Home ახალი ამბები საქართველო ტურა ტოროლას გალობას ასწავლიდა

ტურა ტოროლას გალობას ასწავლიდა

“იქ, სადაც უწინ კიოდა ტურა, ჩვენ გავაშენეთ ჩაის კულტურა”.

5862
ტურა ტოროლას გალობას ასწავლიდა

გასული საუკუნის 30-იანი წლების საკოლმეურნეო ფოლკლორის ეს ნიმუში მონატრებამ კი არ გამახსენა, არამედ 31 ოქტომბერს პარლამენტის დეპუტატობის იმედგაცრუებული კანდიდატის მიერ მოწყობილმა სანახაობამ _ პერფორმანსმა წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიის წინ.

იდგა ხალხის აუხდენელი იმედის ეს განსახიერება რამდენიმე პოლიციელის კორდონის წინ ისე უადგილოდ, როგორც გასული შაბათის ქარიან ნაშუადღევს გაცრეცილი ღრუბლისფერი ნახევარმთვარის შემორჩენა შემოდგომის მოკრიალებულ ცაზე, იდგა და “ეჭირა რეჩი”, რომლისაც, მგონი, თვითონაც არა ესმოდა რა.

ნაკარნახევი იყო და იმიტომ.

შიგადაშიგ შეწყვეტდა მჭევრმეტყველების ნაკადს და შთაბეჭდილების გასაძლიერებლად ამოიძახებდა:

_ ქურდებო!

ნამეტნავად სურდა, დამსგავსებოდა სახრჩობელისთვის განწირულ აზდაკს, რომელიც “ძაღლებოო” კბენდა ჯალათებს, დასასჯელად რომ მიათრევდნენ, იმათ.

კულისებში ეცინებოდა აზდაკს ამ ქალის თავგამოდებისა გამო. უფრო კი იმიტომ, რომ ვერაფერი ესწავლათ ნატურალებს თავიანთი კოლეგა ჟურნალისტის, ეკრანის ექსკლუზიური დიასახლისის პროფესიიდან პოლიტიკაში წასვლის და უსახელოდ უკან დაბრუნების საყოველთაოდ ცნობილი მაგალითიდან.

ეგებ იმიტომაც ეცინებოდა, რომ ტურის ჩხავილს უფრო ჰგავდა გაბითურებული ყოფილი კანდიდატის უემოციო ისტერიკა, რომელსაც თბილისისა და კიდევ ორიოდ რაიონის საარჩევნო უბნის ეზოებიდან თუ გამოეხმაურა პანჩურამოკრულთა კლასტერის რამდენიმე წარმომადგენელი.

ისიც საკითხავია.

წყალტუბოში ჩაის პლანტაციების აღსადგენად არავის მოუკლავს თავი. კურორტის აღდგენითი სამუშაოების დაწყება ამათგანს არავის შეუმჩნევია.

პრინციპულად.

პრინცესა ტურანდოტი “ტუდა-ობრატნო” ბილეთს არ ყიდულობს. მიემგზავრება მხოლოდ ერთი მიმართულებით _ “ტუდა” (იქით), მხოლოდ იქით, სადაც პატარა ჭიქაში დიდი ქარიშხალი უნდათ, რომ მოაწყონ, სახელად პოლიტიკა.

აბა, სხვაგან სად ასწავლის ტურა ტოროლას გალობას?!

იმ ქარიშხალმაც ჩაიარა. მოწყენილად, უგულოდ, უშედეგოდ, უქმი სვლით, ორგანიზატორების მიერ სახმო იოგების დაგლეჯამდე ყვირილის მიუხედავად.

რუსთაველის პროსპექტს არ გასცილებია.

არ აჰყვა ხალხი, არ აზვირთდა რევოლუციური ტალღა სააკაშვილის ხელისუფლების დასაბრუნებლად.

ერთი თვითმარქვია ლიდერი მაინც თავისას არ იშლიდა და “ტროლების” გულის გასახეთქად საპროტესტო ტრიბუნაზე შემდგარი იმეორებდა იოსებ გრიშაშვილის ერთი ლამაზი საგაზაფხულო ლექსის სტრიქონის წინა აქციიდან გამოყოლილ დამახინჯებულ ვარიანტს: “აუ, რამდენი ვყოფილვართ!”

თბილისის აშუღი სოსო გრიშაშვილი წერდა:

თორემ ვბერდები

და გულმაც

ლოდინის შხამი დალია,

ჰაუუ, რა კარგი დღე არის!

ეჰეე, რამდენი ქალია!”

გააბინძურეს, გააჭუჭყიანეს პოლიტიკური შხამ-სამსალით.

ტრაგედიაა, როცა ივიწყებ იმ ფესვებს, რომლებზეც ამოზრდილხარ.

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here