ტრამპი ტრამპის წინააღმდეგ

    ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტი 1980 წლიდან დღემდე გრძელდება. დაპირისპირებაში ჩაბმულია არა მხოლოდ ამ ქვეყნების, არამედ ერაყის, სირიის, ლიბანის, პალესტინის, იემენისა და სხვა სახელმწიფოთა სპეცსამსახურები, მათ შორის, რა თქმა უნდა, აშშ-ის. ირანში ისლამურ რევოლუციამდე (1979 წ.) ირანი და ისრაელი მოკავშირეებად ითვლებოდნენ. მათ შორის არსებობდა მჭიდრო ეკონომიკური კავშირები და საერთო წინააღმდეგობა რეგიონის არაბულ სახელმწიფოებთან.

    ირანში ისლამური რევოლუციის განხორციელებისა და სახელმწიფოს სათავეში აიათოლა ხომეინის მოსვლის შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ირანში გაბატონდა იდეოლოგია, რომელიც სიონიზმთან დაპირისპირებასა და ისლამური რევოლუციის ექსპორტის ბაზაზე აღმოცენდა. 1980 წლიდან მოყოლებული ირანი აყალიბებს მოკავშირე დაჯგუფებათა პროქსისისტემებს  – „ჰეზბოლა“ (ლიბანი), ჰუსიტები (იემენი), შიიტური დაჯგუფებები (ერაყი), „ჰამასი“ (პალესტინა). ისრაელი ურტყამს ირანის მოკავშირეებს სირიაში; ატარებს იატაკქვეშა ოპერაციებს ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ; მხარს უჭერს ირანის მოწინააღმდეგე ძალებს, როგორც რეგიონში, ასევე მთელ მსოფლიოში. ყველაზე მსხვილი შეტაკებები იყო ლიბანის ომი 1982 წელს და დღეს მიმდინარე ომი ღაზის სექტორში, რომელიც 2023 წელს დაიწყო. ტერორისტულ დაჯგუფებათა მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის (2023 წ. ოქტომბერი) შემდეგ  ირანმა ღიად დაუჭირა მხარი „ჰამასს“. არ არის დადასტურებული, რომ ირანმა მოამზადა შეტევა, მაგრამ ცნობილია, რომ წლების განმავლობაში  ირანი იყო „ჰამასის“ სპონსორი და აიარაღებდა მას. ძალები, რომლებსაც ირანი აკონტროლებს, ახორციელებდნენ ისრაელზე შეტევებს ლიბანიდან, სირიიდან, ერაყიდან და იემენიდან. პასუხად ისრაელს, აშშ-სთან ერთად, იერიში მიჰქონდა პროირანულ ძალებსა და ირანის სამხედრო პირებზე ახლო აღმოსავლეთში.

     როგორც ამბობენ ხოლმე, ღმერთმა იცის, რა არის მართალი და რა ტყუილი მხარეების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებში, მაგრამ, მტრობა და შუღლი ორივე მხრიდან რომ ღვივდება, ფაქტია.  აქ არის ერთი ნიუანსი, რომელიც, ალბათ, ყველაფრის სათავეს წარმოადგენს. ეს არის აშშ-ის ინტერესი ახლო აღმოსავლეთსა და მთელ მსოფლიოში. ისრაელი აშშ-ის მთავარი დასაყრდენია რეგიონში, ხოლო ირანი – მისი ყველაზე დიდი სამიზნე   ახლო აღმოსავლეთში. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ წინააღმდეგობას ორ ქვეყანას შორის სწორედ აშშ აღვივებს.

