Home რუბრიკები საზოგადოება ტრადიციული ქართული პედაგოგიკის სულისკვეთება _ აი რა აკლია ჩვენს ახლანდელ სკოლასა და...

ტრადიციული ქართული პედაგოგიკის სულისკვეთება _ აი რა აკლია ჩვენს ახლანდელ სკოლასა და ახალგაზრდობას

მასწავლებელი მარტო საგანს არ ასწავლის, ბევრად უფრო მეტს _ იმას, რომ “იყო კაცი, იყო ის, რაც შენი გულის უღრმეს ხატშია აღბეჭდილი”

1586
სკოლა

რამდენიმე დღეც და ახალი სასწავლო წელი დაიწყება. მთელი საქართველოს მოსწავლეახალგაზრდობა მიუჯდება სკოლის მერხს და დაიწყება მოწაფისა და მასწავლებლისჭიდილიიმ ხის ნაყოფის გემოს შესაცნობად, რომლისძირი მწარე არისდა რომელიცკენწეროში გატკბილდების”. მეცნიერი და პუბლიცისტი, მრავალი თაობის აღმზრდელი და დამრიგებელი თამაზ ჩხენკელი რამდენიმე წლის წინათ წავიდა ამ ქვეყნიდან.

მნიშვნელოვან მეცნიერულ გამოკვლევებთან ერთად, მან დაგვიტოვა მოგონებათა დაუვიწყარი ფურცლები, საიდანაც მკითხველი უთუოდ შეიგრძნობს გარდასულ დროთა განუმეორებელ ხიბლს. “მოწაფე და მოსწავლებელიერთერთი ასეთი ფურცელთაგანია. თამაზ ჩხენკელის ამ მოგონებაში ტრადიციული ქართული პედაგოგიკის სულისკვეთება იგრძნობა, რაც ასე აკლია ჩვენს ახლანდელ სკოლასა და ახალგაზრდობას. ყრმობისდროინდელიპირველი ხილვების განუყრელი თანამგზავრები არიან ჩვენი მასწავლებლები, ჩვენი ბავშვობის იდუმალ კუნძულებზე მობინადრე კეთილი, ზღაპრული დევები…” სიყვარულით გამთბარ ამ სტრიქონებში მასწავლებლისა და მოსწავლის განსაკუთრებული ურთიერთდამოკიდებულებაა ხაზგასმული, რომ მასწავლებელი მარტო საგანს არ ასწავლის, არამედ ბევრად უფრო მეტს _ იმას, რომიყო კაცი, იყო ის, რაც შენი გულის უღრმეს ხატშია აღბეჭდილი”.

მოწაფე და მასწავლებელი

დრო სწრაფად გარბის. გუშინ რომ სკოლას იკლებდა, ის ბავშვი დღეს ჭაღარა, შუბლდაღარული მოქალაქეა _ მუშა, ინჟინერი, ლიტერატორი. ბევრი რამ, რაც იქიდან ვისწავლეთ, თანდათანობით იცვითება. იცვითება და ბერდება ჩვენი მოგონებებიც. ჩვენ გარდასული ცხოვრების ბევრი ეპიზოდიც კი აღარ გვახსოვს და, როდესაც შემთხვევით შეხვედრილი, დიდი ხნის უნახავი მეგობარი ან სკოლის ამხანაგი ბავშვობის ქვეყანაზე ჩამოფარებულ კრეტსაბმელს ოდნავ გადასწევს და თავსაც დაგვანახვებს, მონუსხულივით ვუმზერთ ხოლმე ჩვენივე უცნაური ბავშვობის რომელიღაც ბურუსიან მონაკვეთს, რომელიც მეგობრის ხსოვნამ შემოგვინახა…

“რა ეშველებათ დიდებს, როცა ჩვენ, პატარები, გავიზრდებით და დიდები მოხვდებიან ჩვენს საუფლოში”? _ ასე ფიქრობდა ერთი პატარა ბავშვი, რომელიც თავისდაშეუმჩნევლად “დიდების” საუფლოში აღმოჩნდა. პირიქით არ ხდება.

