსის გადამტანები რომ არ არიან და ამით ორმაგ სარგებელს ვნახავთ _ ტურიზმის სფერო თანხას მიიღებს და გაჭირვებული ოჯახები ორი კვირა თუ ერთი თვე საკვებსაც მიიღებენ და დაისვენებენ კიდეც…
ძალიან ცუდი სუნი უდის ამ ყველაფერს და არავინ იცის, რა მოხდება 1 ივლისის შემდეგ. ნებისმიერი ტურისტი, რომელიც დააცემინებს, თითით საჩვენებელი გახდება, მას მოერიდებიან; შეიძლება, სასტუმროდანაც გამოაძევოს მეპატრონემ და ატყდება მერე ამბავი. არადა, ვიღაც რომ აუცილებლად დააცემინებს, ჩვენზე კარგად ხომ თქვენ იცით, ბატონებო?!
ბესო ბარბაქაძე