Home ახალი ამბები მსოფლიო ტრამპი, რუსეთი და გლობალისტები

ტრამპი, რუსეთი და გლობალისტები

4017
ტრამპი

გასულ კვირას ევროპული ტურნეს ფარგლებში დონალდ ტრამპმა ბრიუსელი, ლონდონი და ჰელსინკი მოიარა.

ბრიუსელში ნატოს სამიტზე ნიშანდობლივი რამ მოხდა _ ტრამპმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებთან საუბარი არ ისურვა. მან სტოლტენბერგის განცხადებაც კი უგულებელყო, როცა ამ უკანასკნელმა თქვა, რომ საქართველო იქნება ნატოს წევრი.

(ზოგიერთი ინფორმაციით, როცა ტრამპმა ოფიციალური სამიტის დაწყებამდე საგანგებო დახურული შეხვედრა გამართა ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებთან, წინასწარ მოითხოვა იმ ქვეყნების სია, რომლებიც სტოლტენბერგმა ამ შეხვედრაზე მოიწვია. როცა სიაში მარგველაშვილისა და პოროშენკოს გვარები აღმოაჩინა, ტრამპი ძალიან უკმაყოფილო დარჩენილა და სტოლტენბერგისთვის თითქმის აგდებული ტონით მოუთხოვია: ესენი აქედან მოაშორეო. ნატოს გენმდივანიც მორჩილად დათანხმებია და მარგველაშვილი და პოროშენკო სხდომიდან გამოუბრძანებიათ. _ რედ.).

სსრკ-ის დაშლის შემდეგ ასეთი რამ პირველად მოხდა. აქამდე სწორედ აშშ და მისი პრეზიდენტები იყვნენ ალიანსის გაფართოების ინიციატორები. ნატოს ბიუროკრატია, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ იყო, მაგრამ ინიციატივასაც არ იჩენდა. დასვლეთი ევროპა აღტაცებას არ გამოხატავდა, მაგრამ აშკარა წინააღმდეგობა მხოლოდ ერთხელ _ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გასწია, როცა გერმანიამ და საფრანგეთმა საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭება დაბლოკეს.

ნატოს წევრობისთვის საქართველოს მზადყოფნაზე ტრამპს სკეპტიციზმზე უარესი რეაქცია ჰქონდა. მან საერთოდ საკითხის იგნორირება მოახდინა. მასთან ერთად საქართველოს საკითხს იგნორირება გაუკეთეს ბლოკის წამყვანმა ქვეყნებმაც. ამასთან, ნატოს წევრად მიღებაზე გადაწყვეტილებას იღებს არა ნატოს ბიუროკრატია (მას არავითარი დამავალდებულებელი გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლია), არამედ წევრი ქვეყნები, და თანაც კონსენსუსით.

საფიქრალია, რომ პრობლემა იმდენად თვითონ საქართველოში კი არაა (თუმცა პრობლემა აქაც გვარიანია _ ქვეყანას ტერიტორიული პრეტენზიები აქვს და თანაც სადავო ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ბაზებია), არამედ აღმოსავლეთ ევროპაში მთლიანად. ამ სამიტზე ტრამპმა კვლავ გაიმეორა თავისი ულტიმატუმი: ევროპამ მეტი ფული უნდა დახარჯოს თავდაცვისთვის და, რუსულის ნაცვლად, უნდა იყიდოს ამერიკული გაზი. წინათ, როცა დასავლეთ ევროპასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის წინააღმდეგობები ჩნდებოდა, ამერიკა ყოველთვის აღმოსავლეთელთა მხარეს იჭერდა, ამჯერად კი ტრამპი დემონსტრაციულად აგდებით მოექცა მათ. ტრამპმა პლენარულ სხდომაზე გამოაცხადა თავისი მოთხოვნები, რითაც თავისი მონაწილეობა დასრულებულად ჩათვალა, სხვებისთვის არც მოუსმენია და შემდეგ გააუქმა ყველა ორმხრივი შეხვედრა აღმოსავლეთევროპული ქვეყნების ლიდერებთან.

გამოვიდა ისე, რომ, თუ დასავლეთ ევროპის ქვეყნებს ჯერ კიდევ ეუბნებიან, რა უნდა მოიმოქმედონ, თუკი ამერიკის მოკავშირედ დარჩენა უნდათ, აღმოსავლეთი ევროპა საერთოდ აღარ აინტერესებს ამერიკას.