დავიწყებულია ძველი საქციელი, ძველი სახელები, ძველი ნაცნობობა. ბევრ რამეს წაეფარა დავიწყების ნისლი, მაგრამ ბავშვობის პირველი ხილვები მაინც ცოცხლობს. ისინი განაგრძობენ თავიანთ უცნაურ არსებობას ჩვენი გულის უღრმეს კუნჭულებში, რადგან “პირველი” ყოველთვის ცოცხლობს. უკვდავია პირველი განცდა, პირველი ზნეობრივი თვალის ახელა, პირველი ზარი, პირველი “უფროსი”… სწორედ ამ პირველი ხილვების განუყრელი თანამგზავრები არიან ჩვენი მასწავლებლები, ჩვენი ბავშვობის იდუმალ კუნძულებზე მობინადრე კეთილი, ზღაპრული დევები…

მე-14 სკოლის ზემო სართულიდან კიბეზე თავპირისმტვრევით ეშვება მესამეკლასელთა გუნდი. კიბის მოსახვევში ვიღაცას სკამები დაუდგამს. ზვავივით აგორებული ბავშვების გუნდი “გაიტანს” ამ სკამებს და ეზოსკენ იზამს პირს. მაგრამ აქ უეცრად შემოეფეთებათ… მასწავლებელი. “რასა ჰგავს ეს!” _ ტანმორჩილი, მაგრამ ხმელი და შემართული, წმინდად თავგადაპარსული ვასო მასწავლებელი ყინჩად დგას ჩვენ წინ. _ “ჩვენ არა, მასწ… იმათ!” _ ვბუტბუტებთ შეცბუნებულები. “სულერთია, ვინც! კაცი, რომელიც წაქცეულ სკამს ფეხზე არ დააყენებს და ისე გაივლის, კაცი არ არის!” _ მკაცრად გვეუბნება იგი… ასე არ ელაპარაკებიან პატარა ბავშვებს და ჩვენ ვგრძნობთ ამას. ჩვენ ვგრძნობთ “დიდების” ქვეყნის უცნაურ კანონებს და ერთი წუთით იმ იდუმალი ქვეყნის მოქალაქეები ვხდებით; “კაცები” ვხდებით! აი, კაცობის პირველი გაკვეთილი (სკოლის დამთავრების 30 წლისთავზე ამას ვახსენებ ვასო მასწავლებელს და იგი კეთილი, ნაღვლიანი თვალებით შემომყურებს). ძვირფასი ვასო ფიზკულტურის მასწავლებელი იყო…

კლიმენტი ნოდია ბუნებისმეტყველებას გვასწავლიდა (ბუნებისმეტყველებისა და ფიზიკის კაბინეტები გვქონდა სკოლაში). ეს იყო მაღალი, გამხდარი, დინჯი და ყოველთვის ფაქიზად ჩაცმული კაცი. ნელა მოძრაობდა. ნელა წაიღებდა გრძელ, ვარდისფერფრჩხილებიან ხელს მარცხენა გულის ჯიბისკენ, ნელადვე ჩააცურებდა შიგ და ჩვენი ცნობისმოყვარეობისათვის შეუვალ პატარა, ლამაზ წიგნაკს ამოიღებდა. სწორედ აქ, და არა საკლასო ჟურნალში, იყო ჩაწერილი ის ჩვენი ნიშნები, რომლისგანაც მერე ჩვენთვის გაუგებარი, ალქიმიური წესით გამოჰყავდა ხოლმე საერთო წლიური ნიშანი.

კლიმენტი ნოდიას ხმამაღალი სიტყვა არ გვახსოვს. იგი ნელა გაიშვერდა ხელს თავისი მაგიდისკენ. ეს იმას ნიშნავდა, რომ მოწაფეს იქ უნდა დაედო ის, რასაც ხელში “აწვალებდა”, სულერთია, რა იქნებოდა: მუდმივი კალმისტარი, ჯაყვა, ფოლადის ბურთულა, სპილენძის სახელური, გასაღები თუ სხვა რამ. გაკვეთილის ბოლოს ამ ნივთებს თითქმის ჭერამდე მიტანებული კარადის თავზე შეყრიდა მასწავლებელი. ეს ხდებოდა უბრალოდ, მოწაფეთა მხრივ ყოველგვარი პროტესტის გარეშე. რატომ? იმიტომ, რომ ვიცოდით, არავის არაფერი დაეკარგებოდა. წლის ბოლოს, კარადის თავზე დაგროვილი მთელი “სიმდიდრე” ისევ იმავე მაგიდაზე ხვავდებოდა და ყველას თავისი კუთვნილი უბრუნდებოდა.