    პრეზიდენტი ტრამპი აცხადებდა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს რუსეთი და უკრაინა ომამდე არ მივიდოდნენ, რადგან მოვლენათა ამგვარ განვითარებას სწორედ აშშ არ დაუშვებდა. კარგი ნათქვამია, მაგრამ ახლა ხომ ჩნდება შეკითხვა: პრეზიდენტმა ტრამპმა რატომ დაუშვა ომი ისრაელსა და ირანს შორის? ეს ვითომ ნაკლები პრობლემაა მსოფლიოსთვის, ვიდრე რუსეთ-უკრაინის ომი? აქვე ის შეკითხვაც ჩნდება- რატომ დაუშვა პრეზიდენტმა ტრამპმა არეულობა თვით აშშ-ში? აშშ-ის პრეზიდენტის ნებაზე თუ არის დამოკიდებული, მსოფლიოში რას დაუშვებს და რას არა, ყველგან მშვიდობა და წესრიგი უნდა იყოს, მაგრამ მსოფლიო ხედავს, რომ  ასე არ არის. მსოფლიო იმასაც ხედავს, რომ აშშ უწესრიგობისა და ომის ინიციატორი უფრო არის, ვიდრე მშვიდობისა და წესრიგისა. განა უკრაინის კრიზისი მთლიანად აშშ-ის სინდისზე არ არის? არ აქვს მნიშვნელობა (ან ძალიან ცოტა მნიშვნელობა აქვს) კონკრეტულად რომელი პრეზიდენტის ხელით გაკეთდა ეს ამბავი, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ამერიკული პოლიტიკა აკეთებს ამას. ტრამპმა, მართალია, დიფ სთეითს ბრძოლა გამოუცხადა, რაც მისასალმებელია, მაგრამ ომი ირანსა და ისრაელს შორის, რომელიც ახლა დაიწყო, განა დიფ სთეითის პოლიტიკის გაგრძელება არ არის? ტრამპმა ხომ აღიარა, რომ ამ ომის შესახებ წინასწარ იცოდა? აღიარა! ჰოდა, ერთი წუთით დავუჯეროთ ტრამპს, რომ ომის დაწყებაში პირადად მას ბრალი არ მიუძღვის, მაგრამ, თუ იცოდა, რომ ომი დაიწყებოდა, რატომ არ შეაჩერა პროცესი? მან კი, ნახეთ, რა განაცხადა:  „ირანს არ შეიძლება ბირთვული ბომბი ჰქონდეს და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დავბრუნდებით. ვნახოთ. ხელმძღვანელობაში რამდენიმე ადამიანია, რომლებიც აღარ დაბრუნდებიან. აშშ მზადაა,  დაიცვას საკუთარი თავი და ისრაელი, თუ ირანი საპასუხო ზომებს მიიღებს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობა მზად არის“. ეს მიუკერძოებელი კაცის ნათქვამია თუ მხარის განცხადებაა?!  რა თქმა უნდა, ტრამპი ამ შემთხვევაში მხარეა, ისრაელის მხარე. უფრო სწორად თვითონაა მთავარი მხარე, რომელიც ისრაელს ისე ათამაშებს, როგორც თვითონ სურს. ამაში ეჭვის შეტანაც კი შეუძლებელია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში თვალსა და ხელს შუა ქრება ტრამპის მიერ გაცხადებული ის პოზიცია, რომელიც ასეა ჩამოყალიბებული: „მე პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი, ომი არ დაიწყებოდა!” სამწუხაროდ, როგორც ვხედავთ, ტრამპის დროსაც იწყება ომები; არამხოლოდ იწყება, არამედ გრძელდება, რთულდება და მძიმე ფაზაში გადადის.

     ამერიკული მიდგომების თავისებურებათა გასაღებს გვაძლევს ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი დეტალი. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა აღიარა, რომ დრონებისგან თავდაცვის სისტემები უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთში გადაისროლეს. მინისტრის თქმით, ეს საჭიროა რეგიონში ამერიკელი სამხედროებისა და ბაზების დასაცავად: „მე მთელი კვირის განმავლობაში კონგრესში მოსმენებს ვესწრებოდი, სადაც შეკითხვა დამისვეს: თქვენ მართლა გადაისროლეთ დრონების საწინააღმდეგო სისტემები უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთში? მე ვუპასუხე: დიახ, გადავისროლეთ. ჩვენ ვიყენებთ ყველა არსებულ საშუალებას ჩვენების დასაცავად რეგიონებშიც და  მსოფლიოშიც, რადგან დღეს თავდაცვის ლანდშაფტი სხვაგვარია. მცირე სისტემებს სეროზული საფრთხის შექმნა შეუძლია. ომის ხასიათი ჩვენ თვალწინ იცვლება. იცვლება ტექნიკა, მეთოდები. ეს გვაშინებს. დიახ, გვაშინებს!”