ბრიუსელიდან ტრამპი ლონდონს ესტუმრა, აქაც თავისი პირობები წამოაყენა: დაბეჯითებით ურჩია ინგლისელებს, გადააყენონ პრემიერმინისტრი ტერეზა მეი და მის ნაცვლად აირჩიონ უკვე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი. ეს ევროკავშირისკენ ნასროლი კიდევ ერთი ქვა იყო. საქმე ისაა, რომ გადადგომამდე ბორის ჯონსონი გამალებით აკრიტიკებდა ტერეზა მეის დათმობის პოლიტიკის გამო ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე. ის ჯგუფი, რომელსაც მიეკუთვნება ჯონსონი, თვლის, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები უსარგებლოა და ბრიტანეთი ხისტად უნდა მოიქცეს.

ტრამპმა დამაჯერებლად დაანახვა მსოფლიოს, რომ პოლიტიკურად და ეკონომიკურად ძლიერი ევროკავშირი მას არ სჭირდება, მეტიც, ის ასეთ ევროპას ეკონომიკურ სანქციებს უწესებს (ცოტა ხნის წინათ მრავალ ევროპულ საქონელზე ამკრძალავი საბაჟო გადასახადები შემოიღო).

ტრამპი მოითხოვს, ევროპა მთლიანად მოექცეს ამერიკის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გავლენის ქვეშ, ეს კი ამერიკას სჭირდება იმ მსოფლიო წესრიგის დასანგრევად, რომელსაც ცოტა ხნის წინათ თვითონვე ქმნიდა. ამერიკელებმა უკვე დაიწყეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დაშლა და ახლა ჯერი სხვა მსოფლიო გლობალისტურ ინსტიტუტებზეა.

ტრამპი ასრულებს თავის საარჩევნო დანაპირებს. ის მკაცრად გმობდა ობამასეულ გლობალიზაციას, ვინაიდან ამერიკა სულ უფო მეტ ხარჯებს სწევდა გლობალური ინსტიტუტების სასარგებლოდ და სანაცვლოდ არაფერს არ იღებდა. ტრამპის გეგმა, კვლავ აქციოს ამერიკა დიდებულ ქვეყნად, სწორედ იზოლაციონიზმს გულისხმობს და ამისთვის უნდა დაანგრიოს მსოფლიო გლობალური ინსტიტუტები.

ამ ლოგიკიდან გამომდინარე, ტრამპი ჰელსინკში შეეცდებოდა, გაერკვია, რამდენად და რაში შეიძლება ჰქონდეს პუტინის მხარდაჭერის იმედი. თუ ისინი შეთანხმდებიან, მოსკოვსა და ვაშინგტონს ერთობლივად ნებისმიერი გლობალისტური სტრუქტურის დაძლევა შეუძლიათ; თუნდაც იმიტომ, რომ აშშ აკონტროლებს მსოფლიო საზღვაო სავაჭრო მარშრუტებს, რუსეთი _ საზღვაოს ალტერნატიულ ტრანსევრაზიულ სახმელეთო მარშრუტებსა და ჩრდილოეთის საზღვაო მარშრუტს.

გარდა ამისა, სხვა, ნაკლებმნიშვნელოვან თემებზეც ექნებოდათ საუბარი. აშშ-ს უნდა კრიზისული წერტილებიდან (ავღანეთი, სირია, ერაყი, უკრაინა…) წასვლა, მაგრამ უნდათ, ახლო აღმოსავლეთში თუნდაც შეკვეცილი გავლენა მაინც შეინარჩუნონ (ისრაელის ფაქტორი). ალბათ, შეეცდებიან, უკრაინის დატოვებაშიც რაიმე კომპენსაცია მიიღონ.

თუ კი პუტინი მხარს დაუჭერს ტრამპს გლობალური სამყაროს წინააღმდეგ, ამერიკელებს სანაცვლოდ რუსეთისთვის ბევრი რამის დათმობა შეუძლიათ.

პუბლიკაციებს ამ თემაზე კვლავაც შევთავაზებთ ჩვენს მკითხველებს.

მომზადებულია ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით

1 COMMENT

  1. მე პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ მგონია რომ ტრამპმა თუ ასე გააგრძელა კონგრესი დიდ პრობლემას შეუქმნის,ვინაიდან რუსეთს კი არ დაასუსტებს,პირიქით გააძლიერებს. ამიტომ არ შეიძლება აირჩიო პრეზიდენტად ბიზნესმენი და არა პოლიტიკოსი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here