კუთვნილის მიგება მასწავლებლის უპირველესი თვისება უნდა იყოს. მათემატიკის მასწავლებელი სოლომონ ლორთქიფანიძე, ცისფერთვალება, მელოტი კაცი, რომელსაც ნაცრისფერი ბოხოხი ეხურა და ნასმურევი კაცის ბოხი ხმა ჰქონდა, მეოთხედის ბოლოს ზოგჯერ ასე გვიწერდა ნიშანს: სიას გაჰყვებოდა და გამოძახებულს თვითონ ათქმევინებდა თავის ნიშანს. უმრავლესობა სწორად აფასებდა თავის შესაძლებლობებს. “სწორია, გეკუთვნის”, _ ამხნევებდა მასწავლებელი ოთხოსნებს და ხუთოსნებს. “ოთხი, მასწ”, _ იტყოდა ამით გათამამებული ზოგი სამოსანი. “გეკუთვნის ოთხი?” _ რბილად შეეკითხებოდა ბატონი სოლომონი და თავის დიდრონ, ცისფერ თვალებს რაღაცნაირი ცნობისმოყვარეობით შეანათებდა. მოწაფე იღრიჭებოდა… “რას იკრიჭები ყველის ვაჭარივით! _ მხიარულად ეტყოდა მასწავლებელი, _ თქვი!” “სამი”, _ ამოღერღავდა სამოსანი. “მართალი ხარ, გიწერ სამიანს!”

ჩემი ჯერიც დადგა. “ჩხენკელი!” _ ამოიკითხა სოლომონ ლორთქიფანიძემ. ბედს ვერ გავექცეოდი, ავდექი. “ორი!” _ ამოვღერღე. ბატონმა სოლომონმა ერთხანს თავი არ აიღო, მერე წყნარი, დაბალი ხმით მითხრა: “სწორი ხარ, ორიანი გეკუთვნის”. წამოდგა, კლასს გადახედა და ყველასათვის მოულოდნელად თქვა: “ხუთიანს გიწერ, გაამართლებ?..”

ასეთი რამის არგამართლება არ შეიძლებოდა, მაგრამ მთავარი სხვა იყო. მთავარი იყო ის, რომ მასწავლებელი მენდო და მაშასადამე, პიროვნებად ჩამთვალა. კაცად მცნო. ასეთ რამეს ვერ დაივიწყებს ვერავინ.

ერთხელ შემოვიდა და მათემატიკის გაკვეთილისთვის საკმაოდ მოულოდნელი დაიწყო: “არ ვვარგივართ ქართველები…” და მერე, თითქოს მეგობრებთან გაწყვეტილ საუბარს აგრძელებსო, დააზუსტა: ცოტა გვყავს ახლა დიდი ხალხი, დიდი მწერლები.

მე შევეპასუხე. ჩამოვთვალე რამდენიმე კაცი, მათ შორის არჩილ ჯორჯაძეც ვახსენე და კიდევ ორი მწერალი, რომელთა ხსენება მაშინ არ შეიძლებოდა. რაღაცნაირი თბილი, მამობრივი ზრუნვით შემომხედა, მხარზე ხელის დადებით დამსვა და ხმადაბლა, მაგრამ შეუპოვრად თქვა: “არიან _ კი, მაგრამ მეტი გვჭირდება…”

უცნაური ამბებიც ხდებოდა.