    ზელენსკი  ადრე აცხადებდა, რომ 2023 წელს ისრაელზე ირანის თავდასხმის გამო უკრაინას შეპირებული თავდაცვის სისტემა Barak 8 დღემდე არ მიუღია; არც დანადგარი Patriot-ი,რომელსაც ასევე დაჰპირდნენ.

     დააკვირდით: უკრაინა სასიკვდილო ომის ხაფანგში გააბეს, მაგრამ,  რასაც ჰპირდებიან, არ უსრულებენ. ამერიკული ვერაგული პოლიტიკის წყალობით უკრაინაში, ასი ათასები კი არა, მილიონები იხოცებიან, ქვეყანა კატასტროფულ მდგომარეობაშია, ამერიკელი მინისტრი კი მათ ეუბნება, რომ დრონებისგან თავდაცვის სისტემები უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთში გადაისროლეს. ეს უკრაინელებისთვის შეღავათია?! თავდაცვის სისტემები  უკრაინელებს ხელიდან გამოსტაცეს და ეუბნებიან, რომ ახლა ჩვენ სხვა ომი წამოვიწყეთ, რომელიც თქვენზე პრიორიტეტულია და თავდაცვის საშუალებები, თქვენ რომ მოგაწოდეთ, იქ უნდა გადავზიდოთო.

    კი მაგრამ, ორ სხვადასხვა ადგილზე ომის წარმოება თუ არ შეგიძლიათ, ეს მეორე ომი თქვენი პოლიტიკის შედეგად გაუბედურებული უკრაინელების ხარჯზე წამოიწყეთ?! რა პოლიტიკაა და რა მიდგომებია ეს?!

    პრეზიდენტ ტრამპის მიერ დიფ სთეითთან ბრძოლა გამოცხადებულია, მაგრამ იგივე დიფ სთეითი, მის მსოფლმხედველობაში თუ არა, მის ქვეცნობიერში ისევე ხომ არ არის ჩაკირული, როგორც აშშ-ის საშინაო და საგარეო მიმართულებებშია ჩაბეტონებული?! დიფ სთეითთან ბრძოლა ის კი არ არის, როდესაც მის იმ მხარეებს და გამოვლინებებს ებრძვი, რომლებიც არ მოგწონს ან პირადად შენ შეგეხო ცუდად, არამედ ის, როდესაც მის იმ მხარეებსაც ებრძვი, რომლებიც არც ისე გაღიზიანებს ან პირიქით –  მოგწონს კიდეც, მაგრამ იცი, გესმის და ღრმად აცნობიერებ, რომ დიფ სთეითი დასაგმობი და დასაძლევია თავიდან ბოლომდე, მისი ყოველი კონკრეტული გამოვლინებით. ტრამპის შემთხვევაში ეს არ ჩანს, იგი ებრძვის დიფ სთეითს, მაგრამ ზოგიერთ მის მიმართულებას არა თუ არ ებრძვის, მთელი არსებით მხარს უჭერს. მისი პირველი პრეზიდენტობის დროს მან მთელი საზღვაო არმადა დაძრა ჩრდილოეთ კორეის მისადგომებისკენ, ვინაიდან ამ ქვეყანასთან ზუსტად ის დამოკიდებულება ჰქონდა (ალბათ,  დღესაც აქვს), რომელიც სუფთად დიფ სთეითური მიდგომაა. მხედველობაში მაქვს ამერიკული კლასიფიკაციით ე.წ. ბოროტების ღერძი (ფხენიანი- მოსკოვი- თეირანი), რომელიც დიფ სთეითთან დაპირისპირებული ტრამპისთვის თურმე მაინც მისაღებ კლასიფიკაციად რჩება.

    ახლო აღმოსავლეთის (ირანი-ისრაელი) მოვლენებმა გამოავლინა, რომ პრეზიდენტ ტრამპს დიფ  სთეითთან დიფერენცირებული მიდგომა აღმოაჩნდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მოვლენასთან ბრძოლაში მისთვის ყველაზე მეტად ხელის შემშლელი თვითონვე იქნება, ანუ მივიღეთ ვითარება, რომელიც მხატვრულად იყო აღწერილი ერთ ძველ ამერიკულ კეთილ ფილმში („კრამერი კრამერის წინააღმდეგ”) – ტრამპი ტრამპის წინააღმდეგ.

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                                               

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here