ერთმა უმცროსკლასელმა, რომელსაც ჩემმა ამხანაგმა ნაჭრის ბურთი წაართვა, დაგვაბეზღა დირექტორთან, ამა და ამ “დიდ კაცს” აგინებდნენო. რაღაც ამგვარი მართლა იყო. ჩემმა ამხანაგმა, ოცდაჩვიდმეტში რეპრესირებულის შვილმა, მართლა თქვა იმ “დიდ კაცზე” (ვინც მერე თავი შეირცხვინა და კრახით დაასრულა თავის კარიერა), სულაც არ არის ისეთი, გაზეთში რომ ხატავენ, სათვალეებიან ჭოტსა ჰგავსო. და აი, დირექტორთან ვართ, პატარა, ენატანია ბრალმდებლის წინაშე. ბურთის წართმევაზე უარი არ გვითქვამს, მაგრამ იმ “დიდი კაცის” შიშით აწრიალებული დირექტორი თავგამოდებით მოითხოვდა, გვეღიარებინა ჩვენი “მკრეხელობა”, რასაც პატარა მაბეზღარა დაბეჯითებით იმეორებდა. “არა, უნდა დავრეკო იქ, დავით. სხვანაირად არ შემიძლია, _ მიმართა მან ჩვენს ქართულის მასწავლებელს, რომელიც იქვე იჯდა, _ უნდა დავრეკო ყოველ მიზეზ გარეშე!”

გაგვაცივა, ვიცოდით იქ დარეკვა რასაც ნიშნავდა. ვიღუპებოდით და საშველი არ ჩანდა, მაგრამ აქ საქმეში ჩაერია ჩვენი ქართულის მასწავლებელი დავით ჭყონია. იგი ეკამათებოდა დირექტორს ჩვენთვის გაუგებარ ენაზე, გაუგებარი ტერმინებითა და ფრაზებით, რომელთა მნიშვნელობა ჩვენთვის მხოლოდ მერმე გაირკვა. შემდეგ დავით ჭყონიამ რაღაც უცნაურად ჩახედა თვალებში პატარა დამბეზღებელს და მზერა აღარ მოაცილა. დამსმენს ენა დაება და აიმღვრა. მასწავლებელი დაჟინებით მისჩერებოდა ბიჭს, რომელიც უკვე გაურკვევლად ლუღლუღებდა: “რა ვიცი, იქნებ… იქნებ მე ასე მომესმა”… და დავით ჭყონიამ გაიმარჯვა. მერმე მასწავლებელი ჩვენ მოგვიბრუნდა, “ტუტუცებო, ლენჩებოო,” _ მოგვაკერა და გაგვისტუმრა დირექტორის კაბინეტიდან. მაგრამ ახლა არაფერი ისე ტკბილად არ ხმიანებს ჩემს სმენაში, როგორც ის პირქუში და უცნაური გამომეტყველება დავით ჭყონიას სახეზე, როცა დირექტორს ეკამათებოდა. ეს იყო “ქართულის” ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რადგან ეს გაკვეთილი ხანგრძლივმოქმედი იყო. ჩემთვის ამ გაკვეთილმა ცხადყო ადამიანის ორი სახე _ ადამიანი ზეაღმავალი და ადამიანი ქვემეთრევი…

ჩვენს მასწავლებლებს არ დაურბევიათ ჩვენი ბავშვობის იდუმალი სამფლობელოები, არ შეულახავთ ჩვენი თავმოყვარეობა, არ შეუბღალავთ ჩვენი ცნობიერება…

მესამე თუ მეოთხე კლასში ჩემმა ქართულის მასწავლებელმა ვერა გაბლიანმა რამდენიმეჯერ წამართვა “საიდუმლო კუნძული”, რომელსაც გაკვეთილზე ვკითხულობდი. წამართმევდა და დამიბრუნებდა მაშინვე. იმდენად სათნო და მოსიყვარულე გული ჰქონდა, რომ გაწყრომაც არ იცოდა ხეირიანი…

ბევრის თქმა შეიძლებოდა კიდევ. მასწავლებელი და მოწაფე _ განუყრელი წყვილია. ყოველთვის იყო და იქნება ეს განუყრელი წყვილი _ მოწაფე და მასწავლებელი. ყოველთვის იყო და იქნებაცუდი მოწაფედაკარგი მასწავლებელიდა _ პირიქით. ყოველთვის იარსებებს ღირსეული მასწავლებლის ღირსეული მოწაფე. გააჩნია, ვინ რას გვასწავლის და ვინ რას ითვისებს. მასწავლებელი მარტოსაგანსარ გვასწავლის, ბევრად უფრო მეტს, ვიდრესაგანს”. ის გვასწავლის რაღაც სხვას. საუკეთესო და ბედნიერ შემთხვევაში იმას, რომ იყო კაცი, იყო ის, რაც შენი გულის უღრმეს ხატშია აღბეჭდილი.

რუბრიკას უძღვება

დